„მისტერ ოფშორის“ საერთაშორისო აფერა - დავით კეზერაშვილის მილიარდიანი თაღლითური სქემა BBC-ის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაშიფრეს

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ექს-თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, „ბიზნესის რეკეტით“ იყო ცნობილი და ნაციონალური მოძრაობის „მოლარესაც“ უწოდებდნენ, ქოლცენტრების საერთაშორისო სკანდალში ჯერ კიდევ შარშან გაეხვა. თუმცა, მიმდინარე წლის 12 აპრილს, ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელის - BBC ეთერში გავიდა რეპორტაჟი - ჟურნალისტური გამოძიება, რომლითაც გაირკვა, თუ რა სქემით მოქმედებდა ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომლის ჩრდილოვან მმართველად, სწორედ დავით კეზერაშვილი სახელდება.

ვიდრე BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების დსეტალებს გაგაცნობთ, აუცილებლად უნდა გაგახსენოთ, რომ ქოლცენტრების სახელით ცნობილი საერთაშორისო თაღლითური ჯგუფი, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს, ძირითადად პენსიონერებს, მოტყუებით დიდი ოდენობის თანხას სძალავდა. წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ევროპის მასშტაბით, ქოლცენტრის თანამშრომლები უკავშირდებოდნენ სამიზნე ობიექტებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და არარსებულ ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებზე ინვესტიციების ჩადებას სთავაზობდნენ. არწმუნებდნენ, რომ ინვესტირებით ისინი დიდ მოგებას ნახავდნენ. თანხა დანაშაულებრივი ჯგუფის ანგარიშებზე ირიცხებოდა, ამის შემდეგ კი ფულს სხვადასხვა კომპანიების საშუალებით ათეთრებდნენ.

„მისტერ ოფშორის“ მილიარდიანი აფერა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟის მთავარი გმირია დავით კეზერაშვილი და მის სახელთან ასოცირებული კომპანია Milton Group. თუმცა რეპორტაჟში კეზერაშვილთან დაკავშირებული სხვა გვარებიც გვხვდება, კერძოდ, დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენმინი. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ეს ხუთი სახელი შეიტანეს „პანამის დოკუმენტებში“ და აღმოაჩინეს, რომ მათგან ოთხი - ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი - იკავებდა დირექტორის პოსტს, ან სხვა მაღალ თანამდებობას ოფშორული, გნებავთ, შვილობილი კომპანიების ჯგუფში. სწორედ ის უძღოდა წინ „მილტონის ჯგუფს“, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი ეს, მიდიოდა ერთ პიროვნებამდე - დავით კეზერაშვილამდე.

ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, დავით კეზერაშვილი ორი წლის მანძილზე იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი, შემდეგ გაათავისუფლეს. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისთვის დაუსწრებლად გაასამართლეს. საუბარია, დაახლოებით, 5 მილიონი ევროს გაფლანგვაზე.

Milton Group-მდე, საჯარო დომენში არ არსებობდა არანაირი დოკუმენტი, რომელიც კეზერაშვილს ამ ქსელთან დააკავშირებდა. თუმცა, როცა ჟურნალისტებმა „პანამის დოკუმენტებს“ გადახედეს, მის სახელსაც მიაკვლიეს და ისიც გაარკვიეს, რომ კეზერაშვილი  ქსელის მშობელი კომპანიების დამფუძნებლად და ერთ-ერთ პირველ აქციონერად ფიქსირდებოდა. შესაბამისად, კულისებში, კეზერაშვილი სწორედ ამ ქსელის ცენტრში აღმოჩნდა.

რაც შეეხება Milton Group-ს, ასევე არ არსებობდა არანაირი საჯარო  დოკუმენტი, რომელიც კეზერაშვილს თაღლითურ კომპანიებთან დააკავშირებდა. გარდა ამისა, არ არსებობდა მტკიცებულება მისი პირდაპირი ფინანსური ინტერესის შესახებ Milton-ის ბრენდებთან. მაგრამ „მილტონთან“ ასოცირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა, BBC-ის ჟურნალისტებს კონფიდენციალურად განუცხადეს, რომ კეზერაშვილთან უშუალო ურთიერთობა ჰქონდათ და იცოდნენ, რომ ის „მილტონ ჯგუფთან“ იყო დაკავშირებული. 

კეზერაშვილი თაღლითურ სავაჭრო პლატფორმებს პოპულარიზაციას სოციალურ მედიაში ხშირად უწევდა. მაგალითად, Linkedin-ზე მან გამოიყენა თავისი ანგარიში, რათა „მილტონთან“ დაკავშირებული კომპანიებისა და იქ სამუშაო ადგილების შესახებ ესაუბრა. BBC-მ შეძლო ეპოვა მრავალი სხვა მინიშნება, რომელიც საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს Milton-ის ბრენდებთან აკავშირებდა. კეზერაშვილის მფლობელობაში არსებული რამდენიმე კომპანია იყენებდა კერძო ფოსტის სერვერს, რომელთა მომხმარებლებიც მხოლოდ Milton Group-ის კომპანიები იყვნენ. მისი კომპანია Infinity VC ფლობდა ბრენდინგსა და ვებდომენებს კომპანიებისთვის, რომლებიც თაღლითური სავაჭრო პლატფორმის ტექნოლოგიას უზრუნველყოფდნენ. კეზერაშვილი ასევე ფლობდა კიევის საოფისე შენობას, სადაც განთავსებული იყო თაღლითური ქოლცენტრი, რომელიც ყიდდა EverFX-სს და ტექნიკურ ფირმებს, რომლებიც პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურებას აწვდიდნენ. ის ასევე ფლობდა საოფისე შენობას თბილისში, სადაც განთავსებული იყო იმავე დანიშნულების რამდენიმე ტექნოლოგიური ფირმა.

 

თაღლითობის მთავარი ფიგურანტები

როდესაც BBC-მ „მილტონის“ ჯგუფის ოთხი მთავარი წევრის სოციალური მედიის პროფილები შეისწავლა, რაც მთავარია, ქორწილებიდან და სხვა საჯარო ღონისძიებებიდან გამოქვეყნებულ ფოტოებსა გადახედა, გაირკვა, რომ თითოეულ მათგანს კეზერაშვილთან მჭიდრო სოციალური კავშირები ჰქონდა. საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი Facebook-ზე, მინიმუმ, 45 ადამიანთან „მეგობრობს“, რომლებიც Milton Group-ის თაღლითობასთან არიან დაკავშირებული. ოთხი გახმაურებული პირი, რომლებსაც BBC ასახელებს, მისი მეგორები და ბიძაშვილები არიან.

უფრო ადრე, კეზერაშვილთან დაკავშირებული ტრანსნაციონალური კომპანიის საეჭვო საქმიანობით შვედური და სხვა საერთაშორისო პრესაც დაინტერესდა. BBC-ის გამოძიებაში ჟურნალისტებმა ლონდონში, ჩელსიში, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის 18 მილიონ ფუნტად შეფასებული ვილაც აღმოაჩინეს. რეპორტაჟის ავტორი მისამართზე მივიდა და შეეცადა, დავით კეზერაშვილის პოზიცია მოესმინა, თუმცა დაცვის სამსახურმა მედია ტერიტორიაზე არ დაუშვა. მოგვიანებით, იურისტების საშუალებით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა BBC-ის საგამოძიებო ჯგუფს შეუთვალა, რომ არანაირი საერთო არ აქვს Milton Group-თან და არც ტრანსნაციონალურ თაღლითობასთან. კეზერაშვილი უარყოფს ყოველგვარ კავშირს ქოლცენტრების საქმესთან და მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს ევროპული ქვეყნების საგამოძიებო სტრუქტურებთან.

გარდა ამისა, კეზერაშვილი უარყოფს ამა თუ იმ ფინანსურ სარგებელს, რაც ამ თაღლითური სქემის საშუალებით შეეძლო, მიეღო. მისი თქმით, EverFX-ი ლეგიტიმური ბიზნესია. ბრალდებები უარყვეს ჭელიძემ, გოგეშვილმა და ბენმინმაც. თუმცა, საერთაშორისო მედიაში მოიპოვება თაღლითურ სქემასთან მათი კავშირის ამსახველი მტკიცებულებები, კერძოდ, კეზერაშვილის ახლო გარემოცვის წევრის, დავით თოდუას ფოტო. ფოტო Milton Group-ის კორპორატიულ წვეულებაზეა გადაღებული, სადაც ქოლცენტრის თანამშრომლები 50-მილიონიან მოგებას აღნიშნავენ, დავით თოდუას კი „კომპანიის მამად“ მოიხსენიებენ.

თბილისში, Milton Grouo-თან დაკავშირებულ ქოლცენტრების ოფისში ქართველმა და გერმანელმა სამართალდამცველებმა რეიდი გასული წლის ნოემბერში ჩაატარეს. საპოლიციო ღონისძიებას ესწრებოდა BBC-ის ჟურნალისტთა ჯგუფიც, რომლებმაც ქოლცენტრებში, კომპიუტერების ეკრანებზე პოტენციური მსხვერპლების ბაზაც აღმოაჩინეს, მათ შორის, აღნიშვნები იმის შესახებ, ვის რამდენი აქვს დანაზოგი და ვისგან რა თანხის ამოღებაა შესაძლებელი. თბილისის ხუთვარსკვლავიან ბიზნეს-ცენტრში გახსნილი ოფისიდან, ბრიტანეთის 5 ათას მოქალაქეზე გავიდნენ, ჩამონათვალშია სკანდინავიისა და გერმანიის პენსიონერებიც. ფილმში გამოყენებულია გერმანელი პროკურორის ინტერვიუ, რომლის განცხადებით, მსხვერპლი ძალიან ბევრია, მათ შორის, გერმანიიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

BBC-ის 46-წუთიან სიუჟეტში, გამომძიებელმა ჟურნალისტებმა კეზერაშვილს „მისტერ ოფშორი“ შეარქვეს. დაზარალებული პენსიონერების გარდა, ჟურნალისტური გამოძიებაში საუბრობენ იმ ათასობით ახალგაზრდაზე, რომლებიც სქემაში ჩართეს და ბონუსად პენსიონერების თანხიდან პროცენტები დაუნიშნეს. ოფისები კი ევროპის ქვეყნების გარდა, ძირითადად, კიევსა და თბილისში იყო განთავსებული. 

რა ქონებას ფლობენ მთავარი ფიგურანტები

საინტერესოა, სად ცხოვრობენ, რა ქონებას ფლობენ, ან სხვა რა დანაშაულში არიან ეჭვმიტანილნი ჟურნალისტური გამოძიების ფიგურანტები. BBC-ის მიერ გაშიფრული სქემით, ქოლცენტრების დანაშაულებრივ საქმეში დავით კეზერაშვილთან ერთად, მასთან დაკავშირებული რამდენიმე ქართული გვარი ფიგურირებს. ერთ-ერთი მათგანია 40 წლის დავით თოდუა. საერთაშორისო მედია მას Milton Group-ის ერთ-ერთ დამფუძნებლად აღიარებს. სწორედ ამ კომპანიას უკავშირდება ევროპის მასშტაბით ასეულობით მოქალაქის, მათ შორის, პენსიონერების გაძარცვა.

სოციალური მედიის საშუალებით ცნობილია, რომ თოდუა ფლობს მდიდრულ ვილას ისრაელში, თელავივის მახლობლად, თუმცა ცხოვრობს კვიპროსში, ხოლო საქმიანობს კიევში. დავით კეზერაშვილთან ერთად, ის უკრაინაში ფლობს სამშენებლო ბიზნესს - კერძოდ, კომპანია Project Partners-ის აქციებს დავით თოდუა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ერთად ინაწილებს.

თოდუას მსგავსად, საცხოვრებელ ადგილად კვიპროსი აქვს მითითებული BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების კიდევ ერთ ფიგურანტს, ისრაელის მოქალაქე მიხაილ ბენიმინს. ის დავით კეზერაშვილის ბიძაშვილია და კანონთან პრობლემები სხვა რამდენიმე ქვეყანაშიც აქვს.

იგივე პიროვნება ფიგურირებს ალბანეთში დაწყებული გამოძიების საქმეში. ამ შემთხვევაშიც, საუბარია ქოლცენტრების ქსელზე, რომლის ხელმძღვანელად ალბანურმა გამოძიებამ მიხაილ ბენიმინი დაასახელა. მისი სახელი მოექცა ისრაელის პროკურატურის ყურადღების ცენტრშიც, რადგან პარტნიორებთან ერთად, 11 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავლის დამალვას ედავებიან. ებრაული გამოძიების ინფორმაციით, ისრაელში დაფუძნებულმა კომპანიამ ეს თანხა კეზერაშვილის მინისტრობის დროს, საქართველოს თავდაცვის უწყებიდან, კონსულტაციებისა და შეიარაღების მიყიდვის სანაცვლოდ მიიღო, შემოსავალი კი ისრაელის შესაბამის ორგანოებს დაუმალეს.

BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში დავით კეზერაშვილის გარემოცვის წევრადაა მოხსენებული ბიზნესმენი იოსებ მგელაძე. სწორედ მის სახელზეა რეგისტრირებული ვაკეში, „აქსის თაუერსის“ შენობაში მდებარე ის ფართი, სადაც ქართველმა და გერმანელმა სამართალდამცველებმა შარშან ნოემბერში, ერთობლივი ჩხრეკა ჩაატარეს და ქოლცენტრების ორგანიზებული ქსელი აღმოაჩინეს. თავად მგელაძე კეზერაშვილთან მეგობრობას არ უარყოფს, თუმცა ქოლცენტრებთან კავშირს არ ადასტურებს. საჯარო რეესტრის დოკუმენტებზე დაყრდნობით, ის წარსულში პირადად ხელმძღვანელობდა დავით კეზერაშვილის მიერ დაფუძნებულ კომპანიებს.

BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში ფიგურირებს დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული კიდევ ორი ქართული გვარი  -  რატი ჭელიძე და გურამ გოგეშვილი. დოკუმენტებში მათი სახელი ნახსენებია, როგორც დირექტორი, ან წამყვანი პირი Milton Group-თან დაკავშირებულ ოფშორულ ფირმებსა, თუ შვილობილ კომპანიებში. ახლა ქოლცენტრების ტრანსნაციონალური დანაშაულზე გამოძიებების სერია ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს, მათ შორის ისრაელში, ალბანეთში, გერმანიასა და საქართველოში. პარალელურად, ქსელის სხვა ფიგურანტების გამოვლენას განაგრძობს საერთაშორისო მედია.

 

გამოძიების სკანდალური დეტალები

BBC-ის საგამოძიებო ფილმში ავტორი ჰყვება, რომ ვიდეო-მასალა ქოლცენტრების სკანდალში გახვეული Milton Group-ის კორპორატიულ წვეულებას ასახავს. ასობით თანამშრომელი წარმატებულ და მომგებიან წელს შამპანურის შადრევნებით აღნიშნავს. გამომძიებელი რეპორტიორს მტკიცებით, ამ ადამიანებმა ევროპელ პენსიონერებს თაღლითური გზით ასეულობით მილიონი გამოსძალეს.

BBC-ის გამოძიებაში ნახსენები ჰოლდინგი, სახელწოდებით - Aqsios, ერთ-ერთი ის კომპანიაა, რომელიც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის გათეთრებით იყო დაკავებული. თავის მხრივ, ამ ჰოლდინგში შემავალი კომპანიები და მათი ხელმძღვანელები უშუალოდ არიან დაკავშირებულნი დავით კეზერაშვილის საინვესტიციო ფირმა Universal Kapital Group-თან, მათ შორის, ჟურნალისტურ გამოძიებაში დასახელებული რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი და იოსებ მგელაძე.

გურამ გოგეშვილი წარმოადგენდა ალბანეთში დავით კეზერაშვილის ნავთობკომპანიასაც; ამავე ქვეყანაში, ქოლცენტრების ქსელს კი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბიძაშვილი, მიხაილ ბენიმინი, იგივე მიშკა ბენიაშვილი ედგა სათავეში.

BBC-ის გამომძიებელი ჟურნალისტი პირადად ესწრებოდა სპეცოპერაციას უკრაინაშიც, სადაც ქოლცენტრების დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს. რეპორტაჟის მიხედვით, დავით კეზერაშვილის საკუთრებაა საოფისე შენობა, რომელშიც არალეგალური ბიზნესსაქმიანობით იყვნენ დაკავებულნი. BBC-ის ჟურნალისტი, სიმონა ვეინგლასი კონსპირაციულად შეხვდა ქოლცენტრის ყოფილ თანამშრომელს, რომელმაც დანაშაულებრივი ქსელი ამხილა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რეპორტაჟის ავტორები მის ვინაობას არ ამხელენ და პირობითი სახელით - „ალექსი“ მოიხსენებენ.

რეპორტაჟიდან ვიგებთ, რომ BBC-ის გადამღები ჯგუფი, გასული წლის ნოემბერში, ქართველი და გერმანელი სამართალდამცველების ერთობლივ რეიდს ესწრებოდა თბილისში, „აქსის თაუერსის“ შენობაში. ათობით კომპიუტერში კამერებმა პოტენციურ მსხვერპლთა ვრცელი ბაზა დააფიქსირეს, მათ შორის, ბრიტანეთის მოქალაქეების პერსონალური მონაცემები, სპეციალურ დაფაზე გამოკრული აღნიშვნები და სავარაუდოდ, ევროპელი პენსიონერებისგან მითვისებული თანხების ოდენობა.

თაღლითური სქემა, რომელიც BBC-ის ჟურნალისტებმა გაშიფრეს, ასეთია: მსხვერპლთა უმეტესობა სოციალურ მედიაში რეკლამების ნახვის შემდეგ რეგისტრირდება. როგორც წესი, 48 საათის განმავლობაში, მათ ტელეფონით უკავშირდებიან და ეუბნებიან,  რომ დღეში 90%-მდე შემოსავლის მიღება შეუძლიათ. ხაზის მეორე ბოლოში, როგორც წესი, არის ქოლცენტრი, ლეგიტიმური ბიზნესის მრავალი მახასიათებლით - თანამედროვე ოფისი ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებით, ყოველთვიური ლიმიტებით, ბონუსებით და სხვა.

პირველი სატელეფონო ზარის შემდეგ, მსხვერპლის ვექტორი იქნება მიმართული რეგულირებადი კომპანიების ან ზოგჯერ - არარეგულირებადი, ოფშორული სუბიექტებისკენ. ზოგიერთ ინვესტორს, რომელიც Milton Group-ის ფარგლებში  რეგულირებულ ბრენდებს გამოიწერს, ბროკერი აძლევს მითითებას, შევიდეს ისეთ გარიგებებში, რომლებიც გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით დანაშაულად ითვლება. ზოგიერთ მსხვერპლს სთავაზობენ, ჩამოტვირთოს პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც თაღლითებს საშუალებას აძლევს, დისტანციურად აკონტროლონ მისი კომპიუტერი და განახორციელონ ტრანზაქციები, რაც უკანონო ქმედებაა.

„მსხვერპლები ფიქრობენ, რომ მათ კომპანიაში რეალური ანგარიში აქვთ. თუმცა, რეალურად, არანაირი ვაჭრობა არ ხდება, ეს მხოლოდ სიმულაციაა“, - ამბობს ალექსი, რომელიც Milton Group-ის ყოფილი თანამშრომელია.

თაღლითური გეგმის უკეთ გასაგებად, BBC-ის გამომძიებელი ჟურნალისტი, ახალბედა ტრეიდერის რანგში, დაუკავშირდა Milton Group-ის ერთ-ერთ სავაჭრო პლატფორმას - Coinevo. ჟურნალისტს დაუკავშირდა კონსულტანტი, რომელიც პატრიკის სახელით გაეცნო და უთხრა, რომ მას შეუძლია, ერთ დღეში 70%-იანი, 80%-იანი ან 90%-იანი მოგების მიღება. ვაჭრობის დასაწყებად, ქოლცენტრის თანამშრომელმა ჟურნალისტს უთხრა, რომ 500 დოლარის ბიტკოინი უნდა გაეგზავნა. ამის შემდეგ, პატრიკმა  BBC-ის საიდუმლო ტრეიდერს მოსთხოვა, პასპორტის ასლი გაეგზავნა და ყალბი ასლის მიწოდების შემდეგ, გამოცემამ ამ ანგარიშის გაგრძელება შეძლო დაახლოებით ორი თვით, სანამ ეს სიყალბე არ გამოაშკარავდა. ამას მოჰყვა აგრესიული ელექტრონული ფოსტა პატრიკისგან და კავშირიც გაწყდა.

თუმცა BBC-ის დეპოზიტი უკვე სისტემაში იყო. ჟურნალისტებმა შეძლეს მიეკვლიათ მისთვის, რადგან ის დაყოფილი იყო პატარ-პატარა ნაწილებად და გადაინაცვლა ბევრ სხვადასხვა ბიტკოინ საფულეში, რომლებიც, როგორც ჩანს, Milton Group-თან იყო დაკავშირებული. ექსპერტებმა BBC-ის განუცხადეს, რომ რეალური ფინანსური ინსტიტუტები ფულს ამ გზით არ ატარებენ. კრიპტოვალუტისა და თაღლითობის საკითხებში სპეციალიზებულმა იურისტმა ლუიზა ებოტმა გამოიკვლია ფულის ნაკადი და თქვა, რომ ეს „მსხვილმასშტაბიანი ორგანიზებული დანაშაულია“.

გასული წლის ნოემბერში, თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას, ქართველ კოლეგასთან ერთად, უშუალოდ ხელმძღვანელობდა გერმანელი პროკურორი. მისი თქმით, დანაშაულებრივი სქემა იმდენად მრავალწახნაგოვანი და ჩახლართულია, რომ სამართალდამცველები გამოძიების პროცესში მთელ რიგ სირთულეებს წააწყდნენ, თუმცა იპოვეს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები.

ქოლცენტრების ტრანსნაციონალური ქსელის საერთაშორისო გამოძიება გრძელდება. არ არის გამორიცხული, BBC-ის რეპორტაჟის ქართველი ფიგურანტები საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში გამოიკითხონ.

ავტორი: მაკა რუხაძე