საშიში რეციდივისტი, რომელიც ქალებს აუთოვებდა და დანით სხეულს უჩხვლეტდა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დაახლოებით, 30-35 წლის წინ, მამაჩემის მეგობარმა სამართალდამცავმა, პენსიაზე გასვლის შემდეგ თქვა, როგორც იქნა, დავისვენე, ლამის 40 წელია, ტყვიის ქვეშ ვარ, სახლიდან გამოსული, არ ვიცი, უკან ცოცხალი შევალ თუ არა, ახლა ყველაფერი დასრულდაო. მაშინ ძალიან გამიკვირდა მისი სიტყვები, რადგან მართალია, ჩინი მაღალი ჰქონდა, მაგრამ არასდროს გამეგო, ვინმე დაეკავებინა, სროლაში მოყოლილიყო... მერე და მერე, გვიან მივხვდი, პოლიციელის პროფესია ძალიან სახიფათო რომ იყო და ისინი ჩვენი უსაფრთხოებისთვის, სიცოცხლეს მართლაც ყოველდღიურად იგდებდნენ საფრთხეში. ისტორიას ისიც ახსოვს, ციხიდან გამოსულ დამნაშავეს, ბოღმა სწორედ მის დამკავებელ ძალოვანზე ამოუნთხევია და შურისძიების მიზნით, თუ არ (ან ვერ) მოუკლავს, დაუჭრია. ისტორიას, რომელსაც ახლა გიამბობთ, სამწუხაროდ, არაერთი ანალოგი აქვს, მაგრამ საბედნიეროდ, ხშირად არ ხდება. თავიდანვე გეტყვით, რომ საქმეს იმდენად მოულოდნელი ფინალი ჰქონდა, მრავლისმნახველი გამომძიებლებიც კი პირდაღებულები დარჩნენ. ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, ვინ იყო რეალური დამნაშავე და ვინ იდგა ყველაფრის უკან.

 

80-იანი წლების დასაწყისში, სამართალდამცავებმა ძალიან საშიში დამნაშავე დააკავეს. მას ბრალად ყაჩაღობების სერია და მკვლელობა ედებოდა. გამოძიებით დადგენილი იყო, რომ მას სიამოვნებას ქალებზე ძალადობა ანიჭებდა და საჭიროებაც რომ არ ყოფილიყო, ცდილობდა, ტკივილი სწორედ სუსტი სქესის წარმომადგენლებისთვის მიეყენებინა - დაეუთოვებინა, დანით სხეული დაეჩხვლიტა, ცეცხლმოკიდებული ცელოფნის წვეთებით სხეულზე ეთამაშა. მას დახვრეტა მხოლოდ იმიტომ არ მიუსაჯეს, რომ მის მიერ მოკლულიც კრიმინალი იყო, თორემ მშვიდობიანი მოქალაქე რომ ყოფილიყო, აუცილებლად დახვრეტდნენ. მისი დაკავებით, მძიმე დანაშაულების სერია შეწყდა, თუმცა დაკავებულმა, ორ წელიწადში,ძალოვნებს თავი ისევ შეახსენა. აღნიშნული საქმის გამომძიებლის შვილი, საბავშვო ბაღიდან მოიპარეს. როცა ბავშვები გარეთ ჰყავდათ, ძიძა კოლეგასთან საუბრით გაერთო, მერე კი, როცა სადილის დრო მოვიდა და ბავშვები მაგიდებთან დასვეს, აღმოაჩინეს, რომ ერთი აკლდათ. აქეთ ეცნენ, იქეთ ეცნენ, მაგრამ ვერაფერი რომ ვერ გაარკვიეს, მილიციაში დარეკეს და რაღა თქმა უნდა, ადგილზე პირველი გამომძიებელი მივიდა. ყველას ეგონა, რომ ბავშვი ღობეში გაძვრა, ახლო-მახლო ტერიტორია მოიარეს, თუმცა,დაახლოებით, ორი საათის შემდეგ, სამართალდამცავებმა ზუსტად იცოდნენ, რა ხდებოდა - იმ საქმის პროკურორის კაბინეტში, რომლითაც რეციდივისტი „სროკზე“ გაუშვეს, ტელეფონმა დარეკა და ვიღაცამ მოგუდული ხმით თქვა - ან რეციდივისტს გარეთ გამოუშვებთ, ან გამომძიებლის შვილის სხეულს ნაწილ-ნაწილ, ყუთებით მიიღებთო...

მთელი სისტემა ფეხზე დადგა - შსს, პროკურატურა, უშიშროება... ეს არ იყო რიგითი საქმე, ეს გამოწვევა გახლდათ და ბავშვის გადარჩენა, რეციდივისტის ციხეში დატოვება და გამტაცებლის დაკავება ღირსების საქმე იყო. დაცვის ქვეშ აიყვანეს იმ საქმის პროკურორის, მოსამართლისა და ადვოკატის ოჯახის წევრებიც კი. დაიწყეს გასამართლებულის გარემოცვის შესწავლა, ვის შეიძლებოდა, გაებედა ასეთი რამის გაკეთება, მაგრამ ვერავის მიაგნეს. სამინისტროში დაიბარეს იმ კოლონიის დირექტორი, სადაც რეციდივისტი იხდიდა სასჯელს და ჰკითხეს, ბოლო თვეების განმავლობაში,დაკავებულთან საეჭვო პირები ხომ არ იყვნენ, ვინმე ძველმა მეგობარმა ხომ არ მოინახულა? დირექტორმა დაბეჯითებით თქვა, მას შემდეგ, რაც ჩვენთან მოიყვანეს, ერთხელაც კი არავის მოუნახულებია, მაგრამ წერილები მოსდის და მათი შინაარსი საინტერესო რომ იყოს, აუცილებლად მეტყონენ, პატიმრებთან მისულ წერილებს კითხულობენ, მაგრამ ჩემთვის არაფერი უთქვამთო. გამოითხოვეს ყველა წერილი და აღმოჩნდა, რომ მას ვიღაც წერდა და თაყვანს სცემდა. ჰო, რეციდივისტს და კრიმინალს ვიღაც ეთაყვანებოდა, წერდა, რომ მისი ქმედებებით აღფრთოვანებული იყო, რომ სურდა, უფრო ახლოს გაეცნო, რომ მოუთმენლად ელოდა, როდის გავიდოდა 15 წელი, რათა თავის კერპს შეხვედროდა. რა თქმა უნდა, წერილზე გამგზავნის მისამართიც იყო მითითებული და სამართალდამცავებმა ერთმანეთს გადახედეს - მისამართი იმ კორპუსის გვერდით სახლში იყო, სადაც რეციდივისტი ცხოვრობდა. სანამ ადგილამდე მივიდოდნენ, გაარკვიეს, რომ აღნიშნულ მისამართზე მამა-შვილი ცხოვრობდა, დედა გარდაცვლილი იყო. მამა რკინიგზაზე მეისრედ მუშაობდა, 16 წლის ბიჭი კი სკოლას ამთავრებდა. რა თქმა უნდა, მთავარი ეჭვმიტანილი მამა იყო, მაგრამ გამომძიებლებს ხელში გაბრაზებული ბიჭი შერჩათ.

„დიახ, მისით აღფრთოვანებული ვარ. მას არავისი ეშინოდა, მისი კი ყველას. რომ გავიზრდები, მეც მინდა, ჩემი ყველას ეშინოდეს და არ ვიყო მამაჩემივით მუდო, დილით რომ სამსახურში მიდის, საღამოზე დაღლილი მოდის და ნახევარი კილო ძეხვი და პური მოაქვს, მე სხვანაირი ცხოვრება მინდა“,-ყვირილით ამბობდა ბიჭი და ცხადი იყო, ის ბავშვის გატაცებასთან კავშირში არ გახლდათ, რადგან ამას ფიზიკურად ვერ მოახერხებდა და აშკარად ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, როცა მოძალადესა და რეციდივისტზე აღმატებულ ხარისხში საუბრობდა.

რადგან ეს ვერსია გამოირიცხა, სამართალდამცავები დაზარალებულების ოჯახის წევრებზე გადაერთვნენ. ხომ შეიძლებოდა, ვინმეს მასზე შური ეძია და ამისთვის სურდა მისი გათავისუფლება. თანაც, გამტაცებელი ითხოვდა, რომ საშიში დამნაშავე გარეთ არა რამდენიმე დღეში, არამედ ორ-სამ საათში ყოფილიყო. მას კი აუხსნეს, რომ პროცედურა ყველაზე კარგ ვარიანტში, ექვს საათს წაიღებდა, მაგრამ გამტაცებელი მეორე დღემდე რომ არ დაიცდიდა, ყველა ხვდებოდა. ის პერიოდულად, სწორედ პროკურორის კაბინეტში რეკავდა და ყველა ჯერზე, ქუჩაში მდგარი სხვადასხვა აპარატებიდან. ისიც კი იფიქრეს, რომ ტელეფონებთან ოპერ-მუშაკები დაეყენებინათ, მაგრამ მარტო დგომა საკმარისი არ იყო, მათ ეჭვმიტანილის საუბარიც უნდა მოესმინათ, რაც შეუძლებლად ჩანდა. სამაგიეროდ, დაზარალებულთა შორის, ეჭვი გამოითქვა ერთ-ერთი გოგონას მამაზე, რომელიც რეციდივისტმა არამარტო აწამა, არამედ, გააუპატიურა კიდეც. პროკურორმა გაიხსენა, რომ გოგოს მამა სასამართლოზე დაიმუქრა, ჩემი შვილის გამწარებას არ გაპატიებო. მეზობლებმა დაადასტურეს, რომ მამაკაცი ბოლო დროს მუდმივად ავტოფარეხში იყო და კარს არავის უღებდა, შიგნით არავის უშვებდა და გულჩათხრობილი გახდა. ოპერ-მუშაკებმა მას სწორედ ავტოფარეხში მიაგნეს, სადაც მას კედელზე... კოლონიის სქემა ჰქონდა დახაზული და გამწარებული კაცი ფიქრობდა, როგორ უნდა შეეღწია შიგნით და როგორ უნდა მოეკლა მისი შვილის გამამწარებელი, რაც რეალურად, ფანტასტიკის სფერო იყო.

გამომძიებლებმა რეციდივისტის ცოლის დაკითხვა გადაწყვიტეს. წარმოშობით სლავმა ქალმა, ძალოვანი უწყების თანამშრომლების დანახვაზე უსიამოვნოდ შეიკურთხა, შემდეგ გამომძიებლებს შინ შეუძღვა და ღვარძლიანად უთხრა - „რის სანახავად მოხვედით? როგორც ცხოვრობს ქალი, რომელსაც ქმარმა ცხოვრება დაუნგრია? ვინ გამოიხედავს ახლა ჩემსკენ? ვის ვეგონები ნორმალური, ასეთი კაცის გვერდით მთელი 8 წელი რომ ვიცხოვრე? ნეტავ ისე ჩაძაღლებულიყო, არავის არაფერი გაეგო. მე რა ვიცი, ვის შეიძლება სურდეს მისი გარეთ გამოსვლა? მეგობრები, პრაქტიკულად, არ ჰყავდა, მტრები - აშკარად ბევრი გაიჩინა“...

სწორედ ამ დროს, მოხდა გაუთვალისიწნებელი რამ - რეციდივისტი, რომლის დროებით გაშვებაზე უკვე მოლაპარაკებები იყო დაწყებული, ერთ-ერთმა ბადრაგმა... მოკლა. გაოგნებულმა ოპერმუშაკებმა ბადრაგი დააკავეს.

„ჩემი ოჯახიც დააყაჩაღა, ჩემს დასა და დედაჩემს ცხოვრება დაუნგრია, ორივე გააუპატიურა, სახეები დაუსერა, დაწვა, დაამახინჯა. სამხედრო ვარ, ერთი წლის წინ, საბადრაგოში საკუთარი სურვილით გადმოვედი. ვერ ვწყვეტდი, მომეკლა თუ არა, არ ვარ მკვლელი, ახლა კი მივხვდი, რომ შეიძლებოდა, გარეთ აღმოჩენილიყო და მოვკალი“,-განაცხადა დაკავებულმა.

ეს მდგომარეობას რადიკალურად ართულებდა. ახლა, გასაშვებიც არავინ იყო და სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს, ვინმე მისი მსგავსი ეპოვათ, სახე კაშნეთი დაეფარათ, მაგრამ ამ დროს, იმ უბნის რწმუნებულმა, სადაც რეციდივისტის ცოლი ცხოვრობდა, საინტერესო ინფორმაცია მოიტანა. აგენტმა თქვა, დღეს ქალი შინ ბავშვით დაბრუნდა, ბავშვი ჭირვეულობდა, ტიროდა, ყურადღება ამიტომ მიიქცია, წყვილს კი შვილი არ ჰყავდაო. ოპერჯგუფი მაშინვე მის საცხოვრებელ ადგილზე გავიდა. ქალმა კარი ისევ მშვიდად გააღო, მაგრამ როცა მის ბინაში ოპერები შევარდნენ, საძინებლისკენ გაიქცა ყვირილით, მაგრამ არ გაუშვეს. საძინებელში, ხელ-ფეხ და პირშეკრული ბავშვი ლოგინის ქვეშ იყო შეგორებული.

„ქმრის დაჭერის შემდეგ, რამდენჯერმე ვცადე ცხოვრების ახლიდან დაწყება, მაგრამ როგორც კი იგებდნენ, ვინ ვიყავი, ახლოს არავინ მეკარებოდა. მე კიდევ გვერდით მამაკაცი მჭირდება, არ შემიძლიასხვანაირად. ამიტომ, მოვიფიქრე ის, რაც მოვიფიქრე. მეუბნებით, რომ მოკლეს? მეტის ღირსია, ასეთ დღეში რომ ჩამაგდო“,-განაცხადა ქალმა.

სასამართლომ ქალს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ბადრაგსაც 8 წელი ერგო, რადგან სამსახურეობრივი მოვალეობის დროს, სენტიმენტების ადგილი საბჭოთა სამართალში არ იყო. პრინციპში, არც ახლა არის.

 

 

 ავტორი-ბათო ჯაფარიძე