კონტემ დე ლაურენტისს შეზღუდვები დაუწესა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოგეხსენებათ, იტალიური მედია არც თუ იშვიათად წერდა, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი სამწვრთნელო საქმეებში ხშირად ერეოდა, მწვრთნელს მითითებებს აძლევდა, თუ ვინ უნდა ეთამაშებინა ძირითად შემადგენლობაში, ვინ დაესვენებინა და ა.შ. ჰოდა, როცა გუნდის თავკაცად ანტონიო კონტე დაინიშნა, ჟურნალისტებმა ივარაუდეს, რომ გამოცდილი სპეციალისტი დე ლაურენტისს ამდენის უფლებას არ მისცემდა და ასეც მოხდა. „ნაპოლიში“ ახალი წესები შემოიღეს და ის ყველას ეხება, პირველ რიგში კი, კლუბის პრეზიდენტს.

„დე ლაურენტისსა და მის წარმომადგენლებს, აგრეთვე კლუბის სტაფში მომუშავე სხვა პირებს, არ აქვთ უფლება დაესწრონ სავარჯიშო პროცესს, ვარჯიშის დროს ფეხბურთელებთან იკონტაქტონ ნებისმიერი ფორმით. არ აქვთ უფლება, საუზმის, სადილის და ვახშმის დროს, შევიდნენ სასადილოში და ფეხბურთელებს რამე უთხრან, არ აქვთ უფლება, შეაფასონ მატჩი ფეხბურთელების თანდასწრებით“, - წერია კონტეს მოთხოვნებში და როგორც ამბობენ, მას ყველა დაემორჩილება.

ყველაფრის მიუხედავად, პრესა მაინც ვარაუდობს, რომ დე ლაურენტისი პირველივე წარუმატებლობის შემდეგ, ამ წესს დაარღვევს, რასაც კონტესთან კონფლიქტი და მისი გუნდიდან წასვლა მოჰყვება. არადა, სწორედ ახალ მწვრთნელთან საუბრის შემდეგ მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდში დარჩენის გადაწყვეტილება და თავის მხრივ, კონტეც დაჰპირდა, რომ გუნდი სწორედ ქართველის გარშემო აეწყობა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე