„მოვა დრო და ყველაფერს იტყვის!“ - ინტერვიუ ბადრი ესებუას ადვოკატთან

სასამართლო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შსს-მ, ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული ძარცვის საქმეზე ძებნილი ბადრი ესებუა, 2023 წლის 8 თებერვალს დააკავაესებუას ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი და 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. „დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-, 236-, 323- და 329- მუხლებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შსს-ში.  პროკურატურის ცნობით, დაკავებისას ამოიღეს აფხაზეთის .. პასპორტი და რუსული რუბლებიც.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლად აიყვანა. ერთ-ერთი მძევალი, თავდამსხმელის დავალებით, მედიას დაუკავშირდა და პირდაპირ ეთერში უყურებდა მოსახლეობა საქართველოში, ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ ძარცვას.

თავდამსხმელი მოითხოვდა 500 000 აშშ დოლარს, ვერტმფრენს ან მანქანას. თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად, მათ შორის, ერთ-ერთი იყო შსს- სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროს, ავთანდილ გალდავა. მოგვიანებით, თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.

სამართალდამცავი სტრუქტურის მიერ ბადრი ესებუა ზუგდიდში თავდასხმიდან მალევე იქნა იდენტიფიცირებული, მაგრამ ამ დრომდე დაკავებული არ იყო. ესებუა ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებითაა ბრალდებული. მის საქმეს ზუგდიდის სასამართლო განიხილავს.

„ვერსია“ ბადრი ესებუას ადვოკატ ალექსანდრე კობაიძეს ესაუბრა.

- ბატონო ლექსო, როდის გაესაუბრეთ ბადრი ესებუას და რას ამბობს? როგორც ცნობილია, დანაშაულს არ აღიარებს...

- დიახ, ასეა. დაახლოებით, ერთი კვირის წინ ვესაუბრე და როგორც გავრცელდა, არ აღიარებს დანაშაულს, თუმცა ძალიან ბევრი  ნიუანსია, რაც საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის. პირველი ისაა, რომ მისი ძმა ჰყავს მძევლად აყვანილი ხელისუფლებას და კვლავ ტყვეობაშია. ბადრი ესებუას ამოცანაა, რომ პირველ რიგში, ძმა იქნას გათავისუფლებული და თუ რაიმე კითხვა ექნებათ, მზადაა, ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი.

- ბადრის ძმას, ბიძინა ესებუასაც დაკავებისას იარაღი აღმოუჩინეს...

- იარაღი რომ ამოღებულ იქნა, შესაძლოა, ჩაუდეს და ამაზე აქვს პროტესტი. ძმა რა შუაშია, ძმა საერთოდ არაფერ შუაშია.

ასევე, როდესაც ბადრი ესებუა დააკავეს, ჰყავდა ადვოკატი, თუმცა არ მოხდა ადვოკატის ონფორმირება, როცა ჩხრეკა-ამოღების ფაქტი მოხდა. მას ედავებიან, რომ დაკავების დროს გააჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი, თავის ვაზნებით. ასევე, აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის პასპორტი იყო მის ოთახში, ოფიციალური ვერსიით. შესაბამისად, ბევრი კითხვა ჩნდება - რატომ ეკუთვნოდა ბადრი ესებუას ეს პასპორტი? ასევე, ედავებიან, რომ ნახევარლიტრიან ქილაში ფულს ინახავდა. ჩხრეკა-ამოღების ოქმში წერია და რითი დასტურდება ეს?

- ანუ, ფულს შუშის ქილაში ინახავდა... რა თანხაზეა საუბარი?

- დიახ, დაახლოებით, 1 400 ლარზეა საუბარი, რაც აბსურდია. ასევე, ფიზიკურად გაუსწორდნენ, დათვალიერების ოქმში აშკარად ნაცემია და მისი უფლებები დაირღვა დაკავების მომენტში. როცა დააკავეს, როგორც წეღან ვახსენე, ადვოკატი ჰყავდა, წესი ასეთია - ნებისმიერ საგამოძიებო მოქმედებას ადვოკატი უნდა დაესწროს, რაც არ გააკეთეს და მას, როგორც ბრალდებულს, უფლებები დაერღვა. მნიშვნელოვანია კიდევ ერთი რამ, რასაც ბადრი ესებუა ითხოვს, ესაა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩანიშვნა.

- სურს, რომ საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ?

- დიახ, მაგრამ პროკურატურამ ასეთი ხრიკი გამოიყენა, ისეთი ბრალდებები წაუყენა, რომელიც ნაფიც მსაჯულთა განსჯადი არაა. მაგალითად, ერთ-ერთ ეპიზოდში ბადრი ესებუას ედავებიან, რომ იარაღი დაადე ერთ-ერთ პიროვნებას და ბანკამდე მიიყვანეო. კლასიკურად რომ შევაფასოთ, ეს არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, მაგრამ წარუდგინეს უფრო მსუბუქი ბრალდება, იძულება, იმის გამო, რომ არ ჩამჯდარიყო ამ კვალიფიკაციაში და ნაფიც მსაჯულებს არ განეხილათ საქმე. ასევე, მძევლად ხელში ჩაგდება, რომელსაც 144-ე მუხლი გულისხმობს, არ წარუდგინეს და წარუდგინეს მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნებისთვის. არადა, ვინც აღნიშნული გააკეთა, ერთადერთი მიზანი ჰქონდა, რომ თანხა აეღო. შესაბამისად, ნათელია, რომ პროკურატურას არ სურს, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ ბადრი ესებუას საქმე.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ნაფიცი მსაჯულები დაინახავენ რეალობას, რომ აღნიშნული არ ჩაუდენია ბადრი ესებუას და ადამიანს ისე სჯიან და ასამართლებენ, რომ საერთოდ შემხებლობა ნულის ტოლია.

- რა მტკიცებულებები დევს საქმეში, რითი ამტკიცებს პროკურატურა, რომ დამნაშავე ბადრი ესებუაა?

- საქმეში დევს აფხაზეთის ე.წ. პასპორტი, ასევე რუბლები, რომელზეც ამბობენ, რომ ბადრი ესებუას ეკუთვნოდა და კითხვა ჩნდება - თუ ბადრი ესებუა არაკონტროლირებად ტერიტორიაზე იყო გადასული, უკან რატომ დაბრუნდა? ესაა აბსურდი, არ ყოფილა ბადრი ესებუა წასული, რადგან თუ მან ჩაიდინა ეს დანაშაული და იქ გაიქცა, მაშინ, უკან რატომ დაბრუნდა? როცა გარბიან, უკან აღარ ბრუნდებიან, ან თუ ბრუნდებიან და იმალებიან, ეს მით უმეტეს აბსურდია.

- შესაძლოა, იმიტომ დაბრუნდა, რომ ძმა პატიმრობიდან გაეთავისუფლებინათ...

- ამ ლოგიკას თუ გავყვებით, მაშინ, უნდა აღიაროს და თქვას, მე ვიყავიო. ის კი ამას არ ამბობს.

- თუმცა, ამბობს, რომ ითანამშრომლებს გამოძიებასთან.

- კი, ძმასთან დაკავშირებით რა კითხვებიც ექნებათ, ითანამშრომლებს...

- ასევე, მნიშვნელოვანია, ჩანიშნულია თუ არა ექსპერტიზა? პირს, რომელმაც აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა, დაფარული ჰქონდა სახე, მაგრამ უჩანდა თვალები.  ამ დეტალის მიხედვით, შესაძლებელია პიროვნების იდენტიფიცირება?

- ექსპერტიზები ჩანიშნულია და ერთი მტკიცებულებაც არ ადასტურებს ბადრი ესებუას მონაწილეობას აღნიშნულ ბანკის ძარცვაში.

- ესე იგი, თავად ამბობს, რომ ამ დროის განმავლობაში საქართველოში იყო და არსად წასულა?

- დიახ, ასე ამბობს.

- თუ ასეა, სახლში რატომ არ იმყოფებოდა?

- იმიტომ, რომ უკვე იცოდა სამართალდამცავი ორგანოები უკანონო ქმედებებს ჩადიოდნენ მის წინააღმდეგ. თუ რატომ, არ მინდა, ამ დეტალებზე ვისაუბრო, რადგან თავად ისაუბრებს ყველაფერზე.

- სასამართლოზე აპირებს ყველაფერ ამაზე საუბარს?

- მოვა დრო და ისაუბრებს.

- საინტერესოა, რით ხსნის იმ ფაქტს, რომ გაიქცა? მით უმეტეს, თუ უდანაშაულოდ მიიჩნევს თავს.

- იმით, რომ მასსა და მის ოჯახზე უკანონო ქმედებები განხორციელდა. რომ მის გამოჩენას მოჰყვებოდა ის, რაც ახლა მოჰყვა, უკანონოდ არის დაკავებული.

- რომელი მუხლებით ედება ბრალი ესებუას და თუ ეცდებით ბრალის გადაკვალიფიცირებას სასამართლოში?

- რა თქმა უნდა, მოვითხოვთ, ტერორიზმი არაფერ შუაშია. თუ მუხლებზე ვსაუბრობთ, ეს არის კლასიკური ყაჩაღობა და ეს მუხლი არ აქვს წარდგენილი, ასევე, მძევლად ხელში ჩაგდება არ აქვთ წარდგენილი და გაზვიადებულია ბრალის ფორმულირება, „ტერორისტული მიზნებისთვის“ - ეს ტერმინია გამოყენებული, რამაც დაუმძიმა მუხლი. ეს ორი მუხლია ძირითადი - 329-ე და 323-ე, ასევე 150-ე და 236-ე მუხლები.

- ყველაფერი ეს, სასჯელის რა ზომას გულისხმობს?

- დაახლოებით, 15 წელს.

 

ავტორი: თათია გოჩაძე