ვინ არის ექიმი ქალი, რომელმაც მოსამართლე სასიკვდილოდ გაიმეტა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ადრეც და ახლაც, მოსამართლეზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული, მაგრამ რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჩანდეს ამ გადმოსახედიდან, კომუნისტების დროს, მოსამართლეები ბევრად თავისუფალნი იყვნენ, როგორც საზოგადოების, ისე ზოგადად, ხელისუფლების წნეხისგან და განაჩენთა უმრავლესობა სამართლიანი იყო. უფრო ზუსტად, თუ ზემდგომებს პოლიტიკური ინტერესი არ ჰქონდათ და საქმე გავლენიანი პირის ნათესავს არ ეხებოდა, მოსამართლეს შეეძლო, საკუთარი შეხედულებისამებრ ემოქმედა. ბევრი იტყვის, ახლაც ასეაო, მაგრამ ნურას უკაცრავად - კომუნისტების დროს, სასამართლოს 99.99%-იანი გამამტყუნებელი განაჩენი არასდროს ჰქონია სტატისტიკაში.

1982 წელი... აჭარის რეგიონში, მოსამართლეს თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. პრინციპში, სასტიკ გასწორებას ისე ნუ გაიგებთ, თითქოს, მას დიდი ხნის განმავლობაში სცემდნენ. არა, მოსამართლეს უკნიდან ვიღაც მიეპარა და თავში მძიმე, ბლაგვი საგანი ჩაარტყა, რის შემდეგაც მან გონება და ბევრი სისხლი დაკარგა, ექიმები კი გადარჩენის გარანტიას ვერ იძლეოდნენ. მოსამართლეზე თავდასხმა ძალიან იშვიათი იყო და რაღა თქმა უნდა, საქმე პირად კონტროლზე თბილისმა აიყვანა. მეტიც, აჭარაში დედაქალაქიდან სამი გამოცდილი გამომძიებელი გაუშვეს, რომელთაც უნდა დაედგინათ, რა და როგორ მოხდა და დამნაშავე სამაგალითოდ დაესაჯათ. ადგილზე ჩასულ გამომძიებლებს, მთავარი ეჭვმიტანილი დაკავებული დახვდათ.

„სანამ მოსამართლეზე თავდასხმა მოხდებოდა, ორი კვირით ადრე, მას სასამართლო პროცესი ჰქონდა, სადაც ერთ-ერთი მხარე გაამტყუნა. დაზარალებულები ცოლ-ქმარი გახლდნენ, ქმარმა თავი ვერ შეიკავა და პირდაპირ სასამართლოს დარბაზში იყვირა, რომ მოსამართლეს არ აცოცხლებდა. ვვარაუდობთ, რომ მან მუქარა აასრულა და რაც მთავარია, როცა მოსამართლეზე თავდასხმა მოხდა, მამაკაცს ალიბი არ ჰქონდა“, - ეწერა აჭარელი სამართალდამცავების პატაკში.

ერთი შეხედვით, ყველაფერი ძალიან მარტივი იყო, მაგრამ როგორც კი თბილისიდან ჩასულმა გამომძიებლებმა დეტალების გარკვევა დაიწყეს, მიხვდნენ, რომ აჭარელი კოლეგები მარტივი გზით წავიდნენ. პირველ რიგში, მათ არ გაითვალისწინეს ექსპერტის დასკვნა, რომელიც წერდა, რომ თავდამსხმელი დაბალი, მაგრამ ძლიერი იყო, დაკავებული მამაკაცი კი მაღალი. ის ფაქტი, რომ მთავარ ეჭვმიტანილს ალიბი ჰქონდა საეჭვო გამოდგა, რადგან მისი ცოლი და შვილი ადასტურებდნენ სახლში ყოფნას და რაც მთავარია, მეზობელი ამბობდა, რომ სწორედ იმ დროს, როცა მოსამართლეს თავს დაესხნენ, ეჭვმიტანილთან ბრტყელტუჩას სათხოვნელად შევიდა და ნივთი სწორედ დაკავებულმა მიაწოდა. ეს კი ალიბის არათუ ამყარებდა, არამედ უტყუარს ხდიდა და მერე რა, რომ ერთ-ერთი მთავარი მოწმე კარის მეზობელი იყო. გამომძიებლებს იმის იმედიც ჰქონდათ, რომ მოსამართლე აზრზე მოვიდოდა და თავდამსხმელზე რამეს იტყოდა, თუმცა დანაშაულის უმოკლეს ვადებში გახსნა ღირსების საქმე იყო... მუნდირის ღირსების,

„თქვენ ყველაფერი არ იცით. ჩემმა 11 წლის შვილმა, სკოლაში გონება დაკარგა. თავიდან გვეგონა, რომ გადაღლის ბრალი იყო, მაგრამ იგივე ორი დღის შემდეგაც განმეორდა და მაშინვე საავადმყოფოში გავაქანეთ. ადგილობრივმა ექიმმა ყველა სახის ანალიზი ჩაგვატარებინა, მერე გვითხრა, რომ ჩვენს გოგონას უკურნებელი სენი სჭირდა, უფრო კონკრეტულად კი, თირკმელები გადაგვარებას იწყებდნენ და სასწრაფოდ მკურნალობის დაწყება იყო საჭირო. რა უნდა გვექნა? დავთანხმდით და სამთვიანი მკურნალობის შემდეგ, ჩვენი შვილი ეტლში ჩაჯდა, სიარული აღარ შეეძლო. დედაქალაქში წამოვედით და ბავშვი ახლიდან გავასინჯეთ ექიმებს. მათ გვითხრეს, რომ დიაგნოზი არასწორად იყო დასმული და არასწორმა მკურნალობამ კუნთების ატროფია გამოიწვია, სწორედ ამიტომ ვეღარ დადიოდა ბავშვი. თბილისში ახალი მკურნალობა დაგვინიშნეს და მან შედეგი გამოიღო, თუმცა შესაძლოა, მკურნალობა წლების მანძილზე გაგრძელდეს. ყველაზე ცოტა, ორი წელი სჭირდება ჩვენს გოგონას იმისთვის, რომ ეტლიდან ადგეს და დამოუკიდებლად გადაადგილება შეძლოს, სრულად განკურნებისთვის კი - ხუთი-ექვსი წელი. ამიტომ, ექიმის წინააღმდეგ საჩივარი შევიტანეთ და როგორ გგონიათ, რა ხასიათზე დავდგებოდი, როცა მოსამართლემ გამოაცხადა, რომ დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავდა და ექიმი უბრალოდ გაამართლა. მაშინ, გამწარებულ გულზე ვუთხარი ის, რაც ვუთხარი და მერე, როცა მოსამართლე ვიღაცამ სასიკვდილოდ გაიმეტა, მე დამიჭირეს. გული მწყდება, რომ არ მოკვდა, მაგრამ ეგებ, კარგიც იყოს, ასე უფრო მეტს იწვალებს. გარდა იმისა, რომ ალიბი მაქვს, მე ცხოვრებაში ქათამიც არ დამიკლავს, როგორც არ უნდა გავბრაზებულიყავი, ვერ მოვკლავდი, ვერ შევძლებდი“, - განაცხადა დაკავებულმა.

თბილისიდან ჩასული გამომძიებლები კარგად ხვდებოდნენ, რომ ადგილობრივები მცდარ კვალზე იდგნენ და თანაც, არანაირად არ სურდათ ჩასულ გამომძიებლებს იმაზე მეტი ექექათ, ვიდრე უკვე გაიგეს. დაზარალებულ მოსამართლეზე კარგი ხმები არ დადიოდა და ეს არ იყო პირველი ხმაურიანი საქმე, რომლის გამოც იმ კონკრეტულ მოსამართლეზე ამბობდნენ, რომ ქრთამი უყვარდა. ახლა, ის იყო საინტერესო, იმ ექიმს თუ ჰქონდა იმდენი ფული, მოსამართლესთვის გადაეხადა და მისთვის სასურველი განაჩენი დამდგარიყო. სხვა შემთხვევაში, ექიმის ლიცენზიის დაკარგვა და უმუშევრად დარჩენა გარანტირებული გახლდათ.

„როგორ ვცხოვრობ, თავადაც ხედავთ, არანაირი თანხა არ გადამიხდია. რატომ გამოიტანა მოსამართლემ ის განაჩენი, როგორიც გამოიტანა, თავად გაარკიეთ. მე პროცესებს ვესწრებოდი, გამოძიებას ჩვენება მივეცი, არ დავმალულვარ და ვერც მოსამართლის გადაწყვეტილებაში მივიღებდი მონაწილეობას“, - თქვა დაკითხვაზე ექიმმა.

ექიმი, რომლის გამოც ასეთი აჟიოტაჟი ატყდა, მომცრო ტანის, მაგრამ ძალიან ლამაზი ქალბატონი იყო. პრინციპში, რაღა ქალბატონი, 29 წლის გოგო გახლდათ და როგორც ამბობდნენ, მან მთელი ცხოვრება სწავლას მიუძღვნა, ძალიან კარგი რეპუტაცია და მცოდნე ექიმის სახელი ჰქონდა, ამიტომ მისი შეცდომა ყველას უკვირდა. გამომძიებლები იმ განაჩენებსაც ჩაუსხდნენ, რომლებიც მოსამართლეს ჰქონდა გამოტანილი და ეძებდნენ, ხომ არ გათავისუფლდა ბოლო დროს ვინმე ისეთი, ვინც მან გისოსებს მიღმა, საეჭვო განაჩენით გაუშვა. ასეთი პიროვნება ნახეს, მამაკაცი უდანაშაულობას ამტკიცებდა, თუმცა თავისი ვერ გაიტანა და არც თუ მყარი მტკიცებულებების ფონზე, მოსამართლემ ხუთი წლით ჩასვა. მამაკაცი ციხიდან ორი კვირის გამოსული იყო და როცა მას შინ მიაკითხეს, შვებით ამოისუნთქეს - ის დაბალი და ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი იყო. ექსპერტის დასკვნა ყველას ახსოვდა, ამიტომ მამაკაცს ულაპარაკოდ დაადეს ბორკილები და დასაკითხად განყოფილებაში გადაიყვანეს.

„მოსამართლეს სიამოვნებით მოვკლავდი, მაგრამ ციხეში დაბრუნება აღარ მინდა. ამიტომ, გამოვედი და ეს ამბავი დავივიწყე. რაც შეეხება ალიბის, მერწმუნეთ, რკინის ალიბი მაქვს. მაგ დღეს ცოტა უქეიფოდ ვიყავი, საავადმყოფოში წავედი, იქ გრძნობა დავკარგე და მთელი ღამე გადასხმებს მიკეთებდნენ. ამის მოწმე რამდენიმე ექთანი, ღამის მორიგე ექიმი და რაც მთავარია, ოთხი ადამიანია, რომლებიც ჩემთან ერთად, პალატაში იყვნენ“, - განაცხადა ეჭვმიტანილმა და გამომძიებლებიც გაწბილდნენ.

ძიება თითქოს ჩიხში შევიდა. თბილისელ მაძებრებს ცალკე ოთახი კი გამოუყვეს, მაგრამ განყოფილება იმდენად პატარა იყო და იმდენად თხელი კედლები ჰქონდა, ყველას ყველაფერი ესმოდა. ჰოდა, სწორედ კედლის მეორე მხრიდან გაიგონეს დედაქალაქელმა გამომძიებლებმა, როგორ კიოდა ერთი ქალი, მომაშორეთ ლოთი მეზობელი, მთელი ღამე არ მაძინებს, ყვირის და ღრიალებს, ზუსტად ისე, როგორც ის თქვენი მოსამართლე დაჰყვიროდა თავზე ექიმსო. ეს რაღაც ახალი და ცოტა უცნაური იყო. მოსული ქალბატონი გამომძიებლებმა ოთახში მიიპატიჟეს.

„ლოთი მეზობელი მყავს, ყოველ საღამოს ბოლო ხმაზე ყვირის, ხან ვის ეჩხუბება და ხან ვის. ზუსტად ასე იყო, როცა მოსამართლე დადიოდა და ჩემს მეზობელ ექიმს ეჩხუბებოდა. სწორედ იმ ექიმს, ბავშვს შეცდომით დიაგნოზი რომ დაუსვა. არ მჯერა მე მაგ შეცდომის, მთელ სამეზობლოს ის გოგო გვშველის, არასდროს შემცდარა“, - ქაქანებდა ქალი.

გამომძიებლებმა ერთმანეთს გადახედეს. ექიმი დაბალი იყო, მაგრამ ხელები აშკარად ნავარჯიშები ჰქონდა და ძალიან დიდი იყო იმის შანსი, რომ მოსამართლე სწორედ მას დაეზიანებინა, მაგრამ მოტივი? მოტივის გარეშე, ასეთი მძიმე დანაშაულის ჩადენა გამორიცხულია. ექიმი განყოფილებაში არ დაიბარეს, მასთან სახლში მივიდნენ, მშვიდად მოეწყვნენ და ასევე ძალიან მშვიდად უთხრეს - გისმენთ! მან თვალი მოავლო გამომძიებლებს, შემდეგ სკამზე ჩამოჯდა და ძალიან, ძალიან ჩუმად დაიწყო:

„როცა დაზარალებულებმა საჩივარი შეიტანეს და საქმე სასამართლომდე მივიდა, მოსამართლე შინ მომადგა, პირდაპირ მითხრა, ლიცენზიას და სამსახურს სამუდამოდ დაემშვიდობეო. არადა, ექიმობა მთელი ჩემი ცხოვრების მიზანი და აზრია. მივხვდი, რაღაც უნდოდა და პირდაპირ ვუთხარი, ფული არ მაქვს, ვერაფერს მოგცემ-მეთქი. იმან კიდევ, ფული არ მინდა, შენთან ყოფნა მინდაო. ვიუარე, სახლიდან გავაგდე, მერე კი... მერე ისევ მოვიდა, დამემუქრა, ნახავ, რას გიზამო და... სანამ სასამართლო დასრულდებოდა, ყოველდღე მოდიოდა, მართლა ყოველდღე. ვფიქრობდი, სასამართლოს დასრულების შემდეგ შემეშვება-მეთქი და ისევ რომ მოვიდა, ვიუარე, ვუყვირე, იმან კიდევ, საგამოძიებოში ნაცნობები მყავს, ოჯახს ახალი გარემოებების გამო, ისევ დავაწერინებ საჩივარს, ვერ გადამირჩებიო. მივხვდი, როგორმე უნდა მომეშორებინა თავიდან და მხოლოდ ეს მოვიფიქრე. მოკვლა მინდოდა, რკინის ნაჭერი ორი ხელით, მთელი ძალით ჩავარტყი. ექიმი ვარ და რომ დაეცა, ჭრილობას დავხედე, დავრწმუნდი, რომ ვერ გადარჩებოდა და ეს საექიმო პრაქტიკაში, ჩემი მეორე შეცდომა იყო - გადარჩა“, - დაასრულა მოყოლა ქალმა.

საქმემ ისეთი ხასიათი მიიღო, რომ დამნაშავის დასჯა აუცილებელი გახლდათ, მაგრამ თან მოსამართლის მანტია იბღალებოდა, ამიტომ ქალს ერთი წელი - რეალური და ორი - პირობითი მისცეს. მოსამართლე გადარჩა, თუმცა „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“, სასამართლო პრაქტიკას ჩამოსცილდა, ციხიდან გამოსული ქალი კი სანიტრად მუშაობდა, თუმცა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, საზღვარგარეთ წავიდა და ექიმად მუშაობა გერმანიაში დაიწყო, სადაც დღემდე მუშაობს და... ის არასდროს გათხოვილა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე