ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა დაიწყო - როგორ შევიძინოთ და რა ღირს საქართველოს მატჩებზე დასასწრები ბილეთები

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

15 აპირილიდან, უეფა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვის პროცესი დაიწყო. პორტალზე შესასვლელად, საჭიროა შექმნათ პირადი გვერდი, ან ასეთის არსებობის შემთხვევაში, გაიაროთ ავტორიზაცია. მომხმარებლის სრულყოფილი პროფილის შესაქმნელად, საჭიროა პორტალზე არსებული ველების სრულად შევსება - სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი, ან პასპორტის ნომერი, საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტის მისამართი. იმისთვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული ბილეთების გაყიდვა გადამყიდველებზე, უეფა-ს გადაწყვეტილებით, ერთ მომხმარებელს მხოლოდ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.

პორტალზე შესაძლებელი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთის შეძენა: პირველი კატეგორია - 200 ევრო, მეორე კატეგორია - 150 ევრო, მესამე კატეგორია - 60 ევრო, მეოთხე კატეგორია - 30 ევრო. სასურველი ბილეთის შეძენისთვის, თითოეულ მომხმარებელს 15 წუთი ექნება და პროცესის დასრულების შემდეგ, ელ-ფოსტაზე მოგივათ ბილეთის შეძენის დამადასტურებელი წერილი, ხოლო უშუალოდ ბილეთს, მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღებთ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრას 18 ივნისს, დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთს ვხვდებით, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიასთან მატჩი გველოდება.

რადგან ევროპის ჩემპიონატზე ვსაუბრობთ, ისიც ვთქვათ, რომ 23 ფეხბურთელის ნაცვლად, მწვრთნელები განაცხადში 26 ფეხბურთელის შეყვანას ითხოვენ, აქაოდა, სეზონის ბოლოა, ხშირია ტრავმები, გადაღლა და 23 ფეხბურთელი ცოტააო. 8 აპრილს, დიუსელდორფში, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე 24-ვე ნაკრების მთავარი მწვრთნელების შეხვედრა გაიმართა და ამ იდეას მხარი ოცმა მწვრთნელმა დაუჭირა. ახლა უეფა-ს გადასაწყვეტია, დათანხმდება თუ არა მათ მთხოვნას და გადაწყვეტილებას 22 აპრილს გავიგებთ. ისე, ევროპის ჩემპიონატზე გამოძახებული ფეხბურთელების სანაცვლოდ, უეფა ყველა კლუბს კომპენსაციას უხდის, რაც განაცხადში 23 ფეხბურთელის შემთხვევაში, 240 მილიონი ევროა.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე