„სპეციალური აბები აქვთ, დალევენ, მაშინვე არწყევენ და ამ ნარწყევსაც თავისი კლიენტი ჰყავს“

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ოფიციალურ სტატისტიკას ვერსად გავექცევით - შინაგან საქმეთა სმაინისტრომ, მიმდინარე წელს, ნარკოდანაშაულის გამო, უკვე 270 პირი დააკავა და ეჭვი გვაქვს, ეს ციფრი, თებერვლის ბოლომდე სამ ასეულს გასცდება. პრობლემა, რომელსაც არა მარტო საქართველოში, არამედ, მთელ მსოფლიოში ნომერ პირველი ადგილი უკავია, თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, გადაუჭრელად ჩანს. სხვადასხვა სოციალურ ქსელში მუდმივად იქმნება ახალი ჯგუფები, სადაც ნარკოტიკს ინტერნეტით ჰყიდიან და არათუ საქართველოს მსგავს შეჭირვებულ ქვეყანაში, არამედ, ევროპის სუპერ სახელმწიფოებსა და აშშ-შიც მრავლად მოიძებნება ადამიანი, რომელიც მზად არის, ე.წ. დამდების, კურიერის, ლოკაციის მომნიშნავის როლი შეასრულოს. სულ ერთია, ნარკოდილერები ამ როლისთვის ვის იპოვნიან, იქნება ეს ახალგაზრდა უმუშევარი, სტუდენტი თუ პენსიონერი... ჰო, სწორედ რომ პენსიონერი, რომელსაც ეუბნებიან, რომ სკვერში, ხის ძირას, მცირე ზომის პაკეტის დამარხვის გამო, 20-30 ლარს მისცემენ (ეს მაშინ, როცა ახალგაზრდებმა კარგად იციან, რას აკეთებენ და „საკურიერო მომსახურება“ 70-100 ლარამდეა). ძალოვნებიც იძულებულნი არიან, დააკავონ ყველა, რადგან მათ ერთი სახელი აქვთ - ნარკორეალიზატორები. აღნიშნულს არ თაკილობენ არც უცხო ქვეყნის მოქალაქეები და ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა სწო რედ ის გახლავთ, რომ ნარკოდილერები ანუ ამ ჯოჯოხეთის მთავარი შემოქმედნი, სწორედ საზღვრებს გარეთ არიან, იქიდან აკონტროლებენ სიტუაციას და მათზე გასვლა უმრავლეს შემთხვევაში, უბრალოდ, ვერ ხერხდება.

 

ხშირ შემთხვევაში სამართალდამცავები უიმედოდ შლიან ხელებს და ამბობენ, რომ ნარკოტიკების მომხმარებლებს ვერაფერს უხერხებენ. საქმე ის გახლავთ, რომ ნარკოლიბერალიზაციის გამო, არცთუ იშვიათად, ნარკოდამოკიდებულ პირს, რომელიც დაამტკიცებს, რომ ნარკოტიკი პირადი მოხმარებისთვის სურდა და არა გასაღებისთვის, სასამართლო დარბაზიდან გირაოთი, ან ჯარიმის გადახდის შემდეგ უშვებენ. მერე, ისე გამოდის, რომ პოლიციელმა, რომელმაც ნარკოტიკების მომხმარებელი დააკავა, პროკურორი, რომელიც მის პატიმრობას ითხოვდა, ცუდია და მოსამართლე კარგი. მოსამართლეებმაც რა ქნან, ნარკოლიბერალიზაციაო და ესაა ნარკოლიბერალიზაცია. ისედაც ციხეები სწორედ ამ და კიდევ ძალადობის მუხლით გასამართლებულებით არის გადავსებული.

შესაძლოა, ბევრმა არ იცის (ან რატომ უნდა იცოდეს?), რომ მეტადონის პროგრამაში ჩართულებისთვის პირობები გამკაცრდა. თუ ეტლით მოსარგებლეები აქამდე ერთი ან ორი კვირის სამყოფ ნარკოტიკს იღებდნენ სახელმწიფოსგან, ახლა იძულებულნი არიან, ყოველდღე მივიდნენ კუთვნილი დოზის მისაღებად. მიზეზი? სჯობს ამის შესახებ სამართალდამცავს მოვუსმინოთ.

„მეტადონის პროგრამა ბევრ ქვეყანააშია, მაგრამ ალბათ, არსად არ ხდება ისე, როგორც აქ, საქართველოში. ჯერ იყო და, სანამ აბებით ვაწვდიდით წამალს, კბილებზე იგლესდნენ, გარეთ გადიოდნენ, იქ კბილებიდან იფხეკდნენ და სხვებს უნაწილებდნენ, ზოგი ჰყიდდა, ზოგი საძმაკაცოს სცემდა პატივს. მერე, სითხე შემოვიღეთ და ყურადღებას აღარ ვაქცევდით, სითხეა, მოიყუდა, გავიდა, მაგრამ მალე „გამოსავალი“ აქაც იპოვეს, სითხეს არ ყლაპავდნენ, გარეთ გაჰქონდათ, სადაც პლასტმასის ჭიქით ელოდა ან მყიდველი, ან ძმაკაცი, იქ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, აფურთხებდნენ წამალს და მერე ინაწილებდნენ. საზიზღრობაა ერთი შეხედვით, არა? ალბათ, მაგრამ ამას ასობით ადამიანი აკეთებდა ყოველდღე. ამიტომ, ყველაფერი გავამკაცრეთ, ახლა, როცა დალევენ, ოთახში ცოტა ხანს ვაჩერებთ, რათა წამალი კუჭის წვენს შეერიოს და გარეთ გასულმა არ ამოარწყიოს, სპეციალური აბები აქვთ, დალევენ, მაშინვე არწყევენ და მერწმუნეთ, იმ ნარწყევსაც თავისი კლიენტი ჰყავს“, - გვეუბნება პოლიციის მაღალჩინოსანი.

ყველაფერი ეს, შესაძლოა, ვიღაცისთვის მართლა საზიზღრობა და საშინელებაა, მაგრამ ვაი, რომ ამ საშინელებას და საზიზღრობას ყოველდღიურად ვხვდებით იმ ადგილებში, სადაც სახელმწიფო პროგრამაში ჩასმული ადამიანები წამლის მისაღებად რიგში დგანან. ეს იციან მათი ოჯახის წევრებმა, მაგრამ ვერაფერს ცვლიან და ქმედებას ისევ სახელმწიფოსგან ელოდებიან. აი, სახელმწიფომ კი... რა უნდა ქნას სახელმწიფომ ასეთ შემთხვევაში? ჩვენი მოკრძალებული აზრით, ნარკოპოლიტიკა ცოტა უნდა გამკაცრდეს და თუნდაც ნარკოდამოკიდებულებმა იცოდნენ, რომ მოხმარებისთვის ნაციონალებისდროინდელ „ლიანდაგივით სროკს“ არა, მაგრამ გარკვეულ სასჯელს მიიღებენ, რაც მათი დაფიქრების შესაძლებლობასთან ერთად, იმის შანსსაც მოგვცემს, რომ სადარბაზოდან გასულებს, „მარიხუანა“ ცხვირ-პირში არ შეგვაბოლონ მისმა მომხმარებლებმა და თან ამაყად არ გამოგვხედონ, კანონი ვერაფერს დამაკლებსო.

ამასთან, ისიც გვაინტერესებს, სად არის ნარკოტიკული თრობის შესამოწმებელი ტესტები? აი, ისეთი, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები რომ გვაჩერებენ, ჩაბერეო რომ გვეუბნებიან და ალკოტესტს რომ გვიტარებენ. ზუსტად ასევე უნდა ხდებოდეს ნარკოტესტის ჩატარებაც და ნარკიტიკული თრობის ქვეშ მყოფი პირს ზუსტად ისევე უნდა ჩამოერთვას მართვის მოწმობა, როგორც ნასვამ მძღოლს. რაღაც არავისგან გამიგია, ნარკოტესტი ჩაეტარებინოს და ძალიან, ძალიან კარგი და დროული იქნება ამ პრაქტიკის დანერგვა.

ახლა, რაც შეეხება ნარკოტიკების შემოტანას. საქართველოს, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო საზღვარი ღია აქვს ანუ საქართველოში შემოსვლა ყველა მხრიდან შეიძლება. ეს ნარკოტიკების შემოტანის კონტროლს ძალიან ართულებს. გვერწმუნეთ, მესაზღვრეები და მებაჟეები ფხიზლად არიან, თვალს ადევნებენ ყველაფერს, ყველა საეჭვო მგზავრსა თუ შემთხვევას ბოლომდე ჩაჰყვებიან ხოლმე, მაგრამ მაინც ეპარებათ ნარკოტიკები და ამას დღეს არსებული რეალობა მოწმობს. შედარებისთვის, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვარი დახურული აქვს და ნარკოტიკების მოძრაობა იქ, ასე თუ ასე, კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ ჩვენზე ბევრად უკეთესი სტატისტიკა მაინც არ აქვთ. ძალიან ცუდი მდგომარეობაა თურქეთში, სომხეთში, რუსეთში კი... რუსეთში ნარკოტიკების შეძენა ყველაზე მარტივად არის შესაძლებელი და ამხელა ქვეყანასა და ამხელა ტერიტორიას სამართალდამცავები უბრალოდ ვერ აკონტროლებენ, თანაც რუსეთში „მოსულა“ პოლიციისთვის ქრთამის მიცემა, ისინი თვალს ხუჭავენ ბევრ რამეზე და ტერმინი „ატბლაგადარიტ“ ძალიან ხშირად გამოიყენება.

ისე, იმასაც გვეუბნებიან, რუსეთში თუ ქრთამს მისცემ (და ქრთამს ყველა იღებს), ნებისმიერი რამის ყიდვაც შეიძლება, გაყიდვაც და ადამიანის გაქრობაც.

ნარკოტიკებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, სულ უფრო ხშირად ვხვდებით ისეთ ქიმიურ ნაერთებს, რომლებიც დამოკიდებულებას მალე იწვევენ, ნახევარწლიანი მოხმარების შემდეგ კი სიკვდილი დგება. ექსპერტთა ვარაუდით, ის, ვინც ნარკოტიკის მიღებას იწყებს, ექვს თვეში, ფინანსურ რესურსს მთლიანად ანადგურებს და შემდეგ უკვე გადადის ან მოპარვაზე, ან მათხოვრობაზე და ამიტომ, ყველაფერი ეს „ატრაბოტანნი მატერიალ“ (ესეც რუსული ტერმინია, რუსეთში „მოღვაწე“ ნარკოდილერების მოფიქრებული) და ისინი რაც მალე მოკვდებიან, უკეთესია. ამით, კრიმინალიც ნაკლებია და იმასაც არ ამბობენ, ნარკოდამოკიდებული ადამიანები დანაშაულს ჩადიანო ანუ ნარკოდილერებისთვის მომხმარებელი უბრალოდ შემოსავლის წყაროა, მისი ფასი მაშინვე იკარგება, როგორც კი ნარკოდამოკიდებულს ფინანსური რესურსი ეწურება და მათ სასიკვდილოდაც მარტივად სწირავენ. რა თქმა უნდა, ქიმიური ნარკოტიკის დამამზადებლებმა და გამსაღებლებმა კარგად იციან, რას იწვევს პროდუქტი, რომელსაც ქმნიან და ჰყიდიან, მაგრამ ასობით, ათასობით ადამიანის სიცოცხლე არ ანაღვლებთ. როგორც საბჭოთა კავშირის ბევრ რესპუბლიკაში, რუსეთშიც და, ალბათ, ჩვენთანაც ნარკოდისპანსერი მხოლოდ ფორმალობაა, სახელი ჰქვია, თორემ ნამდვილად გამოჯანმრთელება ვისაც სურს, ყველა ევროპაში მიდის, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ ევროპაში მკურნალობა ძალიან დიდ სახსრებთან არის დაკავშირებული და სრული კურსის გავლა 130 ათას ევრომდე ჯდება, რისი შესაძლებლობაც ბევრს არ აქვს.

90-იან წლებში, ნარკოტიკებმა საქართველოს თაობა დააკარგვინა, მოუკლა, გაუქრო და ახლა იგივე წრეზე ვტრიალბთ. ჰო, იგივე წრეზე, მაგრამ 90-იანებისგან განსხვავებით, ახლა ნარკოტიკიც კი ქიმიური ნაერთია და არა ის, რასაც ადრე იკეთებდნენ. ადრე ნარკოტიკი მხოლოდ ზედმეტი დოზის გამო კლავდა ადამიანებს, ახლა კი, მნიშვნელობა არ აქვს დოზას, ქიმიური ნაერთები ორგანიზმს შიგნიდან ნელ-ნელა, მაგრამ საფუძვილიანად ჭამენ და სიკვდილიც მარტივად დგება. საინტერესოა, რომ ამის შესახებ, ნარკოდამოკიდებული ადამიანების უმრავლესობამ იცის, მაგრამ ბოლომდე არ სჯერა, რომ ის, რასაც იღებს, მომაკვდინებელია. არ სჯერა იმის მიუხედავად, რომ ინექციის ადგილი მეორე დღიდან ლპობას იწყებს, არ სჯერა იმის მიუხედავად, რომ ვენა იწვება და სისხლს აღარ ატარებს, იმის მიუხედავად, რომ ორი-სამი თვის შემდეგ, იძულებულია, წამალი ვენაში კი არა, არტერიაში გაიკეთოს, არტერია გახსნას, მერე თითით ეჭიროს, რომ იქიდან სისხლმა არ იფეთქოს... ჰო, ყველაფერი ეს, ჩვენი მწარე ყოველდღიურობაა და, ჯერჯერობით, გამოსავალი არ ჩანს.

 

 

 

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე