“ავტორიტარიზმის ფესტივალი საქართველოში არ შედგება” - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორიტარიზმის ფესტივალი საქართველოში არ შედგება. დემოკრატიის ნამდვილი ფესტივალი შედგება 26 ოქტომბერს, როცა გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ის ფაქტი, რომ უცხოეთიდან საქართველოში ფინანსდება ავტორიტარიზმის ფესტივალები, მეტყველებს იმაზე, რომ საზღვარგარეთ ვიღაცას სურს, საქართველოში დააბრუნოს ავტორიტარიზმი.

„თავისთავად ის ფაქტი, რომ უცხოეთიდან საქართველოში ფინანსდება ავტორიტარიზმის ფესტივალები სხვადასხვა რეგიონში, მეტყველებს იმაზე, რომ საზღვარგარეთ ვიღაცას სურს, საქართველოში დაგვიბრუნოს ავტორიტარიზმი. მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რა შედეგებამდე მიიყვანა საქართველო ავტორიტარიზმმა. ეს იყო, პირველ რიგში, 2008 წლის წაგებული ომის ავანტიურა, რომელიც ჩაიდინა მაშინდელმა ავტორიტარულმა რეჟიმმა, სააკაშვილის რეჟიმმა; ეს იყო ბიზნესის სისტემური რეკეტი, ადამიანების წამება, ადამიანების მიმართ არაჰუმანური მოპყრობა არა მარტო ციხეებში, არამედ ციხეებს გარეთაც; ეს იყო ტელევიზიების მიტაცება. გახსოვთ, რომ მთელი მედიამონოპოლია ჩამოყალიბდა სწორედ ტელევიზიების მიტაცების საფუძველზე; ეს იყო ტოტალურად გაყალბებული არჩევნები.

აღარ მინდა, ჩამოვთვალო ის დანაშაულები, რომლებიც მაშინ ჩაიდინა გარედან თავს მოხვეულმა ხელისუფლებამ. მაშინ გარედან დაუნიშნეს ჩვენს ქვეყანას ხელისუფლება და სწორედ ამ ხელისუფლებამ მოუტანა ყველა ეს დანაშაული და ყველა უბედურება ჩვენს ქვეყანას, თუმცა, სამწუხაროდ, ამაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. ახლა, როდესაც კონკრეტული ძალები ცდილობენ, ასეთი ავტორიტარიზმი, ასეთი ძალები დაგვიბრუნონ ხელისუფლებაში 12 წლის თავზე, რა თქმა უნდა, ამას  არავითარი გამართლება არ აქვს. ავტორიტარიზმის ფესტივალი საქართველოში არ შედგება, დემოკრატიის ნამდვილი ფესტივალი შედგება 26 ოქტომბერს, როცა გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, – განაცხადა პრემიერმა.