როგორ დაგეგმა ექიმმა სადედამთილომ შვილის შეყვარებულის მკვლელობა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ოპერა ყოველთვის იყო ის ადგილი, სადაც შემთხვევითი ადამიანი იშვიათად მოხვდებოდა. ოპერა ან გიყვარს, ან - არა და თუ არ გიყვარს, უბრალოდ, ვერ დაჯდები და ვერ მოუსმენ. ვიღაცისთვის ოპერა საოცრება, ცხოვრება და ოპერის თეატრში წასვლა ცალკე ხელოვნებაა. საოპერო კაბები, თავსაბურავები, ჩანთებიც კი განსაკუთრებულია. ალალად გეტყვით, ორჯერ ვარ ოპერაში ნამყოფი, ორივეჯერ იმიტომ, რომ ბილეთები გვაჩუქა მეგობარმა და იმის მიუხედავად, რომ თურმე საოცარი რამ ვნახეთ, ვერ აღვიქვი, ვერ მივხვდი, რა და რატომ უნდა მომწონებოდა.

 

70-იანი წლების გარიჟრაჟზე, ოპერისა და ბალეტის თეატრის ლოჟაში, ახალგაზრდა ქალის გვამი დამლაგებელმა იპოვა. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა და ექსპერტებმა შვებით ამოისუნთქეს - გვამს ძალადობის კვალი არ ეტყობოდა და ყველაფერი ძალიან ჰგავდა ბუნებრივ სიკვდილს. გამოითქვა ვარაუდი, რომ გოგონას გულის პრობლემები ჰქონდა და სწორედ ამის გამო გარდაიცვალა. ვარაუდის მიუხედავად, აუცილებელი იყო ექსპერტიზა და გვამი პროზექტურაში გადაასვენეს. მანამდე კი, სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ გარდაცვლილი სამედიცინო ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი იყო, ოპერას ხშირად სტუმრობდა, ძირითადად, მეგობართან ერთად. ის მეგობარი მის ჯგუფში სწავლობდა, ბინაც ერთად ჰქონდათ ნაქირავები, უფრო ზუსტად, დიასახლისთან ერთად. როცა გოგონას გარდაცვალების შესახებ დიასახლისმა შეიტყო, სახე ჩამოიხოკა, როგორი ნიჭიერი ადამიანი დავკარგეთო და მეგობარმაც ცრემლები წამოყარა, სამი წელია, ერთად ვცხოვრობდით, მის გარეშე, რა მეშველებაო. ჰოდა, სწორედ იმ დროს, როცა ყველა შეეგუა გოგონას ბუნებრივ სიკვდილს, პათანატომმა დასკვნა დადო: „გარდაცვალების მიზეზი „დიტილინის“ გადაჭარბებული დოზაა. გოგონას ნემსი მკლავზე, იდაყვის კუთხესთან გაუკეთეს და გაუკეთეს უშუალოდ ოპერაში, ლოჟაში, რადგან სიკვდილი ინექციიდან 15 წუთში დადგა“...

ამ დასკვნამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. გამოდიოდა, გოგონა ვიღაცამ შეგნებულად მოკლა და რაც მთავარია, მოკლა ადამიანმა, რომელიც სამედიცინო სფეროში კარგად ერკვეოდა. რა თქმა უნდა, ეჭვი მეგობარზე მიიტანეს, რომელიც იმ დღეს, გარდაცვლილს ოპერაში ახლდა და რაც მთავარია, იქაურობა ზუსტად 15 წუთით ადრე დატოვა. თანაც, ის სამედიცინოს სტუდენტი იყო და ზუსტად იცოდა, რისი გამოწვევა შეეძლო „დიტილინის“ გადაჭარბებულ დოზას.

გოგონა დაკითხვაზე გადაიყვანეს და მან გაოცებისგან პირი დააღო, რას ამბობთ, ოპერაში მისი ხათრით წავედი, უბრალოდ, ბოლომდე ვეღარ გავძელი და იქაურობა მალე იმიტომ დავტოვე, მომღერლები ძალიან კიოდნენ და აღარ შემეძლოო. მეგობარმა ისიც თქვა, ჩემს გარდა, ლოჟაში, სადაც ვისხედით, კიდევ სამი ქალი იყო და ეგებ, რომელიმე მათგანმა გაუკეთა ინექცია, მით უმეტეს, მას რომ ერთი ქალი ემუქრებოდა, ზუსტად ვიცოდი და ის ქალი ჩვენი ლექტორის ცოლიაო.

სამართალდამცავებმა გაარკვიეს, რომ გარდაცვლილს ახლო ურთიერთობა ერთ-ერთ ლექტორთან ჰქონდა, მისი ცოლიც ინსტიტუტში მუშაობდა და მოარული ხმების შესახებ იცოდა, თუმცა იმ დღისთვის ქალს უტყუარი ალიბი ჰქონდა - ნათესავის გასვენებაში, დასავლეთ საქართველოსი იმყოფებოდა და ამას 300-მდე ადამიანი დაამოწმებდა, თუმცა ქალი არ მალავდა, რომ „თავხედი სტუდენტის“ გარდაცვალების გამო, გული არ დასწყდა. გამომძიებლებმა ლექტორიც დაჰკითხეს.

„აბა, რა გითხრათ? გოგონა ნიჭიერი იყო, მაგრამ ძალიან ზარმაცი. მითხრა, დამატებითი გაკვეთილები ჩამიტარეთო და უარი არ მითქვამს, ლექციების შემდეგ, ჩემს კაბინეეტში ვრჩებოდით. ერთ დღეს, კონიაკის ბოთლი მოიტანა, პრობლემები მაქვს, ცოტა უნდა მოვდუნდე და თუ შეიძლება, ერთად დავლიოთო. დავლიეთ და მერე... მერე გახდა დაიწყო და მეორე დღეს მივხვდი, რომ უდიდესი შეცდომა დავუშვი. აღარ მეცადინეობდა, მეეუბნებოდა, ყველა გამოცდა ჩამაბარებინეო და მეც კოლეგებს ვთხოვდი, თუმცა ამ თხოვნების მერე, ხმები დაირხა და ცოლთან ურთიერთობა დამეძაბა. ისე, მასთან კავშირი აღარ მქონია, მაგრამ ზუსტად ვიცი, გათხოვებას აპირებდა და მისი რჩეული საკმაოდ შეძლებული ადამიანი იყო, რადგან გოგონას ძვირფასეულობითაც ანებივრებდა და არც ოპერის ლოჟის ბილეთი ღირს იაფი“, - განაცხადა ლექტორმა.

მართლაც, გოგონას ოთახში ოქროს არაერთი სამკაული იპოვეს და დაქალმაც თქვა, თაყვანისმცემელი ჰყავდა, ხანდახან ღამითაც რჩებოდა მასთან, მაგრამ ვინ არის, არ ვიცი, მხოლოდ ის ვიცი, რომელიღაც ქარხნის დირექტორია და ნანახიც ერთადერთხელ მყავსო. მეორე დღეს, გოგონას წინ, ყველა ქარხნის დირექტორის ფოტო ედო და მან ერთ-ერთს დაადო ხელი, ნამდვილად ეს იყოო. რა თქმა უნდა, ძალოვნები მას კარგად იცნობდნენ, ერთ-ერთი მდიდარი საქმოსანი იყო, თუმცა ყველაფერს სიმამრის წყალობით მიაღწია და ცოლს საყვარლის არსებობის შესახებ რომ გაეგო, კარგ დღეს არ დააყრიდა. მისი მეუღლე არსად მუშაობდა, მთელ დროს შვილს უთმობდა, ქმარზე გიჟდებოდა და ისე ჩანდა, რომ მეუღლის ღალატზე წარმოდგენაც არ ჰქონდა. გადაამოწმეს და იმ დღეს ქალი ოპერაში არ ყოფილა, თუმცა ოპერას ხშირად სტუმრობდა, მაგრამ არა იმ დღეს - შვილი ჰყავდა სიცხიანი და მთელი საღამო მის საწოლთან, მეზობელ ექიმთან ერთად გაატარა. სხვა გზა არ იყო, ქარხნის დირექტორი უნდა დაეკითხათ და ეს გადაწყვეტილება თამამად იმიტომ მიიღეს, რომ სიმამრი მოღალატე სიძეს ხელს ნამდვილად არ დააფარებდა და თავად დირექტორიც შეეცდებოდა, ყველაფერი სიმამრის ყურამდე არ მისულიყო, ან ისე მისულიყო, რომ სიძეს არაფერი დამუქრებოდა.

„სიმართლე გითხრათ, საკმარისი ქონება დავაგროვე იმისთვის, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება შევძლო. მე ის ახალგაზრდა გოგო შემიყვარდა, თავდავიწყებით შემიყვარდა. ის არ იყო ჩემი საყვარელი, ის ჩემი საცოლე იყო და შესაფერის მომენტს ვეძებდი, რათა ცოლისთვის მეთქვა დაშორების შესახებ. ვიცი, ამის შემდეგ სიმამრი ყველაფერს იზამდა, რომ სამსახურიდან გავეშვი, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, საკმაოდ შეძლებული ვარ, საკმარისი კავშირებიც მაქვს და არც თავის გატანა გამიჭირდება და არც ანალოგიური სამსახურის მოძებნა. ოპერის ბილეთებს მე ვყიდულობდი, იმ დღესაც მე ვუყიდე. მინდოდა, საცოლე დედაჩემისთვის გამეცნო, ის კი კატეგორიული წინააღმდეგი გახლდათ, აღმერთებს ჩემს ამჟამინდელ ცოლს. ამიტომ, ოთხი ბილეთი ვიყიდე, ორი დედას მივეცი, რომელიც იქ მეგობართან ერთად დადის, ჩემი საცოლეც მეგობართან ერთად წავიდოდა და გამორიცხულია, ერთმანეთი არ შეეთვალიერებინათ. მერე მინდოდა დედასთან საუბარი ოპერაზე, როგორ მოეწონა ლოჟაში მის გვერდით მსხდომნი და ბოლოს უნდა მეთქვა, რომ ეს სწორედ ის გოგონა იყო, რომელზე დაქორწინებასაც ვაპირებდი. ყველაფერი კი, ასე ტრაგიკულად დასრულდა“, - მოთქვამდა დირექტორი.

ახალი ვერსია და ახალი ეჭვმიტანილი გაჩნდა. ხომ შეიძლებოდა, არასასურველი სარძლო მომავალ სადედამთილოს მოეკლა, მით უმეტეს, დედაქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში ექიმად მუშაობის 35-წლიანი გამოცდილება ჰქონდა. ქალს დასაკითხად სამსახურში მიაკითხეს.

„ოპერაში მუდმივად დავდივარ, იმ დღესაც ვიყავი, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, ჩემი მეგობრის გარდა, ლოჟაში ვინ იჯდა, არ მაინტერესებდა და თუ თქვენ მეუბნებით, რომ ის ჩემი შვილის საცოლე იყო, გავიცინებ და გეტყვით, რომ ჩემს შვილს საოცარი ცოლი ჰყავს და საოცარი ბავშვები. რომ არ გეთქვათ, ვიღაც მოკვდაო, ვერც კი გავიგებდი, როცა იქიდან წამოვედით, ყველა ცოცხალი იყო. მე მალე გამოვედი, რადგან მსურდა, მომღერლებთან საგრიმიოროში შევსულიყავი და მადლობა პირადად მეთქვა, ასე ვაკეთებ ხოლმე და მუდმივად წითელ ვარდებს ვჩუქნი. ახლაც ასე იყო და როგორ გგონიათ, ხელში ვარდების უზარმაზარი თაიგულით მივედი, თაიგული სკამზე დავდე, ვიღაცას ნემსი გავუკეთე, მერე თაიგული ავიღე და წამოვედი და ეს ვერავინ დაინახა? ხომ ხვდებით, რომ თქვენი ვერსია სისულელეა?!“ -ქარხნის დირექტორის დედა მამალი ქალი ჩანდა, მაგრამ მასთან საუბრის შემდეგ გამომძიებლები დარწმუნდნენ, რომ მკვლელი სწორედ ის იყო, უბრალოდ, სამხილი არ ჰქონდათ, მაგრამ...

„ის შპრიცს ოპერაში ვერ გადააგდებდა და როცა გამოვიდოდა, მაშინ მოიშორებდა, თუნდაც უახლოეს ურნაში. ახლა რამდენიმე  დღეა გასული და ურნების გაჩხრეკას აზრი არ აქვს, მაგრამ შპრიცის ნემსის წვერზე ყოველთვის რჩება წვეთის რაღაც ნაწილაკი, ის ქალი შპრიცს ჩანთაში შეინახავდა, ოპერის ჩანთები კი განსაკუთრებულია, შიგნიდან ნაჭერი აქვს და სწორედ ამ ჩანთაში უნდა ვეძებოთ „დიტილინის“ კვალი, მერე კი, ყველაფერი გამარტივდება“, - თქვა ერთ-ეერთმა გამომძიებელმა და მართლაც, ექსპერტებმა ქალის ჩანთა შეამოწმეს და... „დიტილინის“ კვალი იპოვეს.

„ჩემმა რძალმა მითხრა, რომ ჩემს შვილს, შესაძლოა, საყვარელი ჰყოლოდა. თვალთვალი დავუწყე და მივხვდი, რომ რძალი არ ტყუოდა. არადა, ჩემს ბედოვლათს რაც აქვს, ყველაფერი იმ საოცარი გოგოს დამსახურებაა, რომელმაც საოცარი შვილიშვილები მაჩუქა და როგორც მათ, ისე ჩემს შვილს, თან ჰყვება. ეს კი, პატარა ბავშვივით ამჩატდა, ცოლად მოყვანა დააპირა. მეტიც, უნდოდა, მე გამეცნო, ოღონდ, ვითომ შემთხვევით და დავინახე, როგორ გადასცა ბილეთები. გეგმაც მაშინ დავსახე. ვარდების თაიგული ოპერის დასრულებამდე 10-15 წუთით ადრე, მის მკლავთან მივიტანე, ნემსი ყვავილის ღეროებს შორის გავაძვრინე და ინექცია წამის მეასედში გავუკეთე. ეგონა, ეკალი შეერჭო, მოვუბოდიშე და წამოვედი. ჩადენილს არ ვნანობ“, - მტკიცედ განაცხადა ქალმა და ამ „სიმტკიცისა“ და წინასწარ დაგეგმილი მკვლელობის გამო, თავისუფლების აღკვეთა 12 წლით მიუსაჯეს.

ქარხნის დირექტორი ცოლს მაინც დაშორდა და ამის შემდეგ, ორ თვეში, სამსახურიდან უმნიშვნელო მიზეზის გამო გაუშვეს. ამბობენ, რამდენიმე წლის შემდეგ, თავი რომ ერჩინა, ქარხნის ყოფილი დირექტორი, ერთ-ერთ მაღაზიაში მტვირთავად მუშაობდაო.

 

 

 

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე