პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 12 თებერვალს მთავრობის პირველ სხდომას გამართავს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უმრავლესობის ლიდერის რანგში მისულმა, პარლამენტი მთავრობის მეთაურის სტატუსით დატოვა. საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. დეპუტატებმა ირაკლი კობახიძეს და მის სამთავრობო გუნდს ნდობა გამოუცხადეს. თითქმის იგივე დარჩა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა – მხოლოდ თავდაცვის მინისტრი შეიცვალა. საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის დამტკიცების პროცედურა ორი დღე გაგრძელდა, თანაც პარლამენტისთვის უჩვეულოდ მშვიდ და საქმიან გარემოში. არ იყო სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა და ჩხუბი.

დაისვა ბევრი კითხვა, ისმოდა შენიშვნებიც, ბრალდებებიც, კრიტიკაც, მოვისმინეთ პასუხებიც. ირაკლი კობახიძეს დეპუტატებმა 50-ზე მეტი კითხვა დაუსვეს, რასაც დამაზუსტებელი შეკითხვებიც დაემატა. საუბარი თითქმის ყველა მიმართულებას შეეხო, მათ შორის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, დეოკუპაციას, ეკონომიკას, ჯანდაცვას, უმუშევრობას, დასაქმებას - გაიხსენეს 2012 წლამდე საქართველოც.

"ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" - ასე ჰქვია 10 თვიან პროგრამას, რომელიც ირაკლი კობახიძემ უკვე ყოფილ კოლეგებს დეტალურად გააცნო. პროგრამის მთავარი მიზანი, როგორც ავტორი ამბობს, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაა, მთავარი ამოცანა კი სიღარიბის განულება, სრული დეოკუპაცია და ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი გაწევრიანებაა. "ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს ევროკავშირში სრული ინტეგრაციისთვის" - ამბობს ირაკლი კობახიძე.

უმთავრეს პრიორიტეტად სახელდება კორუფციასთან ბრძოლაც. ირაკლი კობახიძე პირობას დებს, რომ ამ მომართულებით ლოიალობა არ იქნება. "არასდროს არცერთი თეთრი არ მიშოვია კორუფციული გარიგებით და ასე ვაპირებ საქმიანობის გაგრძელებას მომავალშიც" - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ორდღიანი მოსმენა საბოლოოდ 84 ხმით ირაკლი კობახიძის გაპრემიერებით დასრულდა. კობახიძე ხვალ მთავრობის პირველ სხდომას გამართავს.

20 თებერვალს კი პირველი ოფიციალური ვიზიტთ ბრიუსელში გაემგზავრება. ჟოზეფ ბორელი, ოლივერ ვარჰეი, ოლაფ შოლცი - პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო ლიდერებისგან, საერთაშორისო პარტნიორებისგან და დიპლომატიური კორპუსისგან მილოცვებს იღებს.