არძინბას გადაწყვეტილებები „აფხაზეთის იზოლაციას აღრმავებს“ - არასამთავრობოები

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციის, „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის“ ხელმძღვანელი არდა ინალ-იპა ეხმაურება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას გადაწყვეტილებას. არძინბამ აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტები აკრძალა და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა სამხრეთ კავკასიაში USAID-ის მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი. არდა ინალ-იპას თქმით, ინალ არძინბა თავისი მანდატის შესაბამისი დიპლომატიური საქმიანობით არაა დაკავებული და, პირიქით, ძირს უთხრის წინა „მინისტრების“ მიღწევებს.

„მინისტრ არძინბას ბრძანებები აღარ გვაკვირვებს - მან დიდი ხანია მიზნად დაისახა, არ იმუშაოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არ დაარწმუნოს საერთაშორისო ფონდები, მიმართონ სახსრები აფხაზეთისა და აფხაზეთის საზოგადოების აქტუალური პრობლემების გადასაჭრელად, არამედ მოწყვიტოს აფხაზეთი გარესამყაროს, გადააქციოს დახურულ ზონად. სინამდვილეში, ინალ არძინბა საერთოდ არ არის დაკავებული დიპლომატიით, როგორც ამას მისი მანდატი მოითხოვს, პირიქით, ის ძირს უთხრის ჩვენი წინა მინისტრებისა და მათი კოლეგების მიღწევებს ”, - ამბობს არდა ინალ-იპა.

მისი თქმით, ოფიციალური თბილისი კმაყოფილია ინალ არძინბას გადაწყვეტილებებით.

„რა უნდა ითქვას? საქართველოში ძალიან კმაყოფილი არიან ჩვენი მინისტრის მოქმედებებით, ვინაიდან იქაც სწორედ ამას აკეთებენ - დაბრკოლებებს უქმნიან საერთაშორისო ორგანიზაციების [მუშაობას] აფხაზეთში. მინისტრი თავისი ბრძანებებით ძალიან აქტიურად ეხმარება მათ. ესმის თუ არა მოსკოვში შეწყვეტილი კარიერის აღდგენის იდეით დაბრმავებულ მინისტრს ეს, დარწმუნებული არ ვარ. მაგრამ ჩვენმა საზოგადოებამ და ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს: ჩვენ თვალწინ მიიღება ანტიაფხაზური გადაწყვეტილებები, რაც იწვევს აფხაზეთის კიდევ უფრო მეტ იზოლაციას. ასეთი განკარგულებები მნიშვნელოვნად ართულებს აფხაზეთის საერთაშორისო კონტაქტების გაფართოების ამოცანას, რომლის გარეშეც შეუძლებელია ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარების იდეის ხელშეწყობა“, - დასძინა მან.

მანამდე სატელევიზიო არხის, RT-ის, მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა აფხაზეთში ვიზიტისას გააკრიტიკა USAID და აფხაზეთის ხელმძღვანელობას უსურვა „სიბრძნე, გამბედაობა და ძალა უკომპრომისო ბრძოლაში“ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

2022 წლის მაისში ინალ არძინბამ დახურა საერთაშორისო ორგანიზაციის, „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ", პროექტი, რომელიც უკავშირდებოდა ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესებას ინკლუზიური განვითარების გზით. უწყებაში აცხადებდნენ, რომ "უშიშროების სამსახურმა" გამოავლინა ფაქტები, რომლებიც მიუთითებდნენ შეუსაბამობაზე პროექტის შესახებ მოწოდებულ მონაცემებსა და მის ფარგლებში ჩატარებულ აქტივობებს შორის. არძინბამ თქვა, რომ მათთვის მიუღებელია ის პროექტები, რომლებიც აფხაზებისა და ქართველების პირდაპირ დიალოგს უწყობს ხელს, მათ შორის ექსპერტების და ახალგაზრდობის ჩართულობით.
2022 წლის სექტემბერში რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ საფრანგეთის მოქალაქე ტიფანი ლუკასი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, „სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების“ გამო.
მოგვიანებით ინალ არძინბამ ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას მოუწოდა, არ ითანამშრომლონ "ბერგჰოფის ფონდთან" და განაცხადა, რომ "საგარეო საქმეთა სამინისტრო" განსაკუთრებულ კონტროლს ახორციელებს ამ ფონდთან ნებისმიერ ურთიერთობაზე.
ინალ არძინბა ამბობს, რომ მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი კანონის შემუშავების და მიღების იდეას.
ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელად 2021 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა. ის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ნათესავია.
განათლება 2007-2012 წლებში მიღებული აქვს მოსკოვში, ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში, მსოფლიო ეკონომიკისა და მსოფლიო პოლიტიკის ფაკულტეტზე.
სხვადასხვა დროს ინალ არძინბა მუშაობდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში; დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლად; ხელმძღვანელობდა რუსეთის პატრიარქ კირილთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოს.
უკრაინაში ინალ არძინბას ადანაშაულებენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში - უკრაინის სახელმწიფო საზღვრების შეცვლის მცდელობასა და ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში. კრემლში იგი კურირებდა ურთიერთობას დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან.
უკრაინამ არძინბას საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. 2015 წელს ის უკრაინის მტრების სიაშიც მოხვდა.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით, 2017 წელს ინალ არძინბას მიენიჭა მე-3 კლასის სრული სახელმწიფო მრჩევლის წოდება.

წყარო: რადიო თავისუფლება