ვინ მოკლა მამაკაცი, რომელიც გოგონებს სახეზე დანას უსვამდა - შურისძიება ქალებზე

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 სამწუხაროდ, იყო დრო, როცა საქართველოში დანაშაული ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა და დამნაშავე ხშირად დაუსჯელი რჩებოდა. 90-იანი წლების გარიჟრაჟზე, იარაღით დადიოდა ყველა და სამართალდამცავებიც ვერაფერს ეუბნებოდნენ. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა მკვლელობაში ეჭვმიტანილი განყოფილებიდან მეგობრებს იარაღის მუქარით გაუყვანიათ და მილიციისთვის მკაცრი გაფრთხილებაც მიუციათ, მეორედ აღარ დაიჭიროთო. სამართალდამცავებიც ფრთხილობდნენ და მაქსიმუმს აკეთებდნენ, რათა თავადაც გადარჩენილიყვნენ და როგორმე, ქვეყანაშიც წესრიგი დაემყარებინათ. პრაქტიკულად, ყველა უბანში არსებული „საძმოები“ იმაზე კარგად იყვნენ შეიარაღებულნი, ვიდრე სამართალდამცავები და ამიტომ, მათთან ომს აზრი არ ჰქონდა. ცოდვა გამხელილი სჯობს - როცა „უპატრონო“ დამნაშავეს იჭერდნენ, ცდილობდნენ, მომხდარი და გაუხსნელი ყაჩაღობები, ან ქურდობები „შეეტენათ“, სანაცვლოდ კი დაკავებულს მოსალოდნელზე მსუბუქ სასჯელს ჰპირდებოდნენ. ამით გამომძიებლები ათობით გაუხსნელ საქმეს იცილებდნენ თავიდან.

 ირგვლივ საშინელება ტრიალებდა. იყო შემთხვევები, როცა მილიციის თანამშრომლებმა ზუსტად იცოდნენ, ვინ ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ ვერ აკავებდნენ. იმ თანამშრომლებზე, რომლებიც კრიმინალების პარპაშს ვერ ეგუებოდნენ, არცთუ იშვიათად მომხდარა ჩასაფრება და ლიკვიდაციის მცდელობებიც ბევრი იყო, რამდენიმე მათგანი კი, სამწუხაროდ, მკვლელობით დასრულდა.

სწორედ იმ პერიოდში, ერთი თვის განმავლობაში, თბილისის საავადმყოფოებს ახალგაზრდა ქალებმა მიმართეს. მათ ერთი დამახასიათებელი ნიშანი ჰქონდათ - სახეზე, ლამის, მთელ სიგრძეზე ეტყობოდათ იარები. მათი მონაყოლით გაირკვა, რომ ღამით, უცხო მამაკაცი დაესხათ თავს და სახეზე დანა რამდენჯერმე დაუსვა. ეს არ იყო მკვლელობის მცდელობა, რადგან მკვლელი დანას სხვა მიმართულებით გამოიყენებდა, უფრო სახის დამახინჯების სურვილს ჰგავდა. ექიმები ვალდებულნი იყვნენ, მილიციაში დაერეკათ და რეკავდნენ კიდეც. სამართალდამცავებმა საქმეები გააერთიანეს, მაგრამ გოგონებს შორის კავშირი ვერ აღმოაჩინეს. ისინი არათუ ერთი უბნიდან არ იყვნენ, არამედ, ერთმანეთს არ იცნობდნენ და საერთო ნაცნობებიც კი არ ჰყავდათ, ამიტომ მათ გარემოცვაში თავდამსხმელის ძებნა უაზრობა იყო.

არც ჩასაფრება გამოვიდოდა, რადგან დანაშაული თბილისის სხვადასხვა უბანში მოხდა და მათ შორის კავშირიც ვერაფრით დადგინდა, თანაც თუ ერთ შემთხვევაში, ქალს მეტროსთან ახლოს დაესხნენ, მეორე შემთხვევაში - მეტრო არაფერ შუაში იყო, ზოგს კორპუსთან დახვდნენ, ზოგს - სკვერთან. თავდამსხმელი ხმას არ იღებდა, ქალებს უკნიდან ეპარებოდა, მიწაზე აგდებდა, მერე ერთ ხელს ყელზე უჭერდა, მსხვერპლს რომ არ დაეყვირა და დანას, მინიმუმ, სამჯერ უსვამდა. ჭრილობები ძირითადად ლოყებსა და ტუჩ-ნიკაპის მიდამოებში ჰქონდათ.

თანამედროვე მედიცინის პირობებში, ნებისმიერი იარის გაქრობა შეიძლება, მაშინ კი ღრმა ნაიარევი რჩებოდა და დაზარალებული ქალები იძულებულები იყვნენ, ქუჩაში სახეზე თავსაფარშემოხვეულებს ევლოთ. ისინი არ იყვნენ კრიმინალების ცოლები, დები თუ მეგობარი გოგონები, ვინმეს რომ შური ეძია, ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანები გახლდნენ, ყოველდღიური პრობლემებითა და საზრუნავით.

დაზარალებულებიდან ორმა მოახერხა, რომ თავდამსხმელს მკლავზე შეეხო და ორივე ამტკიცებდა, არანორმალურად დიდი კუნთები ჰქონდა, შეუძლებელია, კაცს ასეთი კუნთები ჰქონდეს, თუ სპეციალურად არ ვარჯიშობსო. ჰო, რაც მთავარია, გაუპატიურების მცდელობა არ ყოფოლა, წელს ქვემოთ და მკერდზე თავდამსხმელი ქალებს არც კი ეხებოდა, გამოჩნდებოდა, მიწაზე დააგდებდა, ყელში ხელს წაუჭერდა, შემდეგ დანით დასერავდა და სანამ მსხვერპლი მიხვდებოდა, რა მოხდა, გარბოდა.

გოგონებმა ისიც გაიხსენეს, რომ კაცს ზოლიანი მაისური ეცვა, ხოლო ერთ-ერთმა დაბეჯითებით თქვა, მეზღვაურის მაისური ეცვა, ზუსტად ასეთი, ჩემს ძმას მეზღვაურმა მეგობარმა აჩუქაო. ბედის ირონიით, მაშინ დედაქალაქში, ასეთი მაისური იშვიათობა იყო და თუ ვინმეს ჰქონდა, აუცილებლად აჩენდა იმიტომ, რომ... ერთგვარ მოდად ითვლებოდა და საკმაოდ ძვირიც ღირდა. უფრო ხშირად, ასეთი მაისურებით, სხვადასხვა კრიმინალურ დაჯგუფებებში გაერთიანებული ადამიანები დადიოდნენ და სამართალდამცავებმაც მათი შესწავლა დაიწყეს, თანაც მაისურის გარდა, ჰქონდათ ერთი მნიშვნელოვანი მინიშნებაც - ძალიან დიდი კუნთები, რაც ასევე, კრიმინალთა შორის, მაშინ დიდი იშვიათობა იყო. რა კუნთები, იმჟამინდელი კრიმინალების მთავარი ატრიბუტიკა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში - მზის სათვალე, კისერზე შემოხვეული ბენდენა და სიგარეტი იყო.

სამინისტროში გაფართოებული თათბირი ჩატარდა და სავარაუდო დამნაშავის აღწერილობა, პრაქტიკულად, ყველა განყოფილებას დაურიგეს. მილიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გაიხსენა, რომ ზუსტად ასეთი აღწერილობის ადამიანი ერთ-ერთი დაჯგუფების ლიდერის დაცვაში მუშაობდა. ლიდერს მინისტრის მოადგილე კარგად იცნობდა და მასთან შეხვედრა გადაწყვიტა. მოსმენილმა კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი (შემდეგ, ის ბიზნესმენად ჩამოყალიბდა, არცთუ დიდი ხნის წინ გარდაიცვალა და ლამის, ნახევარმა საქართველომ დაიტირა) მოსმენილით გაოცდა და დაპირდა, გავაკონტროლებ, თუ ანალოგიურ რამეს სჩადის, პირადად დავსჯი, გვერდში ქალებზე მოძალადე არ მჭირდებაო (?!). არადა, მისი დაჯგუფება ერთ-ერთი, ყველაზე სასტიკი იყო და ძირითადად, რეკეტითა და ყაჩაღობით ირჩენდა თავს, მათთვის არც მკვლელობები იყო უცხო და ამიტომ, სამართალდამცავებმა თვალთვალი თავადაც დაიწყეს.

დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში არაფერი მომხდარა. ეჭვმიტანილი, რომელსაც სამხედრო სავალდებულო სამსახური რუსულ არმიაში, სადესანტო დანაყოფში ჰქონდა გავლილი, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივად იქცეოდა, თუმცა შემდეგ მოხდა ისეთი რამ, რამაც დედაქალაქის მილიციის მთელი შემადგენლობა ფეხზე დააყენა. დაჯგუფების წევრები ერთ-ერთ დანგრეულ შენობასთან შეიკრიბნენ. ორი ოპერმუშაკი, რომელიც ყველაფერს შორიდან აკვირდებოდა, ფიქრობდა, რომ მათ, უბრალოდ, მორიგი გარჩევა ჰქონდათ, ან ახალ საქმეზე სასაუბროდ იყვნენ მისულები. მოულოდნელად, შენობიდან სწორედ ის ეჭვმიტანილი გამოვარდა, უკან ათამდე კაცი მოსდევდა. წინ მიმავალს სახიდან სისხლი სდიოდა, დანარჩენებს კი მართალია, ხელში იარაღი ჰქონდათ მომარჯვებული, არ ესროდნენ, უბრალოდ, ბოლო ხმაზე უყვიროდნენ, გაჩერდი, თორემ გესვრითო. გაქცეული არ გაჩერდა და სამართალდამცავებიც მას მიჰყვნენ. დიდი მონდომებისა და მცდელობის მიუხედავად, ისინი ეჭვმიტანილს ვერ დაეწივნენ, როგორც ჩანს, რუსულ დესანტში საკმაოდ კარგად ამზადებდნენ ფიზიკურად ადამიანებს. რა მოხდა, არავინ იცოდა და სავარაუდოდ, ვერც ვერავინ გაიგებდა, ეჭვმიტანილს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება რომ არ მიეღო - მილიციის განყოფილებაში თავის ფეხით მივიდა და მოითხოვა, დამაპატიმრეთო.

„ბავშვობაში ძალიან სუსტი ვიყავი და ამის მიუხედავად, მშობლები ცალკე ინგლისურზე მატარებდნენ, ცალკე - ცეკვაზე, ცურვაზე, ვილინოზეც კი. ყველგან იყვნენ ლამაზი გოგონები, რომლებიც უბრალოდ, დამცინოდნენ ჩემი აღნაგობის გამო. როგორც კი რომელიმეს ვეტყოდი, ან სახლამდე გაგაცილებ, ან ხაჭაპურზე და წვენზე დაგპატიჟებ-მეთქი, მაშინვე ისტერიულად იცინოდა და ხმამაღლა მეუბნებოდა, რომ მახინჯი ვიყავი, რომ ჩემთან ერთად, სასეირნოდ კი არა, საპირფარეშოშიც კი არ წამოვიდოდა. ყველაფერი ეს დაილექა და ამიტომ, როცა ჯარში მივდიოდი, მამას ვთხოვე, საკუთარი კავშირები გამოეყენებინა, რომ სადესანტო ნაწილში გავეშვი. თავიდან იქაც არ მიღებდნენ, თუმცა მერე ვარჯიშებზე თავს რომ არ ვზოგავდი, დამტოვეს. იქიდან სხვა კაცი დავბრუნდი, უზარმაზარი მასა, კარგად მომზადებული მებრძოლი. აქ რაც ხდება, კი იცით და როცა კრიმინალურ დაჯგუფებაში მივედი, დაცვაში ამიყვანეს. იმ ლიდერს დასაცავი არაფერი აქვს, იმიჯისთვის სურდა ჩემი გვერდით ყოფნა. ჰოდა, მერე ის გოგოები მოვძებნე, ლამაზებად რომ ითვლებოდნენ და სინამდვილეში, ვერაფერს მიაღწიეს. სახეზე დანასაც იმიტომ ვუსვამდი, რომ მიმხვდარიყვნენ - ერთადერთი რაც ჰქონდათ, ისიც დაკარგეს. არ ვიცი, ჩვენმა შეფმა საიდან გაიგო, მაგრამ მოკვლა დამიპირა, აქაოდა, იმიჯი შემილახე, ახლა ყველა ამბობს, რომ დაცვაში უმწეო ქალებზე მონადირე მყავსო. სახეზე დანა დამისვა და როცა გამოვრბოდი, მომაძახა, ვერსად დამემალებიო. მეც ვიცი, რომ ვერ დავემალები, ამიტომ მოვედი და გამასამართლეთ“, - ასეთი იყო დამნაშავის მონოლოგი.

სასამართლო მალე გაიმართა, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ როგორც ჩანს, კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი სიტყვებს ჰაერზე არ ისროდა, რადგან სასამართლოს განაჩენიდან მალევე, ბიჭი ჯერ ციხის „რეზბალნიცაზე“ გადაიყვანეს, შემდეგ კი, ერთ-ერთ პალატაში, მოკლული იპოვეს. როგორც წესი, ციხის მაშინდელმა ადმინისტრაციამ მკვლელი ვერ იპოვა.