ბიჭმა მამიდა მოკლა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

წყალტუბოს სანატორიუმში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები

მართალია, შოთა რუსთაველმა კი დაგვიწერა, „ლეკვი ლომისა სწორია“, მაგრამ ადრეც ასე იყო და ახლაც ასეა - ოჯახში უპირატესობას ძეს ანიჭებენ, ვიდრე ასულს და ყველამ იცის, რომ თუ და-ძმა ცხოვრობს, და თხოვდება და საცხოვრებელი ძმას რჩება. თუ მშობლებს შესაძლებლობა აქვთ, რომ სახლი გოგონასაც უყიდონ, ხომ კარგი და თუ არა, ჩვეულებრივად აღიქვამს ამ ამბავს ყველა. მემკვიდრეობის გამო, ადრეც არაერთი დავა ყოფილა და ახლა ხომ საერთოდ, არცთუ იშვიათად გვესმის, რომ ძმებმა, ან და-ძმამ, ან სულაც დებმა მემკვიდრეობა ვერ გაინაწილეს და ამის გამო, კონფლიქტი მოუვიდათ და ეს კონლიქტი არცთუ იშვიათად, დაჭრით, ზოგჯერ მკვლელობითაც კი სრულდება.

 

„წყალტუბოში ერთი პატარა სანატორიუმი იყო, ბევრი არ სწყალობდა, ძირითადად, პენსიონერები დადიოდნენ და ჩემთვის მისწრება გახლდათ. ერთ ზაფხულს, სიდედრი გახდა შეუძლოდ, სწორედ მაშინ, როცა შვებულებაში გავედი და ცოლ-შვილი იქით გავუშვი, დედისთვის უნდა მიეხედა მეუღლეს, მე კი, სწორედ იმ სანატორიუმს მივაშურე, სადაც ზუსტად ვიცოდი, არც მეგობრები შემხვდებოდნენ, არც ძმაკაცები და გაუთავებელი ლოთობა ამცდებოდა. მართლაც, სანატორიუმში სრული სიმშვიდე სუფევდა, ძირითადად, პენსიონერები იყვნენ და მეც დილით დავრბოდი, შუადღეს მეძინა, საღამოს კი ფეხით 3-4 კილომეტრს ვსეირნობდი და მიხაროდა, რომ ძალების აღდგენას ვახერხებდი“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

ერთ საღამოს, სანატორიუმის ბინადარი ახალგაზრდა ქალი გახდა. ის ოთახის გასაღებს იღებდა, როცა მოულოდნელად გული წაუვიდა და ვიღაცამ იყვირა, ექიმიო, ბატონმა თენგიზმა ქალს ჰაერში შეაშველა ხელი, რომ არ დაცემულიყო, ფრთხილად აიყვანა ხელში, ფოიეში მდგარ დივანზე წამოაწვინა და სანატორიუმის ექიმიც გამოჩნდა - 70 წელს მიღწეული მოხუცი, რომელმაც ქალი მაშინვე თავის კაბინეტში გადაიყვანა და როგორც შემდეგ თქვეს, აზრზეც მოიყვანა, უმკურნალა... მეორე დღეს, სანატორიუმში ახალგაზრდა მამაკაცი გამოჩნდა, სწორედ ის ქალი მოიკითხა, რომელიც წინა დღეს ცუდად გახდა და აღმოჩნდა, რომ ის სანატორიუმიდან უკვე წასული იყო.

„შეუძლებელია. ჩვენ ორი თვის წინ მოვილაპარაკეთ, რომ ერთმანეთს აქ შევხვდებოდით, ორი დღის წინაც შევხმიანდით და მითხრა, რომ უკვე მიდიოდა, მე დღეს ჩამოვედი და ახლა თქვენ მეუბნებით, რომ აქ გული წაუვიდა და მერე აქედან წავიდა? მითხარით, სად მალავთ ქალს“, - კაცი ისეთ ხმაზე ყვიროდა, დირექტორიდან დაწყებული, დამსვენებლებით დამთავრებული, ყველა ფოიეში გამოვიდა.

აღმოჩნდა, რომ ქალი ექიმისა და დირექტორის გარდა, არავის ჰყავდა ნანახი, ისინი კი ამტკიცებდნენ, როგორც კი შებინდდა, ქალმა ექიმს სთხოვა ქალაქამდე ჩაყვანა და წავიდა. ბატონ თენგიზს არაფერი უთქვამს, მაგრამ ზუსტად იცოდა, რომ ექიმიცა და დირექტორიც იტყუებოდნენ. რატომ? იმიტომ, რომ საღამოს ის გვიანობამდე სეირნობდა და კარგად ხედავდა, როგორ წვალობდა ადგილობრივი თანამშრომელი ექიმის მანქანის გაკეთებას, კარგად დაღამებულზე ექიმს უთხრა, რაღაც დეტალი მაკლია, სახლში მაქვს, ხვალ დილით მოვიტან და გავაკეთებო. დილითაც, როცა გამომძიებელი სარბენად გავიდა, დაინახა, როგორ უკირკიტებდა იგივე თანამშრომელი მანქანას და სადღაც შუაღისკენ, როგორც იყო, მორჩა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ექიმი ვერ წაიყვანდა იმ ქალს ქალაქში და ახლა მთავარი იმის გარკვევა იყო, რისთვის მალავდა ამას ექიმი და რატომ არაფერს ამბობდა დირექტორი. ამიტომ, ბატონმა თენგიზმა მამაკაცს სთხოვა, მილიციის უახლოეს განყოფილებაში წასულიყო და ქალის გაუჩინარების შესახებ განცხადება დაეწერა, რათა მოკვლევა ოფიციალურად დაწყებულიყო. მამაკაცი დაეთანხმა და წავიდა, ბატონი თენგიზი კი შეძლებისდაგვარად ცდილობდა, დირექტორიცა და ექიმიც თვალთახედვის არეში ჰყოლოდა და ეს ძნელი არ იყო - ისინი კაბინეტში იყვნენ შეკეტილნი და იქიდან გამოსული ხმების მიხედვით, ადვილი მისახვედრი იყო, კამათობდნენ. გამომძიებელს მხოლოდ ის აკვირვებდა, რომ მათ კამათს სანატორიუმის კიდევ ერთი თანამშრომელი, ახალგაზრდა ბიჭი ესწრებოდა, რომელიც სანატორიუმში, პრაქტიკულად, ყველასა და ყველაფრის მოვალეობას ასრულებდა - არც ეზოს დასუფთავებას თაკილობდა, არც ნათურის შეცვლას, არც დამსვენებლებისთვის ბარგის ატანა-ჩამოტანაში მიხმარებას. ამასობაში, სანატორიუმში მილიციაც გამოჩნდა.

„მეგონა, ძალოვნების გამოჩენის შემდეგ, დირექტორი და ექიმი შეშფოთდებოდნენ, მაგრამ პირიქით, მათი გამოჩენა გაუხარდათ, იქ მისულ თანამშრომელს დირექტორმა მეგობრულად გადახვია ხელი, კაბინეტში შეიყვანა, ნახევარ საათში, იქიდან ორივე ბედნიერი სახით გამოვიდა და მილიციელმა მამაკაცს მშვიდად უთხრა, ის ქალი აქედან წასულა, ძებნა სხვაგან უნდა გავაგრძელოთო. მივხვდი, თავისი სანატორიუმის წყალობით, დირექტორს ადგილობრივ ხელისუფლებასთან გადასარევი ურთიერთობა ჰქონდა და ამ ურთიერთობას ყველა უფრთხილდებოდა. ამიტომ, თბილისში დავრეკე და ვითხოვე, ეგებ, მივლინება გამიფორმოთ-მეთქი და თან კონკრეტულად ეს საქმე მომცეთ-თქო. დედაქალაქიდან ყველაფერი მეორე დღეს ჩამოვიდა“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

თბილისელ გამომძიებელს დიდი სიხარულით არავინ შეხვდა. ბატონმა თენგიზმა გადაწყვიტა, რომ პირველ რიგში, ექიმი უნდა დაეკითხა და გაეგო, რატომ მოიტყუა, როცა თქვა, რომ ქალი ქალაქამდე თავად წაიყვანა, თუმცა ექიმის ალაპარაკება მარტივი არ გამოდგა, ის ჯიუტად ამტკიცებდა, მოგეჩვენა, ჩემი მანქანა არ იყოო და... ხელოსანმაც მხრები აიჩეჩა, რა მანქანა, რის მანქანა, მანქანების არაფერი გამეგებაო. რაღაც სხვა იყო მოსაფიქრებელი და ამიტომ, გამომძიებელმა დაკარგული ქალის მონაცემები გამოითხოვა, აინტერესებდა, ვინ იყო, რა იყო, ან იმ კაცს საიდან იცნობდა. პასუხმა მრავლისმნახველი ძალოვანიც გააოცა.

„ეგ ქალი ოფიციალურ ქორწინებაში ხუთჯერ იყო, ქმარს ხუთივეჯერ დაშორდა, შვილი არ ჰყოლია და მისი ქალიშვილობის გვარია... მას ჰყავს ძმა, რომელიც ამჟამად წყალტუბოში, სანატორიუმის დირექტორად მუშაობს“, - ეწერა დეპეშაში. გამოდიოდა, რომ დაკარგული ქალი სანატორიუმის დირექტორის და იყო, ღვიძლი და და ბატონი თენგიზი არ აჩქარდა, ცნობა ახლა დირექტორზე გამოითხოვა და ისიც მალე მოვიდა. კაცი წლების წინ დაქვრივდა, ერთადერთ შვილს ზრდიდა და შვილი... სწორედ ის ბიჭი იყო, სანატორიუმში ყველაფერს რომ აკეთებდა, ყველაფერს რომ ითავსებდა. ექიმი კი... ექიმი პენსიაზე გასვლის შემდეგ, სწორედ სანატორიუმის დირექტორმა შეიკედლა, ოთახიც გამოუყო და მოხუცი იქ ცხოვრობდა, ხელფასიც ჰქონდა, უფასო საკვებიც და მარტოხელასთვის ეს დიდი ფუფუნება იყო. ცხადია, სამეული რაღაცას მალავდა, მაგრამ რას? გამომძიებელმა დედაქალაქიდან ორი გამოცდილი ოპერმუშაკი გამოითხოვა, ქალი და მამაკაცი, რომლებმაც სანატორიუმში ნომრები დაიქირავეს. მათი მთავარი მოვალეობა ექიმსა და დირექტორის შვილზე თვალთვალი იყო, დირექტორი საკუთარ თავზე ბატონმა თენგიზმა აიღო. ორიოდე დღის შემდეგ, ექიმმა დირექტორის შვილთან ერთად, ავტომობილში რაღაც მძიმე შეკვრა ჩადო, ექიმი საჭეს მიუჯდა და სანატორიუმის ეზოდან გავიდა. გამომძიებელმა ადგილობრივ განყოფილებაში დარეკა და კატეგორიულად მოითხოვა, მანქანა გააჩერეთ, ჩხრეკა ჩაატარეთ, თორემ ყველას პასუხისგებაში მიგცემთო. ძალოვნებმაც დედაქალაქელ გამომძიებელს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს და საგზაო მილიციის თანამშრომლებს ექიმის მანქანის გაჩერება და ჩხრეკა დაავალეს. ცოტა ხანში ყველამ იცოდა, რომ ექიმს ავტომანქანით ქალის გვამი გადაჰქონდა, იმ ქალის, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა და გვამი ცელოფანში ისე ჰერმეტულად იყო შეკრული, რომ ხრწნის სუნი გარეთ არ გამოდიოდა. ექიმის დაკითხვის „პატივი“ ბატონ თენგიზს ერგო.

„მე არავინ მომიკლავს. იმ ქალს მართლაც ვუმკურნალე, კაბინეტში დავტოვე, დილით კი, როცა შევედი, გარდაცვლილი დამხვდა. გაგუდული იყო, ამას იმით მივხვდი, რომ პირი ბუმბულის ნაწილაკებით ჰქონდა სავსე ანუ ბალიშით გაგუდეს. დირექტორმა ამიკრძალა ამ ამბის გახმაურება, მითხრა, გარეთ გაგისვრიო, მე კი, წასასვლელი არსად მაქვს. მერე, მამა-შვილმა გვამი მანქანაში ჩამიტენა და მთხრეს, სადაც გინდა, იქ გადააგდეო. სწორედ მაშინ დამაკავეს, მეტი არაფერი ვიცი“, - თქვა ექიმმა და მართლაც, მეტი არაფერი იცოდა.

„ეს ქალი ჩემი დაა. მთელი ცხოვრება ჯოჯოხეთად გვიქცია ცალკე - მე და ცალკე - ჩემს მშობლებს. მასზე ნერვიულობას გადაჰყვნენ მშობლები, ყოველ წელს ჩამოდიოდა ახალ კაცთან ერთად და ამბობდა, რომ გათხოვდა და ყოველ ჯერზე ქორწინების მოწმობა მოჰქონდა. მერე კარგა ხანს გაქრა, მამაჩემი ამ სანატორიუმის დირექტორი იყო, მერე მე გადავიბარე და შვილს ვამზადებდი აქაურობისთვის. ის ალქაჯი კიდევ მოვიდა და გამოაცხადა, თუ თბილისში მამაჩემის ბინას არ გადმომიფორმებთ, აქაურობაზე ავყვირდები, კარგად ვიცი, შენი მაქინაციების შესახებ, სადაც საჭიროა, იქ დავწერ, რომ სახელმწიფო სანატორიუმი თქვენს საკუთრებად აქციეთ და მამიდან შვილზე გადადისო. მე მისი მოკვლა არ მინდოდა, არც საუბრის თავი მქონდა, ამიტომ სალაპარაკოდ შვილი გავაგზავნე. არ ვიცი, რა მოხდა მათ შორის, მაგრამ ჩემმა შვილმა მამიდა გაგუდა“, - განაცხადა დირექტორმა.

„როცა მასთან დასალაპარაკებლად შევედი, ხელი მომხვია, მაკოცა, შენ დედისერთა იმიტომ ხარ, რომ გიშვილეს, მართლა მამიდაშენი კი არ ვარ, მოდი, ჩამეხუტეო და მაშინ გადამეკრა ბინდი, არც მახსოვს, როგორ გავგუდე“, - აღიარა ბიჭმა.

სასამართლომ ბიჭს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მამას და ექიმს კი, 3-3 წელი ჩამოურიგა. პატიმრობაში მყოფმა სანატორიუმის აწ უკვე ყოფილმა დირექტორმა იმდენი მოახერხა, რომ ანალიზები ჩაატარებინა და დაამტკიცა, რომ ბიჭი მართლაც მისი ღვიძლი შვილი იყო და ის ცნობაც აჩვენა ბიჭს, რომლის მიხედვითაც ირკვეოდა, რომ მისი გაჩენის შემდეგ, დედას საშვილოსნო ამოაჭრეს. როგორც ამბობენ, ბიჭი მისჯილ 9 წელზე აღარ წუხდა.

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე