ქორწილიდან გამქრალი პატარძალი და სარძლოს სისხლიანი შურისძიება სამამამთილოზე

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„14 წლის ვიყავი, პირველად ამ პირუტყვმა რომ გამაუპატიურა“

 

ფილმი „გაქცეული პატარძალი“, ალბათ, ყველას ნანახი გაქვთ და თუ არ გინახავთ, ნახეთ, გაერთობით. დაახლოებით, ასეთი რამ მოხდა საქართველოშიც (ცნობისთვის, არაერთხელ მომხდარა), მაგრამ შემთხვევა, რომელზეც ახლა გიამბობთ, კრიმინალური იყო და სამართალდამცავების განსაკუთრთებული ინტერესიც ამიტომ გამოიწვია. ყველაფერი კი, ერთი შეხედვით, ძალიან ბანალურად დაიწყო. მაშინ, როცა ნახევარი საქართველო იარაღით დარბოდა და თბილისში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, საკმაოდ შეძლებულმა ოჯახმა ქორწილი გადაიხადა, თუმცა დიდი ყურადღება რომ არ მიეპყრო, წვეულებას 50-60 ადამიანი ესწრებოდა. ჰოდა, ამ ქორწილიდან გაქრა პატარძალი, ის ისე აორთქლდა, ვერავინ დაინახა და მხოლოდ მას შემდეგ მოიკითხეს, რაც სიძემ რამდენჯერმე მოიკითხა, ბოლოს კი ყვირილი ატეხა, ჩემი ცოლი სად არისო?! სამართალდამცავებსაც სწორედ მან მიმართა, უფრო ზუსტად, გამოიძახა ძალოვნები.

 

„ქორწილი და საქორწილო სუფრა ძალიან იშვიათობა იყო და ამიტომ, ადგილზე რომ მივედით, მაგიდების თვალიერებით გავერთეთ. რომ ვთქვა, ჩიტის რძე არ აკლდა-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ იმ დროისთვის ძალიან მსუყედ გამოიყურებოდა ყველაფერი და მთელი დღის განმავლობაში, სამმართველოში ნაშიმშლები ჩემი ოპერები ნერწყვებს ყლაპავდნენ. უკეთეს დღეში არც მე ვიყავი, მაგრამ მას შემდეგ, რაც სასიძოს განწირული სახე დავინახე, მივხვდი, საჭმელზე ფიქრის დრო არ იყო“, - იხსენებს მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

„მე და ჩემი საცოლე ერთად გაზრდილები ვართ. მამამისს, მამაჩემთან საერთო ბიზნესი ჰქონდა, თუმცა შემდეგ გულის შეტევით გარდაიცვალა, დედა ავარიაში დაიღუპა და დარჩა გოგონა ობლად. მაშინ 13 წლის იყო და მამამ ჩვენთან წამოიყვანა საცხოვრებლად. სკოლა წარჩინებით დაამთვარა, გერმანული წყალივით იცოდა და გადაწყვიტა, სასწავლებლად გერმანიაში წასულიყო. მგზავრობა და ვიზა მამამ დაუფინანსა, შემდეგ კი ყველაფერი თავად ააწყო. მერე კონტაქტი გაწყდა, ვიფიქრეთ, საკუთარი ცხოვრება აიწყო და ჩვენ უბრალოდ დაგვივიწყა. რაღაც ანგარიში გვქონდა, რომელზეც მამა ფულს ყოველთვიურად ურიცხავდა და ეს არც მაშინ შეუწყვეტია, როცა ლამის ორი წელი, გოგო არ ჩანდა. შემდეგ ისე მოხდა, რომ მანქანის ჩამოსაყვანად გერმანიაში წავედი და შემთხვევით, კაფეში შევხვდი. ერთმანეთის ნახვა ძალიან გაგვიხარდა, კონტაქტები გავცვალეთ და მითხრა, საქართველოში მალე დავბრუნდები და შეგეხმიანებიო. ისიც გავიგე, რომ საქართველოში მანამდეც რამდენჯერმე იყო ჩამოსული, მაგრამ ჩვენთან არ მოვიდა, რამაც გამაკვირვა. მერე საქართველოში შევხვდით და იმის მიუხედავად, რომ და-ძმასავით ვიყავით, გრძნობამ იფეთქა და ქორწინებამდე მოვედით. ახლა კი... ახლა, ის უბრალოდ გაქრა“, - სულ ეს იყო, რაც სიძემ მოჰყვა.

ყველაზე საინტერესო ერთ-ერთი ოფიციანტის მონაყოლი გახლდათ. მან დაინახა, როგორ მიათრევდა პატარძალს ძალით მანქანისკენ ვიღაც მამაკაცი, როგორ ჩატენა უკანა სავარძელზე და როგორ გაეცალა იქაურობას. ოფიციანტს ხმა არ ამოუღია, ეგონა, პატარძლის დამალვის ტრადიციას უყურებდა, მაგრამ სამართალდამცავებს ყველაფერი გაუმხილა. მას მანქანის მარკა და ფერი კი ახსოვდა, მაგრამ ნომერს ყურადღება არ მიაქცია. ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო გამტაცებელი, წარმოდგენა არავის ჰქონდა. გაჩნდა ეჭვი, რომ გოგონა გაიტაცეს და მის სანაცვლოდ, გამოსასყიდს მოითხოვდნენ. კონკრეტული მანქანის მოდელსა და ფერზე ძებნა კი გამოცხადდა, მაგრამ მაშინ თბილისში, თეთრი „07“ ასეულობით იყო და ნომრის გარეშე გადამოწმებას აზრი არ ჰქონდა.

ძალოვნებმა დაკითხეს გოგონას მეჯვარე, რომელიც ასევე გაოცებული იყო და ვერ ხვდებოდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ერთი საყურადღებო რამ მანაც გაიხსენა - როცა პატარძალი გარეთ გასვლას აპირებდა, მეჯვარემ გაყოლა დააპირა, თუმცა უარი მიიღო, მარტო მინდა სუფთა ჰაერის ჩასუნთქვაო და სწორედ ამის შემდეგ გაიტაცეს ანუ გამოდიოდა, ქალმა ზუსტად იცოდა, რომ გარეთ ვიღაც ელოდა, მასთან შესახვედრად წავიდა და გაქრა. გოგონა გამტაცებელს იცნობდა, რადგან შესახვედრად ნებით გავიდა, თუმცა საკუთარი ნებით არ გაჰყოლია.

„ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი გოგონასა და ამ ოჯახის ურთიერთობაზე მქონდა. ადამიანებმა გოგო საკუთარი შვილივით გაზარდეს, მამის ბიზნესის წილიც კი შეუნარჩუნეს და მოგებას უგზავნიდნენ, ის კი საზღვარგარეთიდან შინ ჩამოდიოდა და ვითომც არაფერი, გამზრდელ ცოლ-ქმარს არ ნახულობდა. გამოდიოდა, იქ რაღაც ისე არ მოეწონა, რომ დავიწყება გადაწყვიტა, მაგრამ ყველაფერი ეს, ლოგიკაში არ ჯდებოდა. თუ ასე სძულდა ოჯახი, რატომ ხდებოდა მათი რძალი? შურისძიების მიზნით? ქორწილიდან რომ გამქრალიყო, იმისთვის? ყველაფერი რაღაც უცნაურ შეთქმულებას ჰგავდა, მე კი შეთქმულებების არასდროს მჯეროდა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

ძებნა კი დაიწყო, მაგრამ ამაოდ - გოგონა და მისი გამტაცებელი თითქოს მიწამ ჩაყლაპა. ძალოვნებმა ჭკუა იხმარეს და იმის მიუხედავად, რომ ოჯახის უფროსიცა და სასიძოც გააფრთხილეს, გამოსასყიდის მოთხოვნის შემთხვევაში შეგვეხმიანეთო, ბოლომდე მაინც არ ენდნენ (მაშინ პოლიციისადმი ნდობა, პრაქტიკულად, ნული იყო) და მათზე თვალთვალი დააწესეს. ჰოდა, მომხდარიდან მესამე დღეს, სამამამთილოს სახლში, მისი ერთ-ერთი ხელქვეითი მივიდა და სახლიდან საკმაოდ მოზრდილი ჩანთით გავიდა. სამართალდამცავები გაჰყვნენ, მაგრამ გზაში... ავტომობილს საბურავი დაეშვა და ობიექტი დაკარგეს.

„ახლა, შესაძლოა, გაგეცინოთ, მაგრამ მაშინ, 90-იანებში, არცთუ იშვიათად, მანქანას საბურავი ეშვებოდა, ან დევნის დროს, უბრალოდ, ბენზინი გვითავდებოდა. იყო შემთხვევა, როცა საშიში დამნაშავის ასაყვანად მივდიოდით, „მაკაროვში“ თითო ტყვიას ვდებდით იმიტომ, რომ მეტი არ გვქონდა. ამიტომ, საბურავის დაშვება არ გამკვირვებია და ველოდი, რომ ხელქვეითი გოგონასთან ერთად დაბრუნდებოდა, მაგრამ დაღამდა და არც გოგო ჩანდა, არც ის კაცი, ფული რომ წაიღო“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

სხვა გზა აღარ იყო - გამომძიებლები ოჯახის უფროსთან მივიდნენ და პირდაპირ ჰკითხეს, ვინ დაურეკა ფულზე და სად გაატანა თანხა მის ხელქვეითს? კაცი ჯერ ყველაფერს უარყოფდა, თუმცა მერე დანებდა და თქვა, ფული ქალაქის გარეუბანში, აფრიკის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ მიტოვებულ ქარხანაში უნდა მიეტანა, დანარჩენი არაფერი ვიციო. ძალოვნები იმ ქარხნისკენ წავიდნენ და ადგილზე ორი გვამი ნახეს - იმის, ვინც ფული წაიღო და უცხო მამაკაცის. იქვე ეგდო ჩანთა, რომელშიც გამოსასყიდი თანხა იდო, მაგრამ გოგონა არსად ჩანდა. ადგილზე მხოლოდ ერთი იარაღი იყო და ისიც მოსულს ქამარში ჰქონდა გარჭობილი ანუ იარაღის ამოღება ვერ მოასწრო. გამოდის, ორივე ვიღაც სხვამ მოკლა, გაიქცა, მაგრამ ფული არ წაიღო. ისედაც ბურუსით მოცული საქმე მთლიანად აიხლართა. ცალკე სასიძო იგლეჯდა თმას, ცალკე - სამამამთილო, სადედამთილო კი, უბრალოდ, იჯდა და ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა. ოფიციანტმა მოკლული მამაკაცებიდან ერთ-ერთში, სწორედ ის ამოიცნო, ვინც ქორწილიდან პატარძალი ძალით წაიყვანა, დანგრეულ შენობასთან ნახეს თეთრი „07“-იც, მაგრამ საქმეს თავი და ბოლო ვერავინ გაუგო. გამტაცებელი სამართალდამცავებისთვის უცხო არ იყო - ის წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი გახლდათ, ძალადობრივი დანაშაულებისთვის და ამიტომ, მისი იქ ყოფნა არავის გაკვირვებია, მაგრამ ვინ იყო მკვლელი და სად იყო გატაცებული ქალი?

კვანძი მარტივად გაიხსნა - მოკლულების ნახვიდან მეორე დღეს, დაკარგულმა პატარძალმა საქმროს სახლის კარზე დარეკა, კარი სწორედ საქმრომ გაუღო, დააპირა დაკარგულ საცოლეს გადახვეოდა, მაგრამ მან ხელისკვრით მოიცილა ბიჭი, მისაღებ ოთახში შევიდა და მამამთილის მიმართულებით სამჯერ გაისროლა. მიზანს მხოლოდ ერთმა ტყვიამ უწია და ისიც მხარში. გოგონას იარაღი საქმრომ წაართვა, მილიციაში კი სადედამთილომ დარეკა.

„14 წლის ვიყავი, პირველად ამ პირუტყვმა რომ გამაუპატიურა. სიცხე მქონდა და ჩემი დედობილი, შვილთან ერთად, ცირკში წავიდა, მე ვერ გავყევი, თუმცა თამამად დამტოვეს მამობილთან. იმან კიდევ, სიცხე უნდა გაგიზომოო, იღლიაში თერმომეტრს რომ მიდებდა, მკერდზე არაბუნებრივად შემეხო, ვიხამუშე და გამაუპატიურა. შემაშინა, არავინ გყავს, მე კი ფული მაქვს, ადვილად გამოვძვრები, შენ კიდევ ციხეში გაგიშვებენო. ჩემი ხელით გამომაცვლევინა სისხლიანი თეთრეული. მერე ამ ყველაფერმა რეგულარული ხასიათი მიიღო და როცა სკოლას მოვრჩი, უბრალოდ, ამ სახლიდან კი არა, ქვეყნიდან წავედი. მინდოდა, ყველა და ყველაფერი დამევიწყებინა და ეს იმის მიუხედავად, რომ ამათი შვილი მთელი გულით მიყვარდა. მერე იყო შეხვედრა გერმანიაში და მივხვდი, რომ მის გარდა, სხვა კაცი არ მინდოდა. ქორწილის წინა დღეს, სამამამთილოს ვუთხარი, შენს შვილს ყველაფერს მოვუყვები და მოვუყვები იმიტომ, რომ შენი სიფათი აღარასოდეს ვნახო-მეთქი. როგორც მერე გავიგე, ჩემი გატაცება მან დაუკვეთა, შეუთანხმდა იმ ბიჭს, გამოსასყიდი მოითხოვე, შენ ფულს მოგცემ, ამ გოგოს მამის ბიზნესიდან თანხას ავახევო. იმ იდიოტმაც დაიჯერა და ფულის გადმოსაცემად თავისი უერთგულესი ადამიანი გამოუშვა, რომელსაც ორივე უნდა მოვეკალით. ხელები შეკრული არ მქონდა, როცა მივხვდი, რა ხდებოდა, გამტაცებელს ქამრიდან იარაღი ამოვაცალე და ახლაც არ ვიცი, როგორ დავხოცე ორივე. მერე გავიქეცი და შურისძიება გადავწყვიტე. სამწუხაროდ, ვერ მოვკალი“, - ასეთი იყო გოგონას მონაყოლი.

იმის გამო, რომ მამაკაცს სერიოზული კავშირები ჰქონდა, საქმე მაქსიმალურად ჩაიფარცხა, არ გახმაურდა, ყველა გაჩუმდა. მამაკაცს ბრალი არ წარუდგინეს, ვერ დაამტკიცეს გაუპატიურების ფაქტი, გოგონას კი თავდაცვის მიზნით მკვლელობა „გაუპრავეს“, თუმცა მამამთილზე თავდასხმა არ აპატიეს და პირობითი სასჯელი მისცეს. წყვილმა ერთად გააგრძელა ცხოვრება და ბიჭმა მამასთან ურთიერთბა გაწყვიტა, თუმცა ისიც თქვეს, გოგო და ბიჭი ერთმანეთს მალე დაშორდნენ და საბოლოოდ, ქალი გერმანიაში გადასახლდაო.

 ავტორი-ბათო ჯაფარიძე