რატომ მოკლა ახალგაზრდა მამაკაცმა დეიდა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უცნაური კრიმინალური ამბავი

შვილის დაბადება ღვთით ბოძებული სასწაულია და ამ სასწაულს ყველა უნდა ეზიაროს. როცა ახალი სიცოცხლე ჩნდება, იცვლება ყველაფერი, სხვაგვარად უყურებ სამყაროს და ვისაც შვილი არ ჰყავს, ჯერ ვერ მიხვდება, რატომ უხარიათ დედებს თუ მამებს შვილის ჭამის შემდეგ, ზედმეტი ჰაერის გამოშვება, კუჭში დროულად გასვლა, პამპერსის დროზე გამოცვლა და ა.შ. სამწუხაროდ, შვილი ყველას ხვედრი არ არის, მაგრამ იმდენად დიდია ბავშვის, ახალი სიცოცხლის გაზრდა-აღზრდის სურვილი, რომ ისინი ბავშვთა სახლიდან სხვის შვილს იყვანენ - მას, ვინც მშობლებმა მიატოვეს და ზრდიან.

„საგამოძიებო სამსახური ისეთია, სულ სხვადასხვა საქმეზე მოდიან ადამიანები და სხვადასხვა პრობლემა აწუხებთ, მაგრამ ეს შემთხვევა გამონაკლისი იყო. არც მანამდე და არც მას შემდეგ, ანალოგიური საქმე პრაქტიკაში არ მქონია. ყველაფერი კი ისე დაიწყო, რომ საქმის სირთულეს ვერც კი ვხვდებოდი“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

გამოცდილ გამომძიებელთან ორი ქალი მივიდა და ერთ-ერთმა მათგანმა საოცარი ისტორია მოჰყვა:

„ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, ორივემ ერთ სამშობიაროში, ერთ დღეს გავაჩინეთ ბიჭები. მერე, ცოტა ხანს კიდევ გვქონდა ურთიერთობა, მაგრამ შემდეგ, ერთ-ერთი ჩვენგანი სხვა უბანში გადავიდა, ტელეფონის ნომერი შეიცვალა და დაკავშირებას ვეღარ ვახერხებდით, თუმცა მოხდა ისეთი რამ, რამაც ერთმანეთი ისევ გვაპოვნინა. ჩემს ქმარს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და ექიმებმა ანალიზები ბავშვსაც აუღეს. სწორედ მაშინ მითხრეს საიდუმლოდ, ეს ბავშვი თქვენი ქმრის არ არისო. მე ხომ ვიცი, შვილი ვისგან მყავს და მაშინვე ქმარს მოვუყევი ყველაფერი, რეალურად, მეგონა, საქმე არაკომპეტენტურ ექიმებთან მქონდა და მინდოდა, ქმარი სხვა კლინიკაში გადამეყვანა. მერე მე ჩამიტარეს კვლევები და მითხრეს, რომ ბავშვი ჩვენი არ არის. სწორედ მაშინ ვიფიქრე, რომ შესაძლებელი იყო, ბავშვები სამშობიაროში არეოდათ. ვიპოვე ეს ქალბატონი, ვუთხარი, რაც ხდებოდა, ანალიზები ორივე ოჯახმა ჩავაბარეთ და შედეგად დადგინდა, რომ რვა წელი მე ამის შვილს ვზრდი, ეს კი - ჩემსას. რაც მთავარია, ჩვენ ვიპოვეთ დამნაშავე, ადგილობრივი ბებია-ქალი, რომელსაც ბავშვები აერია. გვგგონია, რომ ეს განგებ გააკეთა, რადგან საკუთარი შვილები არ ჰყავს და ამიტომ, სხვებზე შური ასე იძია“.

საქმეს ის ართულებდა, რომ არცერთი დედა არ აპირებდა გაზრდილი ბავშვის დათმობას და ორივეს სურდა, საკუთარი შვილი წაეყვანა, რაც არ გამოვიდოდა. ორივე დედა ამბობდა, რომ რვა წლის მანძილზე გაზრდილ ბავშვს ვერ შეელეოდნენ, მაგრამ იმის შეგრძნება, რომ მათი ნამდვილი შვილი სხვაგან იზრდება, ორივეს აგიჟებდა. არადა, გამოსავალი მოსაძებნი იყო და რაც მთავარია, დედები იმ სამშობიაროს ბებია-ქალის დასჯას ითხოვდნენ, რომელმაც შეცდომა დაუშვა.

რაღა თქმა უნდა, გამომძიებელმა ქალბატონებს მოუსმინა, მაგრამ მშვიდად გადაამისამართა გვერდით განყოფილებაში, მე მხოლოდ მკვლელობების განხრით ვარ და ვერაფრით დაგეხმარებითო, თუმცა...

„იმ ბებია-ქალის სახელი და გვარი იმდენჯერ გამიმეორეს, რა დამავიწყებდა და ამიტომ, როცა მეორე დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ საკუთარ სახლში გარდაცვლილი ქალბატონი იპოვეს, მივხვდი, რომ სწორედ იმ ბებია-ქალზე საუბრობდნენ, რომელზეც ერთი დღით ადრე, გამწარებული დედები მიყვებოდნენ. საქმეზე არათუ ინტერესით წავედი, გზაში იმასაც კი ვფიქრობდი, რომელ დედას შეეძლო მისი მოკვლა, რადგან მათი სახეები რომ მახსენდებოდა, ვხვდებოდი, მკვლელობაზე ხელს ორივე სიამოვნებით მოაწერდა“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

გარდაცვლილი თოკით იყო გაგუდული და სავარაუდოდ, მკვლელობის იარაღი დამნაშავემ თან წაიღო. ყოველ შემთხვევაში, ბინის ჩხრეკისასაც კი, შესაბამისი ზონარი ვერ იპოვეს და ივარაუდეს, რომ მკვლელმა ის წინასწარ მიიტანა ანუ მკვლელობა არ იყო სპონტანური. როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, ეზოში მთელი კორპუსის მცხოვრებლები იყვნენ შეკრებილნი, ქალს ყველა დადებითად ახასიათებდა, გათხოვილი იყო, მერე გაიგო, რომ შვილი არასდროს გაუჩნდებოდა, ქმარმა მიატოვა და მთელი დარჩენილი ცხოვრება მარტო გაატარა, არც არავისთან ჰქონია ურთიერთობა და ზოგადად, ძალიან მშვიდ ცხოვრებას ეწეოდაო. რამდენიმე მეზობელი კი იმას ამტკიცებდა, დღეს მასთან ერთი ქალი იყო მოსული, ჯერ კარზე აბრახუნა კარგა ხანს, შემდეგ მთელი კორპუსის გასაგონად, ნაძირალა ეძახა და ბოლოს, მოკვლით დაემუქრაო. გამომძიებელმა სასწრაფო წესით, მასთან წინა დღეს მყოფი ორივე ქალის ადგილზე მიყვანა მოითხოვა და როგორც კი ისინი მანქანიდან გადმოვიდნენ, ერთ-ერთს მეზობლებმა ხელი დაადეს, სწორედ ეს იყო დილითო.

„დიახ, ვიყავი, მაგრამ არ მომიკლავს. პირიქით, იმის სათქმელად ვიყავი, რომ საჩივარი დავწერეთ და ციხეში ამოგალპობენ-მეთქი, თუმცა მარტო მე არ ვყოფილვარ, როცა აქედან მივდიოდი, მოსახვევში ეს ქალბატონი დავინახე, გამიკვირდა და ისიც იმავე სადარბაზოში შემოვიდა, სადაც ბებია-ქალი ცხოვრობდა და იქნებ, ამან მოკლა“, - სავარაუდო ეჭვმიტანილმა ისრები მისი ღვიძლი შვილის დედობილზე გადაიტანა.

„მართალია, მეც ვიყავი დღეს მასთან, მაგრამ დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ კარი არ გამიღო და ამის მოწმე მყავს. ერთი კაცი ჩამოდიოდა კიბეებზე და რომ ვაბრახუნებდი, მკითხა, რა დღეში ხარო, მე ყველაფერი მოვუყევი, მან კიდევ დამამშვიდა, გარეთ გამომიყვანა და შინ წავედი. იმ კაცს ახლავე აღგიწერთ“, - თქვა ქალმა და მართლაც, მისი დახასიათების შემდეგ, მეზობლებმა იმ მამაკაცს დაუძახეს, რომელმაც ქალის სიტყვები დაადასტურა. ყველაფერი ეს გამოძიების საქმეს ართულებდა - ვის და რატომ შეიძლებოდა მოეკლა ქალი, რომელსაც ყველა დადებითად ახასიათებდა და თითქოს, ერთადერთ ცოდვად, რვა წლის წინ, ბავშვების არევა ჰქონდა. გამომძიებელი სამშობიარო სახლში წავიდა.

„აბა, რა უნდა გითხრათ? ჩვენც შოკში ვართ, საუკეთესო თანამშრომელი იყო, გამოცდილი... ბავშვები არ ჰყავდა და მთელი სიყვარული აქ გაჩენილ ჩვილებზე გადაჰქონდა. იმ შემთხვევის შესახებ ჩვენც ახლა გავიგეთ, დედები მოვარდნენ და ბოლო ხმაზე გაჰკიოდნენ. ძალიან, ძალიან ნერვიულობდა ამ ამბავს. ჰყავდა თუ არა მტერი? არასოდეს გამიგია, რომ მას ვინმესთან მცირე უსიამოვნება მაინც ჰქონოდა“, - განაცხადა სამშობიაროს მთავარმა ექიმმა.

სამაგიეროდ, ექთნები უფრო ჭირიკნები აღმოჩდნენ და განაცხადეს, რომ გამოცდილ ბებია-ქალს ჯიბეც გამოცდილი ჰქონდა და ზუსტად ხვდებოდა, ვის რამდენი უნდა მიეცა. ამას გარდა, ექთნებს მისი ბინაც შურდათ - ქალაქის ცენტრში, ორ-ოთახიანი, კარგად გაწყობილი ბინა არაფერში სჭირდებოდაო. ქალი მართლაც მარტო ცხოვრობდა, შემოსავალი საკმარისი ჰქონდა და ყველაფერი ეს, ბინასაც ეტყობოდა. მისი სიკვდილის შემდეგ, ბინა მის დისშვილს რჩებოდა, სხვა მემკვიდრე ქალს უბრალოდ არ ჰყავდა და ყველამ თქვა, დისშვილი თან ყვებოდა, მუდმივად აკითხავდაო. მეტიც, როცა ბიჭმა ცოლი მოიყვანა, დეიდამ უთხრა, ჩემთან გადმოდით, აქ იცხოვრეთ, ბავშვი რომ გეყოლებათ, გაზრდაში მოგეხმარებითო და დისშვილი გადასვლას მართლაც აპირებდა, ახლა კი... ახლა თავს იკლავდა, ამ სახლში როგორ ვიცხოვრო, ჩემი მეორე დედა მოკლესო.

„აღარ ვიცოდი, რა მექნა, პრაქტიკულად, ყველა ძაფი ხელიდან გამისხლტა და ორი დღე მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რა გზით წავსულიყავი, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე. სამაგიეროდ, მესამე დღეს, განყოფილებაში, სამშობიარო სახლის ერთი თანამშრომელი მოვიდა, მოხუცი ქალი, რომელმაც თქვა, გარდაცვლილი ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო და ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე მეთქვა ის, რაც სიკვდილამდე ერთი დღით ადრე გამანდოო“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

როგორც გაირკვა, ბავშვების არევამ ისე იმოქმედა ბებია-ქალზე, რომ მან გადაწყვიტა, საკუთარი ბინა გაეყიდა და აღებული თანხა თანაბრად გაენაწილებინა ბიჭების ოჯახებისთვის. თითქოს, ამით დანაშაულის გამოსყიდვა უნდოდა და ერთადერთი, რაც აწუხებდა, ის იყო, რომ დისშვილს ეწყინებოდა ყველაფერი ეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გამიგებსო, ასე ამბობდა. ჰოდა, დისშვილს სწორედ გარდაცვალების დღეს უნდა დალაპარაკებოდაო, თქვა მოხუცმა. პრაქტიკულად, საქმე გახსნილი იყო, მთავარი ახლა ის გახლდათ, დისშვილს დანაშაული ეღიარებინა, მაგრამ გამომძიებელი ექსპერტმა დაამშვიდა, ზონარი ისეთი ძალით იყო ყელზე შემოჭერილი, ხელებზე მკვლელს მცირე ზომის სისხლჩაქცევები აუცილებლად ექნებაო.

მართლაც, დაკავებისა და ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, ყველაფერი დადასტურდა. თანაც, როგორც ჩანს, ბიჭი იმდენად იყო დარწმუნებული რომ ვერ დაიჭერდნენ, ზონარი ავტოფარეხში ჰქონდა დაგდებული და ეს მთავარი ნივთმტკიცება იყო.

„აბა, რა უნდა მექნა? ცოლი ორსულად მყავს, მთელი ცხოვრება დეიდას თავს ვევლებოდი და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლოს ბინა უნდა დაეტოვებინა. ახლა კი გამომიცხადა, ბინას ვყიდი და ფული ვიღაცებს უნდა მივცეო. თავი ვერ შევიკავე და მოვგუდე“, - განაცხადა დაკავებულმა.

სასამართლომ მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე