18 წლის წინ, გორში გაუჩინარებული ბავშვის მკვლელობის დღემდე უცნობი დეტალები

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 ვინ არის იაგო ნებიერიძე - კრიმინალის დოსიე

 

ბათო ჯაფარიძე

 

2004 წლის პირველი ნოემბერი... გორში, 11 წლის ზაქრო ბერძენიშვილი დედამ ეზოში სათამაშოდ გაუშვა, მას შემდეგ ბავშვი არავის უნახავს - გაქრა და იმის მიუხედავად, რომ მთელი ქალაქი ეძებდა, კვალს ვერ მიაგნეს. არსებობდა მოწმე, რომელიც ამტკიცებდა, რომ ზაქრო ეზოდან მაღალმა, გამხდარმა ბიჭმა გაიყვანა. მალევე, სახლში წერილი მიიღეს, სადაც ოჯახს 20 ათას დოლარს სთხოვდნენ. წერილი ბოშა ბავშვმა მიიტანა და თქვა, რომ არ იცნობდა ადამიანს, ვინც წერილი მისცა. შემდეგ იყო მეორე წერილი და ზაქროს მამა მაშინვე გარეთ გავარდა. მართალია, ის, ვინც ბოშას წერილი გადასცა, დაინახა, მაგრამ გაექცა. ამის მიუხედავად, დაკარგული ბავშვის მამამ იცნო იაგო ნებიერიძე და მას სახლშიც მიაკითხა. ქურთუკი, რომელიც ნებიერიძეს ეცვა, საკიდზე ეკიდა. სამართალდამცავებმა ნებიერიძე დააკავეს...

 

მანამდე, ყველაფერ ამას საინტერესო ამბავი უძღოდა. ნებიერიძე და მამამისი ბერძენიშვილებთან მუშაობდნენ და მათ ავტოფარეხს აშენებდნენ. სწორედ მაშინ გაიცნეს ოჯახის ყველა წევრი და შესაბამისად, რატომ გაჰყვა კარგად ნაცნობ ნებიერიძეს ეზოდან ბერძენიშვილი მშვიდად, კითხვას აღარ ბადებდა, თუმცა ამის მიუხედავად, რბილად რომ ვთქვათ, სამართალდამცავებმა მაშინ ვერ ივარგეს და ნებიერიძეს მხოლოდ წერილის დაწერა ანუ გამოძალვის მცდელობა და თაღლითობა წარუდგინეს ბრალად, რის შემდეგაც სასამართლომ 20 წლის ნებიერიძეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ნებიერიძე ციხიდან 2008 წელს გათავისუფლდა, თუმცა იმავე წელს, ყაჩაღობის რამდენიმე ეპიზოდის გამო, შეკრებითობის პრინციპით, 17 წელი მიუსაჯეს. შემდეგ იყო ამნისტია, შეკრებითობის პრინციპის გაუქმება და ნებიერიძემ ციხე 2017 წელს დატოვა, 2018 წელს კი საქართველომ ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი დანაშაულის შესახებ შეიტყო. ისევ გორში, 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი გაუჩინარდა. ნანიკო ცეკვაზე წავიდა და გაქრა. მთელი გორი ისევ ფეხზე დადგა, სამართალდამცავებმა ყველა სახლის ჩხრეკა ოპერატიულად დაიწყეს და რაც მთავარია, საქმეში კინოლოგები ჩართეს. ეს გარდამტეხი მომენტი იყო - ძაღლმა სწორედ ის სახლი იპოვა, სადაც, სავარაუდოდ, გოგონა მოკლეს. დეტალური დათვალიერების შემდეგ, სახლში სისხლიც იპოვეს, რომელიც დაკარგულ ნანიკოს ეკუთვნოდა.

იმავე საღამოს, გორში, რუსთაველის ქუჩაზე, სამართალდამცავებმა 34 წლის იაგო ნებიერიძე დააკავეს, რომელიც იმ სახლში, რომელსაც ძაღლი მიადგა, მუშად მუშაობდა. მალევე იპოვეს გოგონას ცხედარი - მდინარე ლიახვის ნაპირზე. არადა, სწორედ ის ადგილი, მოსახლეობამ რამდენჯერმე გაჩხრიკა. მერე გაირკვა, საქმეში კინოლოგების ჩარევის შემდეგ, ნებიერიძეს შეეშინდა, ცხედარი სახლიდან ურიკით გაიტანა და მდინარის პირას დააგდო. უდიდესი ალბათობით, მას ცხედრის გადაგდება მდინარეში სურდა, თუმცა ვერ მოახერხა, რაღაცამ ან ვიღაცამ ამაში ხელი შეუშალა.

ის, რომ ნებიერიძეს უვადო პატიმრობას მიუსჯიდნენ, თავიდანვე ცხადი იყო, თუმცა მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნებიერიძემ ძალოვნებთან ვაჭრობა დაიწყო და 2004 წელს გაუჩინარებული ზაქრო ბერძენიშვილის სამარხის ადგილის ჩვენების სანაცვლოდ, სამუდამოს ნაცვლად, 20-წლიან პატიმრობას ითხოვდა.

დანამდვილებით ძნელია იმის თქმა, რას დაპირდა მაშინ გამოძიება ნებიერიძეს, თუმცა თითქმის ერთი კვირის განმავლობაში, სამართალდამცავებმა გორის პარკი, ლამის, თავიდან ბოლომდე ამაოდ თხარეს და ეძებეს. მართალია, იქ ძვლები იპოვეს, მაგრამ შემდეგ დადგინდა, რომ ძვლები ცხოველის (სავარაუდოდ, ძაღლის) იყო. ამის შემდეგ, მინიშნება, რომ ნებიერიძემ დაკარგულ ბერძენიშვილზე რამე იცოდა, არ გაკეთებულა, თუმცა...

დაახლოებით, ორი წლის წინ, ძალოვანი სტრუქტურის კულუარებში კვლავ გაჟონა ინფორმაციამ, რომ ნებიერიძე სამართალდამცავებთან ვაჭრობას კვლავ ცდილობდა და ამტკიცებდა, თითქოს, ზაქრო ბერძენიშვილის სამარხის ადგილი იცოდა. რაც მთავარია, ამბობდა, რომ ყველაფრის შესახებ შემთხვევით გაიგო და რეალურად, ბავშვის გაუჩინარებაში ბრალი არ მიუძღოდა, რისი დაჯერება, თუნდაც უდანაშაულობის პრეზუმფციის გათვალისწინებით, ძალიან ძნელია. რატომღაც გვგgონია, რომ ნებიერიძემ ყველაფერი 2004 წელსაც გადასარევად იცოდა, მაგრამ სამართალდამცავებმა მისი გამოტეხვა ვერ შეძლეს და ალბათ, იმიტომ, რომ იმ დროისთვის ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო და ნებიერიძემ კარგად იცოდა, არასრულწლოვნის მკვლელობისთვის დიდ სასჯელს მისცემდნენ, გამოძალვისთვის - მცირეს.

და მაინც, ჯიუტად გავიმეორებთ, რომ მაშინ 20 წლის ნებიერიძის დაკითხვა უკეთესად შეიძლებოდა.

შემდეგ იყო ის, რაც თავში ვთქვით - ყაჩაღობა, 17-წლიანი სასჯელი, ამნისტია და კიდევ ერთი, უსასტიკესად მოკლული ბავშვი. ამჯერად, ნებიერიძე ციხეში უვადოდ გაუშვეს, მაგრამ... არსებობს მცირე, მაგრამ მაინც შესაძლებლობა, რომ სამართალდამცავებმა ნებიერიძეს ინფორმაციის სანაცვლოდ, რამე შესთავაზეს. სამუდამო პატიმრობამისჯილ ადამიანს მხოლოდ ერთადერთი რამ შეიძლება შესთავაზო - სამუდამო სასჯელის რეალური სასჯელით შეცვლა, თუნდაც ეს რეალური სასჯელი 20 და 25 წელი იყოს. თუ ასე მოხდა ანუ თუ შეთანხმება შედგა, ძალოვანმა უწყებამ ნებიერიძე, უბრალოდ, უნდა „გადააგდოს“, სამუდამო სასჯელი არ უნდა შეუცვალოს და სიცოცხლის ბოლომდე, ოთხ კედელს აყურებინოს.