წიტაიშვილი კარიერას „გრანადაში“ გააგრძელებს - ქოჩორაშვილი „ლევანტედან“ წასასვლელად ემზადება

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა, გიორგი წიტაიშვილმა ბათუმის „დინამო“ დატოვა და კარიერას ესპანეთის სეგუნდა-დივიზონში დაქვეითებულ „გრანადაში“ გააგრძელებს. ესპანურ კლუბს, უკვე მომავალ სეზონში სურს, უძლიერესთა შორის დაბრუნდეს და ამიტომ, გაძლიერება აქვს დაწყებული. წიტაიშვილის ასპარეზობით, კლუბის ხელმძღვანელები ევროპის ჩემპიონატზე მოიხიბლნენ და რატომღაც გვგგონია, რომ გიორგი ხმამაღალ სიტყვას უკვე პირველივე სეზონში იტყვის. საქართველოს ჩემპიონატისთვის წიტაიშვილი გადაზრდილი რომ იყო და უკეთეს დონეს იმსახურებდა, არავინ დაობს.

„აქ ერთწლიანი იჯარით ვარ, მაგრამ მჯერა, მოედანზე ვაჩვენებ, რა შემიძლია, კლუბი კი გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩემს მეუღლეს ესპანეთში სახლი აქვს, აქ არდადეგებს ვატარებ ხოლმე, ახლა კი, ვიცხოვრებ. გიორგი, გიო მქვია, მაგრამ შეგიძლიათ, ხორხე დამიძახოთ“, - განაცხადა წარდგენაზე წიტაიშვილმა.

სეგუნდა-დივიზიონის კიდევ ერთი ბინადარი „ლევანტე“, უდიდესი ალბათობით, გიორგი ქოჩორაშვილს დაემშვიდობება. კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მთავარი ვარსკვლავი სწორედ „ქოჩორაა“. გიორგის სავარაუდო ფასი 5 მილიონი ევროა და იმედია, ის კარიერას, პრიმერა-დივიზიონში გააგრძელებს. როგორც ესპანური მედია წერს, მოლაპარაკებებს რამდენიმე კლუბი აწარმოებს, მაგრამ ჯერჯერობით ამ ამბავს არ ახმაურებენ, აჟიოტაჟი რომ არ ატყდეს და ქართველის ფასმა არ მოიმატოს.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე