27 თებერვალს საქართველო VS რუსეთი

რაგბი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

27 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 250-ე შეხვედრას გამართავს. რაგბი ევროპის ჩემპიონატის (პარალელურად, მსოფლიო თასის შესარჩევი) ეგიდით, „ბორჯღალოსნები“ „დინამო არენაზე“ რუსეთს შეხვდებიან. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და რაგბის კავშირი ამასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

ქვეყანაში მოქმედი კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, თამაშზე გულშემატკივრების მხოლოდ 33 პროცენტი დაიშვება.

- აუცილებელი კოვიდშემოწმების გათვალისწინებით, სტადიონზე შესვლა მაქსიმალურად მოკლე დროში რომ მოხდეს, შესასვლელში უნდა წარმოადგინოთ:

- თამაშის (ელექტრონული) ბილეთი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

- კოვიდვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (სასურველია ამობეჭდილი QR კოდით);

- ან 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტის უარყოფითი პასუხი (სასურველია ამობეჭდილი);

- ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენტესტის (სწრაფი ტესტი) უარყოფითი პასუხი (ამობეჭდილი);

- ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობა (ამობეჭდილი);

- ან წინასწარ შებრძანდით გვერდზე: www.covidpass.moh.gov.ge და ეკრანზე გქონდეთ წარმოდგენილი QR კოდი;

- ან წინასწარ შებრძანდით აპლიკაციაში Georgia E-Health და ეკრანზე გქონდეთ წარმოდგენილი QR კოდი;

- სტადიონის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება;

- სოციალური დისტანციის დასაცავად, აუცილებელია, ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი.

რუსეთის ნაკრები მოსამზადებელ შეკრებაზე თურქეთში იმყოფება და რა ძნელი მისახვედრია, რომ ისინი საქართველოსთან მატჩისთვის განსაკუთრებით ემზადებიან. მათ რიგებში კი სიახლეა - რუსეთის ნაკრებში ორი ქართველი ახალწვეულია - ყაზანის „სტრელას“ წევრი ნიკოლაი კაზალიკაშვილი და ფრანგული „კარკასონის“ მორაგბე ნიკოლოზ ნარმანია. ეს უკანასკნელი თავის დროზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებშ გამოდიოდა, ახლა 21 წლის გახლავთ და... ასპარეზობა რუსეთის ეროვნულ გუნდში გადაწყვიტა. ყველამ თავის საქმე იცის, მაგრამ, საქართველოს დედაქალაქში, რუსეთის ჰიმნზე ამღერებული ქართველი ცოტა არ იყოს უცნაური სანახავია.