ელისო კილაძის თქმით, მისი მისამართით "გამაფრთხილებლად გაისროლეს"

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

Cnews-ის რედაქტორი, ელისო კილაძე აცხადებს, რომ ყაზბეგის გამზირზე სანადირო თოფიდან მისი მისამართით "გამაფრთხილებელი გასროლა" იყო.

კილაძე ჰყვება, რომ მეგობართან ერთად იყო, მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ კი შენიშნა პირი, რომელიც მათ საეჭვოდ ათვალიერებდა. ჟურნალისტი იხსენებს, რომ გასროლა მაშინ მოხდა, როცა თავად სალონში შევიდა, ტყვია კი მისი მეგობრის ფეხებთან დავარდა.

"სტილისტთან მოვედი, როცა მანქანიდან გადმოვედი, კუთხეში გააჩერა მძღოლმა მანქანა, ჩემი მეგობრების გადაწყვეტილებით, მე მყავს გვერდით ასევე, ჩემი მეგობარი, რომელიც მუდმივად არის ჩემთან ერთად. ერთად გადმოვედით მანქანიდან, ყაზბეგზე მოვუხვიეთ, როცა მოვუხვიეთ ერთ-ერთი პირი საეჭვოდ ამოგვიდგა გვერდით, რომელმაც დაგვათვალიერა, გადაჭრა გზა და ძალიან გამომწვევად გვათვალიერებდა... დაახლოებით 5 წუთში შევედი სილამაზის სალონში, რა დროსაც გაისმა გამაფრთხილებელი გასროლა. ტყვია დავარდა ჩემი მეგობრის ფეხებთან. გამოვიძახეთ პოლიცია", - ამბობს კილაძე.

ჟურნალისტი ფიქრობს, რომ ეს გამაფრთხილებელი გასროლა იყო, რაც ნარკორეალიზატორებთან დაკავშირებულ ჟურნალისტურ გამოძიებას უკავშირდება. კილაძის თქმით, მუქარისშემცველი შეტყობინებები აქამდეც მიუღია და დამადასტურებელი მტკიცებულებებიც აქვს.

"რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ეს არის გამაფრთხილებელი გასროლა იმ ჟურნალისტური გამოძიებების მერე, რასაც მე ამ ხნის განმავლობაში ვაკეთებ ნარკორეალიზატორების და ნარკოსქემის გასაშიფრად. ამ ნარკოკარტელს ჯილდოც კი აქვს დაწესებული. ტელეგრამ არხებში ღიად წერენ, რომ 1000 დოლარს იხდიან, 5000 დოლარს იხდიან, ბოლოს უკვე 10 000 დოლარს იხდიდნენ, რომ მე ქუჩაში მცემონ და ეს ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდეს. მტკიცებულებები მაქვს, ე.წ. სქრინები შენახული მაქვს", - ამბობს კილაძე ფორმულასთან.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარებას გულისხმობს.

კილაძე ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება.