როგორ გაიტაცა ქალმა საყვარლის შვილი სკოლიდან

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ადრე ასე იყო (პრინციპში, ახლაც ასეა) - თუ სრულწლოვანი დაიკარგებოდა, სამართალდამცავები გაძლიერებულ ძებნას მხოლოდ 48 საათის შემდეგ იწყებდნენ. ეს იმიტომ, რომ დიდი შანსი იყო, ვიღაც სადღაც დამთვრალიყო და ვიღაცასთან დარჩენილიყო, ან სახლიდან გაქცეულიყო და ასე შემდეგ. მთავარი იყო, ოჯახის წევრები დაემშვიდებინათ, დაერწმუნებინათ, რომ მთელ ძალებს სწორედ დაკარგულის საძებნელად გადაისროდნენ, სინამდვილეში კი, ძებნას მხოლოდ ორი დღის შემდეგ იწყებდნენ.

 

სრულიად განსხვავებული სიტუაცია იყო, თუ საქმე არასრულწლოვანს ეხებოდა. მეტიც, თუ ბავშვი 10 წლამდე იყო, საქმეში მართლაც მთელი ძალები ერთვებოდნენ, თუ გარდატეხის ასაკი ჰქონდა ბავშვს - ისე გაძლიერებულად არ ეძებდნენ. სტატისტიკაც ამაზე მეტყველებდა - სრულწლოვანი დაკარგულების აბსოლუტური უმრავლესობა 48 საათში უკან ბრუნდებოდა, გარდატეხის ასაკში მყოფ ბავშვებსაც, ან მეგობრებთან პოულობდნენ, ან სარდაფსა თუ სხვენში, სადაც ისინი ოჯახთან პროტესტისა თუ კონფლიქტის გამო იმალებოდნენ, აი, 10 წლამდე ბავშვების შემთხვევა საგანგაშო იყო. სწორედ ასეთი განგაში გამოცხადდა მაშინ, როცა პოლიციის განყოფილებაში შეტყობინება შევიდა, რომ სკოლაში მისულ დედას მესამეკლასელი შვილი აღარ დახვდა. მეტიც, გამოჩნდა მოწმე, მეეზოვე ქალი, რომელიც ამტკიცებდა, ბიჭუნა ვიღაცის მანქანაში ჩაჯდა, თავისი ნებით ჩაჯდა, შემდეგ გადმოსვლა დააპირა, ფეხი გარეთ გადმოდო, მაგრამ შიგნიდან არ გამოუშვეს და ეს მანქანა ადგილიდან ღია კარით მოწყდა, კარი მერე, 15-20 მეტრის გავლის შემდეგ დახურა და მიიმალა. ქალს მხოლოდ მანქანის ფერი ახსოვდა, ნომერი და მარკა კი მეეზოვემ ვერ გაარჩია. უფრო ზუსტად, ნომერი ვერ გაარჩია, ავტომობილების მარკებში ვერ ერკვეოდა.

რაღა თქმა უნდა, მაშინვე განგაში გამოცხადდა, აღნიშნული ფერის ავტომობილების გადამოწმება დაიწყეს, მაგრამ... თეთრი ფერის ავტომანქანა, ლამის ყოველ მეორეს ჰყავდა და ეს რთული საქმე იყო. ბავშვის დედა კედელს ურტყამდა თავს, ეს რა დამემართა, ჩემი ანგელოზი ბიჭუნა როგორ მომპარესო, ბავშვის მამა ბოლო ხმაზე ღრიალებდა, სამართალდამცავებს ადანაშაულებდა, თქვენი ბრალიაო და ხანდახან ცოლსაც შეუძახებდა, შენი იდიოტური სამსახური რომ არა, ბავშვს მეტ ყურადღებას მიაქცევდი და არ მოიპარავდნენო. ქალი რიგით თანამშრომლად მუშაობდა, არცთუ მაღალი ხელფასი ჰქონდა. გამორჩეული არ იყო არც მამაკაცის სამსახური, მაგრამ ცოლზე ორჯერ მეტი ჯამაგირი ჰქონდა. ჩვეულებრივი, წყნარი ოჯახი იყო და ვინმეს გამოსასყიდის მიღების მიზნით რომ მოეტაცა ბავშვი, სულელი უნდა ყოფილიყო. ცოლ-ქმარს ბინაც კი არ ჰქონდა ისეთი, მისი გაყიდვის შემთხვევაში, ვინმეს ბავშვის გატაცება გაერისკა. მაშ, რა იყო მიზეზი, რომ ვიღაცამ სწორედ ეს ბავშვი გაიტაცა?

„არ გამორიცხოთ, რომ საქმე მანიაკთან გვქონდეს. სხვა მოტივი, უბრალოდ, არ ჩანს. შეუძლებელია, ამ ადამიანებს ისეთი მტერი ჰყავდეთ, რომელიც შურს ბავშვის გატაცებით იძიებდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვიღაცამ ბავშვი მოტივის გარეშე გაიტაცა და როცა არ არის მოტივი, ეს ყველაზე ცუდია. ეძებეთ ყველგან, ფეხზე დააყენეთ აგენტურული ქსელი, რაც გინდათ, ის გააკეთეთ, მაგრამ 24 საათში, ბავშვი თუ არ ვიპოვეთ, შემდეგ მისი პოვნის შანსი 40%-მდე შემცირდება, 48 საათის გასვლის შემდეგ კი, შანსი 10% იქნება. თქვენ არ გაქვთ სხვა საქმე, თქვენ არ იძინებთ მომდევნო 24 საათის განმავლობაში, ვეძებთ ბავშვს და რაც მთავარია, აუცილებლად ვპოულობთ“, - საქმის გამომძიებელი თათბირზე კი არ საუბრობდა, ბოლო ხმაზე ყვიროდა.

რა თქმა უნდა, ოპერმუშაკები მაშინვე ქალაქს მოედნენ, პარალელურად, ყველგან დაძრწოდნენ აგენტები, ეგებ, სადმე რამე გაეგოთ, მაგრამ შეტყობინების შესვლიდან 6 საათი გავიდა და პოლიციას არაფერი ჰქონდა, უფრო ზუსტად, საერთოდ არაფერი. არანაირი ხელჩასაჭიდი ვერსია, არანაირი მინიშნება დაკარგულ ბავშვზე, თითქოს მიწამ ჩაყლაპა, იყო ბავშვი და აღარც იყო. გადაამოწმეს ის ადამიანებიც, რონლებიც ადრე ბავშვებზე ძალადობისთვის იყვნენ ნასამართლევი, ან ეჭვმიტანილი, მაგრამ აქაც ხელი მოეცარათ - ყველა მათგანს ალიბი ჰქონდა და რაც მთავარია, არცერთს ჰყავდა თეთრი ფერის ავტომობილი.

„სხვა გზა არ არის, ბავშვის მშობლების წარსული გაქექეთ, დაკითხეთ ყველა, ჭორიკანა მეზობლებით დაწყებული, გაბრაზებული კოლეგებითა თუ ნათესავებით დამთავრებული. იპოვეთ რამე, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ვინმეზე ან რამეზე ეჭვი მივიტანოთ“, - გამომძიებელი, პრაქტიკულად, ხავსს ეჭიდებოდა.

ორი საათის შემდეგ, განყოფილებაში დაბრუნებულ ოპერებს რამე საინტერესო მოსაზრება არ ჰქონდათ. გამორჩეულ ოჯახს მტერი არ ჰყავდა, ისინი ვერც არდადეგებზე ახერხებდნენ, ბავშვი რომელიმე კურორტზე წაეყვანათ დასასვენებლად და მუდმივად სოფელში დაატარებდნენ. ერთი ეგ იყო, ვიღაცამ თქვა, მამაკაცს საყვარელი ჰყოლია და ცოტა არ იყოს, უცნაურია, საყვარელს როგორ არჩენს, ხანდახან, პურის ფულის პრობლემა აქვსო. საყვარელზე ხელი ჩაიქნიეს და ისევ სხვა მიმართულებით განაგრძეს ძებნა, მაგრამ ამაოდ. დაჰკითხეს სხვა მოსწავლეები, მასწავლებლები, დირექტორი, მაგრამ ვერ დაჰკითხეს კლასის დამრიგებელი, ის იმ დღეს შეუძლოდ იყო და სკოლაში არ ყოფილა. სამართალდამცავებმა იფიქრეს, რომ გატაცება, შესაძლოა, დამრიგებელთან ყოფილიყო დაკავშირებული და მას სახლში დაადგნენ. მასწავლებელი მართლაც ცუდად იყო, აშკარად ეტყობოდა, რომ სიცხე ჰქონდა და როცა გაიგო, რომ მოსწავლე დაიკარგა, ძალიან შეწუხდა. მას წარმოდგენა არ ჰქონდა, ვის შეიძლებოდა, ბავშვი გაეტაცებინა, მაგრამ როცა გაიგო, რომ საქმეში თეთრი მანქანა იყო გარეული, ჩაფიქრდა და თქვა, რომ თეთრი მანქანა ადრეც შენიშნა, იმ ავტომობილში ბიჭი რამდენჯერმე ჩაჯდა და... მანქანის მძღოლი ქალი იყო, ქალი...

გამომძიებლებმა ერთმანეთს გადახედეს. მათ ახლა ის იცოდნენ, რომ გამტაცებელი ქალი იყო და რამდენ ქალს უნდა ევლო თეთრი მანქანით? მაშინვე გადაქექეს შესაბამისი საბუთები და თეთრი მანქანის მფლობელი ოთხი ქალი იპოვეს. მათი შესწავლა უნდა დაეწყოთ, როცა ერთ-ერთმა ოპერმა იყვირა, ეს სახელი და გვარი ვიცი, ამ ქალზე მითხრეს, რომ გატაცებული ბავშვის მამის საყვარელია. ოპერები მითითებულ მისამართზე გავარდნენ, მაგრამ შინ არავინ დახვდათ. მეზობლების თანდასწრებით, ბინის კარი შეამტვრიეს და ხელში მხოლოდ ღია ფანჯარა შერჩათ. ის, რომ ბავშვი იქ იყო, სკოლის ჩანთაც ადასტურებდა, მაგრამ ბავშვი, ალბათ, ღია ფანჯრიდან გადაძვრა და პირველი სართულიდან ამის გაკეთება არ უნდა გასჭირვებოდა. თუმცა, ქუჩის მხრიდან, ფანჯრის ძირში, პლასტმასის ორი ცალი ყუთი იყო ერთმანეთზე დაწყობილი ანუ ბიჭს ვიღაც დაეხმარა, მაგრამ ვინ და რაც მთავარია, სად იყო ბიჭი? ოპერების ნაწილი ქალთან სამსახურში წავიდა და ის სწორედ იქ დააკავეს. როცა ბავშვის შესახებ ჰკითხეს, მხრები აიჩეჩა, მე არავინ გამიტაცებია, თავისი ნებით წამომყვა და სახლში მშვიდად არისო, მაგრამ როცა გაიგო, რომ ბავშვი სახლში არ იმყოფებოდა, თავადაც შეშფოთდა. ძალოვნები მოწმეს ეძებდნენ, წესით, ვიღაცას უნდა დაენახა, როგორ ძვრებოდა ბავშვი ფანჯრიდან და მოწმეს მიაგნეს კიდეც.

„კი, დავინახე, ბავშვს გარედან გოგონა ეხმარებოდა, ეს გოგო ჩვენს მეზობლად ცხოვრობს, მგონი, იმ კორპუსში და სწორედ იქით წავიდნენ ბავშვები. მეგონა თამაშობდნენ, მე რა ვიცოდი, თუ გატაცბული იყო“, - თავი იმართლა მოწმემ. გოგონას ბინა ადვილად იპოვეს, ის კი კარს არ აღებდა, სანამ მამიკო არ მოვა, არ შემოგიშვებთო. სამართალდამცავებმა მამიკო მალე მოიყვანეს და გოგონამაც კარი თამამად გააღო.

„სახლში მივდიოდი, ამ ბიჭმა რომ დამიძახა, მიშველე, გამიტაცესო. ფანჯრიდან ვერ გადმოვიყვანდი, ყუთები ვიპოვე, ჩვენს სახლთან რომ მაღაზიაა, იქ დევს ხოლმე და მერე სახლში წამოვიყვანე. მშობლებს ველოდებოდი, რომ მათთან ერთად გადაგვეწყვიტა, რას ვიზამდით“, - „საქმიანად“ უპასუხა 11 წლის გოგონამ.

როგორც გაირკვა, ბავშვი მამის საყვარელს იცნობდა, ხანდახან მიჰყვებოდა ხოლმე, თუმცა ქალმა გადაწყვიტა, რომ ბავშვი საბოლოოდ წაეყვანა და ამით, კაცისთვისაც მასთან გადასვლა ეიძულებინა. მას არ უფიქრია, რომ დედა იოლად არ დათმობდა ბავშვს, მაგრამ იმედი ჰქონდა, რომ სასამართლო დედას შვილს არ დაუტოვებდა, რადგან მას საკმარისი შემოსავალი არ ჰქონდა. საბოლოო ჯამში, გამტაცებელს პირობითი სასჯელი მისცეს, ქალი ქმარს გაშორდა და სოფელში, მშობლებთან დაბრუნდა საცხოვრებლად.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე