რატომ უჩნდებათ მარიხუანას მოწევის შემდეგ ახალგაზრდებს სიმაღლიდან გადახტომის, გაშიშვლებისა და გაქცევის სურვილი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გასულ კვირას, ქართველმა სამართალდამცავებმა მორიგი სპეცოპერაცია ჩაატარეს და ისევ რამდენიმე ათეული ნარკოდილერი დააკავეს. ბოლო დროს დაკავებულ ნარკოტიკების გამსაღებელთა შორის, უფრო მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ვიდრე საქართველოსი. სამწუხაროდ, მათ შორის არაერთი უკრაინელია და სამწუხაროდ იმიტომ, რომ ოფიციალურად, ეს ადამიანები, მათ ქვეყანაში მიმდინარე ომს გამოექცნენ, მაგრამ სინამდვილეში, საქართველოში ნარკოტიკების გასასაღებლად არიან ჩამოსულები. ისიც უნდა ითქვას, რომ ლიდერობას აზიური ქვეყნების ქვეშევრდომები არ თმობენ, მათ შორის, ირანელები ჭარბობენ. ასეა თუ ისე, საქართველოში ნარკოტიკის ყიდვა დღეს პრობლემას არ წარმოადგენს და ინტერნეტ-სივრცეში ყოველდღიურად იქმნება ახალი აპლიკაციები, რომელთა მეშვეობითაც, ნარკოტიკული საშუალებები ვრცელდება. სამწუხაროდ, არათუ ქართული პოლიცია და ქართველი აიტი-სპეციალისტები, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის უძლიერესი ჰაკერებიც კი ვერ მოახერხებენ ამ აპლიკაციების აღრიცხვას, მათ გატეხვას, შესწავლას... ისინი ჩნდებიან და შესაძლოა, ორ საათში, უბრალოდ, გაქრნენ, მანამდე კი, ათეულობით შეკვეთის მიღებას ასწრებენ. საგანგაშოა ისიც, რომ ნარკოტიკი ეკლესიების ეზოებში შევიდა, სწორედ იქ აწყობენ სამალავებს დილერები და აგერ, ახლა, სვეტიცხოველი ჰქონდათ არჩეული. უფრო ზუსტად, სვეტიცხოვლის ეზო, რომელსაც ყოველდღიურად, ასეულობით ტურისტი სტუმრობს და კონტროლი უბრალოდ ძნელია - თავად განსაჯეთ, ურთულესი გასაკონტროლებელია, ვინ სად დაიხრება, ან რომელი ქვის ქვეშ ნახავს ნარკოტიკს.

გარდა იმისა, რომ ნარკოტიკების გასაღების სერიოზული პრობლემა არსებობს, არანაკლები პრობლემაა მათი ხარისხი. ალბათ, გაგიკვირდებათ, ნარკოტიკების ხარისხზე რომ დავიწყებთ საუბარს, მაგრამ ის, რაც დღეს, საქართველოში იყიდება, გარანტირებული სიკვდილია. ჰო, გარანტირებული სიკვდილი, რადგან სუფთა ნარკოტიკს იშვიათად თუ იშოვით და რაც ადვილად ხელმისაწვდომია, არაფერი აქვს საერთო, თუნდაც პაბლო ესკობარის მიერ ნაწარმოებ კოკაინთან (ესკობარი, უფრო სწორედ, მისი საფლავი, ბოლო დროს, საქართველოში პოპულარული თემაა), არც ბუნებრივ პირობებში მოყვანილ მარიხუანასთან, არც სუფთა მორფთან. დღეს, გაყიდვაში არსებული ნარკოტიკების უდიდესი ნაწილი, უბრალოდ, ქიმიური ნაერთია, რომელიც მიჩვევასა და შემდეგ სიკვდილს იწვევს.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ნარკოტიკს 70 ათასამდე ადამიანი მოიხმარს, მაგრამ ეს ციფრი, სავარაუდოდ, საუკეთესო შემთხვევაში, ორჯერ მეტია. ეს იმიტომ, რომ ნარკოტიკების მომხმარებლების აღრიცხვა სრულად წარმოუდგენელია და პირდაპირ, ყოველგვარი შელამაზების გარეშე ვთქვათ - თბილისის რამდენიმე კლუბში შეგიძლიათ შეამოწმოთ მისული ახალგაზრდები და ნახავთ, რომ ასიდან 99 მათგანი ნარკოტიკული თრობის ქვეშ იქნება, მათ უმრავლესობას მარიხუანა ექნება მოწეული, ნაწილს - კლუბური, ვითომ მსუბუქი ნარკოტიკი, ნაწილი კი ვენური ინექციის შედეგად მიღებული ნარკოტიკებით იქნება გაბრუებული. ნარკოლიბერალიზაციის გამო, მათი უდიდესი ნაწილის დასჯა შეუძლებელია, ეს მათ კარგად იციან და ამიტომ, თუნდაც მარიხუანას სახალხოდ და საჯაროდ მოხმარებას არ ერიდებიან. არც იმას მალავს არავინ, რომ მარიხუანას მომხმარებელთა შორის, უფრო მეტი გოგონაა, ვიდრე ბიჭი. რამდენად მოქმედებს გოგონების ჯანმრთელობაზე მარიხუანას რეგულარული მოხმარება, თავად განსაჯეთ, მით უმეტეს, რომ ქართული საზომებითაც კი, მისი ფასი ბევრისთვის ხელმისაწვდომია - ნახევარლიტრიანი ქილა მარიხუანა 400-დან 600 ლარამდე ღირს, სიძლიერის მიხედვით. სიძლიერე კი, ადრე თუ ბუნებრივად განისაზღვრებოდა, ახლა ქიმიური შენაერთების სიმრავლთ განისაზღვრება. სწორედ ეს ქიმიური შენაერთებია, ფილტვებს უდიდეს ზიანს რომ აყენებს და შემდეგ მათი განკურნება შეუძლებელია. შეუძლებელია თუნდაც იმიტომ, რომ ფილტვებში ჩნდება პატარ-პატარა ნახვრეტები, შემდეგ ისინი ფართოვდებიან და ფილტვი იწყებს ლპობას. როცა საქმე მოზარდებთან გვაქვს, ხომ ხვდებით, რა მარტივად შეიძლება დაზიანდეს მათი ფილტვები და ამ ყველაფრის კონტროლის მექანიზმი არ არსებოს, რადგან, ნარკოლიბერალიზაციის ფონზე, მარიხუანის მოხმარება არ იკრძალება.

„ეს არ არის არც ხვალინდელი და არც ზეგინდელი პრობლემა, პრობლემა გვაქვს ახლა და ახლაა მოსაგვარებელი. ჩემი ნება რომ იყოს, საკანონმდებლო ინიციატივით შევიდოდი და მარიხუანას მოხმარებას ავკრძალავდი ზუსტად ისე, როგორც სხვა, მძიმე ნარკოტიკია აკრძალული. დიახ, ჩემი აზრით, მარიხუანა მძიმე ნარკოტიკია და სულ ტყუილად ცდილობენ მის რომანტიზებას და იმის ახსნას, რომ თურმე, მარიხუანა კარგია, თურმე, გონებას ხსნის და ბევრად საინტერესო აზრი მოგდის თავში. რეალურად, იმას, რასაც ეწევიან, სიკვდილს იწვევს და არაერთი ათეული ახალგაზრდა, სწორედ ასეთი მარიხუანას მოწევის შემდეგ გარდაიცვალა“, - გვეუბნება ამ სფეროს ექსპერტი.

მართლაც, როგორც მომხმარებლები გვიყვებიან, ქიმიური ნაერთებით გაჯერებული მარიხუანა უცნაურ შეგრძნებებს იწვევს. ახალგაზრდებს ეჩვენებათ, რომ მათ მოსაკლავად, ან დასაჭერად მისდევენ და უნდა გაიქცნენ. ამიტომაცაა, რომ ზოგი ახალგაზრდა აივნიდან და ფანჯრიდან ხტება, ზოგი - ხიდიდან, ზოგიც - გაქანებული მანქანიდან. მოწევის შემდეგ, ადამიანებს აღენიშნებათ არანორმალური სიმხურვალე, ჰგონიათ, რომ სხეული ეწვით და ტანსაცმლის გახდას იწყებენ. ამიტომაცაა, თბილისის კონკრეტულ ღამის კლუბში, ბოლომდე შიშველი ახალგაზრდები აქეთ-იქეთ რომ დარბიან და ხელებს იქნევენ, ამ გზით ისინი გაგრილებას ცდილობენ. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ვუყურებთ, გვესმის, მაგრამ რამეს შეცვლა კანონის (ან უკანონობის) გამო, არ შეგვიძლია

შესაძლოა, ერთმანეთთან კავშირი ვერ დაინახოთ, მაგრამ ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს, რამდენიმე მასწავლებლის წინააღმდეგ, მოსწავლეებმა უკვე შეიტანეს საჩივარი. თურმე, ერთ მასწავლებელს მოსწავლისთვის ჩაცმულობაზე მიუცია შენიშვნა და მას არ მოსწონებია, მეორეს უყვირია, როცა მეათეკლასელი გარბოდა, დაეჯახა და წააქცია (მოსწავლემ თქვა, იქვე ჩემი შეყვარებული იდგა და რომ დამიყვირა, მის წინაშე დამამცირაო), მესამეს... მიზეზები არასოდეს დაილევა და ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ არასრულწლოვნებს სულ უფრო უმყარდებათ დაუსჯელობის სინდრომი. მათ ზუსტად იციან, რომ არათუ მარიხუანას მოხმარების გამო, არამედ, მაღაზიის გაქურდვისთვისაც კი არავინ დასჯით და ამიტომ, ეწევიან, იპარავენ, ყვირიან, ჩხუბობენ... აკეთებენ ყველაფერს, რისი გაკეთებაც სურთ და შემდეგ, როცა სხვა მოზარდი უყურებს ამ ყველაფერს, ჯერ შურს, შემდეგ კი, ისიც იგივეს კეთებას იწყებს და ხვდება, რომ ცუდის გაკეთებისთვის (და მათ ზუსტად იციან, რომ მარიხუანას მოწევა ცუდია, მაღაზიის გაქურდვა კრიმინალია), არ ისჯებიან და ყველაფერი ხახვივით შერჩებათ.

სკოლის მასწავლებლებზე უარეს დღეში არიან მშობლები. ბავშვები არც თუ იშვიათად რეკავენ დასახმარებლად 112-ში, ისინი მშობლებს ძალადობაში ადანაშაულებენ და ეს მაშინ, როცა შესაძლოა, მშობელმა მხოლოდ უსაყვედურა სახლში გვიან მისვლის, ან სწავლის გამო. ამის მიუხედავად, მშობლის გაბრაზება (არ აქვს მნიშვნელობა, სამართლიანი, თუ უსამართლო), ფსიქოლოგიურ ძალადობად ითვლება და მშობელი იღებს გაფრთხილებას, განმეორების შემთხვევაში კი, დიდი შანსია, ციხეში გაუშვან. ასე მარტივად, არათუ იძაბება მშობლისა და შვილის ურთიერთობა, არამედ, საერთოდ იკარგება და შემდგომში შვილი სულ უფრო ნაკლებად ინტერესდება, რას ფიქრობს მშობელი, რა უნდა მას და ცდილობს, დამოუკიდებლად იცხოვროს. ალბათ, ყველას გემახსოვრებათ, მოზრდილობის ასაკში, ჩვენც რომ გვქონდა ასეთი სურვილი და როცა მშობელს არ ვუჯერებდით, რითი სრულდებოდა ეს ყველაფერი.

სამწუხაროდ, ერთგვარ მოდად შემოვიდა სასაფლაოებზე შეკრება, საფლავების დაზიანება და ვანდალური აქტები იმდენად გახშირდა, რომ არაერთმა სასაფლაომ (განსაკუთრებით, დედაქალაქში), დარაჯები დაამატა, რათა მათ დღე-ღამის განმავლობაში მოახერხონ ტერიტორიის კონტროლი და გათენებულზე, რომელიმე საფლავის ქვა, ან ჯვარი დამტვრეული არ დახვდეთ. არც სამართალდამცავები მალავენ იმას, რომ ბოლო დროს, საქმეების 90%-ზე მეტი, ან ოჯახურ ძალადობაზეა, ან ნარკოტიკების მოხმარება-გასაღებაზე. თავშიც ვთქვით და ახლაც გავიმეორებთ, ნარკოტიკებს უკვე ძირითადად უცხოელები ყიდიან და ეს იმის მიუხედავად, რომ მაგალითად, იმავე ირანელმა იცის, სამშობლოში ასეთი ქმედების გამო, ამწეზე ჩამოჰკიდებენ, თურქეთში - სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან, სიც საუკეთესო შემთხვევაში, საქართველოში კი... თითქოს, ჩვენთან ყველაფერი სულერთია, თითქოს, იმდენნი ვართ, რომ მომავალი თაობის ნაწილის დაკარგვა არაფერია, მარტივად გადავიტანთ. არადა, ეს ყველაფერი ჩვენს გენოფონდს ძალიან მწარედ ურტყამს. აგერ, „საქსტატის“ ოფიციალური ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, ანუ საწყის ექვს თვეში, საქართველოში ცოცხლად დაბადებული ბავშვების რიცხოვნობამ 19 431 შეადგინა და ამავე პერიოდში, 21 944 ადამიანი გარდაიცვალა. სხვაობა 2513-ია, წლის ბოლოს ეს ციფრი 5 ათასი იქნება და ასეა ყოველწლიურად - 5 ათასი ადამიანით მცირდება ქართველი ერი და საბოლოო ჯამში, სადამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი, თავად განსაჯეთ.

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე