თღლითი ბიზნესმენი და სეიფიდან გამქრალი მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

არცთუ იშვიათად ხდება, რომ წარმატებული ადამიანი იწყებს ფიქრს, რომელ შვილს დაუტოვოს მემკვიდრეობა ანუ რომელს ჩააბაროს ბიზნესის ძირითადი ნაწილის მართვა, რათა მთელი ცხოვრების ნაშენები ერთ დღეში არ დაინგრეს. რა თქმა უნდა, ძირითადად, შვილებს სჯერათ, რომ ისინი უფრო წარმატებულნი იქნებიან და ამიტომ, ერთმანეთთან ფარული, მაგრამ მაინც ომი აქვთ. მერე, ერთ-ერთი შეცდომას უშვებს და მამაც (ან დედა) გადაწყვეტილებას იღებს.

 

პოლიციის განყოფილებას ახალგაზრდა ქალმა მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ სეიფიდან ფულთან და ძვირფასეულობასთან ერთად, დაიკარგა დოკუმენტები, რომელიც მისთვის და მისი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და საკმაოდ დიდი ფულიც ღირდა. მთავარ ეჭვმიტანილად ქალმა ოჯახის ახალი დამხმარე დაასახელა.

„ბიზნესს მამა მართავდა, მაგრამ ორი თვის წინ, გულის შეტევა დაემართა და საავადმყოფოში გადავიყვანეთ. მერე შინ დავაბრუნეთ, თუმცა სრულიად უმწეოა და ამიტომ, დამხმარე ქალი ავიყვანეთ. ჩვენ გვყავს კონკურენტი, რომელთანაც ხელშეკრულება გვქონდა გაფორმებული და ამ ხელშეკრულების მიხედვით, მას, დაახლოებით, 2 მილიონი მართებს ჩვენი. გუშინ შეხვედრა უნდა შემდგარიყო, სეიფი, რომლის ერთადერთი გასაღებიც მუდმივად მამას ჰქონდა, გავაღეთ და იქ არც დოკუმენტები დაგვხვდა, არც -  ფული, რომელიც მამის დანაზოგი იყო და რაც მთავარია, არც საგვარეულო ძვირფასეულობა. გამორიცხულია, იმ ქალის გარდა ვინმეს აეღო, რადგან მე და ჩემი ძმა უზრუნველყოფილები ვართ და ესეც არ იყოს, რად გვინდოდა ფული, როცა საქმე ორმილიონიან დოკუმენტს ეხება, რომელიც ფირმის ანგარიშზე უნდა დაირიცხოს“, - ამბობდა ქალი და კატეგორიულად მოითხოვდა, დამხმარე ქალი, რომელიც ავიყვანეთ, უნდა დააკავოთო.

სამართალდამცავებმა სეიფის შესამოწმებლად ექსპერტები გაგზავნეს, თავად კი დამხმარე ქალის საცხოვრებლისკენ აიღეს გეზი და თან ჩხრეკის ორდერიც გაიყოლეს იმის იმედად, რომ თუ ქალი დამნაშავე იყო, რამე ნივთმტკიცებას მიაგნებდნენ. გამომძიებლებს გზაში ექსპერტმა სიტყვა დააწია, სეიფის კარი „დუბლიკატით“ არის გაღებული, ეს გოგო კი ამტკიცებს, მამას მხოლოდ ერთი გასაღები ჰქონდაო. ცოტა ხანში, გამომძიებლებმა ქალის კარზე დააკაკუნეს და როცა მან ფორმიანები დაინახა, აშკარად შეეშინდა, გაოცდა და... ბინის ჩხრეკაზე თავის ქნევით, უხმოდ დათანხმდა. სამართალდამცავებმა საინტერესო ვერაფერი იპოვეს, ჩვეულებრივი, ღარიბულად მოწყობილი თუ გაწყობილი ბინა იყო და... ქალის ჩანთის ჩხრეკისას იპოვეს გასაღები, რომელიც ძალიან წააგავდა სეიფისას. ქალმა მხრები აიჩეჩა, ჩანთა ჩემია, გასაღებს კი პირველად ვხედავო. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სეიფის კარი სწორედ ამ გასაღებით გააღეს. რა თქმა უნდა, ქალი დააკავეს, მაგრამ...

„არ მჯერა, რომ ეს ქალი დამნაშავეა. თუ მან მოახერხა, სეიფიდან დოკუმენტები, ფული და ძვირფასეულობა წაიღო და ისე გადამალა, რომ მის კვალს ვერ მივაგენით, რატომ დაიტოვა მთავარი სამხილი ანუ თუ მან მოიპარა ყველაფერი და გადამალა, ის ელოდა ჩხრეკას და ამ მოლოდინის მიუხედავად, ლამის ცხვირწინ დაგვიდო გასაღები, დანაშაულის ჩადენის მთავარი ინსტრუმენტი. სისულელეა, ეს ქალი დამნაშავე არაა“, - ამბობდა გამომძიებელი და ძნელი იყო, მის ლოგიკას არ დათანხმებოდი. ამის მიუხედავად, გამოძიება ქალის გაშვებას არ აპირებდა, რადგან სურდა, ნამდვილი დამნაშავე დამშვიდებულიყო. პარალელურად, გამომძიებლებმა დისა და ძმის ანუ ბიზნესმენის სავარაუდო მემკვიდრეების შესწავლა დაიწყეს.

არცთუ მცირე ასაკის მიუხედავად, არც ქალს ჰყავდა ქმარი და არც ბიჭი იყო დაოჯახებული, როგორც მეზობლები თუ მეგობრები ამბობდნენ, და-ძმას კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ. ისინი ყოველნაირად ცდილობდნენ, მამასთან სანახავადაც კი ცალ-ცალკე ევლოთ და ერთმანეთს არ შეხვედროდნენ. ბიზნესმენს მმართველად უფრო ქალიშვილი მოსწონდა, რაც ბიჭს აგიჟებდა, თუმცა სანამ მამა ჯაანმრთელად იყო, ვერაფერს უბედავდა. ყოველი შემთხვევისთვის, სამართალდამცავებმა ლომბარდებს მოპარული ძვირფასეულობის სურათები და აღწერილობა დაურიგეს და რაოდენ დიდი იყო მათი გაოცება, როცა ერთ-ერთი ლომბარდიდან დარეკეს და თქვეს, რომ ძვირფასეულობის დიდი ნაწილი სწორედ მათთან დატოვეს. ლომბარდის მფლობელს კლიენტის პირადობაც ჰქონდა დაქსეროქსებული და გამომძიებლებს მიაწოდა კიდეც. რაღა თქმა უნდა, პიროვნებას სახლში ეწვივნენ და როცა ძალოვნები დაინახა, ძალიან გაოცდა.

„ძვირფასეულობა? დიახ, მე დავალომბარდე და გამოტანას არც ვაპირებ. ერთ-ერთ პიროვნებას ჩემი ვალი ჰქონდა, ფულიც მომიტანა და რაც დააკლდა, ძვირფასეულობით გადამიხადა. არ მგონია, რომ ეს ყველაფერი მოპარული იყოს, რადგან ის ცნობილი ბიზნესმენის შვილია, აი, იმ კაცის, გულის შეტევა რომ დაემართა და ახლა საქმეებს ჩამოშორდა. სწორედ მისმა ბიჭმა მომიტანა ეს ნივთები“, - მშვიდად მიუგო მამაკაცმა და გამომძიებლებმაც ერთმანეთს გადახედეს. ის, ვინც მას ძვირფასეულობა მიუტანა, ბიზნესმენის ვაჟი იყო.

საქმე გახსნილად შეიძლებოდა გამოცხადებულიყო, ბიჭი დააკავეს.

„მინდოდა, მამაჩემის თვალში, როგორმე იმაზე უკეთესი გამოვჩენილიყავი, ვიდრე მას ეგონა. ამიტომ, იმ პიროვნებისგან დიდი ოდენობით თანხა ვისესხე, ბიზნესში ჩავდე, მაგრამ არ გამიმართლა. ახლა კი, ვალის დაბრუნების დრო მოვიდა და მამაჩემისთვის რომ მეთქვა, ალბათ, სიცილით მოკვდებოდა. ამიტომ, მისი უმწეობით ვისარგებლე და ფული და ძვირფასეულობა მოვიპარე. რაც შეეხება დოკუმენტებს, წარმოდგენა არ მაქვს, ვინ წაიღო, რადგან, როცა ძვირფასეულობა და ფული მიმქონდა, სეიფში დოკუმენტები უკვე აღარ იყო. იმ დამხმარე ქალსაც, ჩანთაში გასაღები მე ჩავუდე, ასლი მას შემდეგ გავაკეთე, რაც მამა ლოგინად ჩავარდა“, - განაცხადა ბიჭმა.

სამართალდამცავები არ დაიბნენ, ამჯერად ბიზნესმენის მეორე შვილი დაჰკითხეს, თუმცა ქალმა უარყო, მე ნაძირალა არ ვარ, დოკუმეენტებს არ მოვიპარავდი, არც იმ გარიგებას ჩავშლიდი, რომელმაც მილიონები უნდა მოგვიტანოს. გარიგება კი იშლება, რადგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა გადის. არ მჯერა, რომ ჩემს ძმას დოკუმენტები აღარ დახვდა, გამოდის, ვიღაცას კიდევ აქვს გასაღები“, -ამბობდა ქალი.

გამომძიებელმა სახლის კიდევ ერთხელ დათვალიერება გადაწყვიტა, უფრო სწორედ, ექსპერტი წაიყვანა და აინტერესებდა, რამდენად მარტივი იყო, გასაღების გარეშე სეიფის გაღება. მათ თან ბიზნესმენის ქალიშვილიც გაჰყვა, რომელმაც კარი გააღო და ეტლში უძრავად მჯდომ მამას გახედა, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი მხოლოდ იმაზე ეტყობოდა, რომ პერიოდულად თვალებს ახამხამებდა. ესქპერტმა ყველაფერი გულდასმით შეისწავლა და თავი გადააქნია, სეიფის კარი გასაღების ასლით არის გაღებული, „ატმეჩკებით“ ნაწვალები არ გახლავთო. გამომძიებელიც, ექსპერტიც და ქალიშვილიც კიბეზე დაეშვნენ და გარეთ გამოსულმა ექსპერტმა აღმოაჩინა, რომ მცირე ზომის მიკროსკოპი მაგიდაზე დარჩა. უკან ბიზნესმენის ქალიშვილთან ერთად აბრუნდა, უკან მალვე ჩამოვიდნენ და... ექსპერტმა გამომძიებელი გვერდით გაიხმო.

„წამოსვლისას ძალიან მწყუროდა და მაგიდაზე წყლით სავსე ჭიქა დავცალე. ოთახიდან ბოლო მე გამოვედი, ახლა, როდესაც ავბრუნდით, ჭიქა ისევ სავსე იყო. იმ სახლში ან კიდევ ვიღაც არის, ან ის კაცი არ კვდება“, - საიდუმლოდ უთხრა გამომძიებელს.

გოგონას გასაკვირად, სამართალდამცავი, ექსპერტთან ერთად, ისევ ბინაში აბრუნდა და დიასახლისს ქინძისთავის მიტანა სთხოვა. გოგონამ ქინძისთავი მიაწოდა და გამომძიებელმაც ეტლში მჯდომ ბიზნესმენს პირდაპირ ბარძაყზე დაარჭო. მამაკაცი გამწარებული წამოხტა...

„არ მეგონა, ასეთი დაკვირვებული თვალი თუ ექნებოდა თქვენს ექსპერტს, მივხვდი, წყლით სავსე ჭიქამ გამყიდა. მოკლედ, გულის შეტევა მართლაც მქონდა, ექიმი ახლობელია და სწორედ მას ვუთხარი, რაც შეიძლება მძიმე დიაგნოზი დამისვი, მაინტერესებს, ჩემი სიკვდილის შემდეგ მოვლენები როგორ განვითარდება, ეტლში მჯდარი გათიშული მოხუცი შვილებისთვის ხომ მართლაც მკვდარი ვიქნებოდი. დოკუმენტები პირველივე დღეს დავმალე, არ მინდოდა, ამათ ხელში აღმოჩენილიყო, რადგან არის დეტალები, რომლებიც მარტო მე ვიცი და როცა ამ ხელშეკრულების წარდგენის დღე მოვიდოდა, ფეხზე ავდგებოდი. ვუყურებდი, როგორ იპარავდა ჩემი ბიჭი სეიფიდან ფულსა და ოქროულს, არ უნაღვლია, დოკუმენტები რომ ვერ ნახა, ვუსმენდი, როგორ ზიზღით საუბრობდა ჩემზე, როგორ ზიზღით მიყურებდა და ახლა ზუსტად ვიცი, რომ ჩემს ბიზნესს ქალიშვილი გადაიბარებს“, - განაცხადა ბისნესმენმაა.

წესითა და რიგით, ყველაფერი აქ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ სასამართლომ ექიმს დიაგნოზის გაყალბებისთვის სამწლიანი პირობითი მისცა, ბიზნესმენს - თაღლითობისთვის, ოთხწლიანი პირობითი ერგო, მის შვილს - ქურდობისთვის - ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, გოგონა კი... გოგონამ ბიზნესი გადაიბარა და როგორც ამბობდნენ, არცთუ ცუდად მართავდა.

 

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე