„გამჭვირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, ასეთ ძალას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან“-ღარიბაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გამჭვირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, ასეთ ძალას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვაზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, როდესაც იგი იყო პრემიერ-მინისტრი, „ენჯეოების“ დაფინანსების თაობაზე იგი ღიად ესაუბრებოდა ჩვენს პარტნიორებს და ამის გამო უკმაყოფილებას გამოხატავდა.

„მე არაერთხელ მითქვამს მათთვის, რომ არ მოგვწონს ჩვენ, მათი სახელმწიფო ორგანიზაციები და ფონდები რომ აფინანსებენ ამ რადიკალური დღის წესრიგის მქონე არასამთავრობოებს.

ჩვენთვის არის მიუღებელი, როცა ეს ფული მიემართებოდა ან მიემართება დესტრუქციული, ანარქისტულ-ექსტრემისტული აქციების ორგანიზებისთვის. როდესაც ეს ფული მიემართება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული იდეოლოგიის გავრცელებისთვის. ძალიან ბევრი აქციის უკან იდგა ეს ცნობილი ორგანიზაციები, ვინც არიან აგრესიულობით გამორჩეული, იგივე „სირცხვილია“ და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც იღებდნენ დაფინანსებას უცხოეთიდან და ამ ფულს იყენებდნენ შემდეგ მთავრობის, ხელისუფლების, ხალხის წინააღმდეგ. შემოჰქონდათ შფოთვა, არეულობა, ქაოსი. ეს მიუღებელია, მეგობრებო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მისთვის, როგორც მოქალაქისთვის, მიუღებელია ყველა ის დაფინანსება, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ.