წყნეთის ტყის კრიმინალური საიდუმლო

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ძველად „ქურდულ კარაბადინში“ ასე ეწერა - შავი სამყაროს წარმომადგენელს არ ჰყავს ოჯახი, არც დედა, არც მამა, არც და-ძმა, არც ცოლი და არც შვილი. მისი ოჯახი ქურდული სამყაროა, „პადელნიკები“, ძმაკაცები... ყოველ შემთხვევაში, ასე იყო ადრე, ახლა კი, ცოლი და შვილი კი არა, ე.წ. კანონიერი ქურდები დაცვის თანხლებით გადაადგილდებიან, ბიზნესით არიან დაკავებულნი, ადრე თუ ქურდი ქურდს არ ეხებოდა, ახლა ერთმანეთს ემტერებიან და შეკვეთილი მკვლელობების არაერთმა ტალღამ გადაუარა, განსაკუთრებით, რუსეთში მცხოვრებ „კანონიერ ქურდებს“. ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, 70-იანი წლების მიწურულს მოხდა და გარკვეულ წრეებში მას უზარმაზარი რეზონანსი მოჰყვა. გაგიკვირდებათ და, იყვნენ ადამიანები, რომლებიც დამნაშავეს ამტყუნებდნენ, უმრავლესობა - ამართლებდა, ეგებ, მორალურად გამართლება უფრო სწორი იქნებოდა, მაგრამ არც საბჭოთა და არც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მორალურ მხარეს არ ითვალისწინებს.

 

მოკლედ, 70-იანი წლების მიწურულს, ახალგაზრდა ქალმა, გენერალური პროკურორის მისაღები ლამის შტურმით აიღო. ის გენერალურ პროკურორთან აუდიენციას ითხოვდა და ამ ამბავს თავად პროკურორიც შეესწრო, ძალიან მშვიდად უთხრა მდივანს, დაწყნარდეს და შემოვიდესო და კაბინეტში შეაბიჯა. ქალი მალე დაწყნარდა და რამდენიმე წუთში, გენერალური პროკურორის წინ იჯდა.

„ჩემს საქმროსთან ერთად, ქუჩაში ვსეირნობდი, შებინდებული იყო, როცა სამი მამაკაცი მოგვიახლოვდა და ჩემთვის ოქროს საყურეების წართმევა გადაწყვიტეს. რა თქმა უნდა, საქმრო გამომექომაგა, მაგრამ მათ სასტიკად სცემეს, მე საყურეები ჩემი ხელით მოვიხსენი, თორემ ყურიანად წამგლეჯდნენ. ადგილობრივ განყოფილებაში მივედით, განცხადებაც დავწერეთ, მაგრამ ძალიან ზერელედ მოგვისმინეს. ეს ერთი კვირის წინ იყო, გუშინ კი ჩემი საქმრო დაიჭირეს და იმ სამი თავდამსხმელიდან ერთ-ერთის მკვლელობაში დასდეს ბრალი. ვიღაცას მოუწამლავს სამივე, ორი საავადმყოფოშია - უმძიმეს მდგომარეობაში, ერთი ადგილზე გარდაიცვალა. მილიციის თანამშრომლები ამბობენ, შენ იყავი მათზე გაბრაზებული და შენ მოკლავდიო. არადა, ზუსტად გეუბნებით, ჩემი საქმრო მკვლელი არ არის და რაც მთავარია, როცა ისინი მოწამლეს, ჩვენ საერთოდ ქალაქიდან ვიყავით გასულები, მცხეთაში, სვეტიცხოვლის ეზოში ვსეირნობდით, მაგრამ გამომძიებელს არაფრის გაგონება არ სურს“, - მოთქვამდა ქალი.

გენერალური პროკურორისთვის საქმე კარგად იყო ნაცნობი, რადგან ამ საქმეზე დანიშნულმა ბრალმდებელმა სულ თავი იქნია, რაღაცები არ მომწონს, ან გამომძიებლები მალავენ რამეს, ან - ოპერმუშაკებიო და ახლა, ქალის მოსმენის შემდეგ, ეჭვი უფრო გაუმძაფრდა. აღელვებული ქალი დაამშვიდა და დაპირდა, აუცილებლად, ყველაფერს გავარკვევ და თუ თქვენი საქმრო უდანაშაულოა, პირობას გაძლევთ, იზოლატორიდან მმაჩის ბიუროში პირადად მოვიყვანო.

სამართალდამცავებისთვის კარგად ნაცნობი სამი კრიმინალი მართლაც უცნაურ ისტორიაში გაებნენ. ისინი ხალხს ძარცვავდნენ, მაგრამ საქმე ის გახლდათ, რომ ყველა შემთხვევაში, თითქოს, მათ მხარეს იყვნენ მილიციის თანამშრომლები, არ აკავებდნენ, მოქალაქეებს ეუნებოდნენ, საქმეს ვიძიებთო და სინამდვილეში, არაფერს იძიებდნენ. ამიტომ, პროკურორმა გადაწყვიტა, კონკრეტული განყოფილება შეემოწმებინა და საქმე პირად კონტროლზე აიყვანა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ქრთამის აღება, ან უდანაშაულოს დასჯა გამორიცხული იყო. იმავე დღეს, საქმე ახალ გამომძიებელს გადასცეს, რომელსაც უმკაცრესი მითითება ჰქონდა - რეალური დამნაშავე უნდა ეპოვა, ხოლო თუ მკვლელი მართლა დაკავებული იყო, არც მისთვის უნდა გადაესვა თავზე ხელი.

და მაინც, რა მოხდა?

სამი კრიმინალი წყნეთის ტყეში, მწვადის საჭმელად იყვნენ წასულები და ისინი შემთხვევითმა გამვლელმა იპოვა. სამივე „მიშიაკით“ გახლდათ მოწამლული, ერთი უკვე გარდაცვლილი იყო, ორს კი მიუსწრეს ექიმებმა, მაგრამ თავს იქნევდნენ, გადარჩენის შანსი ძალიან ცოტაა, მთელი ორგანიზმი მოწამლულიაო ანუ ვიღაცამ კრიმინალებს სასმელში „მიშიაკი“ ისე შეაპარა, რომ მათ არაფერი იცოდნენ. დაზარალებულებს ისეთი სახელები ჰქონდათ, უცხო მათთან ახლოს ვერ მივიდოდა ანუ ვიღაც ძალიან შინაური იყო. ყველაფერი ეს, იმას ნიშნავდა, რომ დაკავებული, რომელმაც მათ უჩივლა, მწვადთან ვერ მოხვდებოდა, თუმცა...

„მიშიაკი, როგორც ხორცში, ისე სასმელში იყო გარეული ანუ ვიღაცას გულით სურდა, რომ სამივე მათგანი მომკვდარიყო, უბრალოდ, მათ ძალიან ჯანმრთელი ორგანიზმი აღმოაჩნდათ, ხოლო გარდაცვლილს ყველაზე მეტი ჰქონდა დალეული“, - ეწერა ექსპერტიზის დასკვნაში.

რეანიმაციაში მყოფებს ცოლ-შვილი არ ჰყავდათ, აი, გარდაცვლილს კი შინ საცოლე ელოდებოდა. ყოველ შემთხვევაში, გოგონა თავს სწორედ საცოლეს უწოდებდა და მეზობლებიც ამბობდნენ, ცოლ-ქმარივით ცხოვრობდნენ, არც კი გვეგონა, ხელი თუ არ ჰქონდათ მოწერილიო. ქალი ჯავრით აღარ იყო, ეს რა დამემართა, ახლა აღარც ქვრივი მქვია, აღარც - არაფერი, სამომავლოდ რა მეშველება, თან რა კაცი დავკარგე, ოცნების მამაკაციო... როცა გამომძიებელმა სუფრაზე ჰკითხა, გოგონამ თავი გადააქნია, ეგენი ხორცს არასდროს ყიდულობდნენ, დეზერტირების ბაზარში, ხორცის სექციაში, მესამე ყასაბი რომ დგას, მუდმივად ის ჩუქნიდაო. გამომძიებელი ახლა ყასაბთან წავიდა.

„ვჩუქნიდი, ჰო, მიხაროდა, რომ ლუკმას მართმევდნენ. შიშით ვაძლევდი, მილიცია მაგათ მხარეს იყო და კრიმინალები კიდევ თავად არიან. კვირაში ორჯერ მაინც მოდიოდნენ და სამწვადე მიჰქონდათ. მამა უცხონდა იმას, ვინც ეგენი დასაჯა და მე კი ნუ მდებთ ბრალს, ორი თვის წინ რომ ბიჭი სცემეს და ეტლიდან ჯერაც არ ამდგარა, იმის მამას მოჰკითხეთ, ის იმუქრებოდა, უნდა მოვკლაო“, - განაცხადა ყასაბმა.

ბიჭი მართლაც მძიმე სანახავი იყო. მართალია, ექიმები ამბობდნენ, აუცილებლად გაივლისო, მაგრამ  ამის დაჯერება ძალიან ძნელი იყო. მამამ მშვიდად მოუსმინა გამომძიებელს და ასევე მშვიდად უთხრა: „გელოდებოდით. ვიცოდი, ეჭვს ჩემზე რომ მოიტანდით, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბავშვი საავადმყოფოდან გამოწერეს, სახლიდან იშვიათად გავდივარ, ბევრი ყურადღება სჭირდება, სამსახურიც კი მივატოვე, ცოლი ავადმყოფი მყავს და ორივე ჩემს კისერზე არიან, ჩემს გარეშე, ვერაფერს აკეთებენ. მიხარია, რომ ერთი მოკვდა, მწყინს - ორი რომ გადარჩა. მოვკლავდი, თუ არა? სიამოვნებით, მაგრამ ამისთვის ვერ მოვიცალე“.

ძიება ჩიხში შევიდა, გამომძიებელს მხოლოდ იმის იმედი ჰქონდა, რომ იმ ადამიანის დაკითხვა მოიტანდა რამეს, რომელმაც კრიმინალები ტყეში იპოვა. მამაკაცმა ახალი ვერაფერი თქვა, ის სოკოს ეძებდა, დაინახა მიწაზე დაგდებული სამი ადამიანი, მიხვდა, რომ მოწამლულები იყვნენ, ეგონა, სოკო შეწვეს და იმით მოიწამლნენ. გზაზე გამოვიდა, პირველივე მანქანას ხელი დაუქნია და სთხოვა, მილიციასა და სასწრაფოში დაერეკა, თავად კი მამაკაცებთან დაბრუნდა და ცდილობდა, რამენაირად დახმარებოდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

„სანამ იმ ადგილამდე მივიდოდი, გზად ახალგაზრდა ქალი შემხვდა, თითქოს მორბოდა, თან უკან იხედებოდა. მერე, როცა მამაკაცები ვნახე, გზაზე გამოვედი და პირველივე მანქანის მძღოლს დახმარება ვთხოვე, მომეჩვენა, თითქოს ის ქალი შორი-ახლოს, ბუჩქებში იმალებოდა და იქიდან მაკვირდებოდა, თუმცა ამისთვის არ მეცალა, მომაკვდავების დახმარება მსურდა“, - თქვა მამაკაცმა და ისიც აღნიშნა, ფოტორობოტის შედგენას მოვახერხებ, ქალის სახე კარგად დავინახეო. ფოტორობოტის დახატვას ოთხ საათზე მეტი დასჭირდა და როცა გამომძიებელს ფურცელი წინ დაუდეს, გაოცებისგან პირი დააღო - ფურცლიდან გარდაცვლილი კრიმინალის საცოლის სახე უმზერდა. ის ერთ საათში დააკავეს.

„დიახ, მე გადავწყვიტე საქმროსა და მისი მეგობრების დახოცვა და გული მწყდება, რომ მხოლოდ საქმრო მოკვდა. ვფიქრობდი, ცოლად გავყვები, ოჯახი მექნება-მეთქი. რომ დაიჭირეს, სამი წელი ველოდე, ციხეში ვუვლიდი. როცა გამოვიდა, პირობა მომცა, ძველი ცხოვრება დავივიწყე, ერთ თვეს ამოვისუნთქებ და მერე სამსახურს მოვძებნიო. მართლაც, იდეალურ მამაკაცად გადაიქცა, მაგრამ მერე ისინი გამოჩდნენ და ისევ დაიწყეს. მუდმივად მესმოდა მათი „გმირობების“ შესახებ, ისიც ვიცი, მილიციის თანამშრომლებს თანხას რომ უხდიდნენ და ისინი კიდევ ყველაფერზე თვალს ხუჭავდნენ. როცა ვუთხარი, დავქორწინდეთ, ოჯახური ცხოვრება დაიწყე-მეთქი, იუარა, ქურდი უნდა გავხდე, რა დროს ცოლიაო? მერე მოხდა ის, რამაც თვალები საბოლოოდ ამიხილა. სახლში ვიყავი, მისი მეგობრები მოვიდნენ, ვუთხარი, ჩემი ქმარი სახლში არ არის-მეთქი, მე სულელი, ქმარს ვეძახდი. არა უშავს, დაველოდებითო და სამზარეულოში გავიდნენ, დალევა დაიწყეს, მე მეორე ოთახში წიგნს ვკითხულობდი. ასე, ერთ საათში გამოვიდნენ უკვე ნასვამები და ყოველგვარი მობოდიშებისა და შესავლის გარეშე, ტანსაცმელი შემომახიეს და რიგ-რიგობით გამაუპატიურეს. ამის შემდეგ წავიდნენ და ნახევარ საათში, ქმარიც დაბრუნდა. ვუთხარი, რაც მოხდა, სახე დალურჯებული მქონდა, ნაცემი ვიყავი. ვუთხარი, მილიციაში გამომყევი-მეთქი და იმან კიდევ დამიმატა, მილიციის ხსენება აღარ გაბედო, მე ქურდულად ვცხოვრობ და ყველაფერი, რაც გამაჩნია, საერთოა, ჩემი ძმაკაცებისაც არის. ვეტყვი, ასე აღარ მოგექცნენ, მაგრამ მილიციაში არ წახვალო. მაშინ მივხვდი, რომ მისთვის არათუ სულერთი, არამედ, არაფერი და არავინ ვიყავი. იმ დღეს, თავად ვთხოვე, მწვადის საჭმელად მეც წამოვალ, თან დალევა მინდა-მეთქი. საქმრომ კი იუარა, მაგრამ ძმა-ბიჭებმა იფიქრეს, იქაც გავერთობითო და სიხარულით წამიყვანეს. კიდევ ვიმეორებ, ვნანობ, რომ ის ორი გადარჩა“, - განაცხადა დაკავებულმა.

სასამართლომ განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, დაკავებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე