"ბიძინა ივანიშვილი არის მთავარი გარანტი იმისა, რომ ამ ქვეყანაში არის მშვიდობა" - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩვენ ვნახეთ ტერორისტული აქტი, მკვლელობის მცდელობა სლოვაკეთში, ვნახეთ ტერორისტული აქტი, მკვლელობის მცდელობა აშშ-ში, ერთი და იგივე ხელწერა, ეს არის საერთაშორისო კონტექსტი და ეს ძალები მოქმედებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საერთაშორისო კონტექსტის გარდა არსებობს ადგილობრივი კონტექსტიც და ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“.
„არსებობს საერთაშორისო კონტექსტი, არსებობს ადგილობრივი კონტექსტი და ამ კონტექსტების გათვალისწინებით მგონი, არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ასეთი გეგმები ვიღაცის თავში იხარშება და მზადდება. საერთაშორისო კონტექსტს რაც შეეხება, არსებობს გარკვეული ხელწერა, რომელიც უკვე თვალნათელი გახდა, ჩვენ ვნახეთ ტერორისტული აქტი, მკვლელობის მცდელობა სლოვაკეთში, ვნახეთ ტერორისტული აქტი, მკვლელობის მცდელობა აშშ-ში, ერთი და იგივე ხელწერა, ეს არის საერთაშორისო კონტექსტი და ეს ძალები მოქმედებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ აქვთ ამის რესურსი. რაც შეეხება ადგილობრივ კონტექსტს, იცით, რომ „ნაცმოძრაობა“ არის ყველაფრის შემსრულებელი. ერთ-ერთი, რითაც გამოირჩეოდნენ ისინი, როცა იყვნენ ხელისუფლებაში, იყო მკვლელობები, პირდაპირ ქუჩაში კლავდნენ ახალგაზრდებს, ათეულობით ახალგაზრდა პირდაპირ ქუჩაში მოკლეს, აქედან გამომდინარე, მათგან არავის უნდა გაუკვირდეს ასეთი ტიპის დანაშაულის ჩაფიქრება, მომზადება. ესაა საერთაშორისო და ადგილობრივი კონტექსტი, დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ,“- აღნიშნა პრემიერმა.
კითხვაზე, თუ რატომ შეიძლებოდა გამხდარიყო ბიძინა ივანიშვილი ამ დანაშაულებრივი განზრახვის სამიზნე, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ იგი ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილური განვითარების გარანტია.
„ერთი მარტივი მიზეზის გამო - ის არის მთავარი გარანტი იმისა, რომ ამ ქვეყანაში არის მშვიდობა და ქვეყანა სტაბილურად ვითარდება. ის არის მთავარი გარანტი. აქედან გამომდინარე, ის რომ ამ გეგმების მთავარი ადრესატი იყო, აბსოლუტურად ლოგიკურია, აქ გასაკვირი არაფერია. რაც შეეხება კონტექსტს, აქ კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო სატელეფონო ზარი, რომელიც განხორციელდა რამდენიმე თვის წინ. ეს იყო ერთ-ერთი ევროკომისრის სატელეფონო ზარი, რომლის მეშვეობითაც მოგვაწოდეს კონკრეტული მესიჯი, რაც ამ ევროკომისარმა მოგვიანებით აღიარა თავად და განაცხადა, რომ ის საუბრობდა მკვლელობის რისკებზე, უბრალოდ მან დააზუსტა, რომ პოლარიზაცია იქნებოდა ის, ვინც გვესროდა ტყვიას,“- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ვინაიდან ზარი უშუალოდ პრემიერ-მინისტრთან განხორციელდა, ალბათ ამ მიზეზით დარჩა საზოგადოებას განცდა, რომ უშუალოდ პრემიერის მისამართით იყო გაფრთხილება.
„რეალურად, მრავლობითში იყო საუბარი და სიტყვები იყო ასე ნათქვამი - თქვენ უნდა იყოთ ფრთხილად, ნახეთ, რა დაემართა ფიცოს სლოვაკეთში. სიტყვასიტყვით ასე იყო ნათქვამი ეს ყველაფერი. მხოლობითი იყო, თუ მრავლობითი, ამას ვერ გაარჩევ ვერც ქართულში და ვერც ინგლისურში, ენის სპეციფიკიდან გამომდინარე, თუმცა ასე იყო ნათქვამი რეალურად - ფრთხილად იყავით, ნახეთ, რა დაემართა ფიცოს სლოვაკეთში,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, რისკები რჩება იქამდე, ვიდრე უკრაინაში ომი არ დასრულდება.
„რისკები რჩება იქამდე, ვიდრე უკრაინაში გრძელდება ომი, ვიდრე კონტექსტი იქნება ასეთი, ეს რისკები დარჩება ძალიან მძაფრად ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ მომავალ წელს ომის დასრულებაზე. ჩვენი გათვლებით, იმედებით, მაქსიმუმ ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს ომი უკრაინაში. როგორც კი ეს ვითარება შეიცვლება და რეგიონში ვითარება დამშვიდდება, მაშინვე ინტერესებიც გადალაგდება და შეიცვლება, ესაა ჩვენი ოპტიმიზმის საფუძველი, გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში უკრაინაში ომი დასრულდება. როგორც კი ეს მოხდება, მაშინვე რისკებიც თვისებრივად და რადიკალურად შემცირდება,“- აღნიშნა პრემიერმა.