შეურაცხადი ექიმი - გაუხმაურებელი ტერორისტული აქტების ანატომია

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საბჭოთა კავშირს რკინის ფარდა არა მარტო დასავლეთისთვის ჰქონდა ჩამოფარებული, არამედ, ყველა რესპუბლიკისთვის და ამიტომ, თუ რამე მასშტაბური უბედურება ხდებოდა, სხვა რესპუბლიკების მცხოვრებლები ვერ იგებდნენ. ყველაზე ცნობილი მაინც ჩერნობილის ატომური სადგურის აფეთქება იყო, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ დამალა, შეფუთა და ამ დამალვას უამრავი ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა ჩერნობილამდე იყო არაერთი ისეთი რამ, რაც დღევანდელ პირობებში, მსოფლიოს წამებში ეცოდინებოდა, მაგრამ მაშინ ისე დამალეს, რომ ბევრმა მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეიტყო. ახლა სწორედ ერთ-ერთ მათგანზე გიამბობთ, ტერორისტულ აქტზე, რომელიც კრასნოდარში მოხდა და რომელსაც თავისი გმირები და ანტიგმირები ჰყავდა.

 

ყველაფერი 1971 წლის 14 ივლისს დაიწყო. თბილი დილა იდგა და მოქალაქეები სამსახურებში მიიჩქაროდნენ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში უნდა შეტეულიყვნენ, რადგან მაშინ იმდენად ცოტა ავტომობილი იყო, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისეთი რანგის ჩინოვნიკები სარგებლობდნენ, ახლა რომ ავტობუსში არაფრის დიდებით ავლენ. 08.30 საათზე, „ვაზის“ მარკის ავტობუსი ჩვეულებისამებრ, გაჩერებაზე გაჩერდა, მასში ვინც შეეტია, როგორც იქნა, შევიდა და გაჭედილი ტრანსპორტი ქუჩას მძიმედ გაუყვა. დარჩენილებმა შურით გააყოლეს თვალი, მაგრამ რა იცოდნენ, რომ მათ ძალიან, ძალიან გაუმართლათ. ავტობუსი გაჩერებებზე აღარ ჩერდებოდა, ფიზიკურად ადგილი არ ჰქონდა, თუმცა ორიოდე კილომეტრის გავლის შემდეგ, ჩოჩქოლი ატყდა, რამდენიმე მგზავრი მძღოლს უყვიროდა, მოქალაქეს ჩასვლა უნდა, სასწრაფოდ გააჩერეო. მანაც პირდაპირ შუა გზაზე დაამუხრუჭა, დაბალი ტანის კაცი უკანა კარიდან ჩახტა და გზა ჩქარი ნაბიჯით გადაჭრა. ავტობუსი ისევ დაიძრა და ზუსტად ერთ წუთში აფეთქების ხმა გაისმა. აფეთქების წნევამ ლამის ყველას გონება დააკარგვინა, მათ შორის, მძღოლსაც, მაგრამ პირველად აზრზე, სწორედ მძღოლი მოვიდა, ავტობუსიდან ჩავიდა და გაქვავებული კარი ძლივს გახსნა. მან ორივე ხელი დაიწვა კარის გახსნის დროს და როგორც კი კარი გაიღო, გრძნობა დაკარგა. ადგილზე ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, აფეთქების ტერიტორიაზე ყველა მაღალჩინოსანი გამოცხადდა. პირველადი ვერსიით დაასკვნეს, რომ აფეთქება ავზის გაუმართაობამ გამოწვია, მაგრამ ექსპერტებმა მალე იპოვეს მაღვიძარას ნაწილები, რაც იმას ნიშნავდა, რომ აფეთქდა ბომბი, რომელიც საათის მექანიზმის მსგავსად იმართებოდა. იქვე ეყარა ფოლადის ნამსხვრევები, რომლებიც თითქოს სპეციალურად იყო დაჭრილი და წამახვილებული, რათა მოქალაქეებისთვის რაც შეიძლება დიდი ზიანი მიეყენებინა. საქმე პირად კონტროლზე ოფიციალურად პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა აიყვანა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ყველაფერს სრულად „კა გე ბე“ აკონტროლებდა. იმის მიუხედავად, რომ ჩინოვნიკები ბევრს ეცადნენ, მომხდარი ქალაქში მაინც გახმაურდა. ან როგორ არ უნდა გახმაურებულიყო, როცა ადგილზე გარდაცვლილი ხუთი ადამიანის გარდა, ხუთი საავადმყოფოში გარდაიცვალა, სხეულის დამწვრობა ჰქონდა აბსოლუტურად ყველას, ვინც ავტობუსში იმყოფებოდა და ისინი ადგილობრივები იყვნენ ანუ ათეულობით ოჯახი დაზარალდა და, რა თქმა უნდა, ქალაქის მცხოვრებლებმა ყველაფერი გაიგეს.

მერე, როგორც ხდება ხოლმე, ვიღაცამ თქვა, აფეთქებებს გაგრძელება მოჰყვებაო და ხალხი საზოგადოებრივ ტრანსპორტში აღარ ადიოდა, დიდ, საკოლმეურნეო ბაზარში აღარ შედიოდა. მოკლედ, მოსახლეობა პანიკამ მოიცვა და ძალოვნებს დამნაშავე სასწრაფოდ უნდა დაეკავებინათ.

ექსპერტიზის დასკვნით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილის ცეცხლმაქრში იყო ჩამონტაჟებული და ის უკანა სავარძელზე დატოვეს ანუ საწვავის ავზთან ახლოს, რადგან აფეთქებას მეტი ეფექტი და სიმძლავრე ჰქონოდა. ამ გათვლამ გაამართლა, მგზავრებმა მაქსიმალური დაზიანება მიიღეს. სამაგიეროდ, გადარჩენილებმა გაიხსენეს, როგორ ჩახტა დაბალი ადამიანი აფეთქებამდე ერთი წუთით ადრე ავტობუსიდან და ვერავინ გაიხსენა მისი სახე, რადგან კეპი ეფარა, თავი კი ისე ჰქონდა დახრილი, სახე არ უჩანდა. დაბალი ადამიანის ძიება, ერთი შეხედვით, მარტივი არ იყო, მაგრამ უშიშროებამ ყველა ბერკეტი ჩართო. პირველ რიგში, გაარკვიეს ავტობუსში გარდაცვლილთა ვინაობა ანუ იხილავდნენ ვერსიას, ხომ არ იყო კონკრეტულად ვინმე სამიზნე და აღმოაჩინეს, რომ გარდაცვლილებს შორის იყო უშიშროების კაპიტნის ცოლი (რომელიც ისე დაიწვა, რომ ქმარმა მხოლოდ ბეჭდით ამოიცნო) და მთავარი - ავტობუსში იმყოფებოდა კრასნოდარის სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი, ნიკოლაი სტიოპინი, რომელიც გარდაიცვალა და მას ძალიან, ძალიან ბევრი მტერი ჰყავდა, რადგან კრიმინალების ნამდვილი რისხვა იყო.

იყო კიდევ ერთი ვერსია - ვიღაც გააგდეს სამსახურიდან და მან ასე გადაწყვიტა, ავტოპარკის ხელმძღვანელობაზე შური ეძია.

ტერორისტული აქტი საბჭოთა მაძებრებისთვის უცხო იყო. 1969 წელს, საიდუმლო დოკუმენტაციით, ტერორისტულ აქტად მოინათლა ვიქტორ ილინის მიერ განხორციელებული გასროლა ლეონიდ ბრეჟნევის ესკორტის მიმართულებით. მერე გაირკვა, რომ ბრეჟნევი მანქანაში არ იჯდა, მაგრამ ვიქტორ ილინმა (მსროლელმა) ეს არ იცოდა და დამიზნებით ესროდა. მან ბრეჟნევის მძღოლი მოკლა... და აგერ, ორი წლის შემდეგ, კვლავ ტერორისტული აქტი. გამოძიებამ დაიწყო არა მარტო მათი შემოწმება, რომლებიც სამძებროს უფროსს ერჩოდნენ, შეისწავლეს უშიშროების კაპიტნის საქმე, შეამოწმეს ყველა გათავისუფლებული მძღოლი და რაც მთავარია, შეამოწმეს ყველა, რომლებიც ბოლო 10 წელიწადში, ჯარში მსახურობდნენ და საქმე ასაფეთქებლების დამზადებასთან ჰქონდათ. ეს უზარმაზარი სამუშაო უშიშროებამ ათ დღეში ჩაატარა და ხელმოსაჭიდი ვერაფერი იპოვა. პარალელურად, სრული დატვირთვით მუშაობდა აგენტურული ქსელი და როცა მისგანაც ინფორმაცია არ შემოვიდა, ერთ-ერთი გამომძიებლის ვერსიას ჩაებღაუჭნენ - ეგებ, დამნაშავე ფსიქიკურად დაავადებულია?! ცოტა, რთული აღსაქმელი იყო, რომ ვინც ბომბი დაამზადა, მერე ავტობუსში აიტანა, მერე მომართა, უკან ჩამოვიდა, ფსიქიკურად დაავადებული ყოფილიყო, მაგრამ სხვა ვერსია აღარ დარჩა. შეამოწმეს ყველა და გამოცდილმა მაძებრებმა არა მხოლოდ აღრიცხვაზე მყოფი ადამიანები გადაამოწმეს, არამედ, გამოკითხეს კორპუსების მცხოვრებლები, რომლებიც რომელიმე მეზობელზე იტყოდნენ, უცნაურია, რაღაცნაირად იქცევა, კარჩაკეტილია... თუმცა, კვლავ არაფერი, ხელჩასაჭიდი უშიშროებას, უბრალოდ, არ ჰქონდა.

ის იყო, ამ ვერსიაზე ხელი უნდა ჩაექნიათ, რომ ერთმა ახალბედა თანამშრომელმა აგენტის ინფორმაცია მოიტანა - მისი მეზობელი ფანჯარაზე თოკებით ალუმინის თეფშებს ამაგრებდა და ამბობდა, ქურდი თუ დააპირებს შემოძრომას, ალუმინის თეფშებს გამოედება, ისინი წკრიალს დაიწყებენ და გამეღვიძებაო. ამაზე ყველამ ბევრი იცინა, მით უმეტეს, ეს კაცი მეოთხე სართულზე ცხოვრობდა, მაგრამ ოპერმუშაკს გადამოწმება მაინც დაავალეს. ორ საათში დაცინვის ობიექტი კაბინეტში ამაყად შევიდა და დამარცვლით თქვა - ის უცნაური კაცი დაბალია და რაც მთავარია, ერთ-ერთი მეზობლის თქმით, მანქანის ცეცხლმაქრის ბალონებს ავტოსახელოსნოებში ეძებს ხოლმეო. ეჭვმიტანილზე 24-საათანი თვალთვალი დააწესეს და თან მისი ბიოგრაფიის შესწავლა დაიწყეს. რაც ყველაზე საინტერესოა, პეტრე ვოლინსკის (ასე ერქვა ეჭვმიტანილს) 40 თანამშრომელი უთვალთვალებდა, ქალები, კაცები... ისე, რომ მას ეჭვი არ უნდა აეღო და ამიტომ, ეს ხალხი მუდმივად იცვლებოდა. რაც შეეხება ბიოგრაფიას...

ის ექიმად მუშაობდა და, ცოტა არ იყოს, უცნაური ქცევები ახასიათებდა. მაგალითად, ერთ-ერთ პაციენტს, რომელიც მასთან თავის ტკივილის ჩივილებით მივიდა, ხელზე სპირტი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა, თავის ტკივილი გაგივლისო, ერთ მამაკაცს, რომელიც მუცლის არეში უჩიოდა ტკივილს, ნემსის გაკეთება ყურის ძირში დაუპირა... უკმაყოფილო პაციენტებმა უჩივლეს და ის კრასნოდარში ცნობილ ფსიქიატრს, ნიკოლაი ხრომოვს გაასინჯეს. მისი დასკვნა ერთგვაროვანი იყო - ვოლინსკი ფსიქიკურად იყო დაავადებული. მას ექიმის დიპლომი გაუუქმეს, თუმცა კოლეგიალობა გამოიჩინეს და აღრიცხვაზე არ აიყვანეს, რადგან ასეთ შემთხვევაში, მას სამსახურის მოძებნა გაუჭირდებოდა. სამედიცინო სფეროდან წასვლის შემდეგ, ის მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. უშიშროების წარმომადგენლებმა დაკითხეს ხრომოვი, რომელმაც თქვა, რომ ვოლინსკის დიაგნოზის შემდეგ, რამდენიმე თვეში, მისი მეუღლე შინ დაბრუნდა და კარზე უცნაური კონსტრუქცია ნახა ავტომობილის ცეცხლმაქრითა და რაღაც დეტალებით აწყობილი. მეუღლემ მილიცია გამოიძახა, მილიციამ - გამნაღმველები და მათ ხელნაკეთი ბომბი გააუვნებელჰყვეს, თუმცა... ხრომოვს სთხოვეს, გაუხსნელი საქმეა, ეგებ, როგორც ცრუ შეტყობინება, ისე გავატაროთო და ისიც დათანხმდა. ეჭვი აღარ იყო, ბომბების დამამზადებელი ვოლინსკი გალხდათ და მისი ბინის არაოფიციალური ჩხრეკა გადაწყდა. როცა ის შინ არ იმყოფებოდა, სამართალდამცავებმა ბინაში შეაღწიეს და დენთთან ერთად, 13 ცალი ავტომობილის ცეცხლმაქრი ნახეს, 3 ბომბი აწყობილი იყო და როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში, ვოლინსკი მორიგ აფეთქებას გეგმავდა. ის მაინც არ დააკავეს, უბრალოდ, თვალთვალი გააძლიერეს.

ორ დღეში, ვოლინსკი შინიდან მცირე ჩემოდნით გამოვიდა და გეზი ვაგზლისკენ აიღო. მას სამართალდამცავები ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ და დაკავების ოპერაციაც დაიწყო - ის ერთდროულად ათმა ოპერმა დააკავა, ნაწილმა ჩემოდნიანი ხელი გაუკავა, ნაწილმა მეორე ხელი ამოუგრიხა, მოკლედ, მას განძრევის საშუალება არ მისცეს. ჩემოდანში ასაფეთქებლად გამზადებული ბომბი იდო...

„მე 160 სანტიმეტრი ვარ. ჩემი სიდაბლის გამო გამომაგდეს სამსახურიდან, ამის გამო არავინ გამომყვა ცოლად. ლიგაც კი შევქმენი დაბალი ადამიანების, ორი წევრი მყავდა, მაგრამ როცა აფეთქებაზე დავიწყე საუბარი, მათ შეეშინდათ და მარტო დამტოვეს. მე კი არაფრის მეშინია, მე მაღლებს წირვა უნდა გამოვუყვანო“, - სრული სერიოზულობით ამბობდა ვოლინსკი.

მან ასაფეთქებლის აწყობა ნაგავსაყრელზე ნაპოვნი წიგნიდან (?!) ისწავლა. მაშინ დენთის ყიდვა მხოლოდ მონადირეთა მაღაზიაში შეიძლებოდა, მას კი მონადირის ბილეთი არ ჰქონდა, ამიტომ ის მაღაზიაში შედიოდა, ვინმე ახლადშესულს თოფებზე უწყებდა საუბარს, შემდეგ ეუბნებოდა, რომ კარგი სანადირო ადგილები იცოდა, ბოლოს კი დენთის ყიდვას რომ დააპირებდა, „აღმოაჩენდა“, რომ მონადირის ბილეთი შინ დარჩენოდა. ჰოდა, ახალი ნაცნობი საკუთარ ბილეთს ატარებდა რეგისტრაციაში და დენთი ვოლინსკს მიჰქონდა. გაირკვა ისიც, რომ მას კრასნოდარში, ლეგენდარული კონოთეატრის - „ავრორას“ აფეთქება უნდოდა, მაგრამ ჩემოდნით არ შეუშვეს, ასე უთხრეს, ბარგი შემნახველ კარადაში დატოვეო, რაც იმას ნიშნავდა, რომ არავინ დაშავდებოდა.

სასამართლომ ვოლინსკი შეურაცხადად სცნო და იძლებითი მკურნალობა მიუსაჯა. ყველა დარწმუნებული იყო, რომ ფსიქიატრიულიდან ვერასდროს გამოვიდოდა, ამიტომ, პეტრე ვოლინსკის არსებობა დაივიწყეს კიდეც, თუმცა... 16 წლის შემდეგ, ის კრასნოდარში კვლავ გამოჩნდა, ამბობდა, განვიკურნე და გამომიშვესო. ამან გარდაცვლილების ახლობლები შოკში ჩააგდო, შოკში იყო მთელი ქალაქი. გამოჩენიდან ათ დღეში, ის, უბრალოდ, გაქრა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. ამბობენ, ერთ-ერთი გარდაცვლილის შვილმა ანგარიში წლების მერე გაუსწორაო.

ეს ამბავი საბჭოთა რესპუბლიკებიდან თითქმის ვერავინ გაიგო, მაგრამ ერთ წელიწადში, ვლადიმერ ჟვანიამ თბილისში სამი აფეთქება მოახდინა; 1973 წელს, გატაცებული თვითმფრინავი ჩამოაგდო საბჭოთა ხელისუფლებამ; იმავე წელს, მავზოლეუმში, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა; 1977 წელს, მოსკოვში მეტროს აფეთქებები იყო... ასე, ნელ-ნელა, საბჭოთა ხალხში სიტყვა ტერორისტი და ტერორისტული აქტი გაჩნდა...