ხუთი წელი დათუნა სარალიძის მკვლელობიდან - ინტერვიუ ზაზა სარალიძის ადვოკატთან

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გახმაურებული საქმე

 „ეს საქმე არ დამთავრებულა“

  თათია გოჩაძე

 

ხუთი წლის წინ, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, არასრულწლოვნები - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს. ამ საქმეზე, 2019 წლის 3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი ჯანაშიამ, დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. გიორგი ჯანაშიას 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა. პირველი ინსტანციის - თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გიორგი ჯანაშია დამნაშავედ სცნეს დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში და 9 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძეს, სააპელაციო სასამართლომ, საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელი - 10 წლით და 6 თვით პატიმრობა - დაუმძიმა და 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს, სამართალდამცავებმა დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს მიხეილ კალანდია, რომელსაც მანამდე მოწმის სტატუსი ჰქონდა.

2020 წლის 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ სცნო დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირა და საბოლოოდ, საპატიმრო სასჯელად განუსაზღვრა 11 წელი და 3 თვე. 21 აპრილს კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს პალატამ მიხეილ კალანდია დამნაშავედ სცნო არასრულწლოვანი დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი.

დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მოგვიანებით, გიორგი მენაბდეც დააკავეს. დაკავებული დეკანოზ შიო მენაბდის შვილია, რომელსაც დავით სარალიძის მამა სავარაუდო მკვლელებს შორის მოიაზრებდა, თუმცა ამ მიმართულებით, თავდაპირველად, გამოძიება არ დაწყებულა... გიორგი მენაბდე სასამართლომ დამნაშავედ სცნო. მას სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, ის ერთი მეოთხედით შემცირდა და საბოლოოდ, სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წელი და 6 თვე.

 

როგორ აფასებს 5 წლის შემდეგ ხორავას ქუჩის საქმეზე მიღწეულ სამართალს დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის უფლებადამცველი? - „ვერსია“ ნესტან ლონდარიძეს ესაუბრა:

 

- ძალიან მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ იმას, რომ სამართალი მიღწეულია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რის შედეგად იქნა მიღწეული. რომ არა ზაზა სარალიძის ასეთი ბრძოლა საქმის დარღვევების გამოსააშკარავებლად, ალბათ, ეს შედეგი არ გვექნებოდა, თუმცა აქვე ხაზგასასმელია  - ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს საქმე დასრულებულია. მართალია, საქმეში დანაშაულის ჩამდენი პირები მიეცნენ პასუხისგებაში და მათ მიიღეს კუთვნილი სასჯელი, თუმცა, ალბათ, ეს საკმარისი იქნებოდა იმ დროისთვის, მაშინვე კანონით გათვალისწინებულ ვადებში რომ გამოვლენილიყო, მაგრამ ვინაიდან ასეთი უპრეცედენტო ბრძოლა დასჭირდა იმას, რომ ეს შედეგი მიღწეულიყო, რა თქმა უნდა, არაა საკმარისი. მიგვაჩნია, რომ ყველა ის პირი უნდა დაისაჯოს, ვისი ბრალეულობითაც ეს საქმე აქამდე მივიდა. ამაში ვგულისხმობ სამოხელეო დანაშაულს, ჩვენი ცენტრი, ზაზასთან ერთად, ამ საქმეს ვადევნებთ თვალს და იქამდე არ გავჩერდებით, სანამ გარკვეულ შედეგამდე არ მივალთ. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არ შეიძლება, სამართალი ისევ იმ ხალხის ხელში იყოს, რომლებმაც ამ საქმეზე დარღვევები ჩაიდინეს. თუ იმ პროკურორებს, გამომძიებლებს ახალი საქმეების გამოძიებას მივანდობთ, იმის გარანტია და ნდობა არ გვექნება, რომ მიუკერძოებლად მიუდგებიან და გამოიძიებენ. მათ მიმართ საზოგადოებაში ისედაც მცირე ნდობა არსებობს და ამას სწორედ ის უწყობს ხელს, რომ იმ საქმეებში, სადაც ვლინდება სამოხელეო დანაშაული, არ მახსენდება, ვინმე დასჯილიყო.

ჩვენ თუ მივაღწევთ იმას, რომ გამოვლინდეს და პასუხი აგონ პირებმა, ეს საგამოძიებო სტრუქტურებისადმი საზოგადოების ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს.

- როგორც ცნობილია, გიორგი ჯანაშიამ უკვე დატოვა საპყრობილე. მიხეილ კალანდია და გიორგი მენაბდე კი სასჯელს იხდიან...

- დიახ, გიორგი მენაბდის პროცესი სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობდა და, ალბათ, უზენაეს სასამართლოშიც მოხდება ამ საქმის განხილვა.

- საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ბრალი დაუმტკიცდა მკვლელობის მუხლით...

- დიახ. ჩვენ ვის ქმედებებშიც ვხედავდით სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს, ყველა იმ პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. განსაკუთრებით, ეს ბრძოლა ყველას, ალბათ, მიხეილ კალანდიასთან მიმართებაში ახსოვს. რაც შეეხება ჯანაშიას, რამდენადაც ცნობილია, საპროცესო შეთანხმებას ჰქონდა ადგილი და შემდეგ მან პირობით, ვადამდე ადრე დატოვა დაწესებულება. აქვე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ბევრი კითხვა არსებობდა, ხომ არ იყო ზაზა სარალიძის წერილობითი თანხმობა. მაშინაც არაერთხელ ვთქვი და ახლაც შემიძლია გავიმეორო დადასტურებულად, რომ ხელმოწერა არც ზაზასი და არც ჩემი, როგორც მისი უფლებადამცველის, ამ საქმეში არ დევს.

ჩემთვის პრიორიტეტი ახლა სამოხელეო დანაშაულია. მართალია, ამ ეტაპზე საზოგადოების წინაშე ისე აქტიურად არ ვჩანვართ, მაგრამ ამაში გარკვეული როლი იმანაც შეიტანა, რომ სპეციალური, მიზანმიმართული ჭორების გავრცელებით შეეცადნენ ზაზა სარალიძის სახელი დაეკავშირებინათ გარიგებებთან და ა.შ. თუმცა, ჩვენი მხრიდან არასწორი იქნებოდა მტკიცება იმისა, რომ ეს ასე არ არის.

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და არ ვაპირებთ იქამდე გაჩერებას, სანამ სამოხელეო დანაშაულზეც არ გვექნება სამართლიანი შედეგი.