“მე ამას უკეთესი ამერიკის აშენებას ვუწოდებ!" - ბაიდენის ერისადმი მიმართვის მთავარი აქცენტები

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„თავისუფლება ყოველთვის გაიმარჯვებს ტირანიაზე“, - ამ სიტყვებით დაიწყო ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ერისა და კონგრესის წინაშე თავისი პირველი ოფიციალური გამოსვლა. მისი სიტყვის პირველი ნაწილი უკრაინაში რუსეთის მეორე შეჭრის, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობისა და დასავლეთის პასუხის შესახებ საუბარს დაეთმო.

"პუტინი შეცდა. ჩვენ მზად ვიყავით" - ეს იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთს საჰაერო სივრცეს უკეტავს.

ერისადმი მიმართვა, როგორც წესი, შეერთებული შტატების პოლიტიკურ მდგომარეობაზე თეთრი სახლის ხედვასა და პრიორიტეტებს ეძღვნება და ყოველწლიურად, კონსტიტუციის შესაბამისად, იმართება. ტრადიციულად ამერიკის პირველი პირი, კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოდის.

„ექვსი დღის წინ ვლადიმერ პუტინმა სცადა შეერყია თავისუფალი სამყაროს საფუძველი, რადგან ფიქრობდა, რომ მას შეუძლია დაიმორჩილოს ის თავისი მუქარით. მაგრამ მან არასწორი გათვლა გააკეთა. იფიქრა, რომ მსოფლიო შეეგუებოდა ამას, ამის ნაცვლად კი მან მიიღო წინააღმდეგობის ის კედელი, რომელსაც ვერასდროს წარმოიდგენდა: ის შეხვდა უკრაინელ ხალხს“, - თქვა პრეზიდენტმა.

მან უკრაინელთა სიმამაცეზე და მათ წინააღმდეგობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მათი ქმედება სამაგალითოა.

„პრეზიდენტი ზელენსკი და თითოეული უკრაინელი, მათი უშიშრობა, მათი სიმამაცე, მათი თავდადება მსოფლიოს შთააგონებს. მოქალაქეთა ჯგუფები ტანკებს წინ ეღობებიან, სტუდენტებიდან პენსიონერ მასწავლებლებამდე - ყველა ჯარისკაცებად იქცა, რომლებიც იცავენ საკუთარ სამშობლოს“, - თქვა ბაიდენმა.

პრეზიდენტმა უკრაინელი კოლეგის სიტყვებიც გაიმეორა და თქვა, რომ როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტს უთხრა, „სინათლე ყოველთვის გაიმარჯვებს სიბნელეზე“. ჯო ბაიდენი დარბაზში მყოფ უკრაინის ელჩსაც მიესალმა და უთხრა, რომ ამერიკელა დგას უკრაინელი ხალხის გვერდით. ოქსანა მარკაროვას დარბაზი ფეხზე წამოუდგა და მას დიდხანს უკრავდნენ ტაშს.

„ჩვენი ისტორიის განმავლობაში ჩვენ ეს გაკვეთილი ვისწავლეთ: როცა დიქტატორები არ იხდიან ფასს მათი აგრესიისთვის, ისინი მეტ ქაოსს იწვევენ. ისინი განაგრძობენ მოქმედებას და ამის საფასური და საფრთხე ამერიკისა და მსოფლიოსთვის ზრდას განაგრძობს... სწორედ ამიტომ შეიქმნა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი, რათა უზრუნველეყო მშვიდობა და სტაბილურობა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამერიკა კი მისი წევრია 29 სხვა სახელმწიფოსთან ერთად, ეს მნიშვნელოვანია, ამერიკული დიპლომატია მნიშვნელოვანია. ამერიკის სიმტკიცე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

ბაიდენი ამბობს, რომ დასავლელი მოკავშირეები უკრაინელ ხალხს „თავისუფლებისთვის ბრძოლაში“ სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული კუთხით ეხმარებიან. ამერიკა კი უკრაინელებს პირდაპირი დახმარების სახით 1 მილიარდ დოლარს აძლევს და დახმარება გაგრძელდება, რათა მათ შეძლონ ქვეყნის დაცვა და „ტანჯვის შემსუბუქება“.