ვინ და რატომ დაჭრა პრეზიდენტის დეიდაშვილი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გაიცანით ქართველი, რომელსაც მსოფლიოს ყველა კაზინოში შესვლა აკრძალული აქვს

თუ საჯარო მოხელე ან „გაშავებული“ არ ხარ, თავისუფლად შეგიძლია, კაზინოში შეხვიდე და ითამაშო. მართალია, აზარტული თამაშების რეკლამაში მუდმივად გვეუბნებიან, უნდა გაერთოო, მაგრამ ვაღიაროთ, გასართობად კაზინოში არავინ დადის - ყველას ერთი მიზანი აქვს, მარტივად ფულის მოგება, თუმცა... ადრე, კაზინოში მომუშავე ერთმა გოგონამ მითხრა, აქაურობის წესი ასეთია, ხან წააგებ, ხან მოიგებ, მერე მაგრად გაგიმართლებს და საბოლოოდ, ყველაფერს წააგებ. მართლაც, აზარტული თამაშებით გამდიდრებული, შესაძლოა, მილიონში ერთი იყოს, ან ისიც არა - საბოლოო ჯამში, აზარტულ თამაშებს გაკოტრება და ვალები მოაქვს. სამუხაროდ, არც სუიციდის შემხვევებია იშვიათი და ბევრ ქვეყანაში, სწორედ ამ მიზეზით არის აკრძალული აზარტული თამაშები. მაგალითად, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში, სადაც კაზინოს ვალების გამო, პრეზიდენტის დეიდაშვილი დაჭრეს და ზუსტად ორ თვეში, კაზინოები ოფიციალურად აკრძალეს.

 

ისტორიას, რომელსაც ახლა გიამბობთ, თავისი გმირი და ანტიგმირი ჰყავს. უფრო სწორად, მომხდარის შესახებ გვიყვება პირი, რომელიც არა მარტო საქართველოს, არამედ, მსოფლიოს ყველა კაზინოში „გაშავებულია“, არსად უშვებენ და იმიტომ კი არა, რომ ცუდი მოთამაშეა, ან ყველაფერს აგებს. პირიქით, მას კაზინოს გენიოსსაც ეძახიან და იშვიათი, მათემატიკური უნარის წყალობით, შეუძლია გამოთვალოს პოკერის სვლები, ალბათობის თეორიით, ადგილზე ითვლის „რულეტკის“ ციფრებს, იმახსოვრებს სლოტებში ფიგურების განლაგებას და ხვდება, რის შემდეგ არის შესაძლებელი დიდი მოგების ჩამოგდება...

„მაშინ, როცა კაზინოების ქსელი საქართველოში ფეხს იდგამდა, მე იმედი მქონდა, რომ მეცნიერი გავხდებოდი და მათემატიკის მიმართულებით ახალ თეორემებს შევქმნიდი. ყველა აღარებდა, რომ განსაკთრებული ნიჭი მქონდა და მეც ვიცოდი, რომ ყველაფერი ეს სხვებზე უკეთ გამომდიოდა. რუსეთში გამიშვეს პრაქტიკებზე და სწორედ იქ მოვხვდი პირველად კაზინოში. გამეცინა, როცა შევხედე, როგორ აგებდა ხალხი ფულს, რადგან უხეში დათვლებითაც კი, პოკერში სვლებს ვხვდებოდი, „რულეტკას“ ვაკვირდებოდი და ხშირად ვიცნობდი, რა მოვიდოდა. ამის შესახებ ვუთხარი კიდეც მეგობარს, მაგრამ არ დამიჯერა. მერე, ასი დოლარი მომცა, აბა, ითამაშეო და მეც მშვიდად დავიწყე თამაში. ორ საათში, 45 ათასი მქონდა, იმ დროისათვის უზარმაზარი ფული“, - გვიყვება „კაზინოს გენიოსი“.

იმის მიუხედავად, რომ მოგებით აღფრთოვანებულმა მეგობარმა უთხრა, დარჩი, რა მათემატიკა და მეცნიერება, მილიონერები გავხდებითო, ქართველი სტუდენტი მაინც უკან, თბილისში წამოვიდა. იმ თბილისში, რომელიც იმ დროისთვის ნაცრისფერი იყო და არც მეცნიერებისთვის ეცალა ვინმეს და არც მათემატიკის განვითარებისთვის. ყველაფერი ეს, ჩვენმა გმირმა მწვავედ მაშინ იგრძნო, როცა თანაკურსელისა და უახლოესი მეგობრის დედა ავად გახდა, ძვირდაღირებული ოპერაცია დასჭირდა, ფული კი, უბრალოდ, არ იყო. სწორედ მაშინ მოუყვა მეგობარს რუსეთში კაზინოს შესახებ და ისიც სიხარულით დათანხმდა. მეტიც, მან რუსეთში მეგობარი გოგონას წაყვანაც გადაწყვიტა, რადგან გოგოსთან ერთად, კაზინოში ნაკლებ ყურადღებას მიიქცევდნენ და რაც მთავარია, მათემატიკურ გამოთვლებში გოგონაც ძალიან ძლიერი იყო. სამეულმა გეზი რუსეთის დედაქალაქისკენ აიღო.

საქმე იმაზე კარგად მიდიოდა, ვიდრე მეგობრები წარმოიდგენდნენ. ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, ქალის ოპერაციისთვის საჭირო თანხა თბილისში იყო, მეგობრები კი რუსეთში დარჩნენ და გადაწყვიტეს, ფული მოეგროვებინათ, შემდეგ საქართველოში საქველმოქმედო ფონდი დაეარსებინათ და იმ ადამიანებს დახმარებოდნენ, რომლებსაც სამედიცინო ჩარევა სჭირდებოდათ, ფული კი, უბრალოდ, არ ჰქონდათ. საუბარი იყო, დაახლოებით, ნახევარ მილიონ დოლარზე, რომელიც მეგობრებს, ასე, ორი-სამი თვის განმავლობაში უნდა მოეგროვებინათ. ეჭვი რომ არავის აეღო, ისინი პერიოდულად მცირე თანხებს აგებდნენ კიდეც, ხოლო როცა მსუყე მოგებას მოხსნიდნენ, კაზინოს მაშინვე ტოვებდნენ. ასე გავიდა თითქმის სამი თვე და... თბილისში მხოლოდ ის ბიჭი დაბრუნდა, რომლის დედის ოპერაციის ფულისთვისაც წავიდა სამეული მოსკოვში. დანარჩენი ორის მშობლებმა შვილების ამბავი მოიკითხეს, ამან მხრები აიჩეჩა, არ ვიცი, მგონი, ერთმანეთი შეუყვარდათ, ჩემმა გოგომ მიმატოვა და წარმოდგენა არ მაქვს, სად არიანო. მშობლებმა ქართველ სამართალდამცავებს მიმართეს, მათ კი რუსეთში მოთხოვნა გაგზავნეს საქართველოს ორი მოქალაქის გაუჩინარების თაობაზე, თუმცა მაშინ არც საქართველოსთვის ეცალა ვინმეს და არც ორი ახალგაზრდისთვის, რომლებზეც რუსებმა მარტივად თქვეს, „დელო მოლოდოე“, გამოჩნდებიან, აბა, სად წავლენო და რაღა თქმა უნდა, დაკარგულები არც არავის მოუძებნია.

მშობლები იძლებულნი გახდნენ, როგორც მაშინ ხდებოდა, რუსეთში წასულიყვნენ, გარკვეული თანხა გადაეხადათ და იქაური ძალოვნები ასეთ შემთხვევაში თავის საქმეს გააკეთებდნენ. ორივე ახალგაზრდის მშობელი რუსეთში მალევე წავიდა და მათ ისიც არ იცოდნენ, რომ შვილები კაზინოში თამაშობდნენ, საქართველოში დაბრუნებულმა მეგობარმა კი არ თქვა.

„როცა ჩვენმა მშობლებმა გაიგეს, რომ კაზინოში დავდიოდით, ეს მათთვის ნამდვილი შოკი იყო. კაზინო, უბრალოდ, გაგებული ჰქონდათ და ეგონათ, რომ იქ მხოლოდ კრიმინალები იკრიბებოდნენ. პრინციპში, მაშინ თითქმის ასეც გახლდათ, მაგრამ იქ ე.წ. ელიტის წარმომადგენლებიც ხშირად იკრიბებოდნენ, მომღერლები, მსახიობები. მოკლედ რომ ვთქვა, დაიწყეს ჩვენი ძებნა და გვიპოვეს კიდეც“, - გვიყვება ჩვენი გმირი.

რუსმა სამართალდამცავებმა, აგენტურული ქსელის მეშვეობით გაიგეს, რომ ერთ-ერთი კაზინოს მეპატრონეებს ორი ქართველი სარდაფში ჰყავდათ გამოკეტილი და მათგან ფულს ითხოვდნენ. მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაცია მხოლოდ მას შემდეგ დაიგეგმა, რაც მშობლებმა 5 ათასი დოლარი გადაიხადეს, დაკავებულები გაათავისუფლეს და... საქმე არ აღუძრავთ, რადგან კაზინოს მეპატრონეებმაც არანაკლები გადაიხადეს. ახლა, მთავარი იყო, ქართველებს მოსკოვი უსაფრთხოდ დაეტოვებინათ, რაც მარტივი არ აღმოჩნდა და წვალების შემდეგ, ისინი სატვირთოთი ვლადიკავკაზში ჩაიყვანეს, იქიდან - საქართველოში. რა მოხდა რეალურად, მხოლოდ საქართველოში დაბრუნების შემდეგ გახდა ცნობილი.

მეგობარმა, რომლის დედის გადასარჩენადაც სამეული მოსკოვში წავიდა, უბრალოდ ცდუნებას ვერ გაუძლო. მან ნახა თითქმის ნახევარ მილიონამდე დოლარი და მიხვდა, რომ საქველმოქმედო ფონდი საჭირო არ იყო. მას მარტივად შეეძლო თანხა მთლიანად თავისთვის დაეტოვებინა, საამისოდ კი, როგორმე საუკეთესო მეგობარი და საცოლე უნდა მოეშორებინა თავიდან. ამიტომ, მარტივი ხერხი იხმარა - კაზინოში დარეკა და განაცხადა, რომ ორი მათემატიკოსი მათ ყვლეფდა და ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი ჰქონდა მოგებული, რაღაც გამოთვლებით. მან კაზინოს მესვეურებს ზუსტად აღუწერა მეგობრები და როცა ისინი გამოჩდნენ, მაშინვე სარდაფში უკრეს თავი. ეს კი მათი ბედით აღარც დაინტერესდა, იმავე დღეს თბილისში წამოვიდა და თან ფულიც ჩამოიტანა.

მოგებული თანხის ამოღება მეგობრისგან მარტივი არ ყოფილა. სამართალდამცავები ვერაფერს გააწყობდნენ იმიტომ, რომ ძნელი იქნებოდა, დანაშაულის ნიშნების პოვნა და დამტკიცება. ამიტომ, საქმეში, „კეთილისმსურველთა“ რჩევით, „კანონიერი ქურდები“ ჩაერივნენ. იცით, იმ დროს ნახევარი მილიონი დოლარი რას ნიშნავდა? 5 ათასის გამო, რაც ამ თანხის ზუსტად 1% გახლავთ, ადამიანები ერთმანეთს ხოცავდნენ. ამიტომ, კრიმინალურ სამყაროს არაფრის გარჩევა-გარკვევა არ დაუწყია, ვისაც ფული ჰქონდა, უბრალოდ, მოიტაცეს და როცა მეორე თითს აჭრიდნენ, მან თანხის ადგილსამყოფელი დაასახელა. თანხა თითქმის სრულად „კანონიერმა ქურდებმა“ წაიღეს, „დაზარალებულებს“ 7 ათასი დოლარი მიუგდეს (რატომ მაინდამაინც 7 ათასი, ვერავინ ახსნა) და ამით ყველაფერი დასრულდა, თუმცა...

„მაშინ ევროპაში გასვლა ურთულესი იყო. ვცდილობდი, სადმე გამეღწია, რათა ევროპულ კაზინოებში მეთამაშა და ორი წლის შემდეგ, მოვახერხე კიდეც, მაგრამ ევროპა ჩვენზე ძალიან წინ იყო. იქ თითოეულ მოთამაშეს კამერით აკვირდებოდნენ, შემდეგ კი აანალიზებდნენ, კეთილსინდისიერად იგებდა თუ არა. ამიტომ, ერთი-მეორის მიყოლებით, ყველა კაზინოში შესვლა ამეკრძალა. არავინ მიტაცებდა და მცემდა, მაგრამ მიხსნიდნენ, რომ მათთვის სასურველი სტუმარი არ ვიყავი. ასე „გამაშავეს“ ყველა კაზინოში და აღარც კარგი მათემატიკოსი გამოვიდა ჩემგან - არ ეცალა მაშინ არავის მათემატიკისთვის საქართველოში და მგონია, რომ არც ახლა სცალია ვინმეს“, - დაასრულა მოყოლა ჩვენმა მეგობარმა და ისიც თქვა, ადრე, სათამაშო სლოტების განლაგება რაღაც ლოგიკას ექვემდებარებოდა, ახლა კი, ისეთი რთული კომპიუტერული პროგრამითაა შექმნილი, გამორიცხულია, რამე გათვლა და დათვლა გააკეთოო.

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე