რა ხარვეზები გამოვლინდა სამხედრო განათლებაში

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური სამხედრო განათლებით დაინტერესდა. აუდიტის დასკვნა, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, მოიცავს 2020-2021 წლებს და როგორც მოსალოდნელი იყო, აუდიტორებმა სამხედრო განათლებაშიც კი უამრავი ხარვეზი გამოავლინეს. მიზეზი, რის გამოც სახელმწიფო მაკონტროლებლები სამხედრო სწავლებით დაინტერესდნენ არის ის, რომ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოსთვის ეფექტიან თავდაცვისუნარიანობას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. თავდაცვისუნარიანობის განვითარების ერთ-ერთი საწყისი და მნიშვნელოვანი წინაპირობა კი სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შესაბამისი განათლებითა და საბრძოლო მომზადებით უზრუნველყოფაა. სამხედრო განათლება მოიცავს საფეხურებრივი განათლების სისტემას, რომელიც შედგება დაწყებითი, საწყისი, ძირითადი და უმაღლესი განათლების ეტაპებისგან. გარდა ამისა, საქართველოში მოქმედებს სამხედრო სავალდებულო სამსახური. რაც მთავარია, სამხედრო განათლების მიმართულებით, ბოლო პერიოდში, განხორციელდა სხვადასხვა რეფორმა, რაც ითვალისწინებს თანამედროვე მოთხოვნებთან თავსებადი, მაღალპროფესიული, ბრძოლისუნარიანი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებას ქვეყანაში. ახლა ვნახოთ, რა დარღვევები და ხარვეზები გამოავლინეს სახელმწიფო მაკონტროლებლებმა სამხედრო განათლებაში.

 

ხარვეზები დაწყებით სამხედრო განათლებასა და სამოქმედო გეგმაში

აუდიტის შედეგად ირკვევა, რომ 2020-2021 წლებში, სამხედრო განათლების სისტემის განმახორციელებელ სტრუქტურულ ერთეულებს შემუშავებული ჰქონდათ სტრატეგიული მიმოხილვისა და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმები, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, არ მიმდინარეობდა შესრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიშების შედგენა.

„ამასთან, სამოქმედო გეგმებში განსაზღვრული მიზნები ზოგად ხასიათს ატარებდა, დეტალურად არ იყო გაწერილი კონკრეტულ წელს მიზნის მისაღწევად განსახორციელებელი აქტივობები და არ იყო წარმოდგენილი შეფასების ინდიკატორები. შესაბამისად, აუდიტმა ვერ უზრუნველყო გეგმით დასახული სხვადასხვა მიზნის მისაღწევად განხორციელებული აქტივობების ზუსტი და სრული შეფასება“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

რაც შეეხება სამხედრო მომზადების დაწყებით პროგრამას, ამას ახორციელებს სსიპ „გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი“, რომელიც უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას საშუალო საფეხურზე (X, XI, XII კლასი) ეროვნული და ლიცეუმის სასწავლო გეგმის შესაბამისად. დაწყებითი სამხედრო განათლების მიღების პროცესში, სახელმწიფო აუდიტორებმა რამდენიმე ძირითადი ნაკლოვანება გამოავლინეს.

„ლიცეუმის წესდებით, მკაფიოდ არ არის გაცხადებული მისი მთავარი დანიშნულება - მოამზადოს მოსწავლეები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში შემდგომი სწავლისთვის და საქართველოს თავდაცვის ძალებში მომავალი კარიერისთვის, რაც რეალურად სამხედრო სკოლის მთავარი დანიშნულება უნდა იყოს, კადეტის მიერ პირველადი სამხედრო ცოდნისა და უნარების შეძენასთან ერთად. არსებული ლოგისტიკური რესურსიდან გამომდინარე, ლიცეუმი ახორციელებს მსურველთა, საშუალოდ, მხოლოდ 30%-ის მიღებას.

2017-2020 წლების ანალიზის შედეგად, ჩარიცხული მოსწავლეებიდან სწავლების სხვადასხვა ეტაპზე, საშუალოდ, 40%-მა შეწყვიტა სწავლა და ამოირიცხა ლიცეუმიდან. ლიცეუმდამთავრებულ აბიტურიენტთა 50-60% აგრძელებს სწავლას სხვადასხვა სასწავლებელში და არა - ეროვნული თავდაცვის აკადემიაში. ამასთან, 2016, 2017, 2018 წლებში კადეტთა სამხედრო ლიცეუმდამთავრებული 215 კადეტიდან, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩაირიცხა 103 ანუ 48%. მათგან, აკადემია დაასრულა 59-მა პირმა (57%), რომელთაგან დღევანდელი მდგომარეობით, თავდაცვის ძალებში ირიცხება 50 ოფიცერი. აღნიშნული მაჩვენებლები არ არის ეფექტიანი და ვერ უზრუნველყოფს სამინისტროს სამოქმედო გეგმებით დასახული მიზნების მიღწევას“.

გარდა ამისა, სახელმწიფო მაკონტროლებლებმა ისიც გაარკვიეს, რომ კადეტებისთვის არ არის შემუშავებული და დანერგილი შესაბამისი შეღავათები/სარგებელი, გააგრძელონ სწავლა სამხედრო მიმართულებით, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში. ლიცეუმს ოფიციალურად არ აქვს ინფორმაცია კადეტების მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგებისა და შესაბამის უნივერსიტეტებში მოხვედრის შესახებ, რაც მნიშვნელოვანია ლიცეუმში სასწავლო პროცესის ეფექტიანი მართვის ხელშესაწყობად.

 

ხარვეზები ძირითად სამხედრო განათლებაში

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ თავდაცვის ძალებში, ძირითადი სამხედრო განათლების მიღების პროცესს უზრუნველყოფს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა, რომლის მიზანია მაღალკვალიფიციური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურე კადრების მომზადება/გადამზადება, საქართველოს თავდაცვის ძალებში დაგეგმილი ადგილობრივი და საერთაშორისო სწავლებების და წვრთნების მხარდაჭერა და მათში მონაწილეობა.

„2020-2021 წლებში, წვრთნებისა და განათლების სარდლობის მიერ, დაგეგმილი იყო 222 და 197 სასწავლო კურსი, საიდანაც 2020 წელს არ ჩატარებულა 64, ხოლო 2021 წელს - 65. კურსების არჩატარების ძირითადი მიზეზი, 2020 წელს, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობა გახდა. 2021 წელს, კურსების დაგეგმვისას, პანდემია გათვალისწინებული იყო, რის გამოც კურსები იგეგმებოდა შედარებით ნაკლები რაოდენობით. მიუხედავად აღნიშნულისა, დაგეგმილი კურსების 35% არ ჩატარებულა. ანალიტიკური პროცედურებით გამოვლინდა, რომ კურსების არჩატარების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია კვორუმის არარსებობა (მონაწილეთა ნაკლებობა), რაც პირადი შემადგენლობის გადინებითაა გამოწვეული. ამასთან, არ ჩატარებულა 2020-2021 წლებში გეგმით გათვალისწინებული 6 სახეობის 13 კურსი“.

გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, თავდაცვის სამინისტროში, 2020-2021 წლებში, სხვადასხვა დონისა და საფეხურის საკარიერო კურსი საქართველოში და საზღვარგარეთ, სულ გაიარა 2 163-მა სამხედრო მოსამსახურემ. შესაბამისად, საკარიერო კურსებზე სამხედრო მოსამსახურეთა ჩართულობის მაჩვენებელი დაბალია, რაც გამოწვეულია პანდემიით და თავდაცვის ძალებში სამხედრო მოსამსახურეთა შემოდინების - დაბალი და გადინების - მაღალი მაჩვენებლებით.

ეს ყველაფერი უარყოფით გავლენას ახდენს, როგორც სამხედრო მოსამსახურეთა განათლების პროცესზე, ასევემ საბიუჯეტო სახსრების ეფექტიან დაგეგმვაზე.

 

ხარვეზები უმაღლეს სამხედრო განათლებაში

2022 წლამდე, უმაღლესი სამხედრო განათლების მიღება სამხედრო მოსამსახურეებს მხოლოდ საზღვარგარეთ შეეძლოთ, 2022 წლიდან კი, ეს პროგრამა ხელმისაწვდომია სსიპ „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში“. 2022 წელს, ამ აღნიშნულ პროგრამაზე საზღვარგარეთ ჩაირიცხა - 9, ხოლო საქართველოში - მხოლოდ 5 სამხედრო მოსამსახურე.

„2023 წლიდან, თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამა, სამმხრივი მემორანდუმის საფუძველზე, ინტეგრირდა თსუ-ის სამაგისტრო პროგრამასთან - „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა საჯარო მმართველობაში“. პროგრამის განხორციელებისთვის საჭიროა სამხედრო კომპონენტზე მინიმალური რაოდენობის სამხედრო მოსამსახურის ჩართულობა, თუმცა არ არის განსაზღვრული, განხორციელდება თუ არა სამაგისტრო პროგრამა და ექნება თუ არა სარგებელი თავდაცვის სამინისტროს, სამხედრო მოსამსახურეების მინიმალური რაოდენობის შეუვსებლობის, ან იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის სამხედრო კომპონენტზე ჩარიცხულ სამხედრო მოსამსახურეებს არ ექნებათ პარალელურად მაგისტრატურის გავლის სურვილი. განსაკუთრებით, იმ პირობებში, როდესაც აღნიშნულ უმაღლეს სამხედრო განათლების კურსზე, 2022 წელს ჩარიცხული იყო მხოლოდ 5 სამხედრო მოსამსახურე და სამხედრო მოსამსახურეებს კვლავ აქვთ საზღვარგარეთ კურსის გავლის შესაძლებლობა“.

გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ მიუხედავად სხვადასხვა სახის წამახალისებელი ღონისძიებებისა, თავდაცვის ძალებში სამხედრო მოსამსახურეების მოზიდვა-შენარჩუნება გამოწვევად რჩება, ხოლო გადინების პროცესის დამაბრკოლებელი ფაქტორები ხასიათდება ხარვეზებით და ეფექტიანად ვერ უზრუნველყოფს დასახული მიზნის მიღწევას. ეს წარმოშობს სამხედრო მოსამსახურეების წვრთნებისა და განათლებისათვის გაწეული სახსრების არაეფექტიან ხარჯს.

„2019-2022 წლების მონაცემებით, თავდაცვის ძალებში გადინების მაჩვენებელმა, შემოდინების მაჩვენებელს 3 416 ერთეულით გადააჭარბა. თავდაცვის ძალები დატოვა 8 800 სამხედრო მოსამსახურემ, ხოლო ჩაირიცხა - 5 384. სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 11 თვის მონაცემებით, გადინება-შემოდინების ტენდენცია დადებითია. კერძოდ, სამხედრო მოსამსახურეთა შემოდინების მაჩვენებელმა გადინების მაჩვენებელს 599 ერთეულით გადააჭარბა.

2017-2022 წლებში სამხედრო მოსამსახურეების მიერ დარღვეულ კონტრაქტებთან მიმართებით, სასამართლო საქმისწარმოება მიმდინარეობდა სულ 1 352 საქმეზე და სამინისტროს ფინანსური მოთხოვნა შეადგენდა 5 976 625 ლარს. 2023 წლის მაისის მდგომარეობით, მიმდინარე სტატუსი აქვს 713 საქმეს (53%), საიდანაც 500 (70%) საქმეზე არ ჩანიშნულა სასამართლო პროცესი, ან არ არის მიღებული გადაწყვეტილება. ამასთან, სასამართლოს მიერ ხშირად მნიშვნელოვნად მცირდება კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა და შესაბამისად, სამინისტროს მოთხოვნა.

დაბალი მაჩვენებელია დაკისრებული ჯარიმების ამოღების მიმართულებითაც. სამინისტროს საფინანსო სამსახურის მონაცემებით, 2019-2022 წლებში, ჯარიმა დაეკისრა სულ 1 347 პირს, ჯამში - 5 003 649 ლარის ოდენობით, საიდანაც 2022 წლის მდგომარეობით, კვლავ გადასახდელია 4 361 109 ლარი (87%)“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

 

ხარვეზები სავალდებულო სამხედრო სამსახურში

საკონტრაქტო სამსახურის პირველ ეტაპზე კონტრაქტის შეწყვეტა არ ითვალისწინებს პირის დაჯარიმებას, რაც სახელმწიფო აუდიტორების ვარაუდით, შესაძლოა, წვევამდელებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის თავიდან არიდების (ვადის გადაწევა) საშუალება იყოს. ეს ნიშნავს, რომ თუ პირს უწევს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა, მოქმედი კანონმდებლობით, მას აქვს უფლება, აირჩიოს საკონტრაქტო სამსახურის გავლა, ხოლო პირობა, რომ კონტრაქტის პირველ ეტაპზე შეწყვეტა დაჯარიმებისგან მას ათავისუფლებს, შესაძლებლობას აძლევს, ყოველგვარი დამატებითი პროცედურების გავლით, თავი აარიდოს (გადაავადოს) სამხედრო სავალდებულო სამსახური.

„დღევანდელი მდგომარეობით, არ არის შექმნილი წვევამდელთა შესახებ შესაბამისი რეესტრების წარმოების მიზნით, ერთიანი გამართული პროგრამული/საინფორმაციო ბაზა, რომელიც მოგვცემდა საშუალებას, მიგვეღო სრულყოფილი ინფორმაცია 2019-2022 წლებში, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამოსაძახებელ პირებსა და მათზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.

2024 წლამდე, წვევამდელის მოძებნის, გამწვევ კომისიაზე გამოცხადებისა და სხვა ინფორმაციის დადასტურების მიზნით, პროცესის განმახორციელებელ სტრუქტურულ ერთეულებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უწყებებთან კოორდინაციის პროცედურები და ვადები მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებდა. ეს წარმოშობდა სამხედრო სავალდებულო სამსახურის თავის არიდების ხელშეწყობის რისკს. გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობდა მკაფიოდ განსაზღვრული სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც დაარეგულირებდა სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინაციას, წვევამდელების მიმართ გამოიყენებოდა არაერთგვაროვანი მიდგომა“.

ცნობილია, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამოსაძახებელ პირთა რაოდენობა უწყებების მიხედვით განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით. ყოველი გაწვევისას, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული რაოდენობა გამოსაძახებელ პირთა მხოლოდ 8%-ს შეადგენს. მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ხორციელდება სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამოსაძახებელ პირთა რაოდენობის სრულად ადმინისტრირება.

„2019-2022 წლებში, გამოსაძახებელ პირთა მხოლოდ 4%, ხოლო მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული რაოდენობის - 28 523 მხოლოდ 52% ანუ 14 813 ჩაირიცხა შესაბამის უწყებებში, ეს კი ვერ ჩაითვლება ეფექტიან მაჩვენებლად. 2019-2022 წლების მთავრობის დადგენილებების მიხედვით წვევამდელთა სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში გადანაწილებისას, უშუალოდ თავდაცვის სამინისტროში გასანაწილებელ პირთა რაოდენობა საერთო რაოდენობის 38%-ს შეადგენდა, ხოლო ფაქტობრივად, 2019-2022 წლებში, თავდაცვის სამინისტროში სავალდებულო სამხედრო სამსახურში ჩაირიცხა 6 255 წვევამდელი, რაც დადგენილებით განსაზღვრული რაოდენობის 57%-ს შეადგენდა. ამასთან, სხვადასხვა სამინისტროში წვევამდელებისთვის სპეციალური თეორიულ-პრაქტიკულ სწავლება არაერთგვაროვანია. შესაბამისად, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის აღნიშნული პრაქტიკა არ არის ეფექტიანი და სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს დასახული მიზნების მიღწევას, რადგან წვევამდელებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემდგომ, გააჩნიათ არათანაბარი ხარისხის განათლება“.

მნიშვნელოვანი ის არის, რომ აუდიტის მიმდინარეობისას, დაიწყო მუშაობა თავდაცვის კოდექსის შემუშავებაზე, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის პროცესში. დღევანდელი მდგომარეობით, ეს კანონპროექტი დამტკიცებულია. თავდაცვის კოდექსის მიხედვით, 2025 წლიდან, წვევამდელები სამხედრო სავალდებულო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში გაივლიან, რაც აღმოფხვრის არათანაბარი ხარისხის განათლების პრობლემას.

 ავტორი: მაკა რუხაძე