როგორ ვიხსნათ ახალგაზრდობა „კაიფში გაპარვისაგან"

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

„დაფასოებული“ სიკვდილი

დღე არ გავა, შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი არ დაინიშნოს და არ გვამცნონ იმის შესახებ, რომ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული პირი, თუ პირები დააკავეს. დღე არ გავა, საინფორმაციო საშუალებებში ამის შესახებ რამე არ ითქვას და სამწუხაროდ, დღე არ გავა, საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში ზედოზირებით გარდაცვლილი ახალგაზრდა, თუ ხანში შესული არ მიაბარონ მიწას. ნარკოტიკების ისეთი ბუმი, როგორიც ახლაა, საქართველოში არასდროს ყოფილა და არასდროს ისე მარტივი არ ყოფილა ნარკოტიკის შეძენა, როგორც ახლა. არ აქვს მნიშვნელობა ბიუჯეტს, ნარკოტიკის შეძენა 50 ლარიდან შეიძლება და ხარისხისა, თუ ზომა-წონის მიხედვით, ფასი რამდენიმე ათასამდე ადის.

გასულ კვირას, თერჯოლაში, ზედოზირების შედეგად, 22 წლის ბიჭი, არჩილ ბარდაველიძე გარდაიცვალა, სამართალდამცავებმა კი მისი მეგობარი, 19 წლის ანა გუდავა დააკავეს. დაკავებული გოგონა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელის, თამარ გუდავას ქალიშვილია. ჰო, უკვე ყოფილის, რადგან მომხდარის შემდეგ, ქალბატონმა თამარმა დაკავებული თანამდებობა დატოვა და სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში დაწერა, რომ თუ მისი შვილი მართლაც დამნაშავეა, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.

ჩვენი ინფორმაციით, ბარდაველიძემ და გუდავამ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, რამდენიმე ლოკაციაზე ნარკოტიკი დადეს (და ეს რამდენიმე ლოკაცია 50 ათეულზე მეტია), რის შემდეგაც, ისინი ბარდაველიძის სახლში მივიდნენ და სავარაუდოდ, ნარკოტიკი თავადაც მოიხმარეს. ბიჭი ზედოზირების შედეგად გარდაიცვალა, ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა ას ცალამდე დაფასოებული და სარეალიზაციოდ (დასადებად) გამზადებული ნარკოტიკის პაკეტი ნახეს. საგულისხმოა, რომ თვითმხილველთა თქმით, გოგონამ აღიარა, რომ ნარკოტიკები მას ეკუთვნოდა და ყველაფერი გარდაცვლილს არ გადააბრალა, რაც მოცემულ მომენტში, „იდეალური გამოსავალი“ იქნებოდა. გამოძიება მტყუან-მართალს გაარკვევს და დამნაშავეც დაისჯება, მააგრამ რა ეშველება ბარდაველიძეს? ან რა ეშველება იმავე ანა გუდავას, რომელმაც ასეთ ასაკში, უმძიმესი ფსიქოლოგიური ტრამვა მიიღო და რაც მთავარია, წინასწარი ვარაუდით, ამ ასაკში უკვე ნარკოდამოკიდებული გახლავთ?

არაერთხელ დაგვიწერია, რომ ნარკოტიკების მოხმარების ასაკი არა მარტო კატასტროფულად გაახალგაზრდავდა, არამედ, მისი მოხმარება გოგონებმაც დაიწყეს და პროცენტულად, განსაკუთრებით დედაქალაქში, მდედრობითი სქესის წარმომადგენელი უფრო მეტია მომხმარებელთა შორის, ვიდრე მამრობითი და მათი ასაკი 14-დან 18 წლამდე მერყეობს. ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი და ეს არის ის რეალობა, რომელიც ვალდებულს გვხდის, პრობლემაზე ხმა თითოეულმა ჩვენგანმა ამოიღოს. ალბათ, აღარ არის იმის დრო, რომ ახალგაზრდა გოგო-ბიჭების გასვენებაში მისულმა ხალხმა ერთმანეთს მხოლოდ ჩურჩულით უთხრას, „თურმე, კაიფში გაპარულა“ და დანანებით გადააქნიოს თავი. ყველაფერ ამას ბრძოლა ერთად უნდა გამოვუცხადოთ, როცა სკვერში მყოფი ზრდასრული ადამიანები ხედავენ, როგორ ქექავს ახალგაზრდა მიწას, თხრის ბალახს, რათა იქ სამალავი მოაწყოს და მერე ფოტოს უღებს, თვალის არიდება და წაყრუება გამოსავალი არ არის, აუცილებელია ხმაური ავტეხოთ, ჰო, პოლიციასთან ვითანამშრომლოთ, 112-ში დავრეკოთ, ვიყვიროთ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ასე სათითაოდ, ერთეულები გადავარჩინოთ და ერთეულთა გადარჩენით, ეგებ, უფრო დიდ მასშტაბებზე გავიდეთ.

ნარკოდილერი თითით საჩვენებელი და საძაგებელი უნდა გახდეს, უნდა ვიყვიროთ, რომ კონკრეტული ადამიანი ნარკოტიკებით, ჩვენი შვილების სიცოცხლით ვაჭრობს. გნებავთ, ბულინგი დაარქვით, გნებავთ, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ამის თაობაზე ყველგან უნდა ვისაუბროთ, უნდა ვთქვათ სახელითა და გვარით, უნდა დავდოთ ფოტოები სოციალურ ქსელში და უნდა ჰქონდეს მეტსახელად „ბარიგა“. სხვაგვარად აღარაფერი გამოვა, თორემ სამართალდამცავები ცდას რომ არ აკლებენ, კარგად ჩანს. ყოველდღიურად, ცალობით თუ ათობით აკავებენ ნარკოდანაშაულის გამო კონკრეტულ ადამიანებს, მაგრამ ერთი მოჭრილი თავის ადგილზე, ათი იზრდება და ეს იმიტომ, რომ ძალიან, ძალიან დიდი ფული ტრიალებს ამ სფეროში და ცდუნებას ბევრი, უბრალოდ, ვერ უძლებს. თუნდაც ის რად ღირს, ორიოდე კვირის წინ დაჭერილი ინდოეთის მოქალაქეების ანგარიშზე, ორი წლის განმავლობაში, 14 მილიონი ლარის ბრუნვა რომ დაფიქსირდა. ჰო, საქმე მილიონებს ეხება, მაგრამ ამ მილიონებს ნარკოდილერები შოულობენ, ისინი კი, ვინც მათი გავრცელებით არის დაკავებული, უბრალოდ, მეათე თუ მეასეხარისხოვანი რგოლია. მათ არ ხვდებათ იმ თანხის 1%-იც კი, რომელსაც დილერები იდებენ ჯიბეში და ეს იცის ყველამ, მაგრამ ვაი, რომ ის მცირედიც ბევრისთვის სანატრელი, თუ საოცნებო თანხაა.

საზღვარგარეთ მყოფი ქართველები, ისინი, რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარენ, ამბობენ, რომ ევროპაში ასეთი რამ არ ხდება. უფრო ზუსტად, ისინი ამბობენ, რომ ევროპაში ნარკოტიკი კი იყიდება, მაგრამ არა ისეთი ნაგავი, როგორიც საქართველოში და უკვირთ, როგორ ბედავენ და ეკარებიან მომაკვდინებელ სინთეტიკურ ნარკოტიკს ქართველები. ნიდერლანდებში მცხოვრებლები კი გვიყვებიან, რომ იმ ადგილებში, სადაც „მარიხუანა“ ლეგალურად იყიდება, მყიდველს აჩვენებენ სერთიფიკატს, უხსნიან, სად და რა პირობებშია მოყვანილი „მარიხუანა“, ამტკიცებენ, რომ ის ეკოლოგიურად სუფთაა და რაც მთავარია, არ არის ისე, როგორც ჩვენთან - ველურ „მარიხუანაზე“ დასხმული ქიმიური ხსნარი, რომელიც ფილტვებს ხვრეტს და საბოლოოდ, მისი ხანგრძლივი მოხმარება სიკვდილს იწვევს.

ევროპას და აშშ-ს კი გვინდა დავეტოლოთ, მაგრამ იქაც კი მიხვდნენ, რომ ნარკოლიბერალიზაციამ სიკეთე ვერ მოიტანა, რომ ეს პროცესი შესაჩერებელია, რომ ახალგაზრდა თაობა იღუპება და სწორედ ნარკოტიკებზე კონტროლის გამკაცრების მოთხოვნით, იგივე აშშ-ში, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მშობლებმა ასზე მეტი აქცია გამართეს. ჩვენ კი ამისთვის არ გვცალია, ჩვენ სხვა რამ გვაწუხებს, ჩვენ ჯერ ის გვაქვს გასარკვევი, ვინ გადალახავს 5%-იან ბარიერს და ვისი კანდიდატი ვის პარტიაში გაერთიანდება. ამასობაში კი, მივდივართ იქითკენ, რომ მალე, ძალიან მალე ახალგაზრდა თაობა, უბრალოდ, აღარ გვეყოლება, ან გვეყოლება ისეთი, რომელსაც არაფერი დააინტერესებს, ნარკოტიკის მოხმარების გარდა.

სამწუხაროდ, ერის გენსა თუ მენტალიტეტში ჩადებული „წესი“ - სამართალდამცავებთან თანაამშრომლობა „გრეხია“, განსაკუთრებით უფროს თაობაში კვლავ აქტიურია. არადა, სწორედ უფროსმა თაობამ უნდა მოახერხოს ის, რომ ახალგაზრდები როგორმე აიძულოს, მავნე ჩვევაზე უარი თქვან, აიძულოს, რომ ნარკოტიკების მომხმარებლები არ იყვნენ საზოგადოების ის ნაწილი, რომლებსაც ვინმე მიბაძავს და ტაშს დაუკრავს. სამწუხაროდ, ბევრმა, ძალიან ბევრმა მშობელმა არ იცის, რომ მისი შვილი ნარკოდამოკიდებულია, რომ ყოველდღიური ქიმიური ნარკოტიკის ფულზე „ჩალიჩობს“, რომ მთავარ „ბარიგებს“ გარკვეული გასამრჯელოს გამო, ეხმარება ნარკოტიკების გასაღებაში და სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებს დაფასოებულ „სიკვდილს“. ბევრი ვერც იმას ხვდება, რომ ეს უმძიმესი დანაშაულია, რომ დაკავების შემთხვევაში, შესაძლოა, უვადო პატიმრობაც კი დაემუქროს. არადა, ნარკოდილერები ყველაფერს მარტივ ფერებში უხატავენ, ეუბნებიან, რომ ამისთვის მხოლოდ ადმინისტრაციულ ჯარიმას გამოუწერენ, სინამდვილეში კი, სასჯელი 12 წლიდან იწყება და უვადო თავისუფლების აღკვეთით მთავრდება.

რა დასამალია, გასულ კვირას, ერთ-ერთი ტელევიზიით, საპარლამენტო პარტიის წარმომადგენელი აცხადებდა, ნარკოდილერებს ამნისტია უნდა შეეხოთ, რადგან არ შეიძლება, ადამიანი, რომელიც „მარიხუანას“ ჰყიდის, ციხეში სამუდამოდ გამოვკეტოთ, ან ხანგრძლივი ვადით გავუშვათო. მეტიც, ისინი ამბობენ, რომ თუ მათი შვილები „მარიხუანას“ მოიხმარენ, ისინი არ დაუშლიან და მათთან ერთად, სიამოვნებით გააბოლებენ, რაც ჩემი აზრით, არათუ ცუდია, არამედ, კატასტროფაა და ასეთ მშობლებს მშობლის უფლებაც უნდა ჩამოერთვას და ნარკოტიკების პოპულარიზაციისა თუ პროპაგანდისთვის თავისუფლებაც უნდა აღუკვეთოთ! ჰო, ვიდრე მიდგომა არ გამკაცრდება და არ მივალთ იქამდე, რომ ნარკოპროპაგანდა ოფიციალურად ყველა დონეზე აღვკვეთოთ, არაფერი გვეშველება!

სხვათა შორის, ბევრს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, ნარკოდანაშაულისთვის ზედმეტად მკაცრი სასჯელი იყო. რეალურად თუ ვიმსჯელებთ, ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს მართლაც არარეალურად ბევრ წელს აძლევდნენ, მაგრამ „ბარიგებს“ ულაპარაკოდ უნდა მივუსაჯოთ (თუნდაც მაშინ და თუნდაც ახლა) უვადო თავისუფლების აღკვეთა. ჰოდა, ამ მიდგომამ, მკაცრმა სასჯელმა, გაამართლა და გაამართლა იმ მიმართულებით, რომ ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი შემცირდა. კიდევ გავიმეორებთ, „მარიხუანას“ მოხმარებისთვის 9 და 10 წლის მიცემა ბევრია, მაგრამ ერთ წელს თუ ციხეში გაატარებს ადამიანი, არაფერი უჭირს, უფრო მძიმე ნარკოტიკისთვის კი, ორი-სამი წელიც შეიძლება, ოღონდ ყველაფერი ეს იმ შემთხვევაში, თუ ნარკოტიკების რეალიზატორებს უპირობოდ, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე, სამუდამო პატიმრობას მივუსჯით ანუ დააკავეს პირი ნარკოტიკების რეალიზაციაზე და დაუმტკიცეს? აღარ არის საჭირო სასამართლო განხილვა - პირდაპირ უვადო თავისუფლების აღკვეთა და წერტილი!

თაობა კი არა, თაობები იკარგება, ხალხო, ჩვენი შვილები და რაღა შვილები, ლამის ჩვილები გადავიდნენ ნარკოტიკების მოხმარებაზე!

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე