მილიარდიანი თაღლითობის უკან მდგარი ბიზნესმენები - BBC-ის გამოძიება

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საერთაშორისო თაღლითურმა ქსელმა უბრალოდ ინვესტორებს მილიარდობით დოლარზე მეტი მოპარა. BBC Eye-იმ შეძლო იმ ბიზნესმენების ჩრდილოვანი ქსელის იდენტიფიცირება, რომლებიც, როგორც ჩანს, ამ ყველაფრის უკან დგანან. 


პირველად ზარის ხმა გესმის. ხანშიშესული კაცი პასუხობს. 

უცნობი გეცნობა როგორც უილიამ გრანტი, სავაჭრო ფირმა Solo Capitals-იდან. გეუბნება, რომ "დიდი დაწინაურება" უნდა შემოგთავაზოს.

ხანშიშესული კაცი ნერვიულობს და დაბნეულია - "არ მაინტერესებს, არ მაინტერესებს", - ეუბნება ის.

თუმცა, უილიამ გრანტი არ ჩერდება. "მხოლოდ ერთი შეკითხვა მაქვს" - ეუბნება მოხუცს - "ფულის კეთება თუ გაინტერესებთ?"

იან ერიკი, 75 წლის პენსიონერი შვედეთიდან, კიდევ ერთხელ გახდება თაღლითობის მსხვერპლი. ზარიSolo Capitals-ის ოფისიდან განხორციელდა, ესაა სავარაუდოდ კრიპტოვალუტის სავაჭრო ფირმა, რომელიც საქართველოშია დაფუძნებული. ჩანაწერის მოსმენა რთულია - ხანშიშესული კაცი, იან ერიკი არა მხოლოდ დაბნეულია, ის გარკვევუთ ამბობს, რომ სავაჭრო თაღლითობებში ერთი მილიონი შვედური კრონა (80 000 ფუნტი სტერლინგი) უკვე დაკარგა.

თუმცა, ის, ვინც რეკავს, ეს ყველაფერი უკვე იცის. მან ისიც ძალიან კარგად იცის, რომ პენსიონერი კარგი სამიზნეა, შემდეგი "თანხის დაბრუნების თაღლითობისთვის". ის ბატონ ერიკს ეუბნება, რომ თუ ბარათის დეტალებს გადასცემს და €250-ს გადასცემს, Solo Capitals-ი გამოიყენებს სპეციალურ პროგრამას, რომელიც დაკარგული ინვესტიციის კვალს გაჰყვება და ფულს დააბრუნებინებს.

"ჩვენ მთელი თანხის დაბრუნება შეგვეძლება," - ამბობს უილიამ გრანტი.

მას იან ერიკის დასაყოლიებლად დრო სჭირდება. თუმცა, 30-წუთიანი საუბრის შემდეგ, პენსიონერი საკრედიტო ბარათის დეტალების კითხვას იწყებს.

კომპანიამ ეს აუდიო ჩანაწერი შეინახა სახელით - "მოტყუებული უილიამი შვედეთიდან". BBC-იმ  ეს ფაილი ყოფილი თანამშრომლისგან მიიღო, თუმცა  კომპანიას ამის დამალა  დიდად არც უცდია. ფაქტობრივად, მათ ის ახალ დაქირავებულებს გადასცეს, როგორც კომპანიის ტრენინგის პაკეტი. 

ეს იყო გაკვეთილი, როგორ უნდა ეთაღლითად.  

თაღლითობა

BBC Eye წელიწადზე მეტ ხანს იძიებდა ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდის საერთაშორისო თაღლითურ სავაჭრო ქსელს, რომლებმაც იან ერიკის მსგავს წინდაუხედავ მომხმარებლებს თაღლითობით მილიარდ დოლარზე მეტი წაართვეს.

ჩვენმა გამოძიებამ პირველად გამოარკვია თაღლითობის სრულ მასშტაბი, ასევე, ჩრდილოვანი ქსელის უკან მდგომი წარმომადგენლების ვინაობები.

პოლიციისთვის ქსელი ცნობილია როგორც მილტონის ჯგუფი, სახელი, რომელსაც თაღლითები თავდაპირველად, 2020 წლამდე იყენებდნენ. ჩვენ მოვახდინეთ 152-ზე მეტი ბრენდის იდენტიფიცირება, მათ შორის Solo Capotals-ის, რომელიც, როგორც ჩანს, ქსელის ნაწილია. ის ინვესტორების სამიზნეში ამოღებასა და მათ მოტყუებაზე მუშაობს, თანაც ისე, რომ ათასობით, ზოგ შემთხვევაში კი ასიათასობით ფუნტი მოპარონ.

მილტონის ჯგუფის ერთ-ერთი საინვესტიციო ბრენდი უმაღლეს ესპანურ საფეხბურთო კლუბსაც კი აფინანსებდა და რეკლამას აკეთებდა უმნიშვნელოვანეს გაზეთებში, რათა პოტენციური ინვესტორებისთვის სანდოობა ჩაენერგა.

BBC Eye ნოემბერში თან ახლდა გერმანელ და ქართველ პოლიციელებს ქოლ-ცენტრების რეიდზე, საქართველოს დედაქალაქ თბილისში. კომპიუტერების ეკრანზე უამრავი ბრიტანული ნომრის სიები ვნახეთ. ჩვენ დავურეკეთ რამდენიმეს და ვესაუბრეთ ბრიტანეთის მოქალაქეებს, რომლებმაც გვითხრეს, რომ ეს-ესაა, ფული რაღაცაში ჩადეს.  ერთ-ერთ დაფაზე ხელით დაწერილი შეხსენება იყო, თაღლითებისთვის საჭირო სახელები და გამოსადეგი დეტალები: "სახლის მესაკუთრე, არ აქვს ვალი"; "50 000 დანაზოგში", "პოლონეთიდან, ბრიტანეთის მოქალაქე", "50 000 აქციებით".

ბრიტანელი კაცის სახელის გვერდზე ეწერა: "10 000-ზე ნაკლები დანაზოგი, ძალიან მშიშარა, მალე მოტყუვდება".

მილტონის ჯგუფის ოფისი კიევში

მსხვერპლთა უმრავლესობა ამ ყველაფერს მას შემდეგ თანხმდება, რაც სოციალურ მედიაში რეკლამა ხვდება. ისინი დაახლოებით 48 საათში იღებენ ზარს და ეუბნებიან, რომ დღეში 90%-მდე სარგებელს ნახავენ. ძირითადად, ზარი ქოლ-ცენტრიდანაა, რომელსაც ლეგალური ბიზნესის ბევრი მატყუარა მახასიათებელი აქვს: თანამედროვე ოფისი HR დეპარტამენტით, თვიური სამიზნეებითა და ბონუსებით, შვებულებებითა და საუკეთესო მოვაჭრის შეჯიბრებებით. ზოგიერთი ქოლ-ცენტრი ფონად ენერგიულ მუსიკას რთავს. თუმცა არის ელემენტებიც, რომლებსაც ლეგალურ ბიზნესში ვერ შეხვდებით - ჩამოწერილი მითითებები, თუ როგორ უნდა მოხდეს პოტენციური ინვესტორის სისუსტეების ამოცნობა და ამ სისუსტეების მათსავე წინააღმდეგ გამოყენება.

პირველი ზარის შემდეგ, მსხვერპლი შეიძლება გადაამისამართონ რეგულირებულ ან დაურეგულირებელ კომპანიასთან, ოფშორულ დაწესებულებებთან. ზოგიერთ მსხვერპლს, რომელიც ფორმდება  მილტონის ჯგუფის რეგულირებულ ბრენდებთან, მითითებებს აძლევენ მათი ბროკერები, რომ ფული ჩადონ სავაჭრო გარიგებაში. ეს გარიგება გათვლილია მომხმარებლის ფულის დაკარგვასა და ბროკერის მიერ ფულის შოვნაზე, რაც გაერთიანებული სამეფოს რეგულაციებით არალეგალურია. ზოგიერთ მსხვერპლს აძლევენ მითითებას, რომ გადმოწერონ პროგრამა, რომელიც თაღლითებს საშუალებას აძლევს, დისტანციურად გააკონტროლონ პერსონალური კომპიუტერები და მათ ნაცვლად ივაჭრონ, რაც ასევე არალეგალურია. მილტონის ჯგუფის ბრენდების ყოფილი თანამშრომლების ცნობით, ზოგიერთი მომხმარებელი ფიქრობს, რომ მართლაც ვაჭრობაშია ჩართული, თუმცა, მათ ფულს უბრალოდ იპარავენ.

"მსხვერპლები ფიქრობენ, რომ მათ კომპანიასთან რეალური ანგარიში აქვთ, მაგრამ არანაირი რეალური ვაჭრობა არ მიდის, ეს მხოლოდ სიმულაციაა" - თქვა ალექსმა, რომელიც მილტონის ჯგუფის უკრაინის ოფისის ყოფილი თანამშრომელია.

იმის უკეთ გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ეს კონკრეტული თაღლითობის სქემა, BBC შეინიღბა როგორც მონდომებული მოვაჭრე და დაუკავშირდა Coinevo-ს, მილტონის ჯგუფის ერთ-ერთ სავაჭრო პლატფორმას. ჩვენ დაგვაკავშირეს მრჩეველთან, რომელიც პატრიკის სახელით გაგვეცნო და გვითხრა, რომ მხოლოდ ერთ დღეში 70, 80 ან 90%-იან მოგებას ვნახავდით. მან გვითხრა, რომ ვაჭრობის დასაწყებად 500 დოლარის ღირებულების ბიტკოინი გადაგვერიცხა.

პატრიკი ჩვენს გადაცმულ კლიენტს უბიძგებდა, რომ პასპორტის ასლი მიეცა. ყალბი ასლის გადაცემის შემდეგ, შევძელით, გვემართა ანგარიში ორი თვის განმავლობაში, სანამ Coinevo მიხვდებოდა, რომ ის ყალბი იყო. ამის შემდეგ პატრიკი ელექტრონული ფოსტით დაგვიკავშირდა, გაგვლანძღა და კონტაქტი გაწყვიტა.

თუმცა BBC-ის ჩადებული ფული უკვე სისტემაში იყო. ჩვენ შევძელით, გავყოლოდით მის კვალს, როცა დაყვეს მცირე ნაწილებად და ბიტკოინის ბევრ სხვადასხვა საფულეში გაანაწილეს, რომლებიც, როგორც ჩანს, მილტონის ჯგუფთანაა კავშირში. ექსპერტებმა BBC-ის უთხრეს, რომ ნამდვილი საფინანსო ინსტიტუციები ფულის დიდ რაოდენობას ასე არ დებენ. ლუი აბოტმა, ადვოკატმა, რომელიც სპეციალიზდება კრიპტოვალუტსა და თაღლითობაში, შეამოწმა ფულის დინება და თქვა, რომ ყველაფერი მიუთითებს "ფართომასშტაბიან ორგანიზებულ დანაშაულზე". აბოტის თქმით, რომ თანხის სხვადასხვა ბიტკოინის საფულეზე განაწილების მიზეზია, "მაქსიმალურად გართულდეს მსხვერპლის ან ადვოკატის მიერ პოვნა".

საუკეთესო სამიზნე

ამ სატელეფონო ზარების თაღლითობების მსხვერპლების წინააღმდეგ ხშირად მათსავე გარემოებებს იყენებენ. ხალხი, ვინც დიდ დანაზოგს ააშკარავებს, დიდ ინვესტიციებს აიძულებენ. მარტოსულ ადამიანებს თაღლითები უმეგობრდებიან.

პენსიაზე ახლახანს გასული ჯეინი (რომლის სახელიც შევცვალეთ) შესანიშნავი სამიზნე იყო. მან მცირე ხნის წინ დატოვა სამსახური საკუთარი ნებით, დაახლოებით 20 000 ფუნტი სტერლინგის დანაზოგი ჰქონდა. ის ფიქრობდა, რომ  ჭკვიანურ ინვესტიციას ჩადებდა, მომავალ წლებში პენსიასთან ერთად ფული რომ ჰქონოდა.

2020 წლის ივნისში, პირველი ლოკდაუნის დროს, მან ნახა კომპანია EverFX ონლაინ რეკლამა. ამავდროულად, EverFX ერთ-ერთი საუკეთესო ესპანური საფეხბურთო გუნდის, Sevilla FC-ს ერთ-ერთი მთავარი სპონსორია. კლუბის ვარსკვლავები სავაჭრო პლატფორმის რეკლამას სოციალურ მედიაში აკეთებდნენ, ეს ჯეინმაც შეამოწმა. კომპანია დარეგულირებული იყო გაერთიანებული სამეფოს საფინანსო სამმართველოს მიერ.

ჯეინმა EverFX-ს მისწერა ვებგვერდის მეშვეობით, საპასუხოდ მიიღო ზარი და დაუკავშირდა პირს, რომელიც უფროს ტრეიდერად გააცნეს. მას უთხრეს, რომ ოდესიდან, უკრაინიდან ურეკავდნენ და მისი სახელი დევიდ ჰანტი იყო. მისი აქცენტი აღმოსავლეთ ევროპელისას ჰგავდა -  თქვა ჯეინმა. მას ის მომენტალურად მოეწონა.

"მართლაც იცოდა საქმე, იცოდა, როგორ მუშაობდა ბაზარი. ჩამითრია", - თქვა მან. 

მცირე ხნის შემდეგ, ისინი თითქმის ყოველ დილას საუბრობდნენ, ჯეინი ელაპარაკებოდა კონკრეტულ რაღაცებზე, რისთვისაც ფული სჭირდებოდა - ჭერის ძვირადღირებული შეკეთება, პენსიის გარდა სხვა შემოსავალი. ჰანტმა ეს ყველაფერი მის წინააღმდეგ გამოიყენა, უთხრა, რომ გარკვეული გადაცვლები მას "ჭერის შოვნასა" და "მომავლისთვის" დაეხმარებოდა.

მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ჯეინმა 15 000 ფუნტი სტერლინგის ინვესტიცია მოახდინა. მაგრამ მისი ვაჭრობა კარგად არ მიდიოდა. ჰანტმა ურჩია, ფული გამოეტანა და სხვა პლატფორმაზე დაებანდებინა, BproFX-ზე, სადაც უკეთეს მოგებას ნახავდა.

ამ დროისთვის, ჯეინი ჰანტს სრულად ენდობოდა. "ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს კარგად ვიცნობდი და ვფიქრობდი, გულში ჩემი ინტერესი ჰქონდა, ამიტომაც ცვლილებაზე დავთანხმდი". - თქვა მან.

რაც არ იცოდა, იყო ის, რომ BproFX-ი არარეგულირებული, ოფშორული, დომინიკაში დაფუძნებული დაწესებულება იყო. რეალურად, EverFX-ს გაერთიანებული სამეფოს მიერ მინიჭებული რეგულირებულის სტატუსი ბრიტანეთის მოქალაქეების მოტყუებაში ხელს არ უშლიდა, თუმცა BproFX-ზე გადასვლა ჯეინს გაერთიანებული სამეფოს კანონის ფარგლებში არსებულ ამ მცირე დაცვასაც კი აცლიდა. BBC-იმ იპოვა რამდენიმე დაზარალებული, რომლებმაც არარეგულირებულ კომპანიებში მსგავსად გადაინაცვლეს.

2020 წლის სექტემბერში ჯეინი დათანხმდა, რომ 20 000 ფუნტი სტერლინგი BProFX-ში დაებანდებინა და ჰანტი მას მომდევნო რამდენიმე თვე სხვადასხვა გადაცვლის მითითებას აძლევდა. თუმცა, ის ფულს კვლავ კარგავდა.

სხვა დაზარალებულებმა BBC-ის უთხრეს, რომ ამ გზით მოატყუეს. ლონდონელმა ბერი ბარნეტმა თქვა, რომ მან ინვესტიცია EverFX-ის რეკლამის ნახვის შემდეგ დაიწყო, მაგრამ რამდენიმე ადრეული სარგებლის შემდეგ, მოულოდნელად 10 000 ფუნტ სტერლინგზე მეტი 24 საათში დაკარგა. მრჩეველმა ის დაიყოლია, რომ კიდევ 25 000 ფუნტი სტერლინგი ამ დანაკარგის ამოსაღებად ჩაედო.

"ყოველ ორ საათში ექვს ზარს მაინც ვიღებდი. ხალხი მთხოვდა, რომ მეტი ფული ჩამედო", - თქვა ბერიმ.

ჯეინი დევიდ ჰანტისგან ასეთივე ზეწოლის ქვეშ იყო. "ის მეუბნებოდა, რომ რაც უფრო მეტს ჩავდებდი, უფრო მეტს ავინაზღაურებდი", - თქვა მან.

საბოლოოდ ორივემ გადაწყვიტა, რომ დაბანდება შეეწყვიტათ. საერთო ჯამში, ბერიმ 12 000, ჯეინმა კი 27 000 ფუნტი სტერლინგი დაკარგა.

"შეძრწუნებული და გამოფიტული ვარ", თქვა ბერიმ. ორივემ ათობით უშედეგო ზარი განახორციელა, დანაკარგების კვალდაკვალ. დევიდ ჰანტი ჯეინის ზარებს აღარ პასუხობდა. მან იცოდა, რომ ყველაფერი დაკარგა.

"დღე, როცა ამას მივხვდი, ჩემი დაბადების დღე იყო", - თქვა ჯეინმა - "პანდემია იყო და ჩემი ოჯახი გარეთ გასვლას გეგმავდა, ტორტი მიყიდეს, ვცდილობდი, ბედნიერი ვყოფილიყავი, მაგრამ თავს ძალიან დამცირებულად ვგრძნობდი. ამ პლანეტაზე ყოფნა აღარ მინდოდა".

მას თვეები დასჭირდა იმისთვის, რომ მოეკრიბა გამბედაობა და ვინმესთვის ეთქვა, რაც გააკეთა.

სრული სურათის აწყობა

შვედური გაზეთი Dagens Nyheter-ი და სხვები აქამდეც იძიებდნენ მილტონის ჯგუფის საქმეებს, თუმცა BBC-იმ საერთაშორისო თაღლითობის მთავარი ფიგურების ვინაობის დადგენა შეძლო.

ჩვენ დავიწყეთ საჯაროდ ხელმისაწვდომი კორპორაციული დოკუმენტების შემოწმებით, რათა მილტონის ჯგუფის კომპანიებს შორის კავშირი აღგვეწერა. ყველაზე ხშირად ხუთი სახელი მეორდებოდა: დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი მილტონის სავაჭრო პლატფორმების ან დამხმარე ტექნიკური კომპანიების დირექტორებად იყვნენ გაფორმებულები.

ჩვენ ამ ხუთ სახელს ვეძებდით პანამის დოკუმენტებში, 2016 წლის მასობრივ გაჟონვაში, რომელიც ოფშორულ კომპანიებს ეხებოდა, ოთხი მათგანი აღმოვაჩინეთ: ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი - ისინი ნახსენები იყვნენ როგორც მილტონის ჯგუფამდე არსებული ოფშორული და სასუბსიდიო კომპანიების დირექტორებად ან მაღალი რანგის ფიგურებად.

ამ არა-მილტონის კომპანიებიდან ბევრის კვალი მიდიოდა ერთ ფიგურამდე: დავით კეზერაშვილამდე, საქართველოს მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანამდე, რომელიც 2 წლის განმავლობაში ქვეყნის თავდაცვის მინისტრი იყო.

კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრობიდან გაათავისუფლეს და მომავალში დაუსწრებლად გაასამართლეს მთავრობის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ევროს მითვისების ბრალდებით. ამ დროს ის ლონდონში ცხოვრობდა. გაერთიანებულმა სამეფომ საქართველოს ექსტრადიციის მოთხოვნაზე უარი უთხრა.

არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტები, რომლებიც კეზერაშვილს  მილტონამდელ ქსელთან აკავშირებს, მაგრამ პანამის დოკუმენტებში მისი სახელი მეორდებოდა და მეორდებოდა, დოკუმენტები აიდენტიფიცირებდა მას, როგორც ან ქსელის მშობელი კომპანიების დამფუძნებლად ან როგორც მათ მთავარ მეწილედ. სცენის მიღმა, კეზერაშვილი ქსელის ცენტრში ჩანდა.

რაც შეეხება მილტონის ჯგუფს, ასევე არაა საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია, რაც თაღლითურ კომპანიებს კეზერაშვილთან დააკავშირებდა და არ არსებობს სამხილი, რომ მას მილტონის ბრენდებთან პირდაპირი ფინანსური ინტერესები აქვს.

თუმცა, მილტონის ჯგუფის რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა ანონიმურად გვითხრა, რომ მათ კეზერაშვილთან პირდაპირი შეხება ჰქონდათ და ის მილტონის ჯგუფში იყო ჩართული. 

კეზერაშვილი საკუთარ სოციალურ მედიაზე ხშირად არეკლამებდა თაღლითურ სავაჭრო პლატფორმებს. ბიზნეს სოციალურ ქსელ LinkedIn-ზე ის საკუთარ ანგარიშს თითქმის ექსკლუზიურად იყენებდა მილტონთან დაკავშირებული კომპანიების სამუშაოების რეკლამირებასთვის და აზიარებდა მათ პოსტებს.

BBC-იმ შეძლო, ეპოვა რამდენიმე სხვა სამხილი, რომელიც ყოფილ თავდაცვის მინისტრს მილტონის ბრენდებს უკავშირებს. რამდენიმე კომპანია, რომელსაც კეზერაშვილი ფლობდა, იყენებდა იმეილის კერძო სერვერს, რომლის ერთადერთი სხვა მომხმარებლებიც მილტონის ჯგუფის კომპანიები იყვნენ. მისი ვენტურული კაპიტალური ფირმა Infinity VC-ის ეკუთვნოდა ბრენდინგისა და ვებ დომენები კომპანიებისთვის, რომლებიც თაღლითებისთვის სავაჭრო პლატფორმის ტექნოლოგიას უზრუნველყოფდნენ.

კეზერაშვილს ასევე ეკუთვნის შენობა, რომელიც კიევის ოფისია თაღლითური ქოლ-ცენტრი EverFX-ისთვის და პროგრამების უზრუნველმყოფელი ტექნოლოგიური ფირმისთვის - ამ ოფისში პოლიციამ რეიდი ნოემბერში მოაწყო. მას ასევე თბილისში ეკუთვნის ოფისები, რომლებშიც ასევე განთავსებულია ზოგიერთი იგივე ფირმა.

როდესაც BBC-იმ შეამოწმა მილტონის ჯგუფის მაღალი რანგის წარმომადგენელი ოთხი კაცის სოციალური მედიის პროფილები, ქორწილის წვეულებებისა და სხვა სოციალური ღონისძიებების ფოტოებიდან ცხადი გახდა, რომ ყველა მათგანს ახლო სოციალური კავშირი აქვს კეზერაშვილთან. კეზერაშვილი არის მილტონის ჯგუფის თაღლითობასთან დაკავშირებული, სულ მცირე, 45 ადამიანის Facebook-მეგობარი, ხოლო BBC-ის იდენტიფიცირებული ოთხი მაღალი რანგის პირიდან ერთ-ერთი მისი ბიძაშვილია.

BBC კეზერაშვილის კვალს ლონდონში, 18 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების სახლამდე გაჰყვა და მასთან საუბარი ითხოვა, მაგრამ გვითხრეს, რომ არ ეცალა. მან BBC-ის ადვოკატთა მეშვეობით უთხრა, რომ მკაცრად უარყოფს მილტონის ჯგუფთან შეხებას და თაღლითობის გზით ფინანსურ სარგებელს. მისი თქმით, იცოდა, რომ EverFX ლეგიტიმური ბიზნესი იყო და ადვოკატების მტკიცებით, კავშირი, რომელიც ჩვენ უკან მდგომ ხალხთან და IT-სთან დავადგინეთ, "არაფერს ნიშნავდა".

ბატონმა ჭელიძემ და გოგეშვილმა ასევე მკაცრად უარყვეს ჩვენი ბრალდება და თქვეს, რომ EverFX-ი ლეგიტიმური, რეგულირებული პლატფორმა იყო. მათ უარყვეს EverFX-ის ნებისმიერი კავშირი მილტონთან და სხვა იდენტიფიცირებულ ბრენდებთან, რომლებიც, მათი თქმით, EverFX-ის წყაროს კოდსა და ბრენდს სხვა მომხმარებლების შეცდომაში შესაყვანად ბოროტად იყენებდნენ.  მათ თქვეს, რომ EverFX-ს კრიპტო საფულე არასდროს ჰქონია და არ აქვს კონტროლი, მესამე მხარის საგადამხდელო პროცესორები თანხას როგორ ანაწილებენ. 

ბატონმა მგელაძემაც უარყო ჩვენი ბრალდება და გვითხრა, რომ არასდროს ფლობდა არანაირ ქოლ-ცენტრს, რომელიც ინვესტიციებს ბოროტად და თაღლითურად ყიდდა. მისი თქმით, არც მილტონის ჯგუფის შესახებ იცოდა რამე.

ბატონმა ბენინიმ ჩვენს შეკითხვებს არ უპასუხა.

EverFX-მა ჩვენი ბრალდებები უარყო, თქვეს, რომ ისინი ლეგიტიმურ და რეგულირებულ პლატფორმას წარმოადგენენ, სადაც რისკებს სრულად ხსნიან. მათ თქვეს, რომ გამოიძიეს ბერი ბარნეტის საქმე და დაადგინეს, რომ ის საკუთარ დანაკარგზე პასუხისმგებელი თავადვე იყო.

ჯეინის საქმეზე გვითხრეს, რომ მისი დანაკარგი გამოიწვია დაუკავშირებელ კომპანიასთან გადასვლამ. მათი თქმით, სრულ კო-ოპერაციაში არიან ფინანსურ სამმართველოსთან და გაერთიანებული სამეფოსგან განსაკუთრებული სარეგულაციო საჩივრები არ მიუღიათ.

საფეხბურთო კლუბმა სევილიამ BBC-ს მხოლოდ ის უთხრა, რომ როცა EverFX-თან მათი კონტრაქტი დასრულდა, კომპანიასთან კონტაქტი აღარ ჰქონიათ.

გასულ წელს გაერთიანებულ სამეფოში თაღლითობის დანაშაული უტოლდებოდა 4 მილიარდ ფუნტ სტერლინგზე მეტს. მოიაზრება, რომ ონლაინ ინვესტიციების სქემები ყოველ წელს ასობით მილიონის ღირებულებას უტოლდება. თუმცა, ბრიტანულ პოლიციას მსხვერპლები აკრიტიკებდნენ, რომ ბრიტანეთის მოქალაქეების სახელით მოქმედი თაღლითების წინააღმდეგ საკმარის ზომებს არ იღებენ. 

ჯეინმა რამდენიმე გზით, სახლშიც და საზღვარგარეთაც, სცადა, დაებრუნებინა დაკარგული თანხა, მაგრამ ვერაფერი შეძლო. გაერთიანებული სამეფოს ლონდონის პოლიციამ მისგან განაცხადი მიიღო, მაგრამ "არაფერი მოჰყვა". ვერც ბანკი დაეხმარა, "რამდენიმე წერილის გარდა".

"და რატომ დამეხმარებიან, მართლაც?" - თქვა მან და მხრები სევდიანად აიჩეჩა.

ასე რომ, მან ერთადერთი რამ ქნა, რისი მოფიქრებაც შეეძლო. ათეულობით ვებსაიტზე შევიდა და დაწერა შეფასება იმ სავაჭრო ბრენდების, რომლებმაც მოატყუეს.

"მსურდა, გამეფრთხილებინა ყველა, ვინც შეიძლება მოტყუვდეს... ამაში დიდი მონდომება ჩავდე. იმედი მაქვს, ვინმე ამას დაინახავს"  - თქვა მან.

 

წყარო: BBC