კახა კალაძე მიხეილ გახოკიძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამგორის რაიონში მიხეილ გახოკიძის ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს. მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის სამუშაოები, რომელსაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ახორციელებს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თავის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 2 400 მეტრის სიგრძის ქუჩაზე პროექტის პირველ ეტაპზე წყლისა და წყალარინების ქსელის შეცვლის სამუშაოები ხორციელდება, მეორე ეტაპზე კი ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური სანიაღვრე ქსელის მოწყობას და საგზაო სამუშაოებს დაიწყებს.

თბილისის მერის თქმით, გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაცია აპრილში დასრულდება.

„აღნიშნული ქუჩა იყო უმძიმეს მდგომარეობაში. ვისაც გაუვლია ამ ქუჩაზე, ყველა დამეთანხმება, რომ კატასტროფული მდგომარეობაა. მიწისქვეშა კომუნიკაციების გამო, ფაქტობრივად, გზა ჩავარდნილი იყო და ჭირდა გადაადგილება. სამუშაოები ორ ეტაპად არის გაყოფილი. პირველ ეტაპზე მუშაობს კომპანია „ჯორჯიამ უოთერ ენდ ფაუერი“ და მთლიანად ცვლის მიწისქვეშა კომუნიკაციებს. ხედავთ, რა მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს. ოქტომბრამდე ეს სამუშაოები დასრულებული იქნება, შემდეგ კი ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური დაიწყებს საგზაო სამუშაოებს. აპრილში პროექტი დასრულებული იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე.

დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ცნობით, პროექტის ფარგლებში საჰაერო ელექტროსადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება, მოეწყობა ახალი გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის LED ლამპიონები. გზის სავალ ნაწილზე დაიგება რამდენიმე ფენა ასფალტის საფარი, ფეხით მოსიარულეებისთვის მოეწყობა ტროტუარები; ქუჩაზე ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის, მოეწყობა საფეხმავლო კუნძულები და ზებრა გადასასვლელები.

სამუშაოები 12 ივლისს დაიწყო. რეაბილიტაციის პერიოდში ქუჩაზე ტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის, კახეთის გზატკეცილის მხრიდან მოძრავი ავტომობილები კი გიორგი აბაშვილის, რომანოზ ხომლელის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩით და მათი დამაკავშირებელი გზის გავლით იმოძრავებენ. გადაადგილება ასევე, დასაშვები იქნება დიმიტრი ალექსიძის, სესილია თაყაიშვილის, იოთამ ზედგენიძის, ვიქტორ კუპრაძის, რაჭის, მეგობრობის, მშვიდობისა და ევგენია მაისურაძის ქუჩებით. დროებით შეიცვალა მიკროავტობუსების მარშრუტებიც.