„გაფარჩაკება“ - ეს დაემართა თბილისის „დინამოს“

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ძველი თაობის წარმომადგენლები იხსენებენ, თბილისის „დინამო“ სეზონის წინ მზადებას რომ იწყებდა, თურქული, უზბეკური, ყაზახური, მოლდოვური კლუბები ეხვეწებოდნენ ამხანაგურ მატჩებს და არ თანხმდებოდა, რადგან ასტრონომიული ანგარიშით უგებდა და მათთან სპარინგი არაფერს აძლევდაო. ახლა, თუნდაც თურქეთზე რომ ვთქვათ, აგერ, „ფენერბაჰჩემ“ მთავარ მწვრთნელად ჟოზე მაურინიო მიიწვია და წლიურ ჯამაგირად 21 მილიონ დოლარსაც უხდის... ირგვლივ ყველა განვითარდა, ყველა წინ წავიდა, ქართულ საკლუბო ფეხბურთს კი არაფერი ეშველა.

უკვე მერამდენედ, „დინამო“ ყველასთვის უცნობ კლუბებს, ისეთებს, საუკუნეში ერთხელ რომ გადიან ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპზე, ისტორიას უწერს და ჯერ შეხვედრას აგებს, მერე კი, ორ-რაუნდიან დუელში მარცხდება. ამჯერად, თბილისურმა კლუბმა მონტენეგროს „მონრარს“ დაუწერა ისტორია. ეს კლუბი ევროთასებზე პირველად გავიდა, შინ 2:1 მოიგო და ნამატჩევს, მთავარმა მწვრთნელმა თქვა, ქართულ გრანდს მოვუგეთ, ვიცი, თბილისში ცუდი დღე დაგვადგება, მაგრამ მაინც გახარებულები ვართო. თბილისში კი... „დინამომ“ 1:1 ითამაშა და შემდეგ ეტაპზე „მონრარი“ გავიდა.

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდა და კონფერენს ლიგაზე ითამაშებს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ბათუმის „დინამო“. აჭარლებმა ბულგარულ „ლუდგორეცთან“ სტუმრად 1-3 წააგეს, შინ კი მინიმალური სხვაობით მოიგეს და ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გამოსვლა ასე დაასრულეს.

სამაგიეროდ, ივარგა ქუთაისის „ტორპედომ“, რომელმაც შინ ნათამაშები ფრეს შემდეგ, გასვლაზე, ალბანურ „ტირანას“ მინიმალური სხვაობით სძლია და შემდეგ ეტაპზე კვიპროსულ „ომონიას“ ხვდება. იმის გათვალისწინებით, რომ „ტორპედოში“ სოლიდური ინვესტიცია განხორციელდა და უცხოელ მწვრთნელთან ერთად, გუნდში არაერთი ლეგიონერია, შეგვიძლია, იმედი გვქონდეს, რომ ქუთათურებს კვიპროსული ბარიერის დაძლევის შანსიც ექნებათ.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე