გილოცავთ ბზობის დღესასწაულს! - ყველაფერი რაც ბზობის შესახებ უნდა იცოდეთ

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რა არის ბზობა და როგორ აღინიშნება იგი მართლმადიდებლურ სამყაროში?

ბზობა მართლმადიდებლურ სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია, მას საერთაშორისო ენაზე ეწოდება ქრისტეს ზეიმით შესვლა იერუსალიმში, ქართველები ბზობას ვეძახით, რადგან სწორედ ბზის, წმინდა და მარადმწვანე ხის ტოტებით ვულოცავთ ერთმანეთს ამ ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, იმ მიზეზით, რომ საქართველოში ბზა ყველაზე ადრე ყვავის და ყველაზე ძვირფას ხედ მიიჩნევა.

ქრისტიანულ სამყაროში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა და აღინიშნება აღდგომის წინა კვირას. ეს დღესასწაული დადგინდა მას შემდეგ, რაც იესომ მხოლოდ სიტყვით აღადგინა ოთხი დღის მკვდარი თავისი საყვარელი მეგობარი ლაზარე. ამ ფაქტით ებრაელი ხალხის უმრავლესობამ იწამა, რომ ქრისტე ღმერთია. მაშასადამე, რომ არ ყოფილიყო ლაზარეს აღდგინება, არავინ შეხვდებოდა დიდებით ქრისტეს იერუსალიმში, ახლა კი სახედრის კიცვზე ამხედრებულ იესოს ხალხი შეხვდა როგორც მეფეს: ფეხქვეშ უშლიდნენ ხალიჩებს, თავიანთ გარესამოსელს, პალმის ტოტებს, ყვავილებს და სულიწმიდის მადლით უგალობდნენ როგორც ღმერთს: „ოსანა მაღალთა შინა ღმერთსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!“

ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ზეიმით ხვდებოდნენ ქრისტეს, ქრისტე კი ტიროდა. ამაზე წმინდა მამები, ასეთ განმარტებას იძლევიან, რომ ქრისტე ღვთიური თვალით ხედავდა, რომ იგივე ხალხი, რომელიც დღეს „ოსანას“ გალობით ხვდებოდა, ერთი კვირის შემდეგ მის ჯვარზე გაკვრას მოითხოვდა, რის გამოც ებრაელი ერი თავს დაიტეხდა უდიდეს უბედურებას. ქრისტე ხედავდა, როგორ გაანადგურებდა ვესპასიანე 70 წ. იერუსალიმს, რომ მისგან მთელი „გოდების“ კედელიღა დარჩებოდა და სახელმწიფო დაქცეულ-დაკარგული ებრაელობა როგორ დაიქსაქსებოდა მთელ დედამიწაზე და როგორ იქნებოდნენ სამადლოდ შეკედებულნი სხვის კარს საუკუნეების განმავლობაში.

ბზობის დროს, ქრისტე გაუხედნავ კიცვზე (ჩოჩორზე) იჯდა და უკან დედა სახედარი მისდევდა. ეს სიმბოლურია და წმიდა მამათა აზრით, ქრისტეს პირველად „გაუხედნავი“, წარმართი ხალხი შეიწყნარებდა, ხოლო სულ ბოლოს, ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს, ებრაელებიც მოიქცევიან ქრისტიანობაზე.

ტრადიციის მიხედვით, ბზის ტოტები მზის ამოსვლამდე უნდა მოიჭრას. მოჭრილ ტოტებს აკურთხებებ, კურთხევის შემდეგ კი მოსახლეობას იგი სახლებში მიაქვთ.

ამ დღეს იკი­თხე­ბა ბზო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის ტრო­პარ-კონ­და­კი.

ტრო­პა­რი:

ყო­ველ­სა აღ­დგო­მა­სა პირ­ველ ვნე­ბი­სა შე­ნი­სა­სა მო­ას­წა­ვებ­დი, ამის­თვის­ცა მე­გო­ბა­რი შენი ლა­ზა­რე მკუდ­რე­თით აღად­გი­ნე, ქრის­ტე ღმერ­თო, რომ­ლი­სათ­ვის ჩუ­ენ­ცა, ვი­თარ­ცა შვილ­ნი ებ­რა­ელ­თა­ნი, შევ­წი­რავთ შენ­და ძლე­ვი­სა გა­ლო­ბა­სა, რო­მელ­მან დას­თრგუ­ნე სი­კუ­დი­ლი: ოსა­ნა მა­ღალ­თა შინა, კურ­თხე­ულ არს მო­მა­ვა­ლი სა­ხე­ლი­თა უფ­ლი­სა­თა.

დაფ­ლულ­ნი შენ თანა ნათ­ლის­ღე­ბი­თა, ქრის­ტე ღმერ­თო ჩუ­ე­ნო, უკ­ვდავ­სა ცხოვ­რე­ბა­სა ღირს ვიქ­მნე­ნით აღ­დგო­მი­თა შე­ნი­თა და სი­ხა­რუ­ლით ეს­რეთ ვღა­ღა­დებთ: ოსა­ნა მა­ღალ­თა შინა, კურ­თხე­ულ არს მო­მა­ვა­ლი სა­ხე­ლი­თა უფ­ლი­სა­თა.

კონ­და­კი:

ზე­ცა­თა შინა საყ­დარ­თა, კი­ცუ­სა ქუ­ე­ყა­ნა­სა ზედა მჯდო­მა­რე­მან, ქრის­ტე ღმერ­თო ჩუ­ე­ნო, ან­გე­ლოზ­თა ქე­ბაი დღეს და ყრმა­თა გა­ლო­ბაი ზო­გად შე­ი­წი­რე, რო­მელ­ნი გა­ლობ­დეს: კურ­თხე­ულ ხარ, რო­მე­ლი მო­ხუ­ედ ცხო­რე­ბად და გა­ნახ­ლე­ბად, მხსნე­ლო ადა­მი­სო, ვი­თარ­ცა კაცთ-მო­ყუ­ა­რე ხარ.

როგორ აღნიშნავენ საქართველოს კუთხეებში ბზობის დღესასწაულს?

რაჭა-ლეჩხუმში ბზობას ეკლესიაში მიდიოდნენ და იქიდან მოჰქონდათ ბზა. სახლში მიტანილ ბზას თავზე შემოივლებდნენ და ნაკვერჩხლებზე დადებდნენ. თუ აბრიალდებოდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ბზის პატრონი დიდხანს იცოცხლებდა, თუ მალე ჩაქრებოდა – ცოტა ხანს

სამეგრელოში ბზობა-ბაიაობას ბაიას ყვავილს იყენებდნენ, რომელიც ფერის გამო ხალხისთვის მზესთან იყო ასოცირებული, სახლში, იატაკზე წრიულად დააფენდნენ და ზედ კვერცხებს გადააგორებდნენ. ამ კვერცხებს სააღდგომოდ აუცილებლად შეღებავდნენ.

მესხეთში ბზობას ქალებს მინდვრიდან თოვლი მოჰქონდათ და გზაში ჭამდნენ, შინ კი ოჯახის წევრებს და საქონელს გადააყრიდნენ, თან ამბობდნენ: „ბზო, ბზო, ბუზებო, აქაურობას მოშორდით“. ხალხს სწამდა, რომ ამ წესის შესრულების შემდეგ ბუზები მათ აღარ შეაწუხებდნენ.

ქართლში მღვდელი ტყიდან მოტანილ ბზას აკურთხებდა და ხალხს დაურიგებდა. ხალხი ამ დღეს თევზს ჭამდა. მიცვალებულების მოსახსენებლად ზურგიელს ხარშავდნენ. ვისაც ახალი მიცვალებული ჰყავდა, დიდ ორაგულს მოხაშავდა და ეკლესიაში წაიღებდა. თუ ბზას ბევრი მარცვალი ჰქონდა, „დაპურებული“ იყო და, ხალხის რწმენით, პურის თავთავი კარგად დაისხამდა. ქართლში წირვა-ლოცვაზე სიარულს ბზობიდან იწყებდნენ (ყოველდღე დადიოდნენ), ოთხშაბათიდან კი „დაიუქმებდნენ“. ქართლში ვნების ოთხშაბათს ბზობის ოთხშაბათსაც ეძახდნენ.

კახეთში ბზობას საქმის კეთება იცოდნენ – ყველაფერი ბარაქიანი იქნებაო. უფრო თესავდნენ: სიმინდს, ლობიოს, კიტრს – ბზასავით დაისხამსო. მოგეხსენებათ, ხარება და ბზობა შეიძლება ერთმანეთს დაემთხვას, შესაძლოა ხარება წინ უსწრებდეს ბზობას ან პირიქით. თუ ხარება ბზობას მოსდევს, ხალხის თქმით, თევზით არ ხსნილდება, რაც საეკლესიო ტიპიკონს სრულად შეესაბამება.

გუდამაყარში ბზას ბავშვებს თმაში უკეთებდნენ, ყვავები დაიმალებიანო. ზოგი ბზას კვერცხებზე ცვლიდა.

ხევში ბზობას „ბზობა-კაზარობას“ ეძახდნენ. მოხევეები ამ დღეს უქმობდნენ, ეკლესიაში წირვა-ლოცვას ესწრებოდნენ, ეზიარებოდნენ და მღვდელი მათ ბზით ასხამდა ნაკურთხ წყალს. ხევში ბზის მაგივრობას ტირიფი ასრულებდა.

ფშავ-ხევსურეთში მხოლოდ სოფელ მაღაროსკარში ხარობს ბზა. ამ სოფელში იყო პატარა კოშკი – წმინდა გიორგის სალოცავი. გადმოცემის მიხედვით, რადგანაც ქრისტიანულ ეკლესიას ბზა სჭირდებოდა და ფშავ-ხევსურეთში ის არ იყო, ქრისტიანობის განსამტკიცებლად თამარ მეფეს წმინდა გიორგის ნიშთან ეს მცენარე გაუშენებია. ამ ადგილს ბზიანას ეძახიან. აქვე ქრისტიანული ეკლესიაც მდგარა. თავდაპირველად მცირე ტერიტორიაზე დარგული ბზა დროთა განმავლობაში დიდ ფართობს მოსდებია. ხატი ბზიანაში პირუტყვის შეყვანას კრძალავდა. ვისი პირუტყვიც ბზიანაში შევიდოდა, ხატი მას დაამიზეზებდა ანუ ავად გახდიდა, ან საქონელს უზარალებდა, ან სხვა რამეს შეამთხვევდა. დაზარალებულს ხატისთვის ერთი საკლავი და სანთელ-საწირის მიტანა ევალებდა.

დღესასწაულთან დაკავშირებით მლოცველები ტაძრებში ბზის რტოებითა და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებისა. ბზობის გამო დიდ-მარხვის მე-6 შაბათი თევზით ხსნილია.. შემდეგ ერთი კვირა კი მორწმუნეთათვის მძიმე მარხვაა, რადგან ვნების შვიდეული აღინიშნება.

ბზის ზოგიერთი ჯიში გადაშენების პირასაა, რის გამოც პატრიარქი ბზობის დღესასწაულისთვის მოსახლეობას ბზის მოჭრისგან თავის შეკავებას სთხოვს, იგი აღნიშნავს, რომ ეკლესიაში შესაძლებელია ნაკურთხი ბზის შეძენა.