მამის მკვლელი ქალის სკანდალური აღსარება

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღეს მოტოციკლი არაერთი ადამიანის გატაცებაა. შორს წასვლა რად გვინდა, პარლამენტის რამდენიმე წევრი, დედაქალაქის მერი, მოტოციკლით გადაადგილდებიან. ეს ერთგვარი ჰობიცაა და ფუფუნების საგანიც და არც თუ იშვიათად, მოტოციკლის ფასი, ავტომობილის ფასსაც კი აჭარბებს. ადრე კი, თითქოს, სხვაგვარად იყო. საბჭოთა წარმოების „იჟ“, „იავა“ და სხვა, მეტ-ნაკლებად ცნობილი თუ უცნობი მოტოები მაშინდელი ახალგაზრდების ოცნება იყო. ადრინდელ მოტოებს არც ისეთი სიჩქარე ჰქონდათ, სიცოცხლისთვის სახიფათო ყოფილიყო, მაგრამ ავარიები და მოტეხილი ხელ-ფეხი, იშვიათობა მაშინაც არ იყო. თუმცა, დედაქალაქში იყო პერიოდი, როცა მოტოციკლების მფლობელებზე ნამდვილი ნადირობა გამოცხადდა. რატომ? იმიტომ, რომ მოტოციკლისტები (ახლანდელი „ბაიკერები“) კარგად ჩამოყალიბებული და შეკრული ბანდის წევრები გახდნენ, რომლებიც მარტივად ახერხებდნენ მოქალაქეების ძარცვას. ჰო, ძარცვას, რადგან ქუჩაში მომავალ ადამიანებს, გვერდით მოტოთი ჩაუქროლებდნენ და ვიღაცას ჩანთას გასტაცებდნენ, ვიღაცას საყურეს ყურიანად ახევდნენ. ეს ყველაფერი იმდენად სისტემატიური გახდა, რომ პატრულირება ოპერ-მუშაკებმა დაიწყეს, მაგრამ ისინი მოტოციკლისტებს ვერ იხელთებდნენ, რადგან შემთხვევის ადგილს ძალიან მალე ტოვებდნენ. რაც მთავარია, ისინი არ მოქმედებდნენ მარტო, მუდმივად 2-3 მოტოციკლისტი გადაადგილდებოდა და ერთმანეთს ხელს უწყობდნენ, მდევარს კვალს ურევდნენ. სამართალდამცავები ამ ამბით კი იყვნენ შეწუხებულნი, მაგრამ საქმეს სერიოზულად მას შემდეგ მიუდგნენ, რაც ერთ-ერთი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს...

 ეს მამაკაცი მოტოციკლისტებს დასდევდა, გრძელი რკინის კეტით შეიარაღებული დადიოდა და თუ სადმე მოიხელთებდა, მაშინვე მათზე იწევდა. ერთ დღეს, მან ერთ-ერთი მოტოციკლისტი მოტოდან ჩამოაგდო, ჩაფხუტი მოხადა, მაგრამ ჩაფხუტის შიგნით მას ნიღაბი ეკეთა. სანამ ნიღაბს მოხდიდა, სხვა მოტოციკლისტები მივარდნენ და მეგობარი ხელიდან წაგლიჯეს. ამის მიუხედავად, ადგილზე დარჩა მოტოციკლი, რომლის მფლობელის დადგენა მარტივი იყო, თუმცა სამართალდამცავები მაინც ზერელედ ეკიდებოდნენ ამ ყველაფერს და... სწორედ ეს მამაკაცი, ქალაქის განაპირას მიმდინარე მშენებლობაზე გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტმა მოგვიანებით თქვა, რომ მამაკაცი ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლეს და სავარაუდოდ, ეს ბლაგვი საგანი ჩაქუჩი, ან ნაჯახის მეორე მხარე იყო.

„საქმემ სერიოზული ხასიათი მიიღო. მანამდე, მეც მესმოდა მოტოციკლისტებით დაზარალებული ადამიანების შესახებ, მაგრამ საქმე ჩემამდე არ მოსულა და ვერ ჩავერეოდი. აი, მკვლელობის საქმე მე მომცეს და შესაბამისად, ჩემზე იყო დამოკიდებული, როდის დასრულდებოდა ქალაქში მოტოციკლისტების თარეში“, - გვიამბობს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

პირველ რიგში, გარდაცვლილის ორი მეზობელი დაკითხეს. საქმე ის გახლდათ, რომ  მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, სწორედ მათ უთხრა მოკლულმა, ზუსტად ვიცი, ვინ არიან ის მოტოციკლისტები, მათი მეთაურის ვინაობაც ვიცი და მილიციაში მივდივარ, განცხადება და სახელები უნდა დავწეროო. მეზობლებმა ჰკითხეს, ჩვენც გვითხარიო, თუმცა გარდავლილმა არაფრის თქმა არ ისურვა, მალე ყველაფერს გაიგებთო და სადარბაზოში შევიდა. მას ტანსაცმელი უნდა გამოეცვალა და განყოფილებაში წასულიყო, თუმცა ცოცხალი უკვე აღარავის უნახავს. ეჭვი გაჩნდა, რომ ის მეზობლებმა ჩაუშვეს, მაგრამ ორივე მეზობელი ერთმანეთისკენ იშვერდა ხელს, ამან იცოდა, იმან იცოდა... რეალურად, იცოდა ორივემ, მაგრამ არცერთი არ ჩანდა ისეთი, მოტოციკლისტებისთვის ხელი დაეფარებინათ და მათი ვინაობა რომ სცოდნოდათ, მილიციაშიც პირველები მივიდოდნენ. დაიწყო იმ მოტოციკლის შესწავლა, რომელიც გარდაცვლილმა თავდამსხმელებს წაართვა. მისი სახელმწიფო ნომრის მიხედვით, მფლობელის ვინაობის დადგენა მარტივზე მარტივი გახლდათ. გამომძიებელმა თან სამი ოპერ-მუშაკი იახლა, რადგან ეგონა, რომ დაკავების დროს, შეიძლებოდა, დამნაშავეს წინააღმდეგობა გაეცია.

„ბინის კარზე დავაკაკუნე და ქალმა გამიღო. ვკითხე ახალგაზრდა ბიჭის სახელი და მიპასუხა, ჩემი შვილიაო. მაშინვე ვუთხარი, არ გინდათ ახლა წივილ-კივილი, თქვენი შვილი მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, მისი მოტოციკლი ამოღებულია, როგორც ნივთმტკიცება და ამიტომ, გვითხარით, სად არის მეთქი. ქალმა გაოცებით შემომხედა, მერე კარი ფართოდ გააღო და ოთახზე მანიშნა, იმ ოთახშია ჩემი ბიჭი, შედით, დააპატიმრეთო. ოპერმუშაკები წინ გავუშვი, ისინი შევარდნენ და... ეტლში ახალგაზრდა ბიჭი იჯდა, რომელსაც ერთი ფეხი ბარძაყთან ჰქონდა მოჭრილი. გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

„მოტოციკლი შარშან ვიყიდეთ. არ მინდოდა, მაგრამ მაინც თავისი გაიტანა შვილმა. მერე ავარიაში მოჰყვა, ტრამვაის შეასკდა, ქვეშ შეუვარდა და ფეხი გადაუჭრა. მოტოციკლი გავყიდეთ, დამტვრეული იყო, მაგრამ იმდენი მოგვცეს, ეტლის საყიდლად გვეყო. არც ნომრები მოგვიხსნია და არც გადაგვიფორმებია, პროფილაქტიკაში მიიტანა ჩემმა ქმარმა და დატოვა. თუ ფიქრობთ, რომ ეს არის მკვლელი, დააპატიმრეთ“, - ქალს ცრემლები წამოსცვივდა. გამომძიებელი ოპერებთან ერთად, უკან გაწბილებული გამობრუნდა, მაგრამ იმ სახელოსნოს მისამართი ჩაიწერა, სადაც დამტვრეული მოტო დატოვეს.

„მეორად ნაწილებს მუდმივად ვიბარებ, სახელებსა და გვარებს ვიწერ, პასპორტის მონაცემებს, ვინმე რამეს თუ მაბარებს, მილიცია რომ მოდის, ვეუბნები, ვინ რა მომიტანა და თუ მოპარულია, მე სუფთა ვარ. ის მოტო მახსოვს, ვიღაც კაცმა მოიტანა, პასპორტის მონაცემები ჩავიწერე, გავარემონტე და გავყიდე. აი, ვინ იყიდა, წარმოდგენა არ მაქვს, მყიდველების მონაცემებს არ ვიტოვებ, რისთვის მჭირდება?“ -განაცხადა ხელოსანმა და ერთი წლის წინანდელი ჩანაწერი აჩვენა. ჩანაწერის მიხედვით, მოტო სახელოსნოში სწორედ იმ ბიჭის მამამ მიიტანა, რომელმაც ფეხი დაკარგა, მაგრამ ვინ იყიდა? ან ხელოსანმა რატომ არ მოხსნა ნომრები? მაგრამ მას ამაზეც პასუხი ჰქონდა, ნომრები მოვხსენი, აქვე, ნაგავში ეყარა, სხვა ნომერიც ბევრი მიყრია, მგონია, რომ „უჩოტიდან“ მოხსნილი ტრანსპორტი მოჰყავთ. რომელი სულელი დამიტოვებს ნომერს, რომელიც მის სახელზეაო, მაგრამ ცხადი იყო, იმ მოტოს მოქმედი სანომრე ნიშნები ჰქონდა და ისინი ისევ ძველ მფლობელზე ირიცხებოდა. გამოძიებას ეს ძაფიც წაუვიდა ხელიდან.

იმ უბნებში, სადაც მოტოციკლისტები ყველაზე ხშირად ჩნდებოდნენ, სამართალდამცავებმა პატრულირება დაიწყეს. მათ უმკაცრესი ბრძანება ჰქონდათ - საჭიროების შემთხვევაში, გამოეყენებინათ ცეცხლსასროლი იარაღი, ოღონდ მოტოციკლი დაეზიანებინათ და არა მისი მფლობელები. ამიტომ, საპატრულოდ ის ძალოვნები გავიდნენ, რომლებიც სხვებზე უკეთ ისროდნენ, გამომძიებელმა კი გარდაცვლილი მამაკაცის ცოლ-შვილი დაკითხა. გოგონამ, რომელიც 20 წლამდე იქნებოდა, პირდაპირ თქვა, მამასთან გადასარევი ურთიერთობა არ მქონდა, ძალიან მკაცრი იყოო, ცოლმა კი ცრემლები გადმოყარა, ჩემთვის არ უთქვამს, ვის მიაგნო, ან საიდან გაიგო იმ მოტოციკლისტის ვინაობა, ვინც იმ არამზადებს მეთაურობსო. უმცროსი ბიჭი 8 წლის იყო და რა თქმა უნდა, მას საერთოდ არაფერი ეცოდინებოდა. გამომძიებელმა ოჯახი დაამშვიდა, გაძლიერებული პატრულირება დავიწყეთ და დამნაშავეებს აუცილებლად დავაკავებთო...

პატრულირებამ სამი დღის განმავლობაში შედეგი არ მოიტანა. მოტოციკლისტები თითქოს არც არასდროს არსებობდნენ, სავარაუდოდ, ისინი ვიღაცამ გააფრთხილა. ერთკვირიანი პატრულირების შემდეგ, ძალოვნებმა ტყუილად აქეთ-იქეთ სიარულს თავი დაანებეს და... მეორე დღესვე, მოტოციკლისტებმა მორიგი თავდასხმა მოაწყვეს. გამომძიებელთან ადგილობრივი უბნის რწმუნებული მივიდა და პირდაპირ უთხრა - „მომეცით უფლება, ტაბელური იარაღი ღამე თან მქონდეს და აუცილებლად დავიჭერ რომელიმეს. ვცადე შიშველი ხელებით, მაგრამ არაფერი გამომივიდა, ისინი ბევრნი იყვნენ და მომერივნენ, ჩემი განყოფილების უფროსი კი იარაღს სამუშაო დღის ბოლოს სამსახურში მატოვებინებს. სხვებზე ნაკლები სროლა არ ვიცი და გპირდებით, არავის დავაზიანებ“. გამომძიებელმა განყოფილების უფროსთან უშუამდგომლა და ორი დღის შემდეგ, შეტყობინებაც შევიდა - უბნის რწმუნებულმა ორი მოტოციკლისტი დააკავა. შემთხვევის ადგილზე ოპერატიული ჯგუფი გავიდა და ორივე დაკავებული - გოგონა და ბიჭი განყოფილებაში მიიყვანეს. გოგონას დანახვაზე, გამომძიებელმა გაოცებისგან შეჰყვირა - მის წინ... გარდაცვლილი მამაკაცის შვილი იდგა.

„რა უნდა ვთქვა? მამამ მთელი ცხოვრება მომიწამლა, არსად მიშვებდა, არაფრის უფლებას არ მაძლევდა. მოტოციკლისტები შემთხვევით გავიცანი, ჩანთა გამტაცეს, მეორე დღეს კი ამ ბიჭმა, რომელიც მათი მეთაური იყო, უკან მომიტანა, სტუდბილეთზე შენი ფოტო ვნახე, ძალიან მომეწონე და ვიმეგობროთო. ასე დაიწყო ნამდვილი ცხოვრება, თავგადასავლებით სავსე, ბოლოს და ბოლოს, მე ვიღაცას დავჭირდი. არ ვიცი, საიდან და რა გაიგო მამაჩემმა, მაგრამ იმ დღეს, სახლში რომ მოვიდა, მხიარულად თქვა, ვიცი, ბანდის მეთაური ვინც არის, სახელიც მითხრა და მივხვდი, ზუსტად იცოდა. ლამის დავუჩოქე, ჩემი შეყვარებულია, შეეშვი-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა. მერე ჩაქუჩი ავიღე, როცა გასვლას აპირებდა, ზურგიდან მივეპარე და მთელი ძალით ჩავარტყი. მერე შეყვარებულს დავურეკე, გვამი მან და მისმა მეგობრებმა წაიღეს, იქაურობაც მოვასუფთავე. მე ვარ დამნაშავე, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ეს უბედნიერესი კვირეები იყო“, - განაცხადა გოგონამ.

მისი სიტყვები დაკავებულმა ბიჭმაც დაადასტურა, მეგობრების ვინაობაც დაასახელა და ბავშვივით ტიროდა, ითხოვდა, ოღონდ, არ დამხვრიტოთო. სასამართლომ ყველა მათგანს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მამის მვკლელს კი 11 წელი მისცეს. რატომ, ასე ცოტა? საბჭოთა სასამართლო ქალების მიმართ განსაკუთრებით ლმობიერი იყო და ყოველთვის ცდილობდა, მათთვის მეორე შანსი მიეცა.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე