როგორ იხსენებს აფხაზეთის ომის ტრაგედიას და რატომ წავიდა ამდენი წლის შემდეგ სამხედრო სამსახურში - ექსკლუზიური ინტერვიუ ზაირა მიქატაძესთან

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

როგორ იხსენებს აფხაზეთის ომის ტრაგედიას და რატომ წავიდა ამდენი წლის შემდეგ სამხედრო სამსახურში - ექსკლუზიური ინტერვიუ ზაირა მიქატაძესთან 

„ისეთი ენთუზიაზმი იყო, რომელიც საუკუნეში ერთხელ მოდის“

დღეს აფხაზეთში  დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნის დღეა. 1993 წლის 2 ივლისს დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად, 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დიდი დანაკარგის მიუხედავად, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება და პოზიციების შენარჩუნება შეძლეს...

 დღეს, როდესაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ჯერ კიდევ არ დაუბრუნებია, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია ქვეყანაში სამხედრო სავალდებულო სამსახურის პროპაგანდა და „ვერსიის“ რესპონდენტი ზაირა მიქატაძე ამის თვალსაჩინო მაგალითია. ჟურნალისტი, რომელიც აფხაზეთის ომს აშუქებდა და რომლის თვალწინაც ძმათა ბრძოლის ტრაგედიამ გაიარა, დღეს საქართველოს ეროვნულ გვარდიაში აქტიური რეზერვისტია და რამდენიმე დღის წინ სამხედრო ფიცი დადო. „ვერსია“ ზაირა მიქატაძესთან ინტერვიუს გთავაზობთ:

_ქალბატონო ზაირა, როგორ გახსენდებათ აფხაზეთის ომის პერიოდი?

_ ჩემი ერთ-ერთი წასვლა იყო 30 ივნისს, სტუდენტი ვიყავი, მაშინ ჩავაბარე გამოცდა და წავედი იმ დღესვე. პირდაპირ მოვყევი იმ მოვლენების ეპიცენტრში. იმის შემდეგ 28 წელი გავიდა. წუხელ არ მძინებია, ისევ ომის ქარ-ცეცხლში ვიყავი.  მარტო მე არა, ყველა მეომარი აბსოლუტურად. დღესაც კი, ბიჭები ცოცხლობენ და ცხოვრობენ იმ ომის გახსენებით და ტკივილით. ჩემთვის ეს დღეები ისეთია, თითქოს გუშინ მოხდა. ყველა მეომრის სახე მახსოვს აბსოლუტურად. როგორც ჩემთვის, ისე სხვებისთვის, არ გასულა ეს 28 წელი, თითქოს დრო გაჩერდა, თითქოს იმ პერიოდში ვცხოვრობთ, როდესაც ომს ეხება საქმე, თორემ ისე, რა თქმა უნდა, ცხოვრებას ვაგრძელებთ და ყველას ჩვენი გზა გვაქვს. როცა ომს ეხება საქმე, იქ ვართ გაყინულები და იქ ჩერდება დრო.

_იქნებ გაიხსენოთ, მაშინ როგორი ენთუზიაზმი ჰქონდათ ახალგაზრდებს, ვინც ომში მიდიოდა?

_ენთუზიაზმი იყო ძალიან მაღალი. ალბათ, ისეთი ენთუზიაზმი იყო, რომელიც საუკუნეში ერთხელ მოდის. ვფიქრობ, მაშინ ეროვნული მოძრაობა ახალი ჩამთავრებული იყო და აი, ეს მუხტი გადადებოდათ ბიჭებს. მთელი ამ ხსნის განმავლობაში სამშობლოს მიმართ დაგროვებულ სიყვარულს ვერ ვხარჯავდით, ალბათ, ამას მიეცა სათავე. ყველამ ომის დაწყებისთანავე იცოდა, რომ ომი იყო რუსეთთან და არა აფხაზეთთან და საერთოდაც, ამ ომს აფხაზეთის ომი რატომ  ჰქვია, მე არ ვიცი! ალბათ, აფხაზეთის ტერიტორიაზე რომ მიმდინაროებდა, თორემ ეს იყო რუსეთ-საქართველოს ომი.  იმიტომ, რომ რუსეთის გაცილებით მეტი ძალა იღებდა ამ ომში მონაწილეობას, საბრძოლო ოპერაციები იგეგმებოდა მოსკოვში, გენშტაბში. მიუხედავად ამისა, რომ ბიჭებმა ეს იცოდნენ, მაინც მიდიოდნენ. მიდიოდნენ სასაკლაოზე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ძალიან დიდი ენთუზიაზმი იყო და ამ ენთუზიაზმს ამძაფრებდა ის, როდესაც თანამებრძოლი უკვდებოდათ. იცოდნენ, რომ თვითონაც განწირულები იყვნენ, მაგრამ არ აძლევდნენ თავს იმის უფლებას, რომ სამშვიდობოს, თბილისში ჩამოსულიყვნენ. თითქოს, თანამებრძოლების საქმის საკეთებლად, მათი სისხლი რომ ტყუილად არ დაღვრილიყო, აი, ამის გამოც და ბევრი პირობა ჰქონდა მათ იქ წასვლას. საკუთარი ტანსაცმელი, შარვლები და ბოტასები ეცვათ ბიჭებს და ისე იბრძოდნენ, მშივრები, მწყურვალები, აი, ასე იბრძოდნენ. ამ ენთუზიაზმს თუ ოდესმე დაიბრუნებს ჯარი, მე მეეჭვება.

_ქალბატონო ზაირა, რა პრობლემები აქვთ დღეს ომის ვეტერანებს და აქვთ თუ არა საკმარისი დაფასება?

_საკმარისი დაფასება დღეს ომის ვეტერანებს არ აქვთ. მე ძალიან დამწყდა დღეს გული, ამ დღეს გმირთა მოედანზე, მხოლოდ ჩემი სამსახური მივიდა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ვმუშაობ. უდიდეს პატივს ვცემ შინდისელ გმირებს. არ ვამბობ იმიტომ, რომ რაღაც ამ მოვლენებს ერთმანეთს ვუპირისპირებდე. უდიდეს პატივს ვცემ მათ და ერთ-ერთი, მიშიკო დვალიშვილი, ჩემი ნათესავი იყო. ვიცნობდი ამ ბავშვს. მანამდე, სანამ დაიღუპებოდა, ურთიერთობა მქონდა მასთან, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, 11 აგვისტოს, ყოველთვის ჩადის მთელი მთავრობა შინდისში. 1993 წლის 2 ივლისს ნაკლები მოვლენა არ მომხდარა. ეს იყო, დაალოებით, 10- დღიანი ოპერაცია, რომელიც დამთავრდა ქართველების გამარჯვებით. ძალიან დიდი ძალა განადგურდა ამ ოპერაციის დროს. აქედან ჩანს უკვე და ნათელია, რადგან ისტორიას არ აფასებ, არც იმას აფასებ, ვინც ეს ისტორია შექმნა და ვინც ამ ისტორიის მონაწილეა. აქედან დასკვნის გაკეთება ძალიან მარტივია, მითუმეტეს, ვიცით, რა მდგომარეობაში იმყოფებიან ომის ვეტერანები. კი აქვთ, სამედიცინო კუთხით გარკვეული დახმარება, მაგრამ ძირითადი დახმარება მაინც ჩემი სამსახურის მხრებზეა. მგზავრობას რაც შეეხება, მხოლოდ ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში რეგისტრირებულ ვეტერანებს აქვთ უფასო მგზავრობა  მუნიციპალურ ტრანსპორტში. ეს არის ადგილობრივი ხელისუფლების კეთილი ნება, ამიტომ უნდა არსებობდეს კანონი, რომელიც ყველა ვეტერანს თანაბრად შეეხება. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო სუბსიდიას, 22 ლარს, რომელიც არც იქით მიდის და არც აქეთ მოდის, პრემიერი გვპირდება, რომ 2022 წლის ბიუჯეტში გათვალისიწნებული იქნება მისი გაზრდის საკითხი და ღმერთმა ქნას, რომ ასე იყოს.

_ ქალბატონო ზაირა, ომიდან ამდენი წლის შემდეგ, არსებობს თუ არა აფხაზეთის დაბრუნების შანსი?

_ აფხაზეთის დაბრუნების შანსი ნამდვილად არსებობს. მე თვითონ აფხაზეთში ვიყავი 2014 წლის ბოლოს, დეკემბერში. ვსტუმრობდი აფხაზებს და მათ ჩვენთან ურთიერთობა უნდათ. გამზადებული მაქვს წიგნი დასაბეჭდად „ენგურს გაღმა საქართველო“. ჩვენთან ურთიერთობა უნდათ, უბრალოდ, ანგარიშს უწევენ, ესეც მსუბუქი ნათქვამია, უფრო ეშინიათ (რუსეთის. - რედ). მე რომ იქ ფოტოები გადავიღე, ოჯახებში სტუმრად რომ დავდიოდი, თვითონ მეუბნებოდნენ, სამახსოვრო  ფოტოები გადავიღოთო და მთხოვეს, აქედან როგორმე გადააგზავნო იქით და არ წაიღო ენგურს გაღმა, რადგან საზღვარზე რომ ნახონ, ჩვენ პრობლემები შეგვექმნებაო. უამრავი მაგალითია ამ გულთბილი შეხვედრის. ერთი მაგალითი ვიცი, აფხაზ გოგოს ქართველი ბიჭი შეუყვარდა, გადმოვიდა საზღვარზე და ოჯახი შექმნეს. ასეთი მაგალითები უამრავია და რადგან ასეთი მაგალითები არსებობს, რეალური საფუძვლიანი იმედია, რომ აფხაზეთი ისევ დაუბრუნდება საქართველოს შემადგენლობას.

 

_ ახლა ისიც გვიამბეთ, ცოტა ხნის წინ სამხედრო სამსახურში რატომ წახვედით?

_ საქართველოს ეროვნულ გვარდიაში ასეთი პროგრამა არსებობს - აქტიური რეზერვი. ამ პროგრამაში მივიღე მონაწილეობა. ჯერ პროფესიით ჟურნალისტი ვარ და ყოველთვის მინდოდა რაღაც გარკვეული პერიოდი ყველაზე რთული პროფესიით მუშაობა. ჯარისკაცობა კი ყოველთვის მინდოდა, აფხაზეთის ომის შემდეგ, განსაკუთებით. როცა ჯარისკაცების თავგანწირვას ვხედავდი, ძალიან დიდი სურვილი მქონდა, მეც ჯარისკაცი ვყოფილიყავი, მაგრამ გარკვეულმა მიზეზებმა ხელი შემიშალა. ახლა მომეცა იმის საშუალება, რომ არსებობს აქტიური რეზერვის პროგრამა და შეიძლებოდა, მეც გავმხდარიყავი ჯარისკაცი. ერთ-ერთი პირობა ისიც იყო, რომ როდესაც ჩვენ მეომრებს მოვასვენებდით აფხაზეთიდან, ყველას საფლავზე ჩუმად, ჩემს გულში, ფიცს ვდებდი, რომ მათ დაწყებულ საქმეს გავაგრძელებდი და ამის საშუალება მომეცა. მე თუ აფხაზეთის ომის შემდეგ იარაღს დავიჭერდი, ნამდვილად არ მეგონა. როდესაც  იარაღი მეჭირა, თითქოს, ჩემს ადგილას მკვდრეთით აღმდგარი ბიჭები იყვნენ.

-იმ ფონზე, როდესაც „გირჩის“ „ბიბლიური თავისუფლება“ ათასობით ახალგაზრდას ათავისუფლებს სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან, როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს ჯარში გაწვევის აქტიური პროპაგანდა? მითუმეტეს, საქართველო ისევ საომარ ვითარებაშია...

_კი, საომარ რეჟიმშია, ნამდვილად. მე დამიწერეს კიდეც, რომელ ომში მიდიხარ, ძლივს მშვიდობა დადგაო. მშვიდობა საქართველოს არ აქვს, ეს შეიძლება, იყოს რაღაც დროებითი გაყინული კონფლიქტები, თორემ მშვიდობა არ აქვს საქართველოს, სანამ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და სანამ მცოცავი ოკუპაცია არსებობს. სანამ  უკოპირებულ ტერიტორიებზე  ჩვენი შინმოუსვლელი ბიჭების ძვლები ასვენია მიწაში და მათი ოჯახები მათ გადმოსვენებას ელოდებიან, მანამდე საქართველოში ომი დამთავრებული არ იქნება. აუცილებელია, რა თქმა უნდა! მეტი პროპაგანდა და მხარდამჭერი უნდა ჰყავდეს... მე ამაში ხელისუფლებას ვერ დავადანაშაულებ, თვითონ საზოგადოებისგან არის გულგრილობა ჯარის და ჯარისკაცობის მიმართ. მე, მაგალითად, ერთადერთი ადგილი, სადაც პატრიოტიზმს ვხედავ, არის ჯარი. ზუსტად ამიტომ ვერ წარმომიდგენია, რომ მშობელმა შვილი „გირჩი“-ში გაუშვას. მე არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო, მათი პოლიტიკური იდეების და მიზნებისა, მაგრამ საწინააღმდეგო მაქვს ის, რომ ხელს უშლიან ახალგაზრდებს, ემსახურონ საკუთარ ქვეყანას და სამშობლოს.

 

გვანცა პეტრიაშვილი