რა გზა განვლო სენატორობიდან პრეზიდენტობამდე - ნაცნობი და უცნობი ფაქტები „მძინარე ჯოს“ ცხოვრებიდან

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

როგორც მოსალოდნელი იყო, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის კონკურენტი აღრ იქნება. ინფორმაციაში, რომელიც მიმდინარე წლის 22 ივლისს გავრცელდა, ვკითხულობთ:

„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 5 ნოემბერს გასამართი არჩევნებიდან მოხსნა თავისი კანდიდატურა და მხარი დაუჭირა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, - ამის შესახებ ჯო ბაიდენმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილში განაცხადა.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ ამერიკაში დიდი პროგრესი იქნა მიღწეული ბოლო 3.5 წლის განმავლობაში, როდესაც ის პრეზიდენტი იყო და დაამატა: „ჩვენ შევინარჩუნეთ და დავიცავით ჩვენი დემოკრატია“.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ მისთვის უდიდესი სიამაყეა ყოფილიყო შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობაზე და თქვა: „მე ვაპირებდი არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ გადავწყვიტე, რომ უმჯობესი იქნება ჩემი პარტიისა და ჩემი ქვეყნის სახელით უკან დახევა. დარჩენილ დროში, მხოლოდ ჩემს საპრეზიდენტო მოვალეობებზე მოვახდენ ყურადღების კონცენტრირებას“.

მან განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში სიტყვით მიმართავს საზოგადოებას თავისი გადაწყვეტილების შესახებ, ასევე მადლობა გადაუხადა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს „არაჩვეულებრივი პარტნიორობისთვის“ და თქვა, რომ მხარი დაუჭირა მას, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს.

მან აღნიშნა, რომ 2020 წლის არჩევნებში, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად კამალა ჰარისის არჩევა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რომელიც მან მიიღო და დაამატა: „დღეს, მე ჩემს სრულ მხარდაჭერას და თანხმობას ვაძლევ კამალას, რომ იყოს ჩვენი პარტიის კანდიდატი“.

ჰარისი გახდება დემოკრატიული პარტიის ოფიციალური კანდიდატი, თუ საკმარის ხმებს მიიღებს დელეგატებისგან, დემოკრატების ეროვნულ კონგრესზე.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა: „ჯო ბაიდენი არასდროს იყო შესაფერისი საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატობისთვის და არ არის შესაფერისი, ასევე პრეზიდენტის მოვალეობის გასაგრძელებლად“.

ტრამპმა, ბაიდენის მიერ თავისი კანდიდატურის მოხსნის შემდეგ განცხადება გააკეთა სოციალური ქსელით - Social Truth.

მისი თქმით, ბაიდენმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა „ტყუილისა და ყალბი ინფორმაციების“ წყალობით და მისმა ექიმმა და მის გარშემო მყოფებმა იციან, რომ ის პრეზიდენტი ვერ იქნებოდა.

„ბაიდენი არასდროს უნდა ყოფილიყო პრეზიდენტი“, - თქვა ტრამპმა  და დაამატა, რომ ქვეყანას მისი პრეზიდენტობის დროს დიდი ზიანი მიადგა.

„ბაიდენი არასდროს ყოფილა შესაფერისი საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატობისთვის და მისი მდგომარეობა არ არის შესაფერისი ასევე პრეზიდენტის მოვალეობის გასაგრძელებლად“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ სწრაფად „აღადგენს“ ქვეყნისთვის ბაიდენის პრეზიდენტობით მიყენებულ ზიანს.

და მაინც, ვინ არის ჯო ბაიდენი და რა გზა განვლო პრეზიდენტობამდე? - „ვერსია“ მსოფლიოს ზესახელმწიფოს ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის დოსიეს გთავაზობთ.

ადრეული წლები და ოჯახი

„ძია ჯოს“, „ძია მთავარსარდლის“, „მძინარა ჯოს“ მეტსახელებით ცნობილი ჯო ბაიდენი 1942 წელს, პენსილვანიის ქალაქ სკრენტონში დაიბადა. მისი ოჯახი მაშინდელ ამერიკულ საშუალო კლასს განეკუთვნებოდა. იგი ჯინ და ჯოზეფ ბაიდენების უფროსი შვილი იყო. პენსილვანიაში, მამამისი ბიზნესით იყო დაკავებული, თუმცა რიგი წარუმატებლობისა და სკრენტონის ეკონომიკური დაღმასვლის შემდეგ, ოჯახი დელავერის ქალაქ ვილმინგტონში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ბაიდენმა სკოლა დაამთავრა.

ბავშვობაში ბაიდენს ენა ებმებოდა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ამის დასაძლევად „სარკის წინ, ლექსებს კითხულობდა“. ბაიდენის ენის დაბმა მედიის ყურადღების ცენტრში აგვისტოში მოექცა, როცა დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე შეკრებილ საზოგადოებას 13 წლის ბრეიდენ ჰარინგტონმა მიმართა. ჰარინგტონმა მოყვა, თუ როგორ შეხვდა ბაიდენს ნიუ-ჰემფშირის შტატში და როგორ დაეხმარა მას პრეზიდენტობის კანდიდატი ენის დაბმასთან გამკლავებაში.

1972 წლის 18 დეკემბერს, ბაიდენის პირველი ცოლი - ნელია და მათი ერთი წლის შვილი ემი ავტოავარიაში დაიღუპნენ. დაშავდნენ ბო და ჰანტერ ბაიდენებიც. ბო ბაიდენი დელავერის გენერალური პროკურორის პოსტს იკავებდა და 2015 წელს, ტვინის კიბოთი გარდაიცვალა.

1977 წელს ბაიდენმა მეორედ იქორწინა. მისი მეუღლე მასწავლებელი, ჯილ ტრეისი იაკობსი გახდა.

 

რომ არა ნიქსონი, ბაიდენი რესპუბლიკელი იქნებოდა

1968 წელს, უმაღლესი იურიდიული განათლების მიღების შემდეგ, ბაიდენი მუშაობდა იურიდიულ კომპანიაში, რომელიც ცნობილ დელავერელ რესპუბლიკელს, უილიამ პრიკეტს ეკუთვნოდა. ბაიდენის თქმით, მაშინ „თავს რესპუბლიკელად განიხილავდა“.

იგი უკმაყოფილო იყო მაშინდელი დემოკრატი გუბერნატორით და მხარს მის ოპონენტს უჭერდა. მის „გარესპუბლიკელებაზე“ პარტიის ადგილობრივი მესვეურები მუშაობდნენ, მაგრამ ბაიდენი მაშინ დამოუკიდებელ ამომრჩევლად დარეგისტრირდა, რადგან რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატი, რიჩარდ მილჰაუზ ნიქსონი არ მოსწონდა. მოგვიანებით, ბაიდენი დემოკრატთა რიგს შეუერთდა.

პარტიის ეგიდით, 1970 წელს, მან ნიუ კასლის საგრაფოს საბჭოს წევრად იყარა კენჭი და გაიმარჯვა, ორ წელიწადში კი აშშ-ის სენატორად იყარა კენჭი.

ამ შემთხვევაშიც, ბაიდენის მომავალზე უკვე პრეზიდენტმა ნიქსონმა იქონია გავლენა. მოქმედი რესპუბლიკელი სენატორი, კალემ ბოგსი აღარ აპირებდა კენჭისყრას, რის გამოც რესპუბლიკელები მძიმე და კონკურენტულ პრაიმერს (შიდაპარტიულ არჩევნებს) ელოდნენ. სწორედ ნიქსონმა სთხოვა ბოგს, კენჭი კიდევ ერთხელ ეყარა.

ბაიდენი, თავის მხრივ, ერთადერთი იყო, ვინც დემოკრატთა რიგებში იმ წელს, სენატის არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილს გამოთქვამდა. საარჩევნო კამპანიას, რომელიც უპერსპექტივოდ მიიჩნეოდა, მისი და ვალერი ბაიდენ-ოუენსი ჩაუდგა სათავეში.  საბოლოო ჯამში, ბაიდენმა ბოგსი 3 162 ხმით დაამარცხა და კიდევ შვიდჯერ გაიმარჯვა სენატის არჩევნებში.

არჩევნების დღეს, ბაიდენი მხოლოდ 29 წლის იყო და სენატორობისთვის აუცილებელ 30-წლიან ნიშნულს მხოლოდ 30 ნოემბერს მიაღწია. 3 იანვარს, მან ფიცი დადო და აშშ-ის ისტორიაში, იმ მომენტისთვის მეექვსე, ყველაზე ახალგაზრდა სენატორი გახდა.

 

36 წელი აშშ-ის სენატში

ბაიდენი სენატორის პოსტს 1973 წლიდან 2009 წლამდე იკავებდა და იგი 15 იანვარს - ვიცე-პრეზიდენტად ინაუგურაციამდე 5 დღით ადრე დატოვა. დღევანდელი მონაცემით, სენატში გატარებული წლების რეიტინგში, ბაიდენი მე-18 პოზიციაზეა.

2001-03 და 2007-09 წლებში იყო სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, 1987-1995 წლებში კი იურიდიულ კომიტეტს ედგა სათავეში. 36-წლიანი სენატორობით ბაიდენმა პრეზიდენტობისთვის აუცილებელი გამოცდილება მოაგროვა, თუმცა ბევრი ისეთი ნაბიჯი გადადგა და ისეთი აზრი გამოთქვა, რის გამოც მოგვიანებით, კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა:

ომი ერაყში - 2002 წლის ოქტომბერში, მან მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც პრეზიდენტ ბუშს ძალის გამოყენების უფლებას აძლევდა. მოგვიანებით, ბაიდენი ომის მოწინააღმდეგე გახდა - ამბობდა, რომ 2002 წლის გადაწყვეტილება „შეცდომა“ იყო, თუმცა რეგიონიდან ჯარის გამოყვანას არ ითხოვდა.

„1994 წლის კანონი ძალადობრივი დანაშაულისა და სამართალდაცვის შესახებ“ - როგორც „ვოქსი“ წერს, კანონი, რომელიც ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს მიიღეს, იყო მაშინდელი დემოკრატიული პარტიის მცდელობა, წინააღმდეგობა გაეწია რესპუბლიკელების რიტორიკისთვის, რომ დემოკრატები „კრიმინალის მიმართ რბილად იყვნენ განწყობილნი“.

კანონის რიგ ასპექტებს დემოკრატიულ პარტიაში ახლაც იწონებენ, თუმცა ბაიდენი - მაშინ მისი ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი - ხშირად ყოფილა კრიტიკის ობიექტი პუნქტისთვის, რომლის თანახმადაც სამი დანაშაულის (მათ შორის, არაძალადობრივის) ჩადენისთვის მოქალაქეებისთვის შესაძლოა სამუდამო პატიმრობაც მიესაჯათ.

„ქორწინების დაცვის აქტი“ - 1996 წელს, ბაიდენმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელმაც ფედერალურ დონეზე განსაზღვრა ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი და მიანიჭა უფლება შტატის ხელისუფლებებს, ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის ქორწინებაზე უარი ეთქვა. მოგვიანებით, ბაიდენის პოზიცია ამ საკითხზე შეიცვალა.

აბორტის უფლება - 1982 წელს, ბაიდენმა მხარი დაუჭირა იურიდიულ კომიტეტში შეტანილ კანონს, რომელიც შტატებს საშუალებას აძლევდა, თავიდან განეხილათ და გაეუქმებინათ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს 1973 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც აბორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გახდა ლეგალური. კანონპროექტი ამ რედაქციით სენატის მთელი შემადგენლობის წინაშე არ წარსდგა, ხოლო განახლებულ ვერსიას ბაიდენმა ხმა არ მისცა. ამასთან ერთად, 1973 წელს, გადაწყვეტილების შემდეგ, მან განაცხადა, რომ სასამართლო გადაწყვეტილება „ძალიან შორს წავიდა“ და დასძინა, რომ მხოლოდ ქალს „არ უნდა ჰქონდეს უფლება განსაზღვროს, თუ რა დაემართება მის სხეულს“.

წინა საკითხის მსგავსად, მოგვიანებით, მისი პოზიცია ასევე შეიცვალა.

კავშირი სეგრეგაციონისტებთან - ბაიდენის სენატის არჩევის პერიოდში, აშშ-ში, ჯერ კიდევ აქტუალური იყო თეთრი და შავკანიანი მოქალაქეების სეგრეგაციის საკითხი. დემოკრატთა დებატების დროს, კამალა ჰარისმა, მისმა მომავალმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, ბაიდენს სეგრეგაციონისტებთან ერთად მუშაობა შეახსენა. მაშინ ბაიდენი მათთან ერთად ფედერალური ხელისუფლების მიერ მოსწავლეების სკოლაში ავტობუსით წაყვანის პროგრამას ეწინააღმდეგებოდა. დებატებისას ბაიდენმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ „ეწინააღმდეგებოდა არა კონცეფციას, არამედ, მისი აშშ-ის განათლების დეპარტამენტის მიერ აღსრულებას“. გარდა ამისა, 22 მაისს, ბაიდენმა შავკანიან ამომრჩეველს უთხრა, რომ ის „არ იყო შავკანიანი, თუ ჯერ კიდევ ფიქრობდა იმაზე, თუ ვისთვის უნდა მიეცა ხმა არჩევნებზე“.

ჰანტერ ბაიდენი და „ბურისმა“ - ბაიდენის შვილის, ჰანტერის საქმიანობა უკრაინაში მას შემდეგ მოექცა ყურადღების ქვეშ, რაც 2019 წელს გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის, მის წინააღმდეგ საქმის აღძვრას სთხოვდა, უარის შემთხვევაში კი სამხედრო დახმარების შეჩერებით ემუქრებოდა. ბაიდენის ოპონენტების თქმით, ჰანტერ ბაიდენი უკრაინის უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრად მამამისის სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით დაინიშნა, ხოლო ბაიდენი ემუქრებოდა უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, რომ აშშ უარს იტყოდა კიევისთვის დახმარების აღმოჩენაზე, თუ თანამდებობას არ დაატოვებინებდნენ პროკურორს, რომელსაც „ბურისმას“ დირექტორთა საბჭოს წევრების წინააღმდეგ საქმე მიჰყავდა.

 

პრეზიდენტობის ორი წარუმატებელი მცდელობა

1987 წელს, როცა პრეზიდენტის პოსტზე რონალდ რეიგანის მემკვიდრე უნდა აერჩიათ, ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილის შესახებ განაცხადა. თავდაპირველად იგი ძლიერ კანდიდატად განიხილებოდა, მაგრამ მისი პოზიციები შეირყა, როცა გამოვლინდა, რომ გამოსვლებში ბაიდენი ხშირად იყენებდა სხვა პოლიტიკოსების - ჯონ კენედის, ჰიუბერტ ჰამფრისა და ნილ კინოქის სიტყვებს. 1987 წლის 23 სექტემბერს, ბაიდენი ბრძოლას გამოეთიშა და განაცხადა, რომ მისი კანდიდატურა გადაფარა წარსულის შეცდომების „ჩრდილმა“.

მეორე მცდელობა მას 2008 წელს ჰქონდა, თუმცა ამ შემთხვევაში, ბაიდენის კამპანიას ორმა სხვა ადამიანმა „შეუშალა“ ხელი - ჰილარი კლინტონმა და ბარაკ ობამამ. უკანასკნელმა მოახერხა პრაიმერში გამარჯვება და მოგვიანებით, ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. ობამა-ბაიდენის წყვილმა 2008 წელს, მაკკეინ-პეილინი, 2012 წელს კი რომნი-რაიანი დაამარცხა.

2015 წელს, აქტიურად მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ 2016 წელს, დემოკრატიული პარტიის კანდიდატობისთვის ბაიდენიც იბრძოლებდა. თუმცა, როგორც თავად მაშინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, ამ განზრახვაზე უარი შვილის გარდაცვალების გამო თქვა.

 

2020 წლის პრაიმერი

2020 წელს, დემოკრატიული პარტიის კანდიდატობის რეკორდულად ბევრი - 29 მსურველი იყო. კანდიდატებს უხეშად ჰყოფდნენ ორ კატეგორიად: მემარცხენე ფრთის წარმომადგენლებად (ბერნი სანდერსი, ელიზაბეთ უორენი, ტულსი გაბარდი) და ცენტრისტული ფრთის წარმომადგენლებად (ბაიდენი, კამალა ჰარისი, კორი ბუკერი, მაიკლ ბლუმბერგი).

ბაიდენმა, რომელიც ხმის მიცემის დაწყებამდე ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა, თავდაპირველად ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება ორ უმნიშვნელოვანეს - აიოვასა და ნიუ ჰემფშირის შტატების პრაიმერში. პირველი გამარჯვება ბაიდენმა 29 თებერვალს, სამხრეთ კაროლინაში მოიპოვა. მარტის დასაწყისში, ბრძოლას გამოეთიშა ფაქტობრივად ყველა კანდიდატი, რომლებიც ცენტრისტული ფრთის წარმომადგენლებად მიიჩნეოდნენ. თითოეულმა მათგანმა, ელიზაბეთ უორენის გარდა, მაშინვე მხარი დაუჭირა ბაიდენს, რომლის ერთადერთი მოწინააღმდეგე ბერნი სანდერსი იყო. სანდერსმა თავისი კანდიდატურა ერთ თვეში მოხსნა, 13 აპრილს კი ბაიდენს დაუჭირა მხარი.

 

 

 ავტორი-ნინო დოლიძე