რას მოიცავს ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება, რაც A კატეგორიის ტაქსების ნებართვის ბაზრის შექმნას ითვალისწინებს. რეფორმის პრეზენტაციაზე თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, რომ ტაქსის 1-წლიანი A კატეგორიის ნებართვები უვადო გახდება.

პირველი აპრილიდან ტაქსის მძღოლებისთვის შემდეგი ცვლილებები ამოქმედდება:

ბაზარზე დაშვებული იქნება A კატეგორიის ნებართვებით ვაჭრობა - ყიდვა-გაყიდვა, იჯარით გაცემა და მიღება, ასევე ნებართვის უფლებრივად დატვირთვა;
A კატეგორიის ნებართვა ფასიანი აქტივი იქნება;
A კატეგორიის სანებართვო ბაზარზე შესვლა, ფიზიკურ პირებთან ერთად, იურიდიულ პირებსაც შეეძლებათ;
20 მარტიდან მუნიციპალიტეტი შეწყვეტს არსებული სისტემით A კატეგორიის ნებართვების გაცემას;
პირველი აპრილიდან მერიაში უვადო ნებართვის აღება მხოლოდ იმ პირებს შეეძლებათ, რომლებიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ნებისმიერ პერიოდში ერთხელ მაინც ფლობდნენ A კატეგორიის ნებართვას. ერთ ფიზიკურ პირს მხოლოდ ერთი ნებართვის აღების უფლება ექნება;
ყველა დანარჩენ მოქალაქეს, პირველი აპრილიდან, A კატეგორიის ნებართვის მიღება, შესყიდვის ან იჯარის გზით, იმ პირებისგან შეეძლება, რომლებიც მას ფლობენ;
პირველი აპრილიდან ამოქმედდება ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge, სადაც ყველა ტრანზაქციის განხორციელება იქნება შესაძლებელი;
პირველი აპრილიდან გაცემული ახალი, A კატეგორიის ნებართვა საჭიროებს მიმღების მიერ აქტივაციას. რომლის ვადად 2023 წლის პირველი აპრილიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე პერიოდი განისაზღვრა;
A კატეგორიის ნებართვა, რომელიც დადგენილ ვადაში არ გააქტიურდება, ავტომატურად გაუქმდება ვადის გასვლისთანავე;
A კატეგორიის ნებართვის საფასური უცვლელია და დაანგარიშდება დღიურად. მოქალაქეს, რომელიც აიღებს ნებართვას, მაგრამ არ გამოიყენებს და შეინახავს, დღეში 3 ლარის გადახდა მოუწევს. იმ პირს კი, რომელიც აიღებს ნებართვას და შესაბამის საქმიანობაში ჩაერთვება, ეს საფასური არ შეეხება;
ფიზიკურ პირებს, რომლებსაც არასოდეს აუღიათ A კატეგორიის ნებართვა და ახორციელებენ, ან სურვილი აქვთ განახორციელონ A კატეგორიის ბაზარზე ტაქსის მომსახურება, ახალი სისტემით გათვალისწინებული A კატეგორიის ნებართვა მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ 2023 წლის 20 მარტამდე აიღებენ დღეს არსებული სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვას.
ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ რეფორმა A კატეგორიის ავტომობილებზე ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებას არ ითვალისწინებს.

რაც შეეხება B კატეგორიას, მერიაში აცხადებენ, რომ მასთან დაკავშირებული წესები უცვლელი რჩება.

აღსანიშნავია, რომ პირველი აპრილიდან, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს საავტობუსე ზოლში მგზავრის აყვანა/ჩამოსმა შეეძლებათ.

ტაქსების რეფორმა 2018 წლიდან დაიწყო და პირველ ეტაპზე ლიცენზიები გაიცა. მეორე ეტაპზე კი, 2019 წლიდან ძალაში შევიდა რეგულაცია მარჯვენასაჭიანი და განსხვავებული ფერის ავტომანქანების შეზღუდვაზე და ტაქსები ორ კატეგორიად გაიყო. რეფორმის შედეგად გაიცა A კატეგორიაში 19 348, ხოლო B კატეგორიაში - 7798 ნებართვა.