საზარელი კრიმინალი - ადვოკატი ცოლი მოკლეს, ქმარი კი დაჭრეს

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

როგორ იძია შური მამაკაცმა ყოფილ საცოლეზე

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 

ახალი წელი - დღესასწაული, რომელიც ნამდვილ ზეიმსა და სიახლის მოლოდინთან ასოცირდება. ეს არის ერთადერთი დღესასწაული, რომელიც დიდებსაც და პატარებსაც ერთნაირად უხარიათ და ძალიან, ძალიან იშვიათია შემთხვევა, როცა ახალ წელს ვინმე იმედით არ ელოდება და არ სჯერა, რომ მომავალი გასულზე უკეთესი იქნება. ახალი წელი წარმოუდგენელია თოვლის პაპის გარეშე და მართალია, ახლა სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილ ადამიანებს უფრო ნახავთ, ვიდრე ნაბადმოხურულ და ხურჯინგადაკიდებულ ქართულ თოვლის ბაბუს, მაგრამ პატარებს ყველაფერი ახარებთ. ასე იყო მაშინაც, როცა საქართველოს ყველაზე მეტად უჭირდა, როცა თითქოს არაფერი იშოვებოდა, მაგრამ ახალ წელს ყველა ახერხებდა რაღაცის შეძენას და სუფრის გალამაზებას. ჰოდა, 90-იანი წლების გარიჟრაჟზე, თოვლის პაპის ფორმაში გამოწყობილმა ადამიანმა, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოსთან, ცოლ-ქმარს მაყუჩიანი იარაღით ცეცხლი გაუხსნა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მამაკაცი მძიმედ დაიჭრა და დამნაშავე მიიმალა.

„საქმეს გრიფით „საიდუმლო“ იმ მიზეზით დაედო, რომ ცოლი ადვოკატი გახლდათ, ქმარი - ერთ-ერთი რაიონის პროკურორი და თავიდანვე ყველამ ჩავთვალეთ, რომ საქმე მათ პროფესიულ საქმიანობას ეხებოდა. მით უმეტეს, პროკურორი კონკრეტულ დროს ერთ-ერთ, ძალიან რეზონანსულ საქმეზე გამოდიოდა სახელმწიფო მბრალდებლად და ციხეში კრიმინალური დაჯგუფების ორი ლიდერის გაშვებას აპირებდა. მთავარი ეჭვმიტანილები სწორედ ამ დაჯგუფების წევრები გახდნენ“, -გვიყვება 90-იანების კიდევ ერთ სისხლიან ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

წყვილს 15 წლის ბიჭი დარჩა, რომელიც მომხდარით შოკირებული იყო და აღარ იცოდა, გარდაცვლილი დედა ეტირა, თუ აპარატზე შეერთებული მამა. სამართალდამცავებმა, სტრესის მიუხედავად, ბავშვის დაკითხვა მალე მოახერხეს და როგორც თქვა, შემთხვევამდე სამი დღით ადრე, დედამ მამას სთხოვა, იქნებ, ამ საქმეს შეეშვა, გული ცუდს მიგრძნობსო. მამამ კი ჯიუტად თქვა, მე პროკურორი ვარ და თუ კრიმინალების შემეშინდება, რიგით ადამიანებს რაღა დაემართებათო. ეჭვი, რომ საქმეში კრიმინალური დაჯგუფება იყო გარეული, უფრო გამძაფრდა. დაიკითხნენ მეზობლები და ერთ-ერთმა ძალიან საინტერესო ჩვენება მისცა.

„აივნიდან ვიხედებოდი, როცა ისინი მანქანით მოვიდნენ. მძიმე ჩანთები ქმარმა აიღო და სადარბაზოში შევიდა, ქალი ნელა მიდიოდა უკან, როცა თოვლის პაპის ფორმაში გამოწყობილი ადამიანი მიუახლოვდა, ჯერ რაღაც უთხრა, შემდეგ ხელოვნური წვერი ჩამოიწია, სახე დაანახა ქალს და გულში მიბჯენით ესროლა. სროლამდე ქალმა დაყვირება მოასწრო და ამის შემდეგ გამოვარდა ქმარი სადარბაზოდან. თოვლის პაპამ მას ჯერ თავისკენ მიუშვირა იარაღი, შემდეგ მუცელში ესროლა და წავიდა“, - განაცხადა თვითმხილველმა და ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს მკვლელი სწორედ ქალზე ნადირობდა და არა - კაცზე.

იყო მეორე ვერსიაც - ქმარი ცოლის მკვლელობით დააშინეს. ასე იყო თუ ისე, კრიმინალური დაჯგუფების წევრები სათითაოდ დაიკითხნენ, მაგრამ ყველა მათგანს ალიბი ჰქონდა, თუმცა ამ შემთხვევაში, ალიბი არ იყო გამოსავალი, მათ მარტივად შეეძლოთ „ქილერის“ დაქირავება და საკუთარი ალიბის უზრუნველყოფა.

ყოველი შემთხვევისთვის, შეისწავლეს ყველა ის საქმე, რომელსაც ქალი აწარმოებდა და საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს. როგორც ჩანს, პროკურორი ქმარი ცოლს მძიმე საქმეებს არიდებდა და მხოლოდ ისეთებს აძლევდა, რომელსაც მძიმე შედეგები არ მოჰყვებოდა, ძირითადად, სამოქალაქო დავებს და ა.შ.

მოულოდენლად, გამომძიებლებთან დაზარალებულების შვილი მივიდა და მშვიდად თქვა: „ვიფიქრე და მივხვდი, ვინ მოკლა დედაჩემი და ვინ ესროლა მამაჩემს. ეს მამიდას მეგობარი მამაკაცია, რომელსაც ერთი კვირის წინ, მამა ეჩხუბა და კიბიდან დააგორა“.

ეს რაღაც ახალი იყო. სამართალდამცავებმა სასწრაფოდ მოიძიეს და გაარკვიეს, რომ პროკურორის დასთან, აგერ, უკვე ორი წელი, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი პირი ცხოვრობდა და ამის გამო, პროკურორს დასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ეჭვმიტანილი იმ დღესვე დააკავეს და დაკითხეს.

„რა იყო წარსულში, აღარ მაინტერესებს. მე გამოვსწორდი და მცირე ბიზნესის დაწყება მსურდა. ცოლის ძმასთან და სწორედ რომ ცოლად ვთვლი იმ ქალბატონს, ფულის სასესხებლად მივედი. არა მარტო უარით გამომისტუმრა, დამპირდა კიდეც, ციხეში ჩაგსვამო და ძალიან გავბრაზდი, შევაგინე და იმან კიბიდან დამაგორა. რაც შეეხება მკვლელობას... ამის გამო, კაცს არ მოვკლავდი და კიდევ ვიმეორებ, მე გამოვსწორდი“, - განაცხადა მან და მისი ხელიდან აღებულმა სინჯმაც ანახა, რომ უახლოეს წარსულში, მას იარაღიდან ნასროლი არ ჰქონდა.

გამოძიება ისევ პირველ ვერსიას დაუბრუნდა და ისევ კრიმინალური დაგჯუფების გარშემო დაიწყო ტრიალი.

ამასობაში, პროკურორი ექიმებმა იმ მდგომარეობამდე მიიყვანეს, რომ მისი დაკითხვა შეიძლებოდა.

„წარმოდგენა არ მაქვს, ვინ გვესროლა. სადარბაზოში ლიფტს ველოდებოდი, როცა ცოლთან თოვლის პაპა მივიდა. ახალი წელი მოდის, ამიტომ არ გამკვირვებია, სახე რომ დაანახა, ეგეც დავინახე, მაგრამ ცოლი მეფარებოდა და ვერ გავარჩიე, ვინ იყო. ერთადერთი სიტყვა, რაც გავიგონე, ცამეტია. მერე მოხდა გასროლა, გარეთ გავვარდი და მან ჯერ თავში დამიმიზნა და როცა ვიფიქრე, მეც მომკლავს-მეთქი, მოულოდნელად ხელი დასწია და მუცელში მესროლა“, - სულ ეს იყო, რაც პროკურორმა თქვა.

„ცამეტი“ - ერთადერთი სიტყვა, რომელიც შეიძლებოდა გამოძიების გასაღები გამხდარიყო. გადახედეს ყველა საქმეს, რომელშიც მოკლული ქალი ადვოკატად გამოდიოდა, მაგრამ ბედის ირონიით, 13 წელი არავის ჰქონდა მისჯილი. ყოველი შემთხვევისთვის, გადაამოწმეს მამიდის მეგობარი მამაკაციც და... მას ყაჩაღობისთვის 8 წელი მიუსაჯეს, ციხეში კი ორჯერ, 2 და 3 წელი დაუმატეს და საბოლოოდ, 13 წელი გამოვიდა. ის ისევ დააკავეს და მიუხედავად იმისა, რომ პროკურორიც და მეზობელიც ამბობდნენ, თოვლის პაპას ხელთათმანები არ ეკეთაო, ხელებიდან სინჯი მეორედ აუღეს და ალიბიც ახლიდან გადაუმოწმეს. ახალი ვერაფერი შეიტყვეს, თუმცა მილიციის განყოფილებაში პროკურორის და მივარდა და ბოლო ხმაზე კიოდა, იმ ბოზის გამო, ჩემს ქმარს რატომ იჭერთ, ახლა ჩემმა ძმამ ვიღაცის ნაბიჭვარი უნდა ზარდოსო. ეს რაღაც ახალი იყო და გამომძიებლები კვლავ პროკურორს მიადგნენ.

„დასამალი არაფერი მაქვს. ახალგაზრდობაში, რაღაც დაავადების გამო, გავიგე, რომ შვილი არასდროს მეყოლებოდა. ცოლს ვიცნობდი საადვოკატო საქმინობიდან და ერთ-ერთ პროცესზე გული აერია, მერე თქვა, ერთი თვის ორსული ვარო და ატირდა, გავიგე, რომ საქმრომ მიატოვა და... როგორც ქალი, ძალიან მომწონდა, ამიტომ გადაწყვეტილება სასწრაფოდ მივიღე, ცოლად მოვიყვანე და ბავშვს, როგორც საკუთარს, ისე ვზრდი. მგონი, არც ის უნდა იყოს ჩემით უკმაყოფილო“, - თქვა პროკურორმა და ბიჭმაც დაადასტურა, რომ ერთი წლის წინ, მამიდას ეს ყველაფერი წამოსცდა, დედ-მამამ კი აუხსნა, რა და როგორ იყო და მშობლების მიმართ სიყვარული არ განელებია, უფრო მეტადაც შეუყვარდა გამზრდელი.

რაც შეეხება ბავშვის მამას, პროკურორი ამბობდა, ვიღაც კრიმინალი იყო, შემდეგ ციხეშიც გაუშვესო და... სახელი და გვარიც გაიხსენა. სამართალდამცავებმა დასახელებული პირი მალე იპოვეს და მისი ხელიდან აღებულმა სინჯმა აჩვენა, რომ რამდენიმე დღის წინ, იარაღიდან ისროლა. გარდაცვლილი ქალის შვილმაც თქვა, შემთხვევამდე ორი კვირით ადრე, ვიღაც კაცი ქუჩაში შემხვდა, გადამეხვია, ლოყაზე მაკოცა და როცა გავიკვირვე, მითხრა, შემეშალე, შვილო, სხვა მეგონეო. ბიჭმა უცნობში დაკავებული ამოიცნო.

„მკვლელი გგონივართ, ხო? არა, მე მკვლელი არ ვარ, მე ჩემს შვილს საშინელი ქალი მოვაცილე გვერდიდან. ის ძალიან, ძალიან მიყვარდა. ცოლად მოყვანასაც ვაპირებდი, მაგრამ უარი მითხრა, სხვა გეგმები მაქვსო. ვიცოდი, ორსულად რომ იყო და როცა გათხოვდა, გადავირიე. ჩუმად შევხვდი და მითხრა, პროკურორმა მაიძულა ცოლად გავყოლოდი, რადგან ერთ-ერთ საქმეში რაღაც შემეშალა და დაჭერით დამემუქრაო. ძალიან გავბრაზდი და ეს კიდევ მეუბნება, სანამ ის ცოცხალია, ვერაფერს ვიზამთ, უნდა მოკლა, იარაღს მე ვიშოვიო. ბინდი მქონდა გადაკრული თვალებზე, ვიღაც ცოლსა და შვილს მართმევდა. იარაღი მეორე დღეს გამოვართვი, მკვლელობა მესამე დღისთვის დაიგეგმა, როგორც ჩემმა საცოლემ მითხრა, მისი ქმარი ამ დღეს ქალაქგარეთ გადიოდა და მანქანას გზაზე უნდა დავხვედროდი. ჰო, როცა იარაღი მომცა, ტყეში წამაყვანინა თავი, მასროლინა იარაღიდან, რომ მიეჩვიოო და შინ გამატანა. იმავე დღეს, სახლში მილიცია დამადგა, ჩხრეკა ჩაატარეს, იარაღი მიპოვეს და იმ იარაღით ვიღაცის მკვლელობა შემტენეს. ასე მომისაჯეს 13 წელი. მერე გავიგე, რომ ცოლი ვიღაც დიდი კაცის შვილს იცავდა, მამამისი უზარმაზარ ფულს იხდიდა, ოღონდ ციხიდან დაიხსენიო. მკვლელობის იარაღი მილიციამ ვერ იპოვა, მაგრამ დაკავებულმა ხომ იცოდა, სადაც შეინახა, ამიტომ ადვოკატმა გამოართვა, მე შემაჩეჩა და ორი კურდღელი დაიჭირა - მე ციხეში გამიშვა, დიდი ფული აიღო და ბიჭი გაათავისუფლა. არ ვნანობ მის მკვლელობას და პროკურორი იმიტომ არ მოვკალი, რომ მითხრეს, კარგი მამააო“, - დაასრულა მოყოლა დაკავებულმა.

იმის მიუხედავად, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა ერთადერთი რამ, შვილთან შეხვედრა ითხოვა, ეს შეხვედრა არ შედგა, რადგან ბიჭმა მისი ნახვა არ ისურვა. სასამართლომ მას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მაგრამ სამი წლის შემდეგ, ციხეში ტუბერკულოზით გარდაიცვალა. ბიჭი კი... ბიჭი დღეს საკმაოდ ცნობილი პროკურორია.