რა ქონებას ფლობენ „ახლების“ ლიდერები

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სინამდვილეში, ისინი „ახლები“ კი არა, კარგად დაძველებული პოლიტიკური ფიგურები არიან. პოლიტიკას - არა, მაგრამ დაძველება ღვინოს და კონიაკს უხდება, ამიტომ ამ ნაწილში „ახალს“ ვერაფერს გეტყვით, ოღონდ ერთს კი აღვნიშნავ - მათმა გაერთიანებამ დიდი რუსი მეიგავის, ივანე კრილოვის „გედი, კალმახი და კიბო“ გამახსენა. დიახ, ზუსტად ივანე კრილოვის, რადგან გაგიკვირდებათ და, პროევროპულობას ჩემულობენ ადამიანები, რომლებიც მთელი თავისი არსით დიად რუსულ საქმეს აკეთებდნენ ყოველთვის. ნიკა გვარამია სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი მინისტრი იყო; ზურაბ გირჩი ჯაფარიძე რუსულ ოკუპაციას შარვალჩახდილი, შიშველი უკანალით აპროტესტებდა და ჯარისგან „იცავდა“ იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული; ელენე ხოშტარია კი „მგიმო“-ს სტუდენტი გახლდათ და არ დაგავიწყდეთ, რომ დიპლომატების ეს რუსული სამჭედლო ანუ „მგიმო“, რეალურად, საბჭოთა კავშირის დროს - „კა გე ბე“-ს აგენტებს ზრდიდა, ხოლო ამჯერად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ხელის გოგო-ბიჭებს ზრდის!

ვინაიდან „ვერსიის“ მკითხველებმა ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას ბიოგრაფიაც კარგად იციან და მათი ქონებრივი მდგომარეობაც, ამჯერად ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას დეკლარაციებს გთავაზობთ. ნიკა მელია კარგად იყოს, მაგრამ თავად განსაჯეთ, ამ დიადი სამეულიდან რომელია გედი, რომელი - კალმახი და რომელი - კიბო...

 

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ბიოგრაფია

ქართული „ვიკიპედიის" ცნობით, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დაიბადა 1976 წლის 1 იანვარს. 1999 წელს, დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი - „მომავლის ექიმი“, ზოგადი პროფილის ექიმის სპეციალობით; 2005 წელს, დაამთავრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (სახელმწიფო მმართველობა) და შემდეგ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა; 2005-2011 წლებში, ლექციებს კითხულობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტში; 2012-2015 წლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო; 2012-2016 წლებში, საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა, პარტიული სიით და საარჩევნო ბლოკით: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“; 2013 წელს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზურაბ ჯაფარიძეს საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანტიდატად განიხილავდა, მაგრამ პარტიამ საბოლოოდ მხარი დავით ბაქრაძეს დაუჭირა. პარტიის დატოვებამდე, მისი აღმასრულებელი მდივანი იყო; 2015 წლის მაისში, პავლე კუბლაშვილთან, გიორგი ხაჩიძესთან და გიორგი მელაძესთან ერთად, დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“ და ჩამოაყალიბა ახალი პოლიტიკური პარტია „გირჩი“; 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, კენჭს იყრიდა დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში, „გირჩის“ სახელით.

2016 წელს, დააფუძნა პოლიტიკური პარტია „გირჩი“. პარტია საქართველოში, მარიხუანის ლეგალიზაციის მთავარი ინიციატორი იყო და ამის ნიშნად, პარტიის ოფისში, დარგეს მარიხუანა. არის „გირჩის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი. 2020 წლის 18 დეკემბერს, განაცხადა, რომ აფუძნებდა მეორე პოლიტიკურ პარტია „გირჩს“. ამის მიზეზი გახდა პარტიის შიგნით არსებული განხეთქილება და პარტიის გაყოფა. 2020 წლის 11 დეკემბრიდან 2021 წლის 16 ნოემბრამდე, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო პარტიული სიით და საარჩევნო ბლოკით: „გირჩი“.

2018 წლის 16 აპრილს, ზურაბ ჯაფარიძემ დაადასტურა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „გირჩის“ კანდიდატი იქნებოდა; 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ჯაფარიძემ პორნო-საიტ Pornhub-ზე საკუთარი საარჩევნო ბანერები განათავსა: „მეტი სექსი, მეტი თავისუფლება“; „მე არ გპირდებით ზომის გაზრდას“. გირჩი საიტზე საკუთარი რეკლამის განთავსების მიზეზად მცირე ბიუჯეტის ეფექტიანად ხარჯვას ასახელებდა.

 

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ქონება

2022 წლის 16 ნოემბერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს პარლამენტის მანდატი შეუწყვიტეს. მის ნაცვლად, დეპუტატი გირჩის „მეფე“, ჰერმან საბო გახდა. რაც შეეხება ქონებრივ დეკლარაციას, ვიდრე მანდატს შეუწყვეტდნენ, გირჩი ჯაფარიძე ქონებრივი დეკლარაციის არშევსების გამო, 1 000  ლარით დააჯარიმეს. შესაბამისად, ყველაზე ახალი ანუ ბოლოს შევსებული დეკლარაცია  2016 წლის 6 იანვარით თარიღდება.

ამ დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ჰყავს მეუღლე - ნატა ქორიძე და შვილები - ალექსანდრე რაზმაძე და ეკატერინე ჯაფარიძე. დეკლარაციის შევსების მომენტში არა, მაგრამ წყვილს მესამე შვილიც ჰყავთ - კოსტა ჯაფარიძე.

დეკლარაციაში მითითებულია, რომ გირჩი ჯაფარიძის საკუთრებაშია 105 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში, გაბაშვილის ქუჩაზე, ხოლო მეუღლე - ნატა ქორიძე ფლობს 78 კვ.მ. ფართობის ბინას თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე. თიბისი ბანკში, ზურაბ ჯაფარიძეს 25 496 აშშ დოლარის ანაბარი, ხოლო საქართველოს ბანკში, ნატა ქორიძეს - 16 413 აშშ დოლარის ანაბარი ჰქონია.

ზურაბ ჯაფარიძის, როგორც პარლამენტის წევრის შემოსავალი 60 285 ლარი ყოფილა, ხოლო ნატა ქორიძის, როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის შემოსავალი - 44 660 ლარი.

როგორც აღვნიშნეთ, დეკლარაცია შევსებულია 2016 წელს, მას შემდეგ შვიდი წელი გავიდა და ცხადია, ამ ხნის მანძილზე ბევრი რამ შეიცვლებოდა, თუმცა ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს არ დაუდეკლარირებია.

 

ელენე ხოშტარიას ბიოგრაფია

ელენე ხოშტარია დაიბადა თბილისში, 1979 წლის 18 ნოემბერს. უმაღლესი განათლება მოსკოვში მიიღო, კერძოდ, „მგიმო“-ში (საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტი), რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით დაამთავრა.

2002 წელს იყო სტაჟიორი ადამიანის უფლებების „მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფისა“ და რუსეთის ფედერაციაში აკრედიტებულ საქართველოს საელჩოში; 2004 წლიდან, ჯერ საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორია, შემდეგ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი შსს-ში, მოგვიანებით კი საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის უფროსის მოადგილეა; 2004-2006 წლებში, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსია; 2007-2012 წლებში, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილეა; 2012-2016 წლებში, „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ GRASS; 2016-2020 წლებში, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრია, საარჩევნო ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; 2020-2022 წლებში, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია, საარჩევნო ბლოკიდან: „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“; 2020 წლის 28 დეკემბერს, პარტია „ევროპული საქართველო“ დატოვა, ხოლო 2021 წლის 8 მარტს, პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ დაააფუძნა.

 

რა ქონებას ფლობს ელენე ხოშტარია

რაც შეეხება ქონებას, როგორც პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ქონებრივი დეკლარაცია 2023 წლის 29 აპრილს შეავსო. დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ელენე ხოშტარიას მეუღლე, ირაკლი ბერიძე 50%-იანი წილობრივი მონაწილეობით ფლობს 1 500 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთს გარდაბანში, სოფელ ახალ სამგორში, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო. გარდა ამისა, ირაკლი ბერიძის საკუთრებაშია 185.36 კვ.მ. ფართობის ბინა საბურთალოზე, რომელიც 2011 წელს, 145 000 აშშ დოლარად შეუძენია.

ირაკლი ბერიძის საკუთრებაშია რამდენიმე ბინა და აგარაკი, კერძოდ: 1 502 კვ.მ. ფართობის აგარაკი ტაბახმელაში, რომელიც 2021 წელს, მისთვის უჩუქებიათ. სინამდვილეში, 2021 წლამდე, ეს უძრავი ქონება ელენე ხოშტარიას საკუთრებაში იყო და მართალია, დეკლარაციაში მითითებული არაა, ვინ აჩუქა, თუმცა ცხადია, რომ ეს აგარაკი ელენე ხოშტარიამ გადაუფორმა მეუღლეს; კიდევ ერთი ბინა საბურთალოზე, ამჯერად, 60 კვ.მ. ფართობის, რომელიც 2013 წელს, 45 000 აშშ დოლარად შეუძენია; 5 179 კვ.მ. ფართობის აგარაკი თელავში, სოფელ იყალთოში, რომელიც 2021 წელს უჩუქებიათ (ესეც ელენე ხოშტარიას საკუთრება იყო); 46.9 კვ.მ. ფართობის ბინა ბაკურიანში, რომელიც 2020 წელს, 71 920 აშშ დოლარად შეუძენია და ბინა საბურთალოზე, რომლის 25%-იან წილს ფლობს, ამ ბინის თანამესაკუთრეები ირაკლი ბერიძის მშობლები არიან.

ირაკლი ბერიძის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა, 2009 წლის „ტოიოტა პრიუსი“, რომელიც 2017 წელს, 17 800 ლარად შეუძენია.

იმის დასადასტურებლად, რომ ირაკლი ბერიძის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მფლობელი მართლაც ელენე ხოშტარია იყო, გთავაზობთ 2020 წლის ქონებრივ დეკლარაციას. ირკვევა, რომ ელენე ხოშტარია ფლობს 5 179 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთს და 180.6 კვ.მ. ფართობის სახლს კახეთში, იყალთო, რაშიც 2010 წელს, 10 000 აშშ დოლარი გადაუხდია. ელენე ხოშტარიას საკუთრებაშია 1 502 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ტაბახმელაში, რომელიც 2014 წელს, 15 000 აშშ დოლარად შეუძენია. 2015 წელს, ზუსტად ამავე ტერტორიაზე, ელენე ხოშტარიამ შეიძინა 423 კვ.მ. ფართობის სახლიც, რომლის ღირებულება 170 000 ლარია.

 

ავტორი: მაკა რუხაძე