ექსკლუზივი: „ჩემს ყოფილ მეუღლეს ჰყავს მფარველი და ამას მალე აუცილებლად გავაჟღერებ... ეს საქმე „შეკერილია“! - სკანდალური ინტერვიუ მამასთან, რომლის შვილიც ბაბუას გაუპატიურებაში ადანაშაულებს

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ვერსია“ აგრძელებს შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი საზარელი დანაშაულის ფაქტის გამოძიებას - შეგახსენებთ, რომ 13 წლის გოგონა 53 წლის პაპას გაუპატიურებაში ადანაშაულებს და ჩვენებაში აცხადებს, მამის მამა მასზე სისტემატურად ძალადობდა. „ვერსიამ“ ამ საქმეზე ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში არაერთი სტატია მოამზადა და კვლავ ვაგრძელებთ ამ სკანდალური ამბის გამოძიებას. გთავაზობთ დაზარალებული ბავშვის მამასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს:

_გვიამბეთ, რა ეტაპზეა საქმის განხილვა და რა მოხდა ბოლო სასამართლო პროცესზე?

_ბოლო სასამართლო პროცესი დასრულდა საშინლად და სასაცილოდ. მოსამართლე შეიცვალა, სხვა მოსამართლე ჰყავს საქმეს და ისევ თავიდან დაიწყო ყველაფერი, რაც აქამდე ჩატარებული იყო. ბრალდებული ისევ პატიმრობაშია და პირველი სხდომაზეც იგივე ხალხი დაიკითხა, რომლებიც წინაზე. ყველაზე სასაცილო და საშინელი ისაა, რომ იმათ, ვინც დაკითხული იყო და სხვა რაღაცებს საუბრობდნენ, ახლა შეცვალეს ჩვენება. მაგალითად, ჩემი ყოფილი მეუღლის მეზობელი ყვება ამბავს, რაზეც აქამდე არაფერი უთქვამს, ახლა კი აცხადებს, რომ ბრალდებული დაუნახავს შვილიშვილთან ერთად. ამბობს, რომ პაპა (ბრალდებული./რედ) დაუნახავს, თითქოს მანქანით მიიყვანა ბავშვი, კალთაში ეჯდა, შემდეგ გადმოიყვანა მანქანიდან ხელში აყვანილმა და მიიყვანა სადარბაზოში. 13 წლის ბავშვი აიყვანა, თურმე, ხელში ინვალიდმა კაცმა! ეკითხებიან, რა მდგომარეობაში იყო ბაბუაო, მან კი თქვა, ნორმალურ მდგომარებაში იყო, ორ ფეხზე იდგაო. ეს ყველაფერი თქვა მაშინ, როდესაც ამ კაცს აქვს 1990 წლიდან მოჭრილი საზარდულში ფეხი და იმ დროიდან კაცი დადის ყავარჯნებით. ასეთ პირობებში აცხადებს, რომ ნორმალურ მდგომარეობაში იყო და ორ ფეხზე იდგაო! მოსამართლე იზიარებს ამ ყველაფერს, რადგან არის მაგათი მონა.

იყო კიდევ ერთი შემთხვევა - მასწავლებელი, რომელიც აქამდე ამბობდა, რომ ბავშვი არ იყო გულჩათხრობილი, მოწყენილი, ახლა აცხადებს, რომ თურმე, ბავშვი მოწყენილი იყო. ვკითხულობ, სად იყო აქამდე? რატომ არ გააგებინა ეს ყველაფერი მშობლებს?! ამბობს, რომ ეს ყველაფერი იმის ბრალი იყო, მშობლები რომ დაშორდნენ ერთმანეთსო, მე დავშორდი მეუღლეს 2016-ში და ლაპარაკია 2020-2021 წლებში. მანამდე თუ კარგად იყო ბავშვი, მერე დაემართა დეპრესია მშობლების დაშორებაზე? ან თუ ცუდად იყო ბავშვი, მასწავლებელი სად იყო აქამდე?! მაგ მასწავლებელის საქმეც დადგება აუცილებლად!

_ საინტერესოა, თქვენი შვილი თუ იყო ბოლო სასამართლო სხდომაზე?

_არა, ბავშვს არ აჩენენ, დღემდე არ მოუყვანიათ. ამდენი ექსპერტიზა ჩატარდა, ყველა ექსპერტიზა გამორიცხავს ბრალდებულის დანაშაულს. მე მამა ვარ, მე ვითხოვ სიმართლეს. რეალობას რასაც ვხედავ, ეს არის - ერთხელ არ შემხმიანებია პროკურორი, რატომ ეხმიანება ამ ხალხს და რატომ არ მეხმიანება მე?! მე ხომ მამა ვარ?! მართალია, მე მხარედ მთვლიან, მაგრამ ყველაზე მეტი დაზარალებული ხომ მე ვარ?! ჩემს შვილზე და მამაზეა საუბარი. ვერ ვხვდები, პროკურორს რაში სჭირდება, რომ ამ ხალხს ათქმევინოს წითელზე შავიაო?! თუ პროკურორია, თუ ადამიანია, თუ სწორად უნდა გამოიძიოს ეს საქმე, შავზე შავი თქვას, წითელზე წითელი.

... მაინტერესებს სიმართლე. მამაჩემი თუ დასასჯელია, პირველ რიგში მე დასვჯი და ეს ჩემი ყველაზე დიდი მოთხოვნაა იმ დროიდანვე, მაგრამ რასაც ვხედავ, ბავშვის ექსპერტიზის პასუხი თავიდან არ ჩადეს საქმეში, რადგან ბავშვს თითი არ ჰქონდა დაკარებული. ბევრი ექსპერტიზა ჩაუტარდა მამაჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ახლა მესამედ მოხვდა საავადმყოფოში გულის შეტევით და ბევრი სხვა ჯანმრთელობის პრობლემით. უნდათ, რომ ადამიანი ციხეში ავადმყოფობით მოკლან, ამიტომ უწელავენ ასე საქმეს. იმიტომ, რომ ხელჩასაჭიდი ვერაფერი ნახეს. პროკურორმა იმ დღეს დაუშვა შეცდომა, როცა არ გამოიძიეს ეს საქმე, შშმ ადამიანს ხელი მოკიდეს და გააქანეს ციხეში. ჭორის დონეზე არ ვამბობ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ყოფილ მეუღლეს ჰყავს მფარველი. ამ ყველაფერს მალე აუცილებლად გავაჟღერებ. ჩემმა ყოფილმა ცოლმა მეც ბევრი რამე დამაბრალა, ვითომ ვავიწროვებდი და ცუდად ვექცეოდი, როდესაც დაშორებული ვიყავი.

_თქვენ დაზარალებულ შვილთან ან სხვა შვილებთან კომუნიკაცია გაქვთ?

_არა, საერთოდ არ მაქვს. დამბლოკეს ყველგან, შვილებსაც დააბლოკინეს ჩემი თავი. ახალ წელს ვურეკავდი, არ მიპასუხეს. თუ ბავშვებს არ ვუთხარი მობილურით, რომ მამა გარეთ ვარ გამოდით, თქვენი ნახვა მინდა-მეთქი, არ უშვებს. მეც არ მივდივარ, რომ კონფლიქტი არ მოხდეს. რაც ეს ამბები დაიწყო, ბავშვები მხოლოდ ერთხელ ვნახე. მაშინ დაზარალებული შვილი მეუბნებოდა, რომ ადვოკატი არ მჭირდებოდა და მე მისი უნდა დამეჯერებინა, დაარიგეს და ალაპარაკეს. მე ვეუბნებოდი, რომ, შვილო, მე სიმართლე მაინტერესებს, შენიც მჯერა, მაგრამ სიმართლე მაინტერესებს და ჩემი ადვოკატი შენ ხელს არაფერში შეგიშლის-მეთქი. არაო, მე ხელს მიშლისო, ადვოკატი არ გჭირდებაო, მეუბნებოდა ბავშვი.

_საინტერესოა, სავარაუდო დაზარალებული ბავშვი თუ შეამოწმეს ფსიქოლოგებმა?

_ როგორც ამბობენ, შეამოწმეს, მაგრამ ჩვენ შევთავაზეთ, რომ ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაგვეტარებინა, მაგრამ პროკურორმა ამაზეც უარი მითხრა. არ უნდათ ამ ბავშვის გამოჩენა იმიტომ, რომ ეს ამბავი „შეკერილია“. ჩვენებაში რაც წერია, ის ბავშვის სიტყვები არ არის, ის მისი დაწერილი არ არის.

_ როგორც ადვოკატი ამბობს, ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ბავშვის საქალწულე აპკი დარღვეული არ არის. თუ ასეა, ახლა რა მუხლით იმყოფება ბრალდებული ციხეში?

_იმავე მუხლით ზის, რითაც დააკავეს. პატიმრობაში ყოფნის 7 თვე უსრულდება მამაჩემს, წესით, შემდეგ სასამართლოზე გავიგებ, გამოუშვებენ თუ არა, მაგრამ მგონია, რომ გამოშვებას არ აპირებენ, რადგან იციან, რომ შეცდომა დაუშვა პროკურორმა. ამდენი ხანი ბრალი ვერ წაუყენეს, ვერაფერი ნახეს და ამის გამო მეშვიდე თვეა, შშმ კაცი ზის ციხეში, რომელიც უარესად დაავადდა ციხეში. 110-120 კგ იყო და 69 კგ-მდეა ჩამოსული.

_თქვენ რას ელოდებით შემდეგი სასამართლო სხდომიდან და რას აპირებთ?

_მინდა, რომ ნორმალურად გამოიძიონ, სიმართლე დაადგინონ. ამ ხალხს ნუ აბეჩავებენ და როგორც უნდათ, ისე ნუ ალაპარაკებენ ხალხს, როგორ შეიძლება, ადამიანი დაიბარო კაბინეტში და შენი ნალაპარაკევი ალაპარაკო. ეს როგორ შეიძლება?! ეს არის სასამართლო?! ეს არის პროკურატურა?! პროკურორი ასე როგორ შეიძლება, დაეცეს, რომ ასეთი რაღაცები აკეთოს? მაგრამ როგორც ვატყობ, პროკურორს აქვს რაღაც დავალება და მოსამართლეც, პირდაპირ გეუბნებით, რომ არის პროკურატურის მონა. ვინ გასცემს ამ კაცს პასუხს, მართალი რომ გამოვა ციხიდან?! ვინ დაუბრუნებს მას ჯანმრთელობას?! თუ დასასჯელია, მე პირადად შევუწყობ ხელს, რომ დაისაჯოს, თუ არადა, გარეთ უნდა გამოვიდეს და ვინც ამ საქმეში დამნაშავეა, ის უნდა დაისაჯოს. ტყუილად დაიჭირეს, იცით რატომ ვფიქრობ ასე?! ამდენი ექსპერტიზით, ბავშვზე იძახდნენ, რომ გაუპატიურებულიაო და თითი არ აქვს ბავშვს დაკარებული.

 

ავტორი: სალომე ნოზაძე