პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებული მადისკრედიტებელი განცხადებები, ძალადობის წახალისების საფრთხეებს შეიცავს - ომბუდსმენი თავდასხმებზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოქალაქეთა, მათ შორის, უფლებადამცველთა წინააღმდეგ გახშირებული თავდასხმების ფაქტებს, მათ შორის დღეს, ზუკა ბერძენიშვილზე მომხდარ თავდასხმას სახალხო დამცველი ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები საგანგაშოა. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ თითოეულ ძალადობრივ ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი და სათანადო პასუხი უნდა გაეცეს.

იოსელიანი აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსების მხრიდან სამოქალაქო სექტორისა და უფლებადამცველთა წინააღმდეგ გაკეთებული მადისკრედიტებელი განცხადებები ძალადობის წახალისების არსებით საფრთხეებს შეიცავს:

"საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ბოლო პერიოდში მოქალაქეთა, მათ შორის, უფლებადამცველთა წინააღმდეგ გახშირებული თავდასხმების ფაქტებს. დღეს, 11 ივნისს, გავრცელდა ინფორმაცია სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე ფიზიკური თავდასხმის შესახებ.

საგანგაშოა მოქალაქეების წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები, მით უფრო თუ თავდასხმის მიზეზი პროფესიულ საქმიანობას ან/და გამოთქმულ აზრს უკავშირდება. აუცილებელია თითოეულ ძალადობრივ ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი, რათა ასეთმა შემთხვევებმა არ მიიღოს მასობრივი ორგანიზებული დევნისა და ძალადობის სახე და საზოგადოებაში არ წახალისდეს მსგავსი ქმედებები.

სახალხო დამცველი აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსების მხრიდან სამოქალაქო სექტორისა და უფლებადამცველთა წინააღმდეგ გაკეთებული მადისკრედიტებელი განცხადებები მათთვის კიდევ უფრო დამაშინებელ გარემოს ქმნის და ქვეყანაში არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, მათ წინააღმდეგ ძალადობის წახალისების არსებით საფრთხეებს შეიცავს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს - მოახდინონ მყისიერი რეაგირება მოქალაქეებზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტებზე და განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე მოახდინონ საზოგადოების ინფორმირება." ნათქვამია განცხადებაში.

სამოქალაქო აქტივისტს, ზუკა ბერძენიშვილს თავს დღეს დილით, საკუთარ სახლთან დაესხნენ და მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. მოძალადეები მას მანქანით ელოდებოდნენ.

ბერძენიშვილს თავს პაპუაშვილის სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ დაესხნენ, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ მოძალადეები წაახალისა და რეალურად, თავდასხმის სამიზნეები განუსაზღვრა. ჩამონათვალში დასახელებული იყო ბერძენიშვილიც.