„ჩერქეზი მონა“? - ახალი თეორია ლეონარდო და ვინჩის დედის წარმომავლობაზე

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლეონარდო და ვინჩის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მკვლევარი, ნეაპოლის უნივერსიტეტის პროფესორი, კარლო ვეჩე ამტკიცებს, რომ უკვე არსებობს პასუხი კითხვაზე, ვინ იყო „მონა ლიზას“ ავტორის დედა. ვეჩე ამტკიცებს, რომ და ვინჩი მხოლოდ სანახევროდ არის იტალიელი. თავის ახალ წიგნში, რომლის პრეზენტაციაც ცოტა ხნის წინ ფლორენციაში გაიმართა, ვეჩე წერს, რომ ლეონარდო და ვინჩის დედა ჩერქეზი მონა იყო, რომელიც კავკასიიდან იტალიაში გაყიდეს.

„ის თავისი სახლიდან, კავკასიის მთებიდან წამოიყვანეს, ჯერ კონსტანტინოპოლში გაყიდეს, საიდანაც ვენეციაში მოხვდა, ბოლოს კი ფლორენციაში ჩაიყვანეს“, - უთხრა კარლო ვეჩემ სააგენტო „ფრანს პრესს“.

მკვლევრების ნაწილი ერთმანეთს ეთანხმება ლეონარდო და ვინჩის ბიოგრაფიის მხოლოდ რამდენიმე დეტალზე - მათ შორის, იმაზე, რომ ქალს კატერინა ერქვა, რომ მხატვარი 1452 წელს უნდა იყოს დაბადებული, ხოლო მამამისი სერ პიერო და ვინჩი ახალგაზრდა ფლორენციელი ნოტარიუსი იყო.ლეონარდოს წარმომავლობის შესახებ არაერთი თეორია და ძალიან ცოტა ფაქტი არსებობს და ყოველი ახალი კვლევა დიდი დებატების საგანი ხდება. ასე მოხდა ვეჩეს ახალი წიგნის გამოსვლის შემდეგაც.ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, ვინც უკვე წლებია რენესანსის ეპოქის მხატვრის ცხოვრებას იკვლევს, ლეონარდოს დედა, შესაძლოა, ტოსკანელი გლეხის ქალი იყო. ზოგი მიიჩნევს, რომ ის ობოლი უნდა ყოფილიყო. სხვები ემხრობიან ვარაუდს, რომ ის იყო მონა, წარმოშობით ახლო აღმოსავლეთიდან ან ჩრდილოეთ აფრიკიდან.

მაგრამ ახლა კარლო ვეჩე ამტკიცებს, რომ ლეონარდოს დედა ჩრდილოეთ კავკასიიდან წამოყვანილი მონაქალია.

მკვლევრის განცხადებით, ფლორენციის სახელმწიფო არქივში მან იპოვა აქამდე უცნობი, სერ პიერო და ვინჩის მიერ დაწერილი, 1452 წლის ნოემბრით დათარიღებული დოკუმენტი. ეს არის აქტი, რომლის თანახმადაც ჯინევრა, ფლორენციელი ქალბატონი, ცოლი კაცისა, რომელიც შავი ზღვის რეგიონიდან წამოყვანილ მონებს ფლობდა, კატერინას თავისუფლებას ჩუქნის.

„როდესაც ეს დოკუმენტი დავინახე, თვალებს არ ვუჯერებდი“, - უთხრა კარლო ვეჩემ NBC News-ს.

ეს დოკუმენტი ფლორენციაში წარუდგინეს კიდეც საზოგადოებას სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, გამომცემლობა Giunti-ის სათავო ოფისში. კარლო ვეჩეს ისტორიული რომანი, "Il Sorriso di Caterina" (კატერინას ღიმილი), რომელსაც საფუძვლად ეს აღმოჩენა დაედო, სწორედ ამ გამომცემლობამ დაბეჭდა. წიგნის გამომცემლის განცხადებით, მე-15 საუკუნეში, შავი ზღვის რეგიონიდან მონებით ვაჭრობა მომგებიანი ბიზნესი იყო ვენეციელი და გენუელი ვაჭრებისათვის.

თავად ავტორის თქმით, ის აქამდე არ იზიარებდა თეორიას, რომ ლეონარდოს დედა შესაძლოა უცხოელი მონა ყოფილიყო და თვეების განმავლობაში ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ამ სანოტარო აქტში ნახსენები კატერინა ლეონარდოს დედა არ იყო. თუმცა ყველა მის მიერ ნაპოვნი დოკუმენტი საპირისპიროს ამტკიცებდა.

„იმ დროს ბევრ მონას ერქვა კატერინა, მაგრამ ეს არის ერთადერთი განმათავისუფლებელი აქტი, რომელიც კატერინად წოდებულ მონას შეეხებოდა და რომელიც სერ პიერომ დაწერა მთელი თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში“.

კარლო ვეჩე წერს, რომ ეს დოკუმენტი სავსეა შეცდომებით, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ შესაძლოა, მონაქალზე შეყვარებული ახალგაზრდა ნოტარიუსი ძალიან ნერვიულობდა მისი შედგენისას - იმ დროში სხვისი მონის დაორსულება დანაშაულად ითვლებოდა.

ვეჩეს აზრით, „მიგრანტი“ დედის რთულმა ცხოვრებამ გავლენა მისი შვილის შემოქმედებაზეც მოახდინა:

„კატერინამ ლეონარდოს დიდი მემკვიდრეობა დაუტოვა, მაგრამ მთავარი, რაც მას მისცა, ეს იყო "თავისუფლების სული", რომელიც ლეონარდოს მთელ ინტელექტუალურ სამეცნიერო მუშაობას შთააგონებდა“, - აცხადებს ვეჩე.

როგორც NBC News-ი წერს, აქამდე ლეონარდო და ვინჩის დედის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი თეორიის ავტორი ლეონარდოს ცხოვრების კიდევ ერთი მკვლევარი, მარტინ კემპია, ოქსფორდის უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის ყოფილი პროფესორი.2017 წელს გამოსულ წიგნში კემპი წერდა, რომ ლეონარდოს დედა იყო კატერინა დი მეო ლიპი, ობოლი, რომელიც ცხოვრობდა ფერმაში, ტოსკანის სოფელ ვინჩიდან დაახლოებით ერთი მილის დაშორებით (ეს ის ადგილია, სადაც ლეონარდო დაიბადა).

ვინჩის არქივში ნაპოვნ დოკუმენტებზე დაყრდნობით, კემპი წერდა, რომ კატერინა და მისი პატარა ძმა სოფელ ვინჩის მახლობლად, ბებიის სახლში საცხოვრებლად მშობლების გარდაცვალების შემდეგ გადავიდნენ. კატერინა 25 წლის სერ პიერო და ვინჩისგან 1451 წლის ივლისში დაორსულდა.

„კარლო ვეჩე შესანიშნავი მეცნიერია, მაგრამ მას სჭირდება სენსაცია "მონა დედის" სახით“, - ასე გამოეხმაურა კემპი ვეჩეს აღმოჩენას, თუმცა მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში მან ისიც თქვა, რომ არცერთი ამბავი, ლეონარდოს დედაზე, საბოლოოდ დადასტურებული არ არის.

* მასალა მომზადებულია უცხოურ პრესაზე დაყრდნობით.

წყარო: რადიო თავისუფლება