როგორ გავიდა პოლიცია ირანიდან შემოტანილი 80 კილოგრამი ნარკოტიკის კვალზე

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 2010 წელს, ქართველმა სამართალდამცავებმა ნარკოტრანზიტის სქემა გაშიფრეს. სამხრეთამერიკული კოკაინი საქართველოში ჯართთან ერთად შემოდიოდა, აქ კი ნაწილი ადგილზე იყიდებოდა, ნაწილი ევროპაში გადიოდა. მაშინ, ძალოვნებმა მთავარ ეჭვმიტანილად ნუგზარ ბოჭორიშვილი გამოაცხადეს, მის აქაურ მფარველად კი ცნობილი, ე.წ. „კანონიერი ქურდი“ - შაქრო კალაშოვი. თუმცა, აღნიშნულ დანაშაულზე არც ბოჭორიშვილს უგია პასუხი და არც - კალაშოვს. ეს უკანასკნელი, ახლა რუსულ ციხეში იხდის სასჯელს, ბოჭორიშვილის კვალი კი გაქრა და სავარაუდოდ, ევროპაში ცხოვრობს. თუმცა, ამის მიუხედავად, მაშინ არაერთი პირი მისცეს პასუხისგებაში, მათ შორის, ქალბატონიც, რომელსაც 30 წელი კი მიუსაჯეს, მაგრამ ახლა ისიც თავისუფალია. როცა ვამბობთ, რომ ნარკოტიკების რეალიზაციისთვის კანონი უნდა გამკაცრდეს, სწორედ იმას ვგულისხმობთ, რომ ნარკოდილერს არ უნდა ჰქონდეს შეგრძნება, 30 წელს რომ მიუსჯიან, 5-6 წელიწადში გარეთ გამოვა, ან შეიწყალებენ, ან რაღაც შეიცვლება. ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იქნება მათი იოლად გამდიდრების ამბიციების შეკავებისა.

 

გასულ კვირას, ქართველმა სამართალდამცავებმა ისევ ივარგეს და ირანის მოქალაქეს კონტეინერში 80 კილომდე ნარკოტიკი უპოვეს. 2010 წლის შემდეგ, ეს იყო ყველაზე დიდი ოდენობა ნარკოტიკებისა, რომელიც ჩვენმა პოლიციამ ამოიღო და მათ ამისთვის ქება ეკუთვნით, თუმცა... აბსოლუტურად ყველა ქვეყანა აღარებს, რომ თუ ნარკოდილერებს აკავებენ, წლის განმავლობაში ამოღებული ნარკოტიკების, დაახლოებით, 30% ქვეყანაში მაინც მოძრაობს ანუ დამნაშავეები ახერხებენ და ნარკოტიკი შემოაქვთ, გააქვთ, ჰყიდიან... სამწუხაროდ, საქართველოს შს სამინისტრო, ყოველწლიურად ტონობით ამოღებულ ნარკოტიკს ანადგურებს. სამწუხაროდ იმიტომ, რომ ამ ციფრებს და საერთაშორისო პრაქტიკას თუ მოვიშველიებთ, გამოვა, რომ განადგურებული ნარკოტიკების 30% სადღაც გვეპარება და სწორედ მას მოიხმარენ ნარკოდამოკიდებული ადამიანები. ლეგენდად ქცეული პაბლო ესკობარი ხშირად იმეორებდა, მზად ვარ, 10 ტონა ნარკოტიკი შევწირო სამართალდამცავებს, სანაცვლოდ კი 3 ტონა შევიტანოო და ასეც აკეთებდა. ამერიკელ პოლიციელებს უხაროდათ ტონობით ნარკოტიკის ამოღება და სწორედ იქ იყო ძაღლის თავი დამარხული - ესკობარს 10 ტონა „ჩაშვებული“ კოკაინის ნაცვლად, 3 ტონა გადაჰქონდა და ათმაგ მოგებას იღებდა. ცნობილია ის ფაქტიც, რომ როცა ესკობარი ოჯახთან ერთად გაიქცა და მის გოგონას შესცივდა, მან თან წაღებული ფულის მარაგის ნაწილი დაწვა და საერთო ჯამში, შვილი 20 მილიონი დოლარით გაათბო.

ისევ ირანელ ნარკოდილერს დავუბრუნდეთ. სამართალდამცავები კი ამბობენ, რომ კონკრეტული ტრაილერი შემთხვევითი შემოწმების პრინციპით შეარჩიეს, მაგრამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მათ ინფორმაცია ჰქონდათ და სწორედ ამიტომ დაშალეს ტრაილერის კარებები და იპოვეს ნარკოტიკი. ძალიან კარგია, რომ ძალოვნები იმ დონეზე მუშაობენ, ირანიდან წამოსულ მანქანებზე რომ აქვთ ინფორმაცია, მაგრამ არსებობს იმის ვარაუდიც, რომ კონკრეტული პირი... კონკურენტმა ჩაუშვა ანუ მან, ვისაც საკუთარი ინტერესი აქვს ნარკოტიკების ტრანზიტზე. ნამდვილად ვერ გეტყვით, უფრო როგორ უნდა გამკაცრდეს საზღვარზე ნარკოტიკების გადატანის კონტროლი, რადგან ქართველი მესაზღვრეები თითქოს მაქსიმუმს აკეთებენ, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ უნდა გამკაცრდეს კანონი და იმ ირანელს სამუდამოს თუ მიუსჯიან (ქართული კანონმდებლობა ამას ითვალისწინებს), ურიგო არ იქნება. სხვა თუ არაფერი, მის სამშობლოში გაიგებენ დანარჩენები და სანამ გარისკავენ, კარგად დაფიქრდებიან. ისე, ანალოგიური დანაშაულისთვის ირანელი სამშობლოში რომ დაეჭირათ, ასიდან - ას შემთხვევაში ჩამოახრჩობდნენ ანუ სიკვდილთ დასჯა არ ასცდებოდა. ჰოდა, ჩვენთან სიკვდილით დასჯა რომ არ არის, ხომ შეიძლება, სამუდამო მივცეთ, ოღონდ მართლა სამუდამო და არა ისე, 5-6 წლის შემდეგ, ისევ ტრაილერის საჭეს რომ ატრიალებდეს.

ნარკოლიბერალიზაციის შემდეგ, საქართველოში მარიხუანას მოყვანა გამრავლდა. თუ აქამდე, სოფლებში, მარიხუანას დამალულ ადგილზე თესავდნენ, სამართალდამცავებს რომ არ გაეგოთ, ახლა დამალულ ადგილს მხოლოდ იმ მიზეზით არჩევენ, რომ სხვამ არ მოიპაროს და სხვამ არ მოიხმაროს. „პლანი“ სოფლისა თუ ქალაქის ბირჟებზე, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავია და როცა „მოსავლის“ აღების დრო მოვა, გაცვლა-გამოცვლა (ჩემი სჯობს, პრინციპით) ისეთ დონეზე მიმდინარეობს, პირველყოფილებს შეშურდებოდათ, როცა გადარჩენისთვის საკვებ პროდუქტებს ცვლიდნენ. და რას აკეთებენ ამ დროს სამართალდამცავები? ვერაფერს - მათ რამეს კეთების შესაძლებლობას კანონი არ აძლევს. მეტსაც გეტყვით - შესაძლოა, ნარკოტიკებთან კავშირში არ არის, მაგრამ გასულ კვირას, კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი ჩიოდა, არასრულწლოვანს რომ ვაკავებთ ქურდობის ფაქტზე, დაგვცინის, არასრულწლოვანი ვარ, გაშვება მოგიწევთო. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან კიდეც, ვინ უფრო მეტ დანაშაულს ჩაიდენს, ვინ უფრო მეტი მაღაზიის ვიტრინას ჩატეხავს და მეტ პროდუქტს წაიღებს. ამ შეჯიბრში არასრულწლოვნები... 40-50 მაღაზიასაც სცდებიან, მიაქვთ ყველაფერი, რისი წაღებაც კი შეუძლიათ და ამ ზიანის გარდა, მეპატრონეს ცალკე ვიტრინის ფულის გადახდა უწევს აღსადგენად და...

„გვქონდა შემთხვევა, როცა მაღაზიის მეპატრონე ობიექტზე იყო, რაღაცას ანგარიშობდა, იქ დარჩა და გაიგონა, როგორ გატეხეს მისი მაღაზიის უზარმაზარი მინა, როგორ შევარდა შიგნით ორი არასრულწლოვანი და მან ორივე დააკავა, თან ცოტა წაუთაქა, თან 112-ში დარეკა, იქვე სკოჩით მიაბა მაგიდაზე. ადგილზე მისულებს არასრულწლოვნებმა მაშინვე გვითხრეს, გვცემაო, დაგვაბაო, თავისუფლება უკანონოდ შეგვიზღუდაო... მოკლედ, იმ მაღაზიის მეპატრონეს 1-წლიანი პირობითი მისცა სასამართლომ, იმ ბავშვებს კი არც არაფერი, დღემდე დარბიან და მაღაზიებს ქურდავენ“, - გვეუბნება თანამშრომელი.

ჰოდა, ძალიან ხშირად, სამართალდამცავებისკენ რომ იშვერენ ხელს, მართებული არაა. კანონი თუ არ დაეხმარა ძალოვანს, რაც არ უნდა მოინდომოს, მაინც ვერაფერს გახდება, იყო საუბარი იმაზე, რომ არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო, პასუხი ფინანსურად მშობლებს ეგოთ, მაგრამ არც ეს გამოვიდა, მშობლები ფინანსურ პასუხისგებაზე უარს ამბობენ და სასამართლოც უძლურია, ვერ აიძულებს ზარალის ანაზღაურებას, ან აიძულებს და თვეში 10-15 ლარის გადახდას აკისრებს. როცა ზარალი რამდენიმე ათასი ლარია, გამოდის, რომ დაზარალებულმა ეს თანხა 10 წელიწადში შეიძლება მიიღოს. კიდევ ერთი პრობლემა ორიოდე კვირის წინ გამოიკვეთა. განათლების სამინისტროს მიერ, ახალი რეგულაციით, მძღოლს, რომელსაც სურს, ბავშვები ექსკურსიაზე წაიყვანოს, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ცნობა ნარკოლოგიურიდან, რაც ძალიან კარგია, თუმცა ცნობა უნდა ჰქონდეს არაუმეტეს 12 დღის აღებული და ეს ვადა როცა გავა, ახალი ცნობა უნდა აიღოს. მძღოლები ამბობენ, განტვირთვისთვის, ხანდახან მარიხუანას ვეწევით და მერე, კლიენტი თუ გამოჩნდება, ვერ მიგვყავს, რადგან 12 დღე გასული არ არისო. ამ დროს კი, ისინი ჩვეულებრივად მუშაობენ ხაზზე, გადაჰყავთ მგზავრები ანუ ეს პრობლემა არ არის და პრობლემა მხოლოდ ექსკურსიაა? ან ტაქსის მძღოლებიდან წინა დღის, ან ორი დღის მოწეული არავის აქვს? ან ჩვეულებრივ, საკუთარი ავტომობილის საჭესთან მსხდომ პირებს არ აქვთ წინა საღამოს მოწეული? რატომ იჩაგრებიან მხოლოდ სამარშრუტო ტაქსების მძღოლები? ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია - უბრალოდ, უნდა აიკრძალოს ნარკოტიკების მოხმარება და არ აქვს მნიშვნელობა, მსუბუქია, საკლუბო, თუ „ტრუსიკიდან ამოღებული“ - არ შეიძლება ნარკოტიკი, ნარკოტიკი ცუდია და მორჩა! ის ფაქტი, რომ ვიღაც ხელოვანს, თურმე, მარიხუანა სიმღერის დაწერაში ეხმარება, ხოლო ვიღაცას - ხატვაში, აბსოლუტური სისულელეა. სხვათა შორის, გალაკტიონი რომ თვრებოდა, მაშინ წერდა ლექსებს და თუ გალაკტიონობისთვის მარტო დათრობა კმარა, დავლით ყველამ და ვწეროთ, რა პრობლემაა? ნარკოტიკებისთვის იმის „დაბრალება“, რომ ამ დროს, თურმე, გონება იხსნება, აბსურდია, პირიქით - ტვინის უჯრედებს იმ დონეზე ადუნებს, რომ შემდეგ უჯრედი კვდება და სრულ „გამთაყვანებამდე“, მხოლოდ ნაბიჯიღა რჩება. ახლა, ბევრი იტყვის, შენ ეგრე გგონია, წლებია, მარიხუანას ვეწევი, ან მსუბუქ ნარკოტიკს მოვიხმარ, მაგრამ არ გამოვთაყვანებულვარო და ეგ იცით, როგორ არის, ჩემო კარგებო? როცა ადამიანი კვდება, მისი ოჯახის წევრები ნერვიულობენ, ტირიან, თავში ხელებს იცემენ, სახეს იხოკავენ, მაგრამ გარდაცვლილი ამას ვერ ხედავს, ამას ვერ ხვდება. აი, ზუსტად იგივე სიტუაციაა, როცა გამოთაყვანებული ხარ!

ზუსტად ვიცით, რომ ნარკოტიკების მოხმარებისა, თუ გასაღების მიმართულებით, კანონმდებლობის გამკაცრების აუცილებლობაზე მთავრობის წევრებიც საუბრობენ და პარლამენტარებიც. ერთი ეგაა, მოხმარების მიმართულებით დაწესებული ლიბერალიზაციის გადახედვა, ჯერჯერობით, არ იგეგმება, არადა, სწორედ ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, თორემ „ბარიგა“ ციხეში რომ ჩალპება, ოჯახის წევრების გარდა (ესეც საუკეთესო შემთხვევაში), მის გაქრობას არავინ იდარდებს. აი, ახალგაზრდა თაობის „გაქრობის“ საფრთხის წინაშე რეალურად ვდგავართ და რაღაც ძალიან სწრაფად არის მოსაფიქრებელი.

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე