ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ლიკვიდირებულია ჰამასის და ჰეზბოლას კიდევ ორი მეთაური

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ქალაქ ღაზაში იერიში მიიტანა ორ სკოლაზე, რომლებსაც სამეთაურო ცენტრებად იყენებდა პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასი.

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ 5 აგვისტოს, ღამით, გავრცელებული ინფორმაციით, ლიკვიდირებულია ჰამასის ერთ-ერთი ბატალიონის მეთაური ჯაბერ აზიზი და „კიდევ რამდენიმე ტერორისტი“. ისრაელის თანახმად, ჯაბერ აზიზი, რომელიც 4 აგვისტოს მოკლეს, აქტიურად მონაწილეობდა ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის დაგეგმვაში.

პალესტინური მხარის ინფორმაციით, ღაზის ორ სკოლაზე 4 აგვისტოს განხორციელებული ავაიადარტყმების შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 30 ადამიანი, ძირითადად, ქალები და ბავშვები. ისრაელს ამ ცნობაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ისრაელის არმიის ინფორმაციით, 5 აგვისტოს ლიბანის სამხრეთზე ავიადარტყმის შედეგად მოკლულია რადიკალური ისლამისტური ორგანიზაცია ჰეზბოლას სპეცდანიშნულების რაზმ „რადვანის“ მეთაური ალი ჯამალ ალდინ ჯავადი. მისი ლიკვიდაცია, ისრაელის თავდაცვის ძალების შეფასებით, მნიშვნელოვნად ამცირებს ლიბანის სამხრეთიდან ისრაელის ჩრდილოეთის წინააღმდეგ ტერაქტების შესაძლებლობას.

ისრაელი ჰამასის და ჰეზბოლას მეთაურების ლიკვიდაციას განაგრძობს ამ დაჯგუფებების და მათი მხარდამჭერი ირანის მუქარის ფონზე. ისრაელს შურისძიებით დაემუქრნენ ივლისის ბოლოს მომხდარი ორი მკვლელობის გამო.

31 ივლისს თეირანში მოკლეს პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასის პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიე. ჰამასმა და ირანმა მკვლელობაში ისრაელი დაადანაშაულეს.

30 ივლისს ისრაელის არმიამ ბეირუთის გარეუბანში დაბომბა ლიბანში მოქმედი რადიკალური ისლამისტური ორგანიზაცია ჰეზბოლას პოზიციები და განაცხადა, რომ ლიკვიდირებულია მისი ერთ-ერთი სამხედრო მეთაური ფუად შუქრი.

რამდენიმე დღით ადრე, 27 ივლისს, ისრაელმა ჰეზბოლა დაადანაშაულა გოლანის მაღლობებზე მდებარე ქალაქ მაჯდალ-შამსზე სარაკეტო შეტევაში, რომლის შედეგად სტადიონზე დაიღუპა 12 მოზარდი და ახალგაზრდა.

1 აგვისტოს ისრაელის არმიამ გამოაცხადა, რომ ღაზის სექტორის ქალაქ ხან-იუნისში ლიკვიდირებულია ჰამასის სამხედრო ფრთის ხელმძღვანელი მოჰამედ დეიფი. ისრაელის თანახმად, დეიფი ჯერ კიდევ 13 ივლისს განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად მოკლეს.

ისრაელი მოჰამედ დეიფს მიიჩნევდა ერთ-ერთ ორგანიზატორად ჰამასის შარშანდელი თავდასხმის, რომლის შედეგად ისრაელის სამხრეთში 1200-მდე ადამიანი დაიღუპა და 250-ზე მეტი მძევლობაში აღმოჩნდა.

2023 წლის 7 ოქტომბერს მომხდარ ამ თავდასხმას მოჰყვა ისრაელის მიერ ჰამასისთვის ომის გამოცხადება და უმწვავესი ჰუმანიტარული კრიზისის და დიდი მსხვერპლის გამომწვევი ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები ღაზის სექტორში, სადაც პალესტინური მხარის ინფორმაციით, 40 000-მდე ადამიანია დაღუპული.