თბილისში, საკუთარი ბინის სადარბაზოსთან, ცნობილი ექიმი მოკლეს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რამდენიც უნდა ვატრიალოთ, მაინც იქამდე მივდივართ, რომ ავტორიტეტი ყველაფერს წყვეტს. ეს, განსაკუთრებით, სამედიცინო სფეროს ეხება. უამრავი ექიმის ფონზე, არიან ისეთები, რომლებსაც მუდმივად რიგი უდგათ, რომლებთან ჩაწერასა და მოხვედრასაც კვირები და თვეებიც კი სჭირდება. ასე იყო ადრეც და ასე იქნება მომავალშიც. ისე, როგორც ყველა პროფესიას, ექიმობასაც ნიჭი სჭირდება და ნიჭიერი ექიმები ბევრნი არსად არიან.

 

„მილიციის განყოფილებაში, ახალგაზრდა ქალი უცნაური თხოვნით მოვიდა. უფრო სწორად, მოთხოვნით, რომლითაც არც მანამდე და არც მის შემდეგ, არავინ მოსულა. მან მითხრა, რომ შვილი ჰყავდა ცუდად, მის შვილს ერთი ექიმი მკურნალობდა, მაგრამ ის გარდაიცვალა და ახლა ვეღარავინ მკურნალობს. ქალმა ფურცელზე დაწერილი წამლის სახელიც თქვა, რომლითაც ექიმი მის შვილს მკურნალობდა და ახლა ყველა აფთიაქი ეუბნებოდა, რომ ასეთი წამალი, უბრალოდ, არ არსებობს. ქალი კი შველას მთხოვდა, 8 წლის ბიჭი სიკვდილს ხელიდან გამოვტაცეთ და ახლა კვდებაო“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

გამომძიებელმა გარდაცვლილი ექიმის მონაცემები მოიძია და გაოცდა - ის, ვისზეც ქალი ამბობდა გარდაიცვალაო, სინამდვილეში, მოკლული იყო და მის საქმეს სხვა რაიონის განყოფილება იძებდა. ბატონმა თენგიზმა კოლეგასთან გასაუბრება გადაწყვიტა.

„იმ დღეს, ხელფასი დარიგდა და ამ უბედურს, სადარბაზოში, დანა გაუყარეს, ჯიბეები გაუსუფთავეს, მგონია, რომ ვიღაცას ნარკოტიკების ფული გაუთავდა, ან თავანი ჰქონდა მისატანი და ამან კიდევ, სადმე გამოაჩინა ფული და აჰყვნენ. იმის მიუხედავად, რომ კოლეგებს დიდად არ ეხატებოდათ გულზე და სამი საავამყოფოდან გააგდეს, მაინც მგონია, რომ სასიკვდილოდ არავინ გაიმეტებდა. ახლა აგენტები მყავს ჩართული და ვნახოთ, ეგებ, ვინმეს რამე წამოსცდეს“, - თქვა გამომძიებელმა.

ბატონი თენგიზი იმ საავადმყოფოში წავიდა, სადაც გარდაცვლილი ბოლოს მუშაობდა. მთავარი ექიმის კაბინეტში სერიოზული არეულობა იყო - რამდენიმე მოქალაქე კატეგორიულად ითხოვდა, რომ მათთვის მკურნალობის ის მეთოდი გამოეყენებინათ, რომლითაც მოკლული მკურნალობდა, მაგრამ მთავარი ექიმი ხელებს უიმედოდ შლიდა, წარმოდგენა არ მაქვს, რა პრეპარატებს იყენებდა, მგონი, უბრალო ტკივილგამაყუჩებლებს გიკეთებდათ და გატყუებდათო. გამომძიებლის დანახვამ მოქალაქეები გაახარა, მთავარი ექიმი დააბნია, მაგრამ ეს მისთვის შველაც იყო - კაბინეტში სამართალდამცავთან ერთად დარჩა, მოქალაქეები კი გარეთ გაიყვანეს.

„აბა რა უნდა გითხრათ? იმ ექიმზე მუდმივად მესმოდა, ნიჭიერია, კარგია, მაგრამ უცნაური ხასიათი აქვსო. პრაქტიკულად, ყველა კლინიკიდან, სწორედ უცნაური ხასიათის გამო გამოაგდეს და ბოლოს ჩემთან მოვიყვანე. მოვიყვანე იმიტომ, რომ ჩემი კოლეგები ამბობდნენ, უნიჭიერესია, უძლიერესია, მაგრამ ხასიათს ვერ შევეგუეთო. დიპლომატი ვარ ურთიერთობებში, ვიფიქრე, ისეთი რა ხასიათი უნდა ჰქონდეს, ვერ ავიტანო-მეთქი და ამიტომ, შევხვდი, ვესაუბრე და მოვიყვანე. ზუსტად ერთ კვირაში, ყველამ გაიგო, აქ რომ გადმოვიდა და პაციენტების რიგი დაგვიდგა. უცნაური მართლაც იყო, არატრადიციულ მეთოდებს იყენებდა, რაღაც ტაბლეტები დაჰქონდა ჯიბით, იმას ასმევდა მძიმე ავადმყოფებს. ახლაც მგონია, რომ ტკივილგამაყუჩებლებს ასმევდა, მაგრამ ყველაფერს შედეგი ჰქონდა და რაც მთავარია, ხალხი მადლიერი იყო. რატომ უნდა მომეკლა? საავადმყოფო გამოაცოცხლა, ყველა კმაყოფილი იყო. ხომ იცით, აქ მოსულ კაცს მხოლოდ ერთი ექიმი არასდროს სჭირდება, სხვებსაც საქმე გაუჩნდათ“, - განაცხადა ექიმმა და ამ დროს მის კაბინეტში გამწარებული მოქალაქე შემოვარდა, აქაოდა, ის შენ მოკალი, მთავარ ექიმად გადაჰყავდათ და კონკურენტი მოიშორეო. გამომძიებელმა ყურები ცქვიტა, მაგრამ მთავარმა ექიმმა მშვიდად გაიღიმა და როცა აღელვებული მოქალაქე კაბინეტიდან გავიდა, გამომძიებელს მშვიდად უთხრა - „ჩემი ცოლის ძმა თუ არ იცით, ვინ არის, მოიკითხეთ და მიხვდებით, რომ ამ თანამდებობას ასე მარტივად ვერავინ წამართმევდა!“ ძალოვანმა მისი სიტყვები გადაამოწმა და მართლაც დარწმუნდა, რომ ასეთი გავლენიანი მფარველის ხელში, გარდაცვლილს შანსი არ ჰქონდა.

რაც შეეხება წამალს, რომელსაც გარდაცვლილი იყენებდა, მისი ანალოგი მართლაც ვერსად იპოვეს. უფრო ზუსტად, ყველა ამბობდა, რომ ასეთი პრეპარატი უბრალოდ არ არსებობს და სავარაუდოდ, ექიმი თავის მიერ დამზადებულ წამალს ასმევდა პაციენტებს, თუმცა ერთი აბი მაინც იპოვეს და ის ქარხნულად იყო დამუშავებული. აბი ექსპერტიზაზე წაიღეს.

„აბი არ შეიცავს სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს, მაგრამ იმ ქიმიური შენაერთების კომპლექტი, რომელიც მასშია, აქამდე ერთად არ გამოყენებულა. ეს რაღაც ახალია“, - ეწერა დასკვნაში. გამომძიებელმა გარდაცვლილის ოჯახის წევრების მონახულება გადაწყვიტა, მაგრამ ძალიან დიდი ხანი დასჭირდა იმისთვის, რომ მისთვის კარი გაეღოთ. ქვრივი გამომძიებელს სამართალდამცავების გამოძახებით ემუქრებოდა, ყვიროდა, მეზობლებს საშველად უხმობდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას ვიღაცის თუ რაღაცის ეშინოდა. გამომძიებლის კითხვებს ძუნწად პასუხობდა, თითქმის არაფერს ამბობდა.

„გადავწყვიტე, მეც მუქარასა და შანტაჟზე გადავსულიყავი. ვუთხარი, რომ გვქონდა ინფორმაცია, მან, ვინც მისი მეუღლე მოკლა, შესაძლოა, ცოლ-შვილიც დახოცოს და ამიტომ, აუცილებელია მისი დახმარება დამნაშავის გამოსავლენად. სხვათა შორის, ბავშვი სახლში არ იყო, მერე გამოტყდა დიასახლისი, რომ გადამალული ჰყავდა და სწორედ შვილის სიცოცხლეს უფრთხილდებოდა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

„ჩემი მეუღლე ძალიან, ძალიან ნიჭიერი იყო. მუდმივად კთხულობდა, არა მარტო საბჭოთა, არამედ, უცხოურ ლიტერატურასაც ეცნობოდა. რაღაც წიგნში 130 მანეთი გადაიხადა ანუ ჩემი ერთი თვის ხელფასი. წამლებს შლიდა, რაღაც მინარევებს უკეთებდა, აწყობდა, საკუთარ თავზეც კი ცდიდა. ბოლოს, იქამდე მივედით, რომ სპეციალურ კომისიას წარუდგინა მისი ნამუშევარი, უთხრა, რომ ბევრ დაავადებას უშველიდა, მაგრამ არავინ მოუსმინა. ამის შემდეგ, უზბეკეთში წავიდა მივლინებით, იქაური ექიმებისთვის უნდა გაეზიარებინა გამოცდილება და იქიდან იმედიანად დაბრუნდა. როგორც მითხრა, იქ დააინტერესა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც მის წამალს გამოუშვებდნენ და გამოუშვეს კიდეც. უგზავნიდნენ სრულიად უფასოდ და თავად რამხელა ფულს შოულობდნენ, ვერ გეტყვით. ბოლოს, მისი გამოგონებით აქაც ვიღაც დაინტერესდა და უკანასკნელად რომ გამოუგზავნეს აბები, წერილი მისწერა, სავარაუდოდ, აქაც დაიწყებენ წარმოებას და აღარ დამჭირდებაო. ამის მერე დაურეკეს, ესაუბრნენ და შეფიქრიანდა. თითქოს, რაღაცის ეშინიდა და მგონია, რომ სწორედ იმ ხალხმა მოკლა, რომლებსაც არ სურდათ, რომ ეს წამალი სხვასაც ეწარმოებინა“, - განაცხადა ცოლმა.

ეს რაღაც ახალი იყო. გამომძიებელმა უზბეკ კოლეგებს წერილი გაუგზავნა,  საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები ჩაერთვნენ და ორმხრივი მუშაობის შედეგად, იმ პირთა წრე დადგინდა, რომლებიც გარდაცვლილ ექიმს წამლებს უგზავნიდნენ, ურეკავდნენ (მაშინ მობილურები არ იყო და შეკვეთა საქალაქთაშორისო ტელეფონზე ხდებოდა). ისიც დადასტურდა, რომ ამ ადამიანებს ფარმაცევტულ საქმიანობასთან შეხება ჰქონდათ, ისინი უზბეკეთში, წამლების დამამზადებელ ქარხანაში მუშაობდნენ, მაგრამ პრეპარატი, რომელიც ქართულ მხარეს აინტერესებდა, ოფიციალურად არ იწარმოებოდა, არ იყიდებოდა აფთიაქებში და მის შესახებ უზბეკმა სამართალდამცავებმა პირველად გაიგეს.

დაიწყო ეჭვმიტანილი პირების გარემოცვის შესწავლა, მათზე თვალთვალი და მალე გაირკვა, რომ ისინი რაღაც ჯადოსნურ აბებს ჰყიდდნენ და ცალში 10 მანეთს იღებდნენ, რაც მაშინდელი საზომებით, პატარა ფული ნამდვილად არ იყო. ისიც გაირკვა, რომ ისინი ქარხანაში ღამის ცვლაში მუშაობას ითხოვდნენ (ეს საკუთარი ნებით არავის სურდა) და მთელი ღამე მუშაობდნენ. სავარაუდოდ, სწორედ მაშინ აკეთებდნენ იმ წამალს, რომელსაც შემდეგ, ჩუმად ჰყიდდნენ. რაც ყველაზე საინტერესოა, უკმაყოფილო პაციენტები ვერც უზბეკმა ძალოვნებმა იპოვეს, მაგრამ ის კი იცოდნენ, რომ შესაძლო მკვლელი მათი მოქალაქე იყო, რადგან ეჭვმიტანილებიდან ერთ-ერთი, სწორედ იმ დროს იმყოფებოდა თბილისში, როცა ექიმი მოკლეს. ჯგუფი ქარხანაში, წამლის კეთების დროს აიყვანეს და თან ისე, რომ მათ ერთმანეთთან კავშირი არ ჰქონოდათ და შეთანხმება ვერ მოესწროთ.

თავიდან ყველა დუმილს ინარჩუნებდა, მაგრამ როცა აუხსნეს, რომ შესაძლოა, საქმეს ისეთი გაგრძელება მოჰყოლოდა (მოსახლეობის მოწამვლა), დახვრეტის მუხლიც კი დამდგარიყო, ჯერ ერთი ალაპარაკდა, მერე - მეორე, მესამე და საქმეც გაიხსნა. უზბეკთა ვარაუდი გამართლდა - ქართველი ექიმის მკვლელობა, სწორედ იმ დაკავებულმა აღიარა, რომელიც თბილისში იმყოფებოდა. ისიც გაირკვა, რომ ქართველი ექიმის მიერ შემუშავებული ფორმულით გაკეთებული წამლით, უზბეკურმა დაჯგუფებამ ნახევარ მილიონამდე მანეთი იშოვა და არ სურდა, ამ თანხაში მოცილე და მოწილე გამოსჩენოდათ. ამიტომ, ყველამ ერთად გადაწყვიტა ქართველოს მოშორება, შესრულება კი ერთს დაავალეს.

ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ უზბეკების გასამართლების შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლება აბების შემადგენლობითა და მათი სარგებლიანობით დაინტერესდა, თუმცა აღნიშნული წამლის წარმოება ოფიციალურად, საბჭოთა კავშირის არცერთ რესპუბლიკაში არ დაწყებულა.

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე