საზარელი დანაშაული - ფეხმძიმე ქალი გააუპატიურეს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვინ არის მოძალადე მამაკაცი და როგორ გავიდა გამოძიება დამნაშავის კვალზე

სამწუხაროდ, დღეს, 21-ე საუკუნეშიც კი, არცთუ იშვიათია სექსუალური ძალადობის შემთხვევები. უფრო სამწუხარო კი ის გახლავთ, რომ ბოლო დროს ძალადობენ არასრულწლოვნებზე, შშმ პირებზე, მოხუცებზე... კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ კონკრეტულად ამ მიმართულებით, სისხლის სამართლის კოდექსი აუცილებლად გადასახედია და კანონი უნდა გამკაცრდეს, თანაც უბრალოდ კი არ უნდა გამკაცრდეს, არამედ, ისეთი სასჯელი უნდა იყოს მოძალადეზე, რომ სანამ დანაშაულს ჩაიდენს, კარგად დაფიქრდეს და იცოდეს, ჩადენილი ქმედებისთვის 6-7 წელი კი არა, საუკეთესო შემთხვევაში, სასჯელის ათვლა 20 წლიდან დაეწყება და ამ მუხლს არ უნდა შეეხოს არც პირობით ვადამდე გათავისუფლება, არც - პრეზიდენტის შეწყალება.

 ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, 2002 წელს დაიწყო და „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2004 წელს დასრულდა. ახალგაზრდა გოგონა პოლიციის განყოფილებაში დედამ მიიყვანა და გამომძიებელ ქალთან შეხვედრა ითხოვა. მართალია, გამომძიებელი არა, მაგრამ ქალი ოპერ-მუშაკი მიიყვანეს და სწორედ მას უთხრა დედამ, რომ შინისკენ მიმავალი შვილი უცნობმა პირმა გააუპატიურა. შემთხვევა დედაქალაქში, გარეუბანში მოხდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები გავიდნენ. კორპუსებამდე მოკლე გზა მიტოვებული ქარხნის ტერიტორიაზე გადიოდა და მოსახლეობა ამ გზით ხშირად სარგებლობდა, თუმცა მანამდე არც ძარცვა-ყაჩაღობის, მით უმეტეს, გაუპატიურების შემთხვევა არასდროს ყოფილა. გოგონა შინ იმ გზით ხშირად ბრუნდებოდა... ნელა მიმავალი მამაკაცი დაინახა, ჩვეულებრივ გასცდა, შემდეგ კი პირზე ხელი ააფარეს და დანგრეული შენობის პირველ სართულზე შეათრიეს. მამაკაცმა დანა ამოიღო, უჩხვლიტა კიდეც და უთხრა, თუ არ გინდა, მოგკლა, ხმა არ გაიღოო. შემდეგ კი, მისივე ქურთუკი დააფარა და უბრძანა, 5 წუთი არ გაინძრეო. გოგონა, მართლაც, არ განძრეულა, ხუთი წუთის შემდეგ ქურთუკი ფრთხილად გადაიძრო, ჩაიცვა, შინ მივიდა და ყველაფერი დედას უამბო, დედამ კი პოლიციაში წაიყვანა.

სამართალდამცავების გასაოცრად, ადგილზე, პრაქტიკულად, სამხილი არ იყო. ერთადერთი, ექსპერტმა ფეხსაცმლის ახალი ანაბეჭდი იპოვა და სურათი ყველა რაკურსით გადაუღო, სპეციალური სითხით ნაკვალევის ანაბეჭდი აიღეს... ერთადერთი სამხილი გოგონას სხეულიდან ამოღებული სპერმა იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ თავდამსხმელი ამ მიმართულებით არ ფრთხილობდა, რადგან დაკავების შემთხვევაში, ეს უტყუარი მტკიცებულება იქნებოდა. ძიების პარალელურად, ქვეყანაში სიტუაცია დღითი დღე იძაბებოდა და სხვადასხვა ლოკაციაზე აქციის გასაკონტროლებლად სამართალდამცავები რომ არ ჰყოფნიდათ, გამომძიებლებიც კი გაჰყავდათ ქუჩაში. ამიტომ, მაშინ ბევრი საქმე დაპაუზდა და თუ გახსოვთ, ოპოზიციის ლიდერები იმასაც ყვიროდნენ აქციებზე, სამართალდამცავები არ მუშაობენ, საქმეები არ იხსნებაო. ერთი თვის შემდეგ, გაუპატიურების საქმეც თაროზე შემოდეს, სამხილი და ეჭვმიტანილი არ იყო, მაგრამ... განყოფილებაში ორსული ქალი მივიდა და ტირილით თქვა, რომ გააუპატიურეს, ძალადობის ადგილად კი... ის მიტოვებული ქარხნის ტერიტორია დაასახელა. ისტორია ამ შემთხვევაშიც იდენტური იყო, ქალი შინ ბრუნდებოდა, როცა უკნიდან მამაკაცი მიეპარა და შესამჩნევად წამოზრდილ მუცელზე დანა მიადო. ქალმა ტირილით სთხოვა, გამიშვი, ხომ ხედავ, ორსულად ვარო, მაგრამ მოძალადე „დაპირდა“, რომ თუ ქალი წინააღმდეგობას არ გაუწევდა, ძალიან ფრთხილად იქნებოდა... ქალს წინააღმდეგობა არ გაუწევია იმიტომ, რომ მამაკაცს დანა არ მოუცილებია მუცლიდან და ერთხელ უჩხვლიტა კიდეც. ნაჩხვლეტ ადგილზე სისხლი იყო მიმხმარი. ეს უკვე სერიულ მოძალადეს ჰგავდა, ამიტომ დამნაშავე აუცილებლად უნდა დაეკავებინათ და უკვე მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა ხდებოდა პოლიტიკაში, აღნიშნული საქმისთვის გამომძიებელი და სამი ოპერმუშაკი გამოათავისუფლეს.

სამხილები ისევ არ იყო, ვერც ისეთი ვინმე ნახეს, მოწმედ რომ გამოდგებოდა და გადაწყდა, მოძალადე პროვოკაციაზე წამოეგოთ. მინისტრის აპარატთან შეთანხმების შემდეგ, დანგრეული ქარხნის ტერიტორიაზე, საღამოობით, გამომწვევად ჩაცმულმა გოგონებმა დაიწყეს სიარული. მათ სამი ოპერმუშაკი ადევნებდა თვალ-ყურს და საკმარისი იყო, მოძალადე მიახლოვებოდა და შეხებოდა, მას მაშინვე დააკავებდნენ, თუმცა ერთი თვის მანძილზე, გოგონებმაც ამაოდ იარეს და ოპერმუშაკებმაც. იმის მიუხედავად, რომ მეორე დანაშაული ძალიან მძიმედ აღსაქმელი იყო, საქმის გახსნა ვერ ხერხდებოდა და თან ქვეყანაში რევოლუციურმა სიომ დაუბერა, ბევრი იმას ფიქრობდა, როგორმე, საკმარისზე მეტად მოძლიერებული ოპოზიციის ლიდერებთან მისასვლელი გზები ეპოვნა, დანარჩენები ადრე ჩაფარცხული, ძველი საქმების მოგვარება-გაკეთილშობილებით იყვნენ დაკავებულნი და... გაუპატიურებული ორსულიც მალე მიივიწყეს.

„ვარდების რევოლუცია“ რამდენიმე დღის მომხდარი იყო, როცა განყოფილებაში ახალგაზრდა გოგონა მივიდა და განაცხადა, რომ მისი გაუპატიურება სცადეს, მაგრამ იგი მსხვერპლს გაექცა. როგორც აღნიშნა, დანგრეული ქარხნის მიმდებარედ, ვიღაც მამაკაცმა ცხვირ-პირზე ხელი ააფარა და შენობისკენ წაათრია, თუმცა არმატურას წამოედო და დაეცა, დაცემის დროს, გოგონას ხელი გაუშვა და მან გაქცევა მოახერხა. იმის მიუხედავად, რომ გამოძიებაც და დაზარალებულებიც პანიკის თავიდან ასაცილებლად მომხდარს მალავდნენ, მოსახლეობამ იცოდა, რაც ხდებოდა და იმ ადგილს ერიდებოდნენ, თუმცა ყველა არა, რადგან ბევრს, „ყველაფერი“ ეს, ოპოზიციის მიერ მოგონილი ჭორი ეგონა. დაზარალებულის მონაყოლში გამომძიებლებისთვის ახალი არაფერი იყო, გარდა ერთისა - გაუპატიურებას გადარჩენილი გოგო ამტკიცებდა, იმ კაცს ხელზე და ზოგადად სხეულზე, სპეციფიკური სუნი ჰქონდა და თუ ოდესმე ეს მამაკაცი შეხვდებოდა, აუცილებლად სუნით იცნობდა. გამომძიებლებმა პიველი ორი დაზარალებული ახლიდან დაკითხეს, თუმცა მათ სუნი არ უგრძვნიათ და ისიც კი აღნიშნეს, შეიძლება, რაღაც სუნი ჰქონდა, მაგრამ შიშით ვერ მივხვდით, ან ყურადღება არ მივაქციეთო. გოგონა კი არ ცხრებოდა, მე განსაკუთრებული ყნოსვა მაქვს, თქვენ სუნს გრძნობთ, მე კი სუნის ხმა მესმის და ამიტომ, აუცილებლად ვიპოვიო. მოკლედ რომ ვთქვათ, დაზარალებულს ჩვენება ჩამოართვეს და შინ გაუშვეს,

რევოლუციის შემდეგ, განსაკუთრებით სამართალდამცავ ორგანოებში, ძალიან ბევრი ახალგაზრდა, გამოუცდელი კადრი მივიდა. ძველი თანამშრომლები, ერთი-მეორის მიყოლებით, სამსახურებიდან გაყარეს და რაც მთავარია, ამას აკეთებდნენ მექრთამეობის სახელით, აქაოდა, შევარდნაძისდროინდელი ყველა ძალოვანი კორუმპირებულიაო, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლე არ იყო, მაგრამ მაშინ სიმართლეს ნაკლებად ეძებდა ვინმე - გამარჯვებულებს არ ასამართლებდნენ და გამარჯვებული პარტია უსასტიკესად უსწორდებოდა ყველას, ვინც მის მხარეს არ იყო. ძველი საქმეების გადაბარებამ საერთოდ კომიკური სახე მიიღო, თუ საქმე საინტერესო და გახმაურებული არ გახლდათ, უბრალოდ, აარქივებდნენ და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, სანაგვეში ისროდნენ, შემდეგ კი, თუ რომელიმე ძველ სამართალდამცავს რამე პრეტენზია გაუჩნდებოდა და დაბრუნებას სასამართლოს გზით შეეცდებოდა, სწორედ იმ გაუხსნელ საქმეებს გაუხსენებდნენ, აქაოდა, უპასუხისმგებლოდ იქცეოდით, საქმეებს არ ხსნიდითო. ათი ათასობით ადამიანს პირობითი სასჯელი ხვდა წილად, ათასობით დაიჭირეს და მეთელი ერი კრიმინალებად გამოცხადეს. ტერორი ნელ-ნელა ძლიერდებოდა და საბოლოოდ მიიღო ის სახე, როგორიც მიიღო - მეგობრებსა და ნათესავებს ვინ ჩივის, ტელეფონით საუბარს ერთმანეთშიც კი ყველა ერიდებოდა, რადგან ეჭვი ჰქონდათ, რომ უსმენდნენ და უსმენდნენ ყველას, ატერორებდნენ ყველას, პოლიციას მიეცა ყველაფრის უფლება და ამიტომაც იმატა ქუჩაში დახვრეტილი ახალგაზრდების ოდენობამ. აღნიშნული საქმეც არქივში იყო მოსროლილი და ალბათ, არც არავინ გაიხსენებდა, რომ არა ბოლო დაზარალებული გოგონა - ის განყოფილებაში მივიდა და ამაყად თქვა - მოძალადე ვიპოვე, ვიცი, ვინც არის და სადაც ცხოვრობსო.

ორი დღე დასჭირდა დაარქივებული საქმის მოძიებას, საბუთების ნახვას და იმის გარკვევას, რომ ერთადერთი (მაგრამ ძალიან მყარი) სამხილი მოძალადის სპერმა იყო. მესამე მსხვერპლი, რომელიც მოძალადეს გაექცა, ამტკიცებდა, ის სუნით ვიპოვე, ავტობუსში მეცა ზუსტად ის სუნი და როგორც დაგპირდით, ვიცანიო. ახლებს ამ ყველაფრის ნაკლებად სჯეროდათ, თუმცა არც თვალთვალი დაუწყიათ, არც რამეს კვლევა-ძიება, უბრალოდ, გოგონას მიერ მითითებული მამაკაცი პირდაპირ სახლიდან აიყვანეს, გზაში კარგადაც წაუთაქეს და შემდეგ შესაბამისი ანალიზები აუღეს. ანალიზის პასუხები 100%-ით დაემთხვა ანუ მოძალადე მართლაც დაკავებული იყო. ეს ნამდვილი შოკი აღმოჩნდა ყველასთვის, რადგან მას ცოლი და ორი შვილი ჰყავდა, წესიერი კაცის სახელი ჰქონდა და სასამართლომდე, თითქმის არავის სჯეროდა, რომ დამნაშავე სწორედ ის იყო. სასამართლოზე კი...

„პატიებას ვთხოვ დაზარალებულებს, მაგრამ ისინი ჩემთვის მაინც უცხოები არიან. უფრო მეტ პატიებას ოჯახის წევრებს ვთხოვ. სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია, რომ დანაშაულს ჩავდიოდი, რადგან მეჩვენებოდა, რომ ისინი, თითქოს, წინააღმდეგნი არ იყვნენ. შეიძლება, ახლა მეჩვენება, მაგრამ მაშინ ამაში დარწმუნებული ვიყავი. მოკლედ, ბოდიში ოჯახის წევრებს, დანარჩენებთან საბოდიშო, ალბათ, არც მაქვს“, -განაცხადა დაკავებულმა სასამართლოზე.

მოსამართლემ სამი ეპიზოდი შეუკრიბა და დაკავებულს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.