ვინ არის ქალი, რომელიც თანაკლასელის მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„თავისი ნახმარი, ჭუჭყიანი საცვალი მაჩუქა... დამცინა“

იმ 11 წლის განმავლობაში, რომელსაც სკოლაში ვატარებდით, გამორიცხული იყო, ყველა თანაკლასელთან ძალიან ახლო ურთიერთობა გქონოდა. კი, თანაკლასელები იყვნენ მეგობრები, ერთად დადიოდნენ ექსკურსიებზე, ერთად იკრიბებოდნენ, როცა რომელიმეს დაბადების დღე ჰქონდა, მაგრამ ყველას ჰყავდა გამორჩეული მეგობარი, რომელთანაც ურთიერთობას სკოლის დასრულების შემდეგაც აგრძელებდა. არცთუ იშვიათად, დაქალები თუ ძმაკაცები, სკოლის დამთავრების შემდეგ, ერთსა და იმავე სასწავლებელში აბარებდნენ, ხშირი იყო შემთხვევა, როცა თანაკლასელს თანაკლასელი მოჰყავდა ცოლად, თუმცა იყო უიმედო სიყვარულიც, დანგრეული ოცნებები, სკოლის დასრულების შემდეგ დაკარგული თანაკლასელები...

 

სამართალდამცავ ორგანოებს ახალგაზრდა ქალმა მიმართა და განაცხადა, რომ მის მოკვლას აპირებდნენ. რაც მთავარია, გოგონამ მტკიცებულებაც წარადგინა, როგორ ემუქრებოდნენ მას ელექტრონულ ფოსტაზე და როგორ მისწერეს, რომ მესამე სწორედ ის იქნებოდა. რას ნიშნავდა მესამე? გოგონას ორი თანაკლასელი აკლდა, საუკეთესო მეგობრები, რომლებიც გარდაიცვალნენ. ერთს მანქანა დაეჯახა, მეორეს - სახურავიდან გადმოვარდნილი რკინის კონსტრუქცია დაეცა. ერთი შეხედვით, ორივე შემთხვევა ძალიან საეჭვო იყო, მაგრამ ძიება სრულყოფილად იყო ჩატარებული და ავტომობილის მძღოლიც სასჯელს იხდიდა და ის კომპანიაც დააჯარიმეს, რომელიც კორპუსს აშენებდა და უსაფრთხოების ზომები არ ჰქონდა დაცული, მეტიც, უზარმაზარი ჯარიმის გარდა, კომპანიის ორი თანამშრომელი პასუხისგებაში იყო მიცემული. ამის მიუხედავად, გოგონას ეჭვი, რომ ვიღაც საუკეთესო ხუთეულს დაერია, გამომძიებლებისთვის საყურადღებო იყო. ჰო, სწორედ რომ ხუთეულს და ამ ხუთეულში სამი ბიჭი და ორი გოგო იყო, კლასის ყველაზე გამორჩეული მეგობრები.

„სულ ხუთნი ვიყავით, ორი გარდაიცვალა და სამნი დავრჩით - მე, ჩემი თანაკლასელი გოგონა და კიდევ ერთი ბიჭი. იმ ბიჭს დიდი ბიზნესი აქვს და ორივე დაგვასაქმა, მასთან ვმუშაობთ, ხელმძღვანელ თანამდებობებზე, საქმეები კარგად მიგვდის და მგონია, რომ თუ მე მომიშორებენ, შემდეგში, სწორედ ,ათი ჯერი დადგება. ვინ შეიძლება იყოს ის, ვისაც ჩვენი სიკვდილი სურს? კიდევ ერთი ჩვენი თანაკლასელი, წარუმატებელი, არაფრისგან და არავისგან გამორჩეული. ვაღიარებ, მას ყველა დასცინოდა, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენი ხუთეული. თანაც, ის ჩემზე იყო უიმედოდ შეყვარებული“, - დამნაშავესავით ჩაიპალარაკა გოგონამ.

მან ისიც თქვა, წარუმატებელი თანაკლასელი ძალიან კარგად სწავლობდა, შემდეგ ევროპაში წავიდა სწავლის გასაგრძელებლად და მგონი, აღარც დაბრუნებულაო. ამ დროს კი, ძალოვანი უწყების სპეციალისტები მუშაობდნენ იმის დასადგენად, თუ საიდან იყო გამოგზავნილი მუქარის შემცველი წერილი ელექტრონულ ფოსტაზე და მალე მისამართიც დაადგინეს. აღნიშნულ მისამართზე ოპერჯგუფი გავიდა და ერთ საათში, სწორედ ის ბიჭი დაიჭირეს, რომელიც დაზარალებულის აზრით, ევროპაში უნდა ყოფილიყო.

„სამი თვეა, რაც საქართველოში დავბრუნდი. სწავლა დავამთავრე, რამდენიმე სერიოზული შემოთავაზება მქონდა, ერთ-ერთს დავთანხმდი და ახლა წარმატებული კარიერა მაქვს. რატომ გავგზავნე წერილი? არ ვიცი... შემთხვევით დავინახე ჩემი ბავშვობის სიყვარული ქუჩაში, მას არ შევუმჩნევივარ და ყველა იარა გამეხსნა. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ იმ ხუთეულიდან ორი გარდაცვლილი იყო და იმის გამო, რომ მას ენერვიულა, ცოტა მაინც ენერვიულა, წერილი მივწერე. არ მეგონა, თუ პოლიციაში მოვიდოდა. იცით, რა მაქვს ბავშვობაში გადატანილი? მეექვსე კლასში, იმ ბიჭებმა მაიძულეს, ამ შტერი გოგოსთვის ფეხსაცმელებზე მეკოცნა, ხომ გიყვარს, მაშინ აკოცეო. მართლა მიყვარდა, ძალიან მიყვარდა... მერე, მე-11 კლასში, დაბადების დღე რომ მქონდა, მთელი კლასი მოვიდა, ყველამ რაღაც მომიტანა, საჩუქრები კუთხეში დავდე. ამანაც მომიტანა რაღაც და დავინტერესდი, რა იყო, რა გაიმეტა და ოთახში გავედი, მოუთმენლად გავხსენი და თავისი საცვალი იდო, ნახმარი, ჭუჭყიანი საცვალი. ის კარიდან მიყურებდა და დამცინა, ხმამაღლა დამცინა და წავიდა. როგორ ფიქრობთ, არ უნდა მიმეწერა და არ მექნებოდა სურვილი, რომ ცხოვრებაში ერთი დღე მაინც ენერვიულა? რა თქმა უნდა, მოკვლას არ ვუპირებდი“, - განაცხადა მან.

საქმე შეიძლებოდა დახურულად გამოცხადებულიყო, მაგრამ ორ დღეში, გოგონამ პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ მას სადარბაზოში ვიღაც დახვდა, კედელს თავით მიანარცხა და საბედნიეროდ, დაყვირება მოასწრო, მეზობლებმა გამოიხედეს და თავდამსხმელი გაიქცა. რაღა თქმა უნდა, ეჭვი მაშინვე იმ ბიჭზე მიიტანეს, მაგრამ მას რკინის ალიბი ჰქონდა - სწორედ იმ დროს, სამსახურში სტუმრად ერთ-ერთი მინისტრის მოადგილე ჰყავდათ და ბიჭი სწორედ მას ესაუბრებოდა. სამართალდამცავებმა გოგონას გარემოცვის შესწავლა დაიწყეს. მას ავადმყოფი დედა და მამინაცვალი ჰყავდა, რომელიც ასევე მათთან ცხოვრობდა. დედა იმდენად მძიმედ იყო ავად, რომ ლოგინად ჩავარდა და მას მომვლელი დაუქირავეს. გაჩნდა ვერსია, რომ გოგონას სიკვდილის შემთხვევაში, ბინა სწორედ მამინაცვალს დარჩებოდა, რადგან მის დედასთან ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა, ქალი კი დიდხანს ნამდვილად ვერ იცხოვრებდა. თავდასხმის მომენტში, მამაკაცს ალიბი არ ჰქონდა და ამიტომ, ის დააკავეს და მკაცრად დაჰკითხეს.

„ამ ბინაში ისედაც ვცხოვრობ, სრული უფლება მაქვს, ვიცხოვრო და რატომ უნდა მინდოდეს ვინმეს სიკვდილი? მით უმეტეს, ამ შტერი გოგოსი, რომელიც, ადრე თუ გვიან, ვინმე ისეთს გადაეყრება, მთელ ცხოვრებას გაიმწარებს. სხვაგან ეძებეთ მკვლელი, ისეთი ხასიათი აქვს, ძალიან ბევრი მტერი ეყოლება“, - განაცხადა მამინაცვალმა.

სამართალდამცავებმა ის ორი მეგობარიც დაჰკითხეს, ბიჭი და გოგო მხრებს იჩეჩდნენ, წარმოდგენა არ გვაქვს, ვის შეიძლება სურდეს ჩვენი სიკვდილი, მით უმეტეს, ჩვენ მუქარის მინიშნებაც კი არ გვქონია და თან, მალე დაქორწინებას ვაპირებთ, მთლიანად ქორწილის ამბებითა და ახალი ბინის რემონტით ვართ დაკავებულნიო. გადაწყდა, დაზარალებულზე თვალთვალი დაეწესებინათ, რადგან არ იყო იმის გარანტია, რომ თავდამსხმელი ისევ არ გამოჩნდებოდა.

რამდენიმედღიანმა თვალთვალმა შედეგი არ მოიტანა. რაც მთავარია, მართალი აღმოჩნდა თავად ქალის სიტყვები, პირადი ცხოვრება არ მაქვს, ან სახლში ვარ, ან სამსახურში, ან სახლიდან სამსახურამდე მიმავალ გზაზეო და მთელი დღები, ის სწორედ ამ მარშრუტით დადიოდა. რა თქმა უნდა, მან იცოდა, რომ ძალოვნები უყურადღებოდ არ ტოვებდნენ, რომ გვერდით იყვნენ და ამიტომ, ცდილობდა მათი თვალთახედვის არედან არ გამქრალიყო, გაქანებულ „მარშუტკას“, ან ავტობუსს არ შეხტომოდა, თავაზიანად ელოდა, როცა სადმე, რამეს გამო ფერხდებოდნენ. ერთ დღესაც კი სთხოვა, სხვა უბანში, დიდი მაღაზია რომ არის, იქ უნდა წავიდე, არ გაგიკვრიდეთ, რადგან ორ დღეში დედას დაბადების დღე აქვს და მინდა, რამე კარგი ვუყიდოო. რა თქმა უნდა, სამართალდამცავები უკან გაჰყვნენ და როცა გოგონა მაღაზიაში შევიდა, მშვიდად ელოდნენ გარეთ. მათი აზრით, გამორიცხული იყო, თავდამსხმელს უზარმაზარ მაღაზიაში ემოქმედა. დაახლოებით, ერთი საათი გავიდა და გოგონა არ ჩანდა. ოპერმუშაკები ცოტა ანერვიულდნენ და მაღაზიაში შევიდნენ. ყველაფერი მალე დაირბინეს და ობიექტი არსად იყო. მერე აღმოაჩნეს, რომ მაღაზიას მეორე გასასვლელიც ჰქონდა და საერთოდ გადაირივნენ. გარეთ გავარდნენ, შემდეგ განყოფილებაში დარეკეს და მოითხოვეს სასწრაფოდ გაერკვიათ, ხომ არ ცხოვრობდა ვინმე იმ უბანში, ვინც გოგონას იცნობდა. მალე გაირკვა, რომ მაღაზიასთან ძალიან ახლოს, სწორედ ის გოგო ცხოვრობდა, რომელიც ხუთეულში შედიოდა და მალე ქორწილი უნდა ჰქონოდა. ოპერები დასახელებულ მისამართზე წავიდნენ, კარზე დააკაკუნეს, თუმცა არავინ გაუღო. სამაგიეროდ, კარიდან გაზის სუნი გამოდიოდა. სამართალდამცავებმა კარი შეამტვრიეს და დიასახლისი უგონო მდგომარეობაში ნახეს, გაზი კი მოშვებული იყო და ისე ჩანდა, რომ ის ყავის მადუღარადან გადმოსულმა სითხემ ჩააქრო. უგონოდ მყოფი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მანამდე კი, მათმა ობიექტმაც დარეკა, სად ხართ, მაღაზიიდან გამოვედი და ვეღარ გპოულობთო... გამომძიებელმა გოგონას დაკავების ბრძანება გასცა, რადგან ბინაში, ჩაძინებულმა და ლამის გაზით გაგუდულმა დაზარალებულმა, თვალი გაახილა და ორად ორი სიტყვის თქმა მოასწრო და ეს სიტყვები... მისი მეგობრის სახელი და გვარი იყო. ნელ-ნელა, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და მაშინ, როცა მომჩივანი, წესით, დაზარალებული უნდა ყოფილიყო, მთავარი დამნაშავე აღმოჩნდა.

„ის ბიჭი მთელი ცხოვრება მიყვარდა, ჰო, მთელი ცხოვრება. ცოტა ხანს ურთიერთობაც გვქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მასთან მუშაობა დავიწყეთ, ჩვენს კიდევ ერთ მეგობარზე გადაირია და ცოლად მოყვანა უნდოდა. ამას ვერ დავუშვებდი და ვფიქრობდი, რამე გამეკეთებინა. ამ დროს, შემთხვევით ის ბიჭი დავინახე, რომელსაც სკოლაში ვჩაგრავდით, სურვილი არ მქონდა, გავსაუბრებოდი და ამიტომ, ვითომ ვერ შევნიშნე. ორ დღეში, მუქარის წერილი მომივიდა, მივხვდი, ის იყო და გეგმაც სწორედ მაშინ მოვიფიქრე. თავიც ჩემით დავიზიანე სადარბაზოში, მამინაცვლის მოშორებაც მსურდა ანუ ყველა ერთდროულად უნდა მომეშორებინა. იქ, ბინაში, ცოტა დამაგვიანდა, თორემ დროზე რომ დავბრუნებულიყავი, ჩემზე ეჭვს ვერავინ მოიტანდა, მოწმედ ოპერები მეყოლებოდა“, - თქვა ქალმა, რომელსაც სასამართლომ მკვლელობის მცდელობისა და სამართალდამცავების შეცდომაში შეყვანისთვის, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე