როგორ გახდა ფსიქოლოგი მკვლელი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რის გაკეთება შეგიძლიათ შვილებისთვის? თავში ათასი აზრი მოგივათ და საბოლოოდ, ერთ დასკვნამდე მიხვალთ - ყველაფრის! ასეა ნებისმიერი, საღად მოაზროვნე ადამიანი და შვილების გამო, მართლაც, ყველაფრისთვის ვართ მზად. ხანდახან გაბრაზებული მშობელი იტყვის, რომ ევროპასა და თუნდაც რუსეთში, კარგად იქცევიან, როცა სრულწლოვანობის მიღწევის შემდეგ, ბავშვებს დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობას აძლევენ, მათი საქმეებით ნაკლებად ინტერესდებიან, თუმცა... გადის რამდენიმე წუთი და შვილებისთვის კვლავ თავის გადასადებად ვართ მზად. ახლა, ისე ნუ გაიგებთ, 40 წლის კაცებსაც რომ ბავშვებს ეძახიან მშობლები და დილაობით კარაქიან პურს საკუთარი ხელით აჭმევენ, ეს არ არის ზრუნვა და არც სწორი საქციელია.

 

კომუნისტების დროს ბიზნესის კეთება, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი იყო. ძალიან დიდი სანაცნობო წრე უნდა გყოლოდა და დიდძალი თანხა უნდა გეხადა ზემდგომებისთვის, რომ ბიზნესზე თვალი დაეხუჭათ. რა თქმა უნდა, არსებობდნენ იატაკქვეშა „ცეხავიკები“, რომლებიც იმ დროისთვის არანორმალურად დიდ თანხებს ატრიალებდნენ, თუმცა ისინი ფულს უხდიდნენ სამართალდამცავებს, პარტიულ ჩინოვნიკებს, „კანონიერ ქურდებს“ და ამის მიუხედავად, საკმარისი იყო, ცენტრიდან თითი დაექნიათ, პირველ რიგში, სწორედ მათ აპატიმრებდნენ და საჩვენებელ დასჯასაც აწყობდნენ. არადა, მაშინდელი საზომებით, მართლაც არანორმალურ თანხებზე იყო საუბარი. ზოგისთვის მილიონი წარმოუდგენლად დიდი ციფრი იყო, არაერთ ადამიანს კი მილიონი მანეთი „ქეშად“ თუ არა, ოქროს ზოდებისა და ბრილიანტის თვლების სახით, ნამდვილად ჰქონდა. ამიტომ, „ზემოთ“ გასაგზავნი ყოველთვიური 20 თუ 30 ათასი მანეთი პრობლემას არ წარმოადგენდა. სწორედ, ერთ-ერთი ასეთი იატაკქვეშა მილიონერის სახლი გაქურდეს ქუთაისში და საქმეში ლამის მთელი საქართველოს მაძებრები ჩაერთნენ. დაკარგულ ნივთებს შორის, ბრილიანტის ყელსაბამიც იყო, რომელიც, ყველაზე უხეში გათვლით, მილიონნახევარი მანეთი ღირდა, რაც ახლანდელი საზომებით, 5 მილიონ დოლარზე მეტია. მან, ვისაც ეს ნივთი მოპარეს, სადაც საჭირო იყო თქვა, რომ პრემიის სახით, მპოვნელს 200 ათას მანეთს მისცემდა და შედარებისთვის რომ გითხრათ, ეს თანხა რიგითი ინჟინრის 83 წლის (!!!) ხელფასი იყო. რა თქმა უნდა, მპოვნელს ამ ფულს არავინ დაუტოვებდა და ყველაფერს ზემდგომები წაიღებდნენ, ამიტომ საქმეში, როგორც პარტიული ჩინოვნიკები, ასევე, სამინისტროების ლამის პირველი პირებიც იყვნენ ჩართულნი.

„ძალიან ფრთხილ ცხოვრებას ვეწევი. შეზღუდული სანაცნობო წრე, ძალიან ფრთხილად შერჩეული საყვარელი, რომელთანაც ექვსი წელია ურთიერთობა მაქვს, ოჯახის წევრებსაც შინ იშვიათად მოჰყავთ ვინმე და თუ მაინცდამაინც სტუმრები უნდა მივიღო, ვიღებ არა იმ სახლში, სადაც მუდმივად ვცხოვრობთ, არამედ, მეორე სახლში. საყვარელს სხვა ბინაში ვხვდები. სეიფის კოდი, რომელიც ძალიან ოსტატურად გახსნეს, მხოლოდ მე ვიცოდი. ვისზე მივიტანო ეჭვი, წარმოდგენა არ მაქვს“, - ამბობდა სასოწარკვეთილი „ცეხავიკი“ და ზუსტად იცოდა, რომ ამ განცხადების გამო არავინ დააკავებდა, ამიტომ თამამად საუბრობდა.

ბრილიანტის ყელსაბამთან ერთად, დაახლოებით, 50 ათასი მანეთი გაქრა, მაგრამ დაზარალებულს ეს ფული საერთოდ არ ადარდებდა და მხოლოდ ყელსაბამზე დარდობდა. მისი თქმით, ყელსაბამის არსებობის შესახებ იცოდა მხოლოდ მან, მეუღლემ და... ერთხელ, საყვარელთანაც წამოსცდა. შვილებმაც კი არაფერი იცოდნენ და ეს იმის მიუხედავად, რომ ისინი უკვე სრულწლოვანები გახლდნენ. სეიფის კოდი კი... არა, სეიფის კოდი მხოლოდ მე ვიცოდიო, დაბეჯითებით ამბობდა დაზარალებული, მაგრამ სამართალდამცავებს მის სიტყვებში ეჭვის შეტანის სერიოზული საფუძველი ჰქონდათ - ექსპერტიზა მყარად ამბობდა, რომ სეიფი გატეხილი კი არა, გახსნილი იყო ანუ ვიღაცამ კოდი იცოდა. პარალელურად, ექსპერტებმა ისიც დაადგინეს, რომ სახლის კარი დუბლიკატით იყო გაღებული ანუ არც ის გაუტეხავთ და ქურდი დაზარალებულის უახლოეს გარემოცვაში უნდა ეძებნათ.

სეიფთან ახლოს ნახეს რამდენიმე ნაწილაკი, რომელზეც ექსპერტიზამ თქვა, რომ ადამიანის კანის ნაწილები იყო, გამხმარ-გამომშრალი, ასეთები კი მაშინ ჩნდებოდა, როცა სიმსივნით დაავადებულების ორგანიზმში სპეციალური ხსნარი (ამჟამინდელი ქიმიო-თერაპიის მსგავსი) შეჰყავდათ და ის კანს წვავდა, იქერცლებოდა და სხეულს შორდებოდა. დაზარალებულის უახლოეს გარემოცვაში ასეთი ვერავინ ნახეს.

„ცეხავიკის“ წინააღმდეგობის მიუხედავად (ამბობდა, აზრი არ აქვსო), მისი საყვარლის დაკითხვა გადაწყდა. ქალი მითითებულ მისამართზე არ იმყოფებოდა, არც სამსახურში და ზოგადად, მას შემდეგ, რაც ქურდობა მოხდა, უბრალოდ, არავის უნახავს. რაღა თქმა უნდა, ქალის გაქრობამ ძალოვნები დააეჭვა, აღარც დაზარალებული ამბობდა ისე ომახიანად, მაგ ქალს შეეშვით, არაფერი აკლდა, არ იკადრებდაო.

მართლაც, „ცეხავიკის“ საყვარელს ჰქონდა ყველაფერი, რაც იმ დროისთვის იყო შესაძლებელი და სამსახურიც მხოლოდ იმიტომ ჰქონდა, რომ დილით სადმე წასულიყო და მთელი დღე სახლში არ გაეტარებინა. მასზე ოფიციალური ძებნა გამოცხადდა, თუმცა ძებნა მეორე დღეს შეწყდა - მეტყევეებმა მისი გვამი ხონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის პირზე იპოვეს. მას დანა ჰქონდა მკერდში დარტყმული და ისე ჩანდა, დამნაშავემ თავის საქმე გადასარევად იცოდა - დარტყმა ექიმის სიზუსტით იყო განხორციელებული.

მორიგი დაკითხვის შემდეგ, „ცეხავიკმა“ გაიხსენა, რომ ერთხელ, სიმთვრლეში, საყვარელთან სეიფის კოდი წამოსცდა. უბრალოდ, ციფრების რაღაც კომბინაცია დაინახა გაზეთზე და თქვა, ჩემი სეიფის კოდი დაუბეჭდავთ, ერთი ციფრი აკლია მხოლოდო და ციფრიც დაასახელა, თუმცა ქალი არც დაინტერესებულა ციფრებით, გაზეთიც იქვე მიაგდეს და... საყვარელმა იცოდა, რომ სეიფში ბრილიანტის ყელსაბამი ინახებოდა. ვისთან შეიძლებოდა ქალს ყველაფერი წამოსცდენოდა? დაზარალებული მხრებს უიმედოდ იჩეჩდა, ვერავის იხსენებდა და მხოლოდ ის თქვა, მოსკოვში ყოფნის დროს, ჩემს კოლეგებს პირადი ფსიქოლოგი ჰყავდათ, ახალი მოდაა და მეც, აქეთ რომ დავბრუნდი, აქაურ ფსიქოლოგს მივადექი, თან საყვარელიც მივიყვანე, ერთად დავდიოდით, უფრო ჰარმონიული ურთიერთობა რომ გვქონოდა, მაგრამ რეალურად, ფულს არაფერში ვიხდიდი, არც ურთიერთობაში შეცვლილა რამე, მაგრამ კოლეგებთან სათქმელი მექნებოდა, პირადი ფსიქოლოგი მყავსო.

ფსიქოლოგი ახალგაზრდა, ასე 40 წლამდე მამაკაცი იყო, რომელსაც კრიმინალური წარსული არ ჰქონდა და რომ არა „ცეხავიკი“, ეგებ, შიმშილით მომკვდარიყო - კლიენტურა არ ჰყავდა, ვის სჭირდებოდა მაშინ ფსიქოლოგი? ამის მიუხედავად, სამართალდამცავებმა მასზე თვალთვალი და მისი პიროვნების სიღრმისეული შესწავლა დაიწყეს. ხომ შეიძლებოდა, რომ თანაკლასელი, მეგობარი, ნათესავი ჰყოლოდა ნასამართლევი? თანაც, სამედიცინო განათლება იმის ეჭვის საფუძველსაც იძლეოდა, რომ შესაძლოა, ქალი სწორედ მას მოეკლა, იუველირის სიზუსტით განხორციელებული დარტყმით.

თვალთვალს შედეგი არ მოჰქონდა, თუმცა სამ დღეში, ძალოვნებმა იცოდნენ, რომ ქურდიცა და მკვლელიც, სწორედ ის იყო. საქმე ის გახლდათ, რომ ძიების შედეგად დადგინდა, მამაკაცს ორიოდე წლის წინ, სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და მუდმივად მკურნალობდა, ბოლოს კი სწორედ იმ პრეპარატებს იკეთებდა, რომლებიც კანის დაწვას და აქერცვლას იწვევდნენ. მისი დაკავება არ გამოდიოდა - გამომძიებლებმა არ იცოდნენ, სად შეიძლებოდა ჰქონოდა დამალული ყელსაბამი და თუ მას ვერ იპოვნიდნენ, ბრალსაც ვერ წარუდგენდნენ. კანის იმ ფრაგმენტებით, რომელიც დაზარალებულის ბინაში ნახეს, ვერაფერი მტკიცდებოდა, რადგან ისინი ისე იყო გამომშრალ-გამხმარი, კონკრეტული ადამიანის კუთვნილების დადგენა გამორიცხული იყო. მკვლელობის ადგილზე კი მკვლელმა კვალი არ დატოვა.

ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ბჭობდნენ, რა და როგორ გაეკეთებინათ და ამ დროს, გაუთვალისწინებელი რამ მოხდა - ავტობუსი, რომლითაც მთავარი ეჭვმიტანილის ცოლ-შვილი მგზავრობდა, ბოძს შეეჯახა. შეჯახება ძლიერი არ იყო, მგზავრებს მხოლოდ დაბეჟილობები აღენიშნებოდათ, მაგრამ ყველა მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც კი გამომძიებლებმა ამის შესახებ გაიგეს, ჰოსპიტალში გაქანდნენ, მთავარი ექიმი დაიმარტოხელეს და... ნახევარ საათში, მთელმა საავადმყოფომ იცოდა, რომ ავარიის დროს, ერთ-ერთ ბავშვს, სავარძლის რკინა შეერჭო ბარძაყში, ბევრი სისხლის დაკარგა და სისხლთან ერთად, მას სასწრაფოდ ოპერაცია და თბილისში გადაყვანა სჭირდებოდა. მთავარი ექიმი ხელებს  „უიმედოდ“ შლიდა, სისხლი არ გვაქვს, კერძოდ რომ მოვთხოვოთ ვინმეს, ფული უნდა და რადგან ბევრი სისხლი გვჭრდება, ფულიც ბევრია საჭიროო. ეჭვმიტანილი საავადმყოფოში მოვარდა, ის რეანიმაციაში ბავშვის სანახავად არ შეუშვეს, დედა კი ამბობდა, ფეხზე სისხლი კი ჰქონდა ჩვენს შვილს, მაგრამ რთული არაფერი შემინიშნავსო, მაგრამ მთავარი ექიმის განწირულ სახელს რომ შეხედა, მამა სადღაც შურდულივით გავარდა. ოპერმუშაკები ფრთხილად მიჰყვნენ. კაცმა ტაქსი გააჩერა და გეზი სასაფლაოსკენ აიღო. ის მამის საფლავზე მივიდა, ქვა ფრთხილად გადასწია, ხელით მალე გათხარა 15-20 სანტიმეტრი და იქიდან მცირე ზომის ჩანთა ამოაძვრინა. ჩანთიდან ფულის შეკვრა ამოიღო, ჯიბისკენ გაიქანა და ის იყო, ჩანთა უკან უნდა დაემარხა, რომ თავს ოპერმუშაკები წაადგნენ. ეჭვმიტანილი მიხვდა, რომ ყველაფერი დასრულდა, თუმცა როგორც კი უთხრეს, ბავშვს არაფერი ემუქრება, ჩვენ გავითამაშეთო, შვებით ამოისუნთქა.

„ის შტერი ქალი ერთხელ მთვრალი მოვიდა, ფსიქოლოგიური დახმარება მჭირდებაო და სწორედ მაშინ თქვა ბრილიანტის ყელსაბამზე. მერე, სეიფის კოდიც ნასვამს წამოვაცდენინე, ძლივს გაიხსენა ციფრები, მაგრამ მთავარი იყო, რომ გაიხსენა. სახლის გასაღების ნიმუში მაშინ ავიღე, როცა სეანსზე „ცეხავიკი“ მყავდა. ქურდობის შემდეგ, ქალი სამსახურში დამადგა და მითხრა, ყელსაბამი ძვირი ღირს, მე უნდა მომცე, თორემ ვიტყვი, რომ შენ ყველაფერი იცოდიო. მისი მოკვლის გარდა, სხვა გზა არ მქონდა“, - განაცხადა დაკავებულმა.

 ავტორი-ბათო ჯაფარიძე